ბიზნესის წარმატების საიდუმლო ერთ მუშტად შეკრული ოჯახია
font-large font-small
ბიზნესის წარმატების საიდუმლო ერთ მუშტად შეკრული ოჯახია
ძმები პაპიძეების მეფრინველეობის ფერმაში მისულს ისეთი ხმაური და წია-წია დამხვდა, რომ ვიფიქრე, რაღაც ხდება-მეთქი. თურმე სადაც ვიდექი, იმ კარს მიღმა 16.500 წიწილა ხმაურობდა. ინკუბატორში 1 დღის დაჩეკილი, ყვითელი ღუნღულა წიწილები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ წიოკში.
შევესწარი, წიწილებს აცრას რომ უკეთებდნენ (ფილმი "ჭრიჭინა" ხომ გახსოვთ, წიწილები არ უნდა გაცივდნენ, არც სურდო უნდა დაემართოთ და არც დააცემინონ). ეს პროცესი პირველად ვნახე და გავოცდი, რადგან ის, რაც მე ძალიან რთულად წარმომედგინა, თურმე ძალიან იოლი ყოფილა და წუთში 20 წიწილის აცრა, სპეციალურ დანადგარზე, სრულიად ჩვეულებრივად და ძალდაუტანებლადაა შესაძლებელი, მაგრამ 16.500 წიწილის აცრას რა დრო დასჭირდება, შეგიძლიათ, თავად წარმოიდგინოთ.


როსტომ და ჯაბა პაპიძეები, მამასთან ერთად წლების განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდნენ და საკმაოდ მძიმე საქმესაც ასრულებდნენ.
როსტომ პაპიძე:
- აქედანვე ისე წავედით, რომ ფული მოგვეგროვებინა და უკან დავბრუნებულიყავით. მოგეხსენებათ, ინვესტიციის მოზიდვა იოლი არ გახლავთ და გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი თავი ფინანსურად თავადვე უზრუნველგვეყო. 2007 წელს დავბრუნდით საქართველოში და მეფრინველეობის ფერმის მშენებლობა წამოვიწყეთ, რისთვისაც გვჭირდებოდა მიწა, რომელიც აუქციონზე თბილისთან ახლოს, თელეთში შევისყიდეთ.
- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მეფრინველეობა?
- ისეთი ბიზნესი უნდა წამოგვეწყო, სადაც მთელი ოჯახი ვიქნებოდით ჩართული და ასეთად ოჯახური მეურნეობა მივიჩნიეთ. ვიფიქრეთ, რა მიმართულება აგვერჩია და ბაზრის კვლევის შემდეგ, გადავწყვიტეთ, მეფრინველეობას შევჭიდებოდით.
ოჯახური მეურნეობა ოჯახისთვის იდეალურია, რადგან ოჯახის ნებისმიერ წევრს, ასაკის მიუხედავად, შეუძლია ჩაებას საქმეში, აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია და იყოს ბედნიერი. იდეა იყო ის, რომ შვილები, შვილიშვილები და მშობლები ერთად იქნებოდნენ ამ საქმეში ჩაბმული. ეს დიდი უპირატესობაა, სხვა სამსახურებთან შედარებით. შესაძლოა, საუკეთესო სამსახური გქონდეს და ოჯახის წევრები გენატრებოდეს. აქ კი ყველანი ერთად ვართ. ყველაფერი დავიწყეთ ნულიდან. ვიცოდით, რომ უნდა გვქონოდა მინისაწარმო - მეფრინველეობის ფაბრიკა, რომელიც მომავალში უფრო მასშტაბური უნდა გამხდარიყო. ასეც გავაკეთეთ. ავაშენეთ საფრინველეები, ინკუბატორი, სასაკლაო, მარცვლეულის შესანახი ბუნკერები. მოვაწყვეთ ყველა ის რგოლი, რაც სჭირდება ჩვენს საქმიანობას. ოჯახის წევრებიც გადავნაწილდით იმ პოზიციებზე, ვის რა გამოგვდიოდა უკეთ.
GzaPress- ოჯახის წევრები ვინ ხართ?
