იტალიელი ენცო ნერის ქართული ცხოვრება
font-large font-small
იტალიელი ენცო ნერის ქართული ცხოვრება
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს. ის ძალზე მეგობრული, მხიარული და პოზიტიური ადამიანია, იოლად შეძლო ქართველ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და უკვე ბევრი მეგობარიც ჰყავს, ისევე, როგორც იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც სამსახურებრივად უწევდა წლების განმავლობაში ცხოვრება. მისთვის გამორჩეული ადგილი ნიუ-იორკი იყო, სადაც მას კულინარიაზე გადაცემაც კი ჰქონდა. ასევე, ცხოვრობდა ლონდონში, მადრიდსა და დუბაიში. წარმოშობით იტალიის შუაგულიდან - უმბრიიდანაა და ამბობს, რომ მის მშობლიურ მხარეს კახეთი აგონებს, ამიტომ იქაურობა ძალიან მოსწონს და ხშირად სტუმრობს ხოლმე. საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, ისე როგორც საკუთარ სახლში, თუმცა, რამდენ ხანს დარჩება, არ იცის, რადგან წინასწარ არაფერს გეგმავს. უყვარს ჯანსაღი ცხოვრება და ადამიანები. ენცო ნერი თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბობს:


GzaPress- რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩემი ბექგრაუნდი კულინარიით არ დაწყებულა, პროფესიით ინჟინერი ვარ, აიტი სპეციალისტი და ამ განხრით ვმუშაობდი კიდეც ერთ-ერთ კლინიკაში. კულინარიით 29 წლის ასაკში დავინტერესდი და კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. გამიმართლა და ჩემსავე ქალაქში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში დავიწყე მუშაობა, მარკო ბისტარელისთან. მას შემდეგ, ამ საქმიანობას მივყავი ხელი, 6 წელი ლონდონში ვიცხოვრე და ვიმუშავე, 7 წელი - ნიუ-იორკში, ერთი წელი დუბაიში, ერთი - მადრიდში, ბოლო ორი წელია, თბილისში ვარ.
- რატომ გადაწყვიტეთ ასე რადიკალურად შეგეცვალათ საქმიანობა? რატომ მოხდა თქვენში გარდატეხა?
- რეალურად არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ ხატვა, ხელოვნება მიყვარდა და მისდამი მიდრეკილება ბავშვობიდანვე მქონდა, თუმცა, მამაჩემი ფიზიკა-მათემატიკოსი იყო და სულ მეუბნებოდა, ხელოვანი რომ გამოხვიდე, ფული არ გექნება და რა უნდა აკეთო ცხოვრებაშიო? თუმცა, მივხვდი, რომ მზარეულიც ხელოვანია, ფერებით თამაშობს, რაღაცებს ქმნის, საინტერესო ფორმას აძლევს, გემოებს ერთმანეთს უხამებს და ა.შ. კულინარია ჩემი ამბიცია არასდროს ყოფილა, უბრალოდ, თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალება გახდა. მე მას ისე ვუდგები, როგორც ხელოვნებას.
- როდესაც ამ სფეროში თავი გამოცადეთ და წარმატებას მიაღწიეთ, მამა თუ დარჩა კმაყოფილი თქვენი არჩევანით?
- იცით, როდესაც მე კულინარიაზე გადავერთე, სამწუხაროდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო და ვეღარ მოესწრო ამ ყველაფერს, თუმცა, ვფიქრობ, იამაყებდა ჩემით. სხვათა შორის, გემრიელი კერძების მომზადება თვითონაც ეხერხებოდა. 2011 წელს საუკეთესო იტალიელი შეფმზარეულის ნომინაციაში გავიმარჯვე. თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი, არაერთი ჯილდო მიმიღია, რაც ჩემთვის საამაყო, სასიამოვნოა და ბედნიერი ვარ ამით. მაშინ ძალიან ბევრმა ამერიკულმა გამოცემამ დაბეჭდა ჩემზე, სატელევიზიო ინტერვიუებიც მქონდა, რადიოჩართვები და ა.შ. ახლა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება საქართველოში მაქვს, პროდუქტებით მდიდარი ქვეყანაა, ჯანსაღი საკვები გაქვთ, კულინარიის სფეროც ვითარდება და ამ პროცესებში ჩართვა ჩემთვის საინტერესოა. ღვინო ძალიან კარგია, აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ აქაურ მზარეულებს ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო და ამავდროულად, თავადაც განვვითარდე.
