"ბიზნესი რისკიანი საქმეა, ძალიან დიდი ზარალი ვნახე"
font-large font-small
"ბიზნესი რისკიანი საქმეა, ძალიან დიდი ზარალი ვნახე"
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს

ნინო ზამბახიძე - ეს სახელი და გვარი საქართველოში წარმატებული ქალისა და წარმატებული მეწარმის სიმბოლოდ აღიქმება. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდა ქალი რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად და დიდხანს ებრძოდა უამრავ დაბრკოლებას, რომელიც ამ რთულად გასავლელ გზაზე ხვდებოდა. სამწუხაროდ, ქალბატონმა ნინომ გადაწყვიტა, ბიზნესი, რომელსაც ამდენი დრო და ენერგია შეალია, გაყიდოს.
"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე მის მიერ განვლილ გზაზე გვესაუბრება:


- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სანამ სოფლის მეურნეობაში საქმიანობას დავიწყებდი, სულ სხვა ბიზნესი მქონდა - ყავისა და ჩაის, რომელიც საკმაოდ კარგად იყო აწყობილი და შემოსავალიც მოჰქონდა. რესტორნებსა და კაფეებს ვამარაგებდით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ზედმეტად ინტერესიანი და ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და ერთი საქმით არასოდეს ვკმაყოფილდები. სფერო, რომელმაც დამაინტერესა, ადრე მამაკაცებს ეკუთვნოდა. მაშინ ამ საქმეში გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მაინც გავრისკე. მახსენდება ყველაფერი, რაც გავიარე. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდი, ინფორმაციას ინტერნეტით მოვიძიებდი, უამრავი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ მშველოდა ის, რომ ყველაფერს ინტერესითა და სიყვარულით ვაკეთებდი.
- არ ნანობთ, რომ ურთულეს საქმეს შეეჭიდეთ?
- არავითარ შემთხვევაში. წარსულის გამოცდილება საშუალებას გაძლევს, უფრო სწორად დაგეგმო და გააგრძელო ცხოვრება. უკან რომ დამაბრუნოთ, ყველაფერს ზუსტად ისე გავაკეთებდი და ამ გზას ხელახლა გავივლიდი. ჩემი რეგიონში გადასვლითა და ფერმერული მეურნეობის დაარსებით ერთგვარი სტერეოტიპი დაიმსხვრა - დარგში, რომელიც კაცების საქმედ იყო მიჩნეული, ქალი გამოჩნდა, რაც ჩემთვის მიღწევაც იყო და გამოწვევაც.
- როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- სოფლის მეურნეობაში კარიერა 2007 წელს დავიწყე, როცა ჩემმა ბიზნესპარტნიორმა ორი ძროხა შეიძინა და ასე, ორი ძროხით დაიწყო ყველაფერი. რეგიონში ჩვენი გადასვლისა და ფერმერული მეურნეობის მთავარი მიზანი იყო, ხარისხიანი პროდუქცია გვეწარმოებინა. როდესაც რეგიონში ჩავედით და ვნახეთ, რა პირობებში ამზადებდნენ რძის პროდუქტებს, გადავწყვიტეთ, რძის გადამმუშავებელი საწარმო მოგვეწყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოვიყენებდით და მოსახლეობას მაღალი ხარისხის პროდუქციით მოვამარაგებდით. საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ დონორ ორგანიზაციებთან და რამდენიმე გრანტიც მივიღეთ, რამაც უფრო მეტი სტიმული და გასაქანი მოგვცა. ყველაზე კარგად მახსენდება პირველი გრანტი "მილენიუმის" პროგრამით რომ მივიღეთ, 125 ათასი დოლარი იყო. ფერმა ახალციხის რაიონის სოფელ წნისში გავხსენით და ასე დავიწყეთ საქმიანობა სოფლის მეურნეობაში.
GzaPress- თავდაპირველად ალბათ ძალიან გაგიჭირდათ...