- მე, ჩემი ძმა, ჯაბა, ჩვენი მშობლები, მეუღლეები... მე ჯერ პატარა შვილები მყავს, ძმისშვილი კი სტუდენტია და დამთავრების შემდეგ ისიც ჩვენთან ჩაებმება. მაღაზიაში შეხმატკბილებული გოგონები რომ დაგხვდნენ, ისინი ჩვენი მეუღლეები არიან.
- წინასწარ რაიმე ცოდნა თუ გქონდათ ამ სფეროში?
- ცოდნა საერთოდ არ გვქონდა, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიები იმის საშუალებას გაძლევს, რომ ნებისმიერი, შენთვის საინტერესო ინფორმაცია მოიძიო. ცხვირიც ბევრჯერ წაგვიმტვრევია, საკუთარ შეცდომებზეც გვისწავლია და წლების განმავლობაში გამოცდილებაც დაგვიგროვდა. არსებობენ ე.წ. მომავლის ფერმერები, რომლებიც იმდენ ცოდნას გვიზიარებენ, რომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ მაგიტომ ღირს. შუაღამემდე ვუსხედვართ ინტერნეტს მე და ჩემი ძმა და ახალ ინფორმაციებს, ახალ გამოწვევებს ვნახულობთ, დავდივართ გამოფენებზე. ჩემი ტოლი ადამიანები პრემიერ-მინისტრები არიან და ამ დარგში თუ რამეს მივაღწიეთ, გასაკვირი სულაც არ არის.
- რით დაიწყეთ? კვერცხისმდებელი ქათმებით?
- არა. თავიდანვე ავარჩიეთ ბროილერის ხაზი, რისთვისაც გვჭირდებოდა ხარისხიანი წიწილა და საქართველოში არ იყო საწარმო, რომელიც ბროილერის კვერცხს აწარმოებდა. ვინაიდან კარგი ხარისხის წიწილა გვინდოდა, ძნელი მოსაპოვებელი იყო ასეთი კვერცხი. პირველ ეტაპზე შემოვიტანეთ უცხოეთიდან, შემდეგ გავაკეთეთ სადედე და ჩვენივე ქათმის ხარისხიან კვერცხს ვაწარმოებდით და შემდეგ ინკუბატორში ვაჩეკინებდით. წლების განმავლობაში თანდათან ვითარდებოდა ეს დარგი. ჩვენთან ერთად კიდევ რამდენიმე ფერმა განვითარდა. კარგად განვითარდნენ მეკვერცხულ ქათამზე მომუშავე ფერმებიც და ჩვენც ცოტათი გავძლიერდით. ახლა საინკუბაციო კვერცხი უკვე დეფიციტში აღარაა. ჩვენი ხარისხიანი წიწილით დაინტერესდნენ სხვა ფერმები და შეგვიკვეთეს. ხედავდნენ ხარისხს და მათაც ასეთი კერგი წიწილები სურდათ. თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველი მეორე წიწილა ჩვენი გამოჩეკილია. ახლა საინკუბაციო კვერცხს არ ვაწარმოებთ, რადგან ის სულ სხვა ხაზი და სხვა მეურნეობაა. ყველაფერი ერთად კი არ შეიძლება. ცოცხალი ქათმისა და საინკუბაციო კვერცხის წარმოება დაშორებული უნდა იყოს ერთმანეთისგან. ახლა უკვე საქართველოში ვყიდულობთ კვერცხს, სხვადასხვა ფერმისგან და ვაწარმოებთ წიწილს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პირველებმა გავაკეთეთ საინტეგრაციო ხაზი.
GzaPress
- რას ნიშნავს ეს?
- ჩვენი საფრინველეები გავაკეთეთ სხვადასხვა ოჯახში, მთელი საქართველოს მასშტაბით. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენთვის იზრდებიან ქათმები 100-ზე მეტ მცირე, საოჯახო ფერმაში.
- ასე უფრო მომგებიანია?