GzaPress
- ვინ შემოგთავაზათ საქართველოში ჩამოსვლა?
- პირველად აქ გია ფირადაშვილთან ჩამოვედი, რომელთანაც დიდი ხანია, ვმეგობრობ. ნიუ-იორკიდან მასტერკლასის ჩასატარებლად მომიწვია. ის ჩემი საუკეთესო მეგობრის მამას იცნობდა - ანჯელო მასის და იმდენჯერ მითხრა, ჩამოდიო, ერთ დღესაც ავდექი და წამოვედი. 2015 წლის აგვისტო იყო. მეორედ, აქ ჩემს ყოფილ კოლეგასა და მეგობართან, ედგარ აიდერთან ჩამოვედი, ერთ-ერთი კაფის გასახსნელად და ერთად გავხსენით. მერე, აქაური მსხვილი კომპანიისგან, სასტუმროსგან მივიღე შეთავაზება, რომ მათი რესტორნის შეფმზარეული გავმხდარიყავი და დავთანხმდი.
- ქართველ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება უცხოელისთვის არც ისე იოლია, თქვენ ადვილად მიგიღეს თავიდან?
- მართალია, არცთუ ისე იოლად იღებთ უცხოებს და სულ მიკვირს, როდესაც მეუბნებიან, ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ვგავართო, ერთნაირად სტუმართმოყვარეები ვართო. მე ასე არ ვფიქრობ, იტალიელები გაცილებით გახსნილები, გულღიები არიან ურთიერთობაში. ქართველები ნამდვილად სასიამოვნო ხალხი ხართ, მაგრამ სანამ არ დაუმეგობრდებით, ახლოს არ უშვებთ ადამიანს, დისტანციას იჭერთ. მე ესეც მესმის, რადგან თქვენ საოცარი ისტორია გქონდათ, საბჭოთა კავშირის წლები გამოიარეთ, რეპრესიები, უფრო ადრე - შემოსევები და ა.შ. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, ხალხმა აქ ასე კარგად რომ მიმიღო, არის ისიც, რომ ენერგიული, მხიარული და მგრძნობიარე ადამიანი ვარ და არა - მოსაწყენი, პრობლემებს არავის ვახვევ თავს. ადამიანები მიყვარს, ეს ყველაზე მთავარია ცხოვრებაში და არა - ფული. მე ადამიანებისთვის ვცხოვრობ, ესაა ჩემი ცხოვრების აზრი, გავცე და მივიღო პოზიტიური ენერგია. ზოგჯერ მეუბნებიან, შენ ცნობილი ვარსკვლავი ხარო, მე კი ამაზე მეცინება და ვპასუხობ, - მე ვარსკვლავი არ ვარ, ვარსკვლავები ცაში დავტოვოთ-მეთქი (იცინის).
GzaPress- რა მოგეწონათ, რომ ამდენი ხნით შემორჩით?
- პირველ რიგში ის, რომ საკუთარი თავისთვის აქ მეტი დრო მაქვს. მეორე ის, რომ ჩემი სამუშაო უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ყოველთვის არის რაღაც ახალი - ან რაიმეს გახსნაზე მეპატიჟებიან და დახმარებას, რჩევებს მთხოვენ. ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ ჩემი ცხოვრების 80% სწორედ მას უჭირავს, სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. პროფესიაც ხომ სწორედ ამიტომ შევიცვალე. გარდა კარგი საჭმლისა და ღვინისა, ვხედავ, რომ ქართველები ტრადიციული, ოჯახზე ორიენტირებული ხალხია და ეს მომწონს. ბევრი რამაა საერთო ჩემი ქვეყნის კულტურასთან. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ზოგჯერ ნიუ-იორკიც მენატრება, იქ უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. ქალაქში რომ გახვალ, აღარ იცი, სად წახვიდე, იმხელა არჩევანია. ქართველ მეგობრებს ჩემს ქართულ ოჯახს ვუწოდებ, ხშირად ვერთობით ერთად, სხვადასხვა ადგილას დავდივართ, ხან კახეთში, ხან - სხვაგან. წელს 48 წლის ვხდები, აღარ ვარ 23-ის და ახლა უფრო სხვა ტიპის გართობა მომწონს, სიმყუდროვე, ოჯახური გარემო. კახეთი მიყვარს, უმბრიას მაგონებს, რომლის რელიეფიც დაახლოებით ასეთია. ზღვაც მიყვარს, ბათუმში ერთხელ ვიყავი, მაგრამ იმდენი დრო გავატარე ტრანსპორტში, რომ იტალიაში მირჩევნია გადაფრენა (იცინის).