- გეთანხმებით, ძალიან გამიჭირდა, შეიძლება ითქვას, რომ კულტურული შოკი მქონდა. სოფელმა არც ისე მარტივად მიმიღო: ბევრი კითხულობდა, რა დავაშავე ასეთი, რომ ქალაქი მივატოვე და იქ გავაგრძელე ცხოვრება. 2007 წლიდან 2015 წლამდე ახალციხეში ვიმყოფებოდი. შვილების დატოვება თბილისში მომიხდა, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეული და მძიმედ ასატანი იყო. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი, რომ შეიძლება შვილებს ხაჭაპური ვერ გამოუცხო, მაგრამ "გამოვუცხო" კარგი მაგალითი, როგორ შეიტანო წვლილი შენი ქვეყნის განვითარებაში. 3-4 წელი მაინც დამჭირდა, რომ რეგიონში ნდობა მომეპოვებინა. მთლიანად ჩართული ვიყავი საქმეში და ბევრი ისეთი რამის კეთება მიწევდა, რაც ჩემთვის სრულიად უცხო იყო. მაგალითად: პირველად ძროხა რომ მოვწველე, არ ვიცი, რა გავაკეთე ისეთი, რომ საბრალო პირუტყვი საშინლად დაფრთხა და კარგა ხანს გიჟივით დარბოდა წინ და უკან. თანდათან ყველაფერი აეწყო, ყველაფერი შევისწავლე. პირდაპირ მენეჯერად და ტექნოლოგად არავინ იბადება და როცა ირგვლივ ისეთი კადრები შემოვიკრიბე, რომლებიც საქმეს კარგად უძღვებოდნენ, მუდმივად რეგიონში ჩემი ყოფნა აუცილებელი აღარ იყო. საერთოდ, სოფლის მეურნეობა ძალიან რისკიანი სფეროა, მაგრამ ჩვენს ბიზნესში ყველაფერი კარგად მიდიოდა.
- რისგან შედგებოდა თქვენი მეურნეობა?
- როგორც გითხარით, თავიდან რძის გადამმუშავებელი საწარმო გავხსენით და მასთან ერთად შევქმენით პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმოც. ამის შემდეგ 120 სულზე გათვლილი ფერმა გავაკეთეთ. ამის შემდეგ ვაშლის ბაღები გავაშენეთ და ხილ-ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა შევქმენით. ფერმერთა ტრენინგცენტრიც გავხსენით. ერთი სიტყვით, საკმაოდ კარგი საქმე წამოვიწყეთ. სოფლის მეურნეობაში ინვესტირება გრძელვადიანი პროცესია და ნურავის ეგონება, რომ ამ საქმეში ჩადებული თანხა უკან მარტივად დაუბრუნდება. ჩვენ ეს გააზრებული გვქონდა და შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ამ დარგში ინვესტიცია ჩაგვედო. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუმცა გამოწვევაც ბევრი იყო. მახსოვს, პირველი იმედგაცრუება მაშინ დამეუფლა, როცა 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეგვიწყვიტეს. რით იყო ეს განპირობებული, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ მაშინ პირველად ვნახეთ ძალიან დიდი ზარალი - გამზადებული პროდუქციის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ამის შემდეგ როგორღაც თავი ხომ უნდა გაგვეტანა და იაფი აგროსესხი ავიღეთ. ამ სესხით მაღალპროდუქტიული პირუტყვი შემოვიყვანეთ, საკმარისი რაოდენობის რძე რომ გვეწარმოებინა და გამართული ბიზნესი გვქონოდა. სამწუხაროდ, პირუტყვი ბრუცელოზით დაავადდა. ჩვენ, როგორც კეთილსინდისიერმა მეწარმეებმა, გადავწყვიტეთ დაავადებული პირუტყვი დაგვეკლა, თუმცა იმედს არ ვკარგავდით, რომ ბიზნესს ნელ-ნელა ისევ ფეხზე დავაყენებდით.
- რატომ ვერ მოახერხეთ ეს?