- ერთ ადგილზე ფრინველის გამოზრდა არ შეიძლება, რადგან საბოლოოდ ის ადგილი მაინც ბინძურდება და ხარისხი იკლებს. ერთ ადგილზე შეიძლება ქათამი აწარმოო ერთხელ. შემდეგ იქ ცოცხალი ორგანიზმი რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ უნდა არსებობდეს და შემდეგ ისევ შეგიძლია ფრინველის გამოზრდა. ამით კი ციკლს ვერ მიიღებ. ბაზარი ითხოვს კონკრეტული რაოდენობის ფრინველის ხორცის ყოველდღიურ მიწოდებას და შენ ხან აწარმოო და ხან - არა, არ გამოვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ფრინველი თავის ეზოში გამოგვიზარდოს იმან, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ვაძლევთ წიწილს, საკვებს, გამოზრდის ფრინველს, მოიყვანს უკან, ჩვენ ვყიდულობთ და გლეხი იღებს ანაზღაურებას. ეს მოსახერხებელია სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან თავისი საქმის პარალელურად, შეუძლია, ქათამიც გამოზარდოს და მეტი შემოსავალი მიიღოს. ჩვენ ვამარაგებთ როგორც წიწილით, ასევე პროფესიონალური კონსულტაციით და საქონლის გასაღებაც გარანტირებული აქვს. თუმცა, ისედაც ეყიდებათ, თანაც საკმაოდ კარგ ფასში და ჩვენთან აღარც მოჰყავდათ. ამის გამო, ბოლო დროს ახალი პირობა შევთავაზეთ და ხელშეკრულებაში ჩავდეთ პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ გლეხმა წინასწარ უნდა გვითხრას, რამდენ ქათამს ჩაგვაბარებს უკან. პირობაში შესაძლოა, მიუთითოს, რომ ჩაგვაბარებს 10 ქათამს, ჩვენ არ ვზღუდავთ რაოდენობაში და უნდა ჩაგვაბაროს მინიმუმ 10 ქათამი. მაქსიმუმ - რამდენიც თავად სურს ანუ რასაც ვერ გაყიდის, შეუძლია, უკან მოგვიყვანოს.
- თქვენ სად ასაღებთ პროდუქციას?
- მაღაზია გვაქვს თბილისის რამდენიმე უბანში და იქ ვასაღებთ ჩვენს წარმოებულ პროდუქციას. ვაპირებთ, კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას და ამით დავასრულებთ, ვინაიდან არ ვაპირებთ ქსელის გაფართოებას ისე, რომ შემდეგ კონტროლი ვეღარ შევძლოთ და ხარისხი დავკარგოთ. დღეში ვაწარმოებთ 3 ტონამდე ხორცს. შესაბამისად, თვეში დაახლოებით 100 ტონას. ამ რაოდენობის კეთილსინდისიერად მოვლა შეგვიძლია. ამაზე მეტს ვერ გავაკონტროლებთ და ხარისხი დაეცემა. ჩვენი პროდუქციის შეფუთვაზე ჩემი და ჩემი ძმის ტელეფონის ნომერია მითითებული, რადგან პროდუქციაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ და პრეტენზიაც უშუალოდ ჩვენ უნდა მოვისმინოთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ საქებარ ზარს ვიღებთ და როდესაც გვირეკავენ და კარგ სიტყვებს გვეუბნებიან, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია.
- ქათმის საკვებსაც ყიდით?
- ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ცოცხალი ქათმის, 1-დღიანი წიწილების, ქათმისა და ღორის საკვებისა და საკვები დანამატების წარმოება და რეალიზაცია. ჩვენი დამზადებული საკვების მომხმარებლები ძირითადად მცირე ფერმერები არიან. ისინი, ვისაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავს. გვაქვს სხვადასხვა მიმართულება: მარცვლეულს ვინახავთ, ვაწარმოებთ საკვებს ფრინველისთვის, ასევე - ღორებისთვის. ყურადღებას ვაქცევთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენი, ქართული, ადგილობრივი პროდუქცია. მაგალითად, როცა ხორბალს, ქერს, სიმინდს ქართულს ვიყენებთ, საკვებს ყველა ვარიანტში ქართული გემოვნური თვისება მოჰყვება და ეს ხორცის გემოსაც ეტყობა. მართალია, მარცვლეული რუსეთიდანაც |შემოგვაქვს, მაგრამ კავკასიონს აქეთა რუსეთში ვყიდულობთ და გემოვნური სხვაობა თითქმის არ არის. უკრაინიდან შემოტანილი მარცვლეულით დამზადებულ საკვებზე გაზრდილ ფრინველსა და ღორს სულ სხვა გემოვნური თვისებები ექნება. მწვადს რომ შეწვავ, მწვადის სუნი და გემო ხომ უნდა ჰქონდეს? ამიტომ ჩვენი მიზანია, ძირითადად, ქართული მარცვლეულით დავამზადოთ საკვები, გემო რომ შევუნარჩუნოთ.
