"საქართველოს ხინკალი, ქართული სიმღერა და ქართული ცეკვა არჩენს"
font-large font-small
"საქართველოს ხინკალი, ქართული სიმღერა და ქართული ცეკვა არჩენს"
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა

მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე თავისი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების განმავლობაში ბევრ შთამბეჭდავ ადგილასაა ნამყოფი, უამრავ ადამიანს შეხვედრია და მათთან ერთად შესანიშნავი დროც გაუტარებია, ქეიფი და კულინარია ხომ მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია და ამიტომაც, მოსაგონარიც ბევრი აქვს. აღნიშნავს, რომ ჭამაზე თავგადაკლული კაცი არ არის, თუმცა, მეგობრების წრეში ყოფნისას, ცხადია, გემრიელი კერძების დაგემოვნება მოსწონს.


- ბათუმში დავიბადე და ზღვის სიყვარულმა, ზღვასთან სიახლოვემ განაპირობა, თევზეულის მოყვარული რომ ვარ. ეს ხელოვნებაშიც აისახა - ყოველთვის ზღვას ვხატავ. რაც შეეხება კულინარიას, კარგად მომზადებული ყველაფერი მომწონს. როგორც ყველა ადამიანში, ჩემშიცაა რაღაც მიდრეკილებანი, თუმცა, შემიძლია ძალიან მცირედზეც კი გადავიარო. ჭამაზე თავგადაკლული კაცი არა ვარ, ჩემთვის სულერთია და დასანაყრებლად წიწიბურა და კარტოფილი შემიძლია მივიღო, მაგრამ როცა ზეიმია, როცა მეგობრებს ვხვდები, მაშინ მეც გემრიელი კერძების დაგემოვნება მომწონს.

"ველურ პირობებში" შემწვარი ოჩამჩირული მიდიები
- მახსოვს, ტელევიზიიდან აფხაზეთში წავედით, ტყვარჩელში რაღაც იუბილე იყო. მაშინ "პირველ არხზე" ახალგაზრდულ რედაქციაში ვმუშაობდი. ჩავედით, ჩემი მთავარი როლი იქ სიმღერა იყო, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობა მონაწილეობდა. ტელევიზიის პატარა ჯგუფმა აიჩემა, ოჩამჩირეში ჩავიდეთო - ზღვაზე მოუნდათ გასეირნება მასპინძლების გარეშე. ფული ცოტა გვქონდა და კაფეში მხოლოდ დასალევზე გვყოფნიდა, საჭმელზე - არა. ზაფხული იყო. ზღვაში შეჭრილი ხიდი შევნიშნე, დაბლა ხომ ბოძები აქვს, ზედ კი - მიდიები იყო. იქვე პატარა ბავშვი წყლის სათვალით დარბოდა. ვთხოვე, გამოვართვი და წყალში ჩავედი. მანამდე დანა კაფეში ავიღე და მთელი ცელოფანი გავავსე, იმდენი მიდია მოვჭერი. ისინი ხომ კოლონებად ცხოვრობენ ბოძებზე. ჩემმა თბილისელმა მეგობრებმა ეს არ იცოდნენ და საერთოდ, მიდია რომ იჭმებოდა, არც ეს. იქვე კარგად გავრეცხე. დავინახე, მანქანის დისკი იდო, ზედ თუნუქის ნაჭერი და მივხვდი, რომ იქ ცეცხლს ანთებდნენ და რამეს წვავდნენ. ნუ, ვიცოდი და იმიტომ მივხვდი. მოკლედ, მარილი დავაყარე, კარგად შევწვი, პური და ლუდი ბარში ვიყიდეთ და ისე გემრიელად მივირთვით, კარგი ბანკეტი გამოგვივიდა. ვუთხარი, ბიჭებო და გოგონებო, საფრანგეთში ეს დელიკატესია და უამრავი ფული ღირს-მეთქი. ასე ველურ პირობებში მომზადებული კერძი მშვენივრად დავაგემოვნეთ.

