ტრიუფელებზე ნადირობა და კულინარიულ კონკურსში გამარჯვებული ქართველი
font-large font-small
ტრიუფელებზე ნადირობა და კულინარიულ კონკურსში გამარჯვებული ქართველი
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. პროფესიონალი იტალიელი შეფ-მზარეულებისა და კულინარიის სფეროში წარმატებული სხვა ადამიანების გარდა, ჟიურის წევრებს შორის, "გაზპრომის" წარმომადგენელიც იყო, რომელსაც კონკურსანტებს შორის რუსი ფავორიტები ჰყავდა, თუმცა საბოლოოდ, შეჯიბრებაში ქართველმა შეფ-მზარეულმა - ხათუნა სალუქვაძემ გაიმარჯვა. მის გამარჯვებაში თურმე დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ სუნელებსა და კომშის მურაბას...


GzaPress- ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული გახლდით. კულინარიის 2-კვირიან კურსზე სწავლა სწორედ სამსახურმა დამიფინანსა. იტალიაში, ქალაქ პეზაროში გავემგზავრე.
იტალიური კერძების მომზადება უმაღლესი დონის შეფებმა გვასწავლეს. ტრიუფელზე სანადიროდაც ვიყავით. მოგეხსენებათ, ტრიუფელი ძვირად ღირებული სოკოა (შავი 80 ევრო ღირს, თეთრი კი - 100). იტალიურ და ფრანგულ სამზარეულოში იყენებენ. საოცარი გემო აქვს, კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს... წინათ ტრიუფელზე სანადიროდ არასოდეს ვყოფილვარ და ალბათ, იქ ვერც ვერასოდეს მოვხვდებოდი. ეს სოკო მუხის ქვეშ იზრდება, მუხის ტყეებს თავისი მეპატრონეები ჰყავს. გაწვრთნილი მონადირე ძაღლები ტრიუფელებს ყნოსვით ეძებენ. ძაღლებს ადამიანთა ჯგუფი უკან მიჰყვება. როგორც კი ძაღლი სოკოს იპოვის, მის ჩიჩქნას იწყებს. უნდა მიუსწრო, რომ არ შეჭამოს. ტრიუფელი ჯგუფის 12-მა წევრმა "დავიჭირეთ". მერე ყველას გვაჩუქეს. მუზეუმშიც წაგვიყვანეს, სადაც გიგანტური და მომცრო ზომის ტრიუფელები ვნახეთ. ტრიუფელიანი ბევრი კერძი გავსინჯეთ და მათი მომზადებაც ვისწავლეთ. ვენეციაშიც წაგვიყვანეს. იტალიის რეგიონული სამზარეულო შევისწავლეთ. სქელი პიცაც გავსინჯეთ და მომზადებაც ვისწავლეთ. კურსის დასრულებისას იტალიელმა შეფებმა ჯგუფებს შორის კონკურსი ჩაატარეს. კურსზე კიდევ ერთი ქართველი გოგონა იყო, მაგრამ ის სხვა ჯგუფში მოხვდა. ჯგუფები 4-4 ადამიანისგან შედგებოდა, მხოლოდ ჩვენ ვიყავით სამნი: ქართველი, უკრაინელი და ბელგიელი. გვქონდა ე.წ. შავი ყუთი, რომელშიც ძალიან ცოტა ინგრედიენტი იყო მოთავსებული. კერძის მომზადებისას ქართული სუნელები გამოვიყენე, რომელმაც კერძს (მას "ვინტაჟი" დავარქვი) საოცარი გემო შესძინა - ევროპული და ქართული სამზარეულოს სინთეზი იყო. სოუსად მარწყვი გამოვიყენე, მარწყვის სოუსში - ყავა. ზემოდან კომში ჯინჯერით (კომშის მურაბა საქართველოდან მქონდა წაღებული). თევზი "შევასუნელე", შემდეგ კი ღუმელში "გამოვაცხვე". საოცარი სურნელი დატრიალდა... სხვათა შორის, წინა ტურებში რუსები ლიდერობდნენ. ჟიურის წევრებს შორის, "გაზპრომის" წარმომადგენელი იჯდა, რომელსაც თავისი რუსი ფავორიტები ჰყავდა. გამარჯვებას მართლა არ ველოდი, რადგან კერძის მოსამზადებლად ბევრი ინგრედიენტი არ გვქონდა. წარმატებამ ძალიან გამახარა, თითქოს ისეთი დონის კონკურსში გავიმარჯვე, რომ "მიშლენი" ავიღე (იცინის)... კერძის მომზადება ჯგუფურად შესასრულებელი დავალება იყო, ჩემმა ჯგუფელებმა აღიარეს, რომ კერძი მთლიანად "ჩემი" იყო (იღიმის).
- "შავ ყუთში" არსებული ინგრედიენტების გარდა, სხვა მასალის გამოყენების უფლებაც გქონდათ?
- მითითებული არ იყო, დამატებით ვინ რას "იჩალიჩებდა", მაგრამ როცა დავინახე, რუსები "ჩალიჩობდნენ" - მაღაზიაში გაიქცნენ და ჩუმ-ჩუმად რაღაცები დაამატეს, ჩემი სუნელები გამახსენდა და "დავაძვრე" (იცინის). ეს შანსი გამოვიყენე. ძალიან კმაყოფილი ვარ...
GzaPress- კულინარიის სფეროში მუშაობა როდის გადაწყვიტეთ?
- პროფესიით სოციოლოგი ვარ, მაგრამ ამ სფეროში არასოდეს მიმუშავია. კულინარიის მიმართ მიდრეკილება კი ბავშვობიდან მქონდა. დედაჩემს სულ ვეუბნებოდი, - მიყურე, ნახე, კერძს როგორ ვამზადებ-მეთქი. სხვათა შორის, VII კლასში ვიყავი, როცა მეგობრის ძმის ქელეხში ფლავის მომზადების უფლება მომცეს. ახლაც მიკვირს, ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება როგორ გავბედე... იმპროვიზებული მიმართულებით ვმუშაობ: ჩემეული კერძები მაქვს - რაღაცებს ვიგონებ და ამართლებს. როგორც ყველას, კერძის "დაკოპირება" მეც ბევრჯერ მიცდია, მაგრამ ჩემს შტრიხებს მაინც ვუმატებ ხოლმე... იტალიაში, სწავლების კურსის დასრულების შემდეგ, ქალაქის ვიცე-მერმა დაგვაჯილდოვა - პირველი კატეგორიის შეფის სერტიფიკატი გადმომცეს. ასევე, სასწავლო კურსის გავლის სერტიფიკატიც მივიღე, მერიამ კი მედალი გადმომცა.
- ტრადიციული ქართული კერძების იტალიელებისთვის გაცნობის საშუალება გქონდათ?
- რა თქმა უნდა. სუნელებიც, კომშიც და ჯანჯაფილიც იტალიელებს ვაჩუქე. გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ. სვანურმა მარილმა მათი განცვიფრება გამოიწვია. ქლიავის აჯიკაც მქონდა წაღებული, რომელსაც საოცარი გემო ჰქონდა. სხვათა შორის, რუსები ყველაფერს მთხოვდნენ - არ თაკილობდნენ... იტალიელებმა ჩვენი სამზარეულოს შესახებ იცოდნენ, რადგან რეალურად, მოცარელა უმარილო სულგუნია - თითქმის 98%-ით ერთნაირია. ასევე, იტალიელებს ვუთხარი, რომ ყველს ღვინოში ვდებთ - ეს ტრადიცია გვაქვს.
GzaPress- ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ?
- სიმარტივეშია გენიალურობა. მოცარელა და ბუფოლა გავსინჯე: ერთ თეფშზე დიდი, ჭყინტი, მრგვალი, ოთხად გაჭრილი მოცარელა იდო. ზემოდან ცივ-ცივი, პირველადი გამოხდის ზეითუნის ზეთი ჰქონდა მოსხმული და შავი პილპილი ეყარა. თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ფანტასტიკური გემო ჰქონდა! საოცარი დესერტი - ბაბა აქვთ, უგემრიელესია ტრადიციული კანოლი. რეგიონული სამზარეულოდან სქელი პიცები ზღვის პროდუქტებით საოცარი იყო! გავსინჯეთ რავიოლი ლეღვით, რისოტო მსხლით და თაფლით... შოკირებული ვარ!.. ფრანგულ სამზარეულოს სხვა მიმართულება აქვს - უფრო აკადემიურია, იტალიურს კი რაღაცნაირად, "ჩემად" მივიჩნევ.
- ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები იტალიაში პოპულარულია?
- კი, რასაკვირველია. ვეგეტარიანული პიცის მოსამზადებლად ყველანაირ ბოსტნეულს იყენებენ. ძირითადი ინგრედიენტი პომიდორია. პიცას ღუმელში აცხობენ, ზემოდან კი ბევრ ზეითუნის ზეთს ასხამენ.
- იტალიიდან დაბრუნებული ქართულ სამზარეულოში რა სიახლის დამკვიდრებას აპირებთ?
- მაგალითად, ძალიან კარგია პასატელი თეთრი ტრიუფელით. ასევე - ლაზანია, რომლის განსხვავებულად მომზადება ვისწავლეთ. ქართველებს აუცილებლად შევთავაზებ ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ ნიოკს: მოხარშული კარტოფილის, საფანელის და ყველისგან ბურთულები მზადდება, რომელიც წყალში უნდა ჩავყაროთ. წყლიდან ამოღების მერე, კერძს უკვე ზღვის პროდუქტებით ვამზადებთ. კერძის შემადგენლობაშია ცუკინი, ზემოდან კი - ოხრახუში. ფანტასტიკური გემო აქვს. ქართულ სამზარეულოში ნიოკის დამკვიდრებას ყველას ვურჩევ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"საკუთარი თავი პატარაობიდან მახსოვს სცენაზე"
ახალგაზრდული პროექტი, რომელიც "ათასწლეულის ინოვაციის" ტიტულით შეიძლება დაჯილდოვდეს
"ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
"აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც შვილთან ერთად, ლაღად ვცხოვრობ"
კოტე თაბაგარი, მეტსახელად "დათა თუთაშხია" იმერელი კაცია - ხალასი იუმორით სავსე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული.
ანტონ ბალანჩივაძე ქართველ და მსოფლიოში მოღვაზე ხელოვანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს.
პოპულარიზაციას ვუწევთ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.