- რა სირთულეებს წააწყდით ამ ბიზნესის წარმოების დროს?
- ისეთი მოწადინებულები ვიყავით, რომ სირთულეს ვერც კი ვხედავდით. მე, მამას და ჩემს ძმას საკმაოდ სოლიდური თანხა გვქონდა დაგროვებული ბიზნესის დასაწყებად, რეალიზაციიდან შემოსულ ფულსაც უკან, საქმეში ვაბრუნებდით. 2007 წლიდან დღემდე საკუთარ ბიზნესში დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ. ახლა, ვისაც ჩვენთვის ფრინველის გამოზრდა სურს, 20-30 ათასით შეუძლია დაიწყოს მცირე ბიზნესი.
- ეს პატარა ფერმები, რომლებიც თქვენ გიზრდიან ფრინველს, არ იზრდებიან და ვითარდებიან? აკმაყოფილებთ ის, რა შემოსავალიც აქვთ?
- როგორც ჩვენ მივდივართ წინ, ისინიც ნელ-ნელა წინ მიიწევენ. თუ ვინმეს ჰქონდა 3.000 ქათმის გამოზრდის საშუალება, ახლა შესაძლოა, 5.000-ს ზრდიდეს. ვიზრდებით ჩვენ და იზრდებიან ისინიც.
- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო? რას ურჩევთ მათ, ვისაც თქვენი იდეა მოეწონა და ამ საქმეში ჩაბმა სურს?
- ყველაზე მთავარი ის არის, რომ გვაქვს ოჯახური მეურნეობა, ვართ ძალიან შეკრულები, შეხმატკბილებულები და ვაკეთებთ საერთო საქმეს. ყველას გადანაწილებული აქვს საქმე და იცის, ვინ რა უნდა გააკეთოს. არ გვჭირდება ერთმანეთისთვის შენიშვნის მიცემა, რადგან გულიანად ვეკიდებით ჩვენს მოვალეობებს, საკუთარ საქმეში და ერთ უღელს ვეწევით. ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, როცა დედამ მე და ჩემს ძმას გვითხრა: - დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ და ნებისმიერ საქმეში წარმატებული იქნებით, მაგრამ ჩემი ოცნებაა, რომ ორივე შვილს ერთად გიყურებდეთ და თქვენი ერთად ყოფნით ვხარობდეო. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს მომავალ ცხოვრებაში და სწორედ ამ სიტყვების დამსახურებაა, რომ ასეთი ერთიანები ვართ და წარმატებით ვაკეთებდით საქმეს უცხოეთშიც და აქაც. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ სფეროში ამართლებს ოჯახური ბიზნესი. სადაც ოჯახური მეურნეობაა, რასაც ეძებენ, პოულობენ. ასევე, მთავარია შრომისმოყვარეობა. ერთი გულიანი, 6-კაციანი ოჯახი 100-კაცის საქმეს გააკეთებს.
- ხელფასის მომატებას არ გთხოვენ ხოლმე ოჯახის წევრები?
- (იცინის) ჩვენ ხელფასი არ გვჭირდება. სიმართლე რომ გითხრათ, იმდენს ვშრომობთ, რომ ფული აღარ გვჭირდება. შრომაში ვხედავთ სიამოვნებას. ფული ხარახურისთვისაა საჭირო და ხარახურა იმდენი გაქვს, რომ აღარ გვინდა.
მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.