GzaPressორ თეფშზე "გადაჭიმული" "ივან ფრანკო"
- კლასელი მყავს გია ბერძენიშვილი. ბიძამისი რესტორან "ბათუმის" მთავარი მზარეული იყო და აჭარულ ხაჭაპურს უმაგრესად აკეთებდა. სამნაირი იყო - პატარა, დიდი და "ივან ფრანკო" და იცით, რატომ ერქვა ასე? "ივან ფრანკო" ძალიან დიდი გემი იყო, რომელიც პირველად შემოვიდა ბათუმში და პორტმა ვერ დაიტია. იმის შემდეგ გააფართოეს. თუმცა, მანამდე "ალექსანდრე პუშკინი" შემოვიდა და ისიც ვერ დაიტია. ის მოდელი იყო "შოთა რუსთაველიც", რომელიც ახლაც დადის. მოკლედ, ამ აჭარულ ხაჭაპურს, რომელიც იმდენად დიდია, რომ ორ თეფშზე იდება, "ივან ფრანკო" დაარქვეს. მე და გია როცა მივიდოდით, ორ ცალს მოგვართმევდნენ. უგემრიელესი იყო. ახლა უკვე დიდი ხანია, აჭარულ ხაჭაპურს აღარ ვეკარები, ძალიან ნოყიერია. კოსტა წულაძე იყო ასეთი, მაგარი კაცი, ბათუმის ლეგენდა, იუმორის მეფე. ერთხელ მიამბო, მეთოდი შევიმუშავე თბილისელებს იაფად როგორ გავუმასპინძლდე, - როცა დამირეკავდნენ, ჩამოვდივართო, ვხვდებოდი და პირდაპირ რესტორან "პირველ მაისში" მიმყავდა (ეს ძველ ვაგზალთან იყო და ახლა აღარ არსებობს), პირდაპირ დიდ ხაჭაპურებს დავუწყობდი, არაყი, ლიმონათები და ამ ყველაფერს რომ მიირთმევდნენ და კარგად დანაყრდებოდნენ, 5 საათზე ვურეკავდი, - ხომ არ გვევახშმა-მეთქი? და მპასუხობდნენ, - არ გვინდა, დაგვანებე თავიო (იცინის).

სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპურები
- ბავშვობისას თბილისშიც ხშირად ვიყავი, ბებიასთან. მაშინ ყველგან ერთი და იგივე ხდებოდა - სტუმრიანობა, სახელდახელოდ ხაჭაპურების გამოცხობა და ა.შ. ეს მაინც დასავლური წესია. ბებიაჩემმაც ასე იცოდა - ხაჭაპურის ხელში ტრიალი და რაღაცების გემრიელად შეზელვა. კახეთზეც ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, ჩემი სიჭაბუკე იქ გავიდა. ნამდვილი ხაშლამა, მწვადი, პირველად იქ ვჭამე. ჩემს მეგობრებს - ოთარ იაგორაშვილსა და მის მეუღლეს - მაია გურამიშვილს ზემო ხოდაშენში სახლ-კარი ჰქონდათ და ხშირად ჩავდიოდით. კახური პურმარილი სულ სხვაა. საერთოდ, ქალის გაკეთებული პურ-მარილი და მამაკაცის მომზადებული ძალიან განსხვავდება. კაცები მაინც უკეთეს მწვადს წვავენ. მამა ადრე გარდამეცვალა და ასეთი ამბები არ მახსოვს. ჩემი მეუღლე, ანი, შესანიშნავი კულინარი გამოდგა, ამ საქმის ერთ-ერთი დიდი მცოდნეა. დედამისიც კარგი კულინარი იყო და მათი სიძე რომ გავხდი, ყოველ წუთს მეკითხებოდა, - რას შეჭამ, რა გესიამოვნებაო? მე კი ვეხუმრებოდი, - რესტორანში ხომ არა ვარ-მეთქი?

ვისთან მიდის თევზი?
- ხშირად მითევზავია, მაგრამ ჩემთან ძალიან ცოტა თევზი მოდის. იციან, რომ მე სიმღერებს ვწერ და ის უნდა გავყიდო, ამიტომ ვისაც უფრო სჭირდება, თევზიც მასთან მიდის (იცინის). ადამიანი სადაც ჩადის, იქაური კერძი უნდა გასინჯოს, თორემ პიცა და ბურგერი ყველგან იყიდება. გურმანიზაცია პატარა ამბავი არ არის, ეს ერის სახეა. ხინკალს პრემიას მივცემდი. ხინკალი, ქართული სიმღერა და ქართული ცეკვა არჩენს ახლა საქართველოს. ვინც კი ჩამოდის, ყველას ეს აინტერესებს. კახეთიც ძალიან დაფასდა, კახური ჭაჭა, ღვინო, თავისი ატრიბუტებით, ეს მნიშვნელოვანი რამაა. ღვინო არასდროს დამიწურავს, ამას ცალკე ცოდნა უნდა, წლები უნდა მიუძღვნა და ყველაფერი ნუგზარ ერგემლიძემ არ უნდა გააკეთოს (იცინის). მე ჩემს ხელოვნებას მივხედო, ჯობია.