- ამ სფეროში ამხელა მასშტაბზე წარმატების მიღწევა მარტივი არ იქნებოდა, რა სირთულეები ახლდა ამ ყველაფერს?
- დასაწყისი რთული იყო ცხადია, იმის გამო, რომ ბექგრაუნდი სულ სხვა სფეროში მქონდა. მაგრამ შრომისმოყვარეობის წყალობით, რაღაც შევძელი. საერთოდ, თუ რამეს ვაკეთებ, მასში ჩემი მაქსიმუმი უნდა ჩავდო, არ ვჩერდები, სანამ იმ შედეგს არ მივაღწევ, რაც მინდა. ჩემს პირველ სამსახურში კი განვითარებაში ძალიან დამეხმარნენ. მარტივი არც იტალიის დატოვება იყო ჩემთვის, არც ის, ახალ-ახალ ქვეყანაში გადახვიდე და ყოველ ჯერზე ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ახალი მეგობრები შეიძინო, ამავდროულად, ძველებს დაემშვიდობო, ისინიც ხომ გენატრებიან და ვეღარ ნახულობ. თუმცა, რას ვიზამთ, ასეც ხდება, მაგრამ ყოველი ქვეყნის შეცვლისას, შენ კიდევ ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენ და ეს სასიამოვნოა.
- სულ ცოტა ხნის წინ, ძალიან ლამაზი ტატუ გაიკეთეთ ნიუ-იორკის გამოსახულებით, რას ნიშნავს ეს ქალაქი თქვენთვის?
- ნიუ-იორკში 2011 წელს ჩავედი და მართლაც გავოცდი, თუ რაოდენ სწრაფი ტემპით მოძრაობს ეს ქალაქი, არ ჩერდება და შენც ფეხი უნდა აუწყო ამ ყველაფერს. ხალხი აქ უფრო მარტივია, ვიდრე ლონდონში. იქ მუშაობა შეფმზარეულებისთვის კარგი გამოცდილება, შეჯიბრებაა, დიდი სკოლა გავიარე იქ ცხოვრებით. ნიუ-იორკი ჩემი ცხოვრების ნაწილია და მიყვარს, თუმცა, იქ ცხოვრება ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, მე უფრო ევროპული ქალაქები მომწონს, ლონდონია ჩემი საყვარელი ქალაქი. ნიუ-იორკში ცხოვრების ბოლო წელს, როგორც პრივატული შეფი, ისე ვმუშაობდი, რონალდ ფერელმანთან, რომელიც მილიონერია. მას დიდი ვილაც ჰქონდა, სადაც კერძები "სელებრითებისთვისაც" მომიმზადებია და ასეთი არაერთი იყო, მათ შორის, "პინკ ფლოიდის" როჯერ ვოტერსი და სხვები. ამ წრეში სულ ასეთი ცნობილი ადამიანები იყვნენ. მონიკა ბელუჩი ჩემი ძმის კლასელი იყო იტალიაში, მეზობლად ცხოვრობდა. ჩემი ძმა თქვენსავით ჟურნალისტია, მილანში გაზეთის რედაქტორია. ნიუ-იორკში მეც მქონდა გადაცემა, როგორც აღვნიშნე, "ფუდ ნეტვორქზე". კერძებს ვამზადებდით, ერთგვარი შეჯიბრებებიც გვქონდა.
- რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი? რა გამოიყენეთ თქვენს პრაქტიკაში?
- ძირითადად, კახური მიყვარს. ჩაქაფული მომწონს, ხარჩო, ელარჯი, აჯაფსანდალი, რომელიც ერთ-ერთ იტალიურ კერძს მაგონებს. ხინკალიც ძალიან მიყვარს. ჩვენს კულინარიას ბევრი რამ აქვს საერთო. ვფიქრობ, დღევანდელი ქართული სამზარეულო მზადაა ოდნავი ცვლილებისთვის, უფრო ლაითი, მეტად ჯანსაღი და სასარგებლო რომ გახდეს. მაგალითად, ჩაქაფულში, ჩემი აზრით, ამდენი ტარხუნა სრულიად ზედმეტია, რადგან მას თავის გემოზე მიჰყავს და მთლიან არომატს ფარავს. მე ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო, ამ რეგიონში ის ნამდვილად საუკეთესოა და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანასაც ჯობნის. ამას გულახდილად გეუბნებით. მეგრული სამზარეულო, კახური, ძალიან საინტერესოა და ბევრი ვარიაციაა.