- როგორც შეგვეძლო, ვცდილობდით, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის ფინანსური რესურსის არარსებობა იყო: რადგან კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღარ გასხვისდებოდა, ამან უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი არა, ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები დააზარალა - ჩვენი ბანკები ხომ უცხოური კაპიტალით არის შექმნილი და ბანკებმა ჩვენი მიწები იპოთეკაში აღარ ჩადეს, რის გამოც, ფინანსური რესურსი ხელმიუწვდომელი გახდა. ამის გამო, სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო რისკის შემცველ სფეროდ ჩამოყალიბდა და ამ დარგის დაკრედიტებაც სერიოზულად შემცირდა. ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ ბანკში საკუთარი ბინები ჩაგვედო და სესხი ამ გზით აგვეღო. ამან არა მარტო ჩემი, ყველას ბიზნესი გაართულა, ვინც ბანკში ვერაფერს ჩადებდა. კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ახალი დირექტივა გამოსცა და კანონში ახალი ჩანაწერი გაჩნდა, რომლის მიხედვით, თუ ადამიანს ერთი ბინა აქვს, იპოთეკაში იმასაც ვერ ჩადებს - ეს კი ნიშნავს, რომ ფინანსური რესურსი ფერმერებისთვის აბსოლუტურად შეიზღუდა. თუმცა, ჩვენი პრობლემების ჩამონათვალი ამით არ დასრულებულა.
- კიდევ რამ შეგიშალათ ხელი, ქალბატონო ნინო?
- სიტუაცია გაართულა იმან, რომ როდესაც შენი პროდუქციით სუპერმარკეტების ქსელს ამარაგებ, 3-4 თვის განმავლობაში ისინი თანხას არ გიხდიან. შენ აწარმოებ, შეკვეთები მოდის, პროდუქციის რეალიზაციაც არ უჭირთ, მაგრამ თანხის უკან დაბრუნებას რამდენიმე თვე სჭირდება. შეიძლება კუთვნილი თანხა საერთოდ ვერ ამოიღო, ამის გამო ჩვენმა ბიზნესმოდელმა აზრი დაკარგა. ბოლო გამოწვევა, რომელსაც უკვე ვეღარ გავუმკლავდით, იყო ტენდერი, რომელიც წავაგეთ. თავიდან კი გავიმარჯვეთ, მაგრამ მერე ტექნიკური ხარვეზის თუ რაღაც ბარიერების გამო დისკვალიფიკაცია მივიღეთ. ბუნებრივია, ამას ჩვენ არ დავეთანხმეთ და გასაჩივრება გადავწყვიტეთ, მაგრამ აქაც სერიოზული პრობლემა გაჩნდა: გვითხრეს, რომ სასამართლო ერთი წლის განმავლობაში იწელება და ტენდერსაც ვადა ერთ წელიწადში ეწურებაო. ასე რომ, ტენდერს მაინც ვერ მივუსწრებდით და სასამართლოშიც მხოლოდ ათას ლარს აგვინაზღაურებდნენ. ამის გამო ბედს შევეგუეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს სიმართლეს ვერ დავამტკიცებდით.
GzaPress
- გამოდის, რომ ამდენი წლის შრომა წყალში ჩაგეყარათ. ღირდა გარისკვად ეს ყველაფერი?
- კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ ღირდა, თუნდაც იმის გამო, რომ ამ გამოცდილებამ "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" შემაქმნევინა და ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო საქმიანობა სოფლის მეურნეობაში. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მენტალობის მხრივაც დიდი გარდატეხა მოხდა და ეს ჩვენი დამსახურებაცაა. დღეს ჩვენ ფერმერებად მოგვიხსენიებენ და არა - გლეხებად. სოფლის მეურნეობა პრესტიჟული დარგი გახდა და ამ სფეროთი ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ. გასავლელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ დავიწყეთ, ყველაფერი ღირდა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანებს ხარისხიანი ქართული პროდუქციის შეძენა და წარმოება სურთ და ხალხიც ქართულ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას...
- სად გეგმავთ საქმიანობის გაგრძელებას?