"ცხოვრება თვითონვე ივიწყებს, რაც დასავიწყებელია"
- ლოზუნგები არ არსებობს, ცხოვრება თვითონვე ივიწყებს, რაც დასავიწყებელია. გამიგია, რომ 40-50 წლის წინ, სუფრასთან მჯდომი მამაკაცის საპიფარეშოში გასვლა სირცხვილად ითვლებოდა, ახლა ასე აღარაა, ხალხი მიხვდა, რომ ეს დებილობა იყო. ადამიანს წნევა უწევდა, კვდებოდა, ცუდად ხდებოდა. ისიც არავინ იცის, ვინ რამდენს სვამდა და მერე როგორ გადარჩა. მეც დავლევ ხუთლიტრიან ყანწს, მაგრამ თუ ამით დავამთავრებ და ხვალ ცუდად ვიქნები, რად მინდა? მომწონს, რომ ასეთი "შეჯიბრებებისგან", ვალდებულებებისგან გათავისუფლდა ხალხი. გინდა? დალიე! არ შეგიძლია? შეეშვი! ღვინოს მხოლოდ თამადობისას ვსვამ, დანარჩენ დროს არაყს ან ვისკის, ზოგჯერ, მოლაპარაკების დროს, კონიაკსაც. კონიაკით ქეიფი არ წარმომიდგენია. ღვიძლსაც ვნებს. ზომიერება უნდა ისწავლოს ერმა. ცხვირი წითელი მაქვს? არა. როცა საჭიროა ვსვამ, მაგრამ ზომიერად.

ბუიონი თუ ბულიონი
- პარიზს გავიხსენებ, 1993 წელს. მე, ზურა კობეშავიძე და მამუკა ანჯაფარიძე პარიზში ჩავედით, იქიდან გერმანიაში მივდიოდით. ერთ-ერთ რესტორანში შევედით. იქ ყველა უბანში სხვადასხვა ფასია და როგორც ჩვენთან, ზოგიერთ უბანში ცოტა ძვირია. მიმტანმა ფრანგულად გვკითხა რაღაცები. მე სკოლაშიც და სამხატვრო აკადემიაშიც ფრანგულს ვსწავლობდი, მაგრამ ვერ ვისწავლე. წასვლის წინ სარესტორნო ენას გადავხედე, მაგრამ მან ისეთი კერძი გვითხრა - "ბუიონ", რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ბულიონი იქნებოდა და თითომ თითო შევუკვეთეთ. თურმე საქონლის ხორცის სტეიკი ყოფილა და თითო 70 დოლარი ღირდა (იცინის). ამის მერე, ზურამ გამოგვიცხადა, საკვებს მარკეტში ვიყიდით და ისე გამოვიკვებებითო და დარჩენილი ფულით მაცივარი გამოვტენეთ. ერთხელ, დალხინებულ საქართველოში, საბჭოთა წყობის დროს, მე და ჩემი ძმაკაცი - ოთარ იაგორაშვილი მარტო დავრჩით, წავედით და მაღაზიაში ბატი ვიყიდეთ. ქართველები მაშინ ბატს არ ყიდულობდნენ, ჩვენ კი მაგრად მოვილხინეთ (იცინის). მთავარია, რაც შეგვიძლია ის შევიძინოთ და ისე მოვილხინოთ!

მოგებული შემწვარი გოჭი
- ერთხელ, 1995 წელს, ღია ეთერში პრიზი გავათამაშეთ. მაშინდელი პრიზები იყო - ნავთქურა, ნავთი, საჭმელი, ის მცირედი, რომელიც ხალხს ძალიან უხაროდა. და-ძმამ, რომელსაც იმ ახალ წელს არაფერი ჰქონდა, შემწვარი გოჭი მოიგო. მივართვით და ძალიან ბედნიერები იყვნენ. მინდა, რომ საქართველოში გაჭირვებული ცოტა კი არა, საერთოდ არ იყოს. ჩვენი ერი იმსახურებს, რომ სიდუხჭირეში არ ცხოვრობდეს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
ძმები პაპიძეების მეფრინველეობის ფერმაში მისულს ისეთი ხმაური და წია-წია დამხვდა, რომ ვიფიქრე, რაღაც ხდება-მეთქი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.