- რა რეაქცია მოჰყვა, როდესაც თქვენ გააკეთეთ ყავისფერი შეფერილობის, კაკაოიანი "ტკბილი ხინკალი"?
- არაერთგვაროვანი, ზოგს ძალიან მოეწონა, ზოგმა კი შეურაცხყოფად მიიღო, ჩვენი ნაციონალური კერძია და ხელშეუხებელიაო. მე კი ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა, დესერტი ხინკალი მომემზადებინა და გამოვიყენე შოკოლადი, ნადუღი, თხილი და ფორთოხალი. ვფიქრობ, გემრიელი გამოვიდა, ჩვეულებრივი ტკბილეული, დესერტი, უბრალოდ ფორმა ჰქონდა უჩვეულო - ხინკლის.
GzaPress- რა იცით ქართული კულტურის შესახებ?
- ისტორია ვიცი, მეფეების, ოკუპაციის, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შესახებ, ქართულის შესწავლის მცდელობა მქონდა, მაგრამ ძალიან რთულია. რთულად წარმოსათქმელი ბგერებია, ვერ გამოვთქვამ სწორად და ვამბობ - "ცქალი", "ქინქალი", "ქარჩო"... მწერლებიდან ილია ჭავჭავაძე ვიცი, თუმცა, წიგნები წაკითხული არ მაქვს. ზოგადად, ლიტერატურა ძალიან მიყვარს, მამაჩემი უნივერსიტეტის პროფესორი იყო, დედა კი ბერძნულსა და ლათინურს ასწავლიდა, ასეთ გარემოში გავიზარდე, სულ წიგნებს ვკითხულობდით. მომწონს რუსთაველის თეატრი და ოპერა, თუმცა, არ შემიძლია ვიჯდე, ვუყურო, ენა კი არ მესმოდეს, ჩემთვის ეს ძალიან რთულია.
- თბილისში რომელია თქვენი საყვარელი ადგილი?
- რამდენიმე ბარი ან რესტორანია, სადაც მეგობრებთან ერთად დავდივარ. ძალიან მომწონს ლისის ტბა და კუს ტბა, ხშირად ვარ იქ, ვსეირნობ ხოლმე. წყნარი, მშვიდი ადგილები მომწონს. მთაწმინდის პარკი არ მომწონს, იქ სამჯერ ვიყავი... ნარიყალა და ძველი უბანი ძალიან კარგია, მახსოვს, როგორი შოკირებული ვიყავი, როდესაც იქ სასტუმროში პირველად გავჩერდი, აღმაფრთოვანა. ეს ადგილიც უმბრიას მაგონებს. ძალიან გამიკვირდა, როცა თამადობის შესახებ გავიგე. იტალიაში ჭიქებს მივუჭახუნებთ ხოლმე, გაუმარჯოს და ეგაა. აქ სხვა ტრადიციაა. მომწონს კიდეც, თუმცა, ზოგჯერ ზედმეტად მოსაწყენია და მღლის ეს ერთი და იგივე სადღეგრძელოები, რიგითობის მიხედვით დაწყობილი - ოჯახი, დედა, მამა, დედმამიშვილები, მიცვალებულები და ა.შ. ეს ცუდი კი არ არის, უბრალოდ, ზოგჯერ იწელება ძალიან დიდხანს და მაშინაა მოსაწყენი. იწყება და აღარ მთავრდება. ქართული სიმღერა და ცეკვა ძალიან მომწონს, შესანიშნავია. მე მიყვარს ტრადიციები, ქვეყნის კულტურა ამაში ჩანს და მე ამისგან სიამოვნებას ვიღებ. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ სადაც უნდა წავიდე, მაინც იტალიელად ვრჩები, ჩემში იტალიური სისხლი ჩქეფს. არასდროს შევიცვლები.
- როგორ ფიქრობთ, საქართველოში რამდენ ხანს დარჩებით?
- არასდროს ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას, მე მოვლენებს მივყვები. აქ მომწონს, თავს კარგად ვგრძნობ და ჯერჯერობით აქ ვარ. ვისურვებდი, მესწავლა თქვენი რთული ენა.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.