- ამ ბიზნესის გაყიდვა არ ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობას ვტოვებ. პირიქით, გადავწყვიტე, უფრო აქტიურად ჩავერთო ამ დარგში. არ გამოვრიცხავ, რომ სულ სხვა, ახალი საქმე წამოვიწყო. რატომ? - პასუხი მარტივია: ეს არის ის, რაც ძალიან მიყვარს და მომწონს. ფინანსური პრობლემები არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი დავყარე და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ხშირად ვამბობ - რაც არ გკლავს, გაძლიერებს-მეთქი. ტენდერის წაგება არ ნიშნავს, რომ ხელი ჩავიქნიე. ტენდერები წამიგია და მომიგია, ცხოვრებაც ხელახლა დამიწყია, მაგრამ ჩემს გულისწყრომას ყველაზე მეტად უსამართლობის განცდა იწვევს. ბიზნესი რისკიანი საქმეა, ადამიანი გარეთ გადის და ცოცხალი ვეღარ ბრუნდება და ბიზნესში დამარცხება რა გასაკვირია? ძალიან დიდი ზარალი ვნახე: 3 500 დოლარად შეძენილი 70 პირუტყვი დაგვეღუპა, ნახევარი მილიონი ლარი ვიზარალეთ, მაგრამ ამხელა ზარალის მიუხედავად, ხელი მაინც არ ჩამიქნევია. სულით არ დავცემულვარ, მიუხედავად ყველაფრისა, სოფლის მეურნეობაში ვრჩები და უფრო აქტიურად დავეხმარები ახალგაზრდა ფერმერებს.
GzaPress
- ორი არაჩვეულებრივი შვილი გყავთ. ალბათ ისინიც მხარს გიჭერენ და ძალას გმატებენ...
- ორი შვილი მყავს. ყველა დედას ჰგონია, რომ მისი შვილი გამორჩეულია, მაგრამ ესენი მართლაც არაჩვეულებრივი ბიჭები არიან. სკოლაშიც კარგად სწავლობენ და სიცოცხლის სტიმულს მმატებენ. ორივე მხარში მიდგას და ძალიან მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ. უფროსი - ნოდარ ტრაპაიძე 16 წლისაა, სოფლის მეურნეობა აინტერესებს და ჩემი საქმის გაგრძელებას აპირებს. უმცროსი - გია 11 წლისაა. ამას წინათ მითხრა: - შენი წარმატება ჩვენი დამსახურებაცაა - ჩვენ რომ წამდაუწუმ ვიძახდეთ - "დედა გვინდა, დედა გვინდა", ამდენს ხომ ვერ შეძლებდიო? მას ბანკირობა უნდა და გადაწყვეტილი აქვს, მარტო მე დამაფინანსოს. ალბათ, ასეთი შვილები რომ არ მყავდეს, ძალიან გამიჭირდებოდა. მით უმეტეს, ახალციხეში რომ წავედი საცხოვრებლად, ოჯახი დამენგრა. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახი ამ საქმემ შეიწირა: მე სხვა გარემოში ვცხოვრობდი, სულ სხვა ადამიანებზე გადავერთე და ოჯახს ყურადღება მოვაკელი, მაგრამ მაინც არაფერს ვნანობ...
- დაბოლოს, როგორი იქნება ნინო ზამბახიძის ცხოვრება ახლო მომავალში?
- რაც მთავარია, "ფერმერთა ასოციაცია" დარჩება. მეც, ახალი პროექტებითა და ახალი შემართებით ვაპირებ საქმის გაგრძელებას. ბიზნესს გავყიდი, მაგრამ ამ თანხას სულ სხვა ბიზნესში ჩავდებ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
"აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც შვილთან ერთად, ლაღად ვცხოვრობ"
კოტე თაბაგარი, მეტსახელად "დათა თუთაშხია" იმერელი კაცია - ხალასი იუმორით სავსე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული.
ანტონ ბალანჩივაძე ქართველ და მსოფლიოში მოღვაზე ხელოვანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს.
პოპულარიზაციას ვუწევთ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.