იოგით გატაცებული 88 წლის მხატვარი
font-large font-small
იოგით გატაცებული 88 წლის მხატვარი
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
88 წლის მხატვარი, ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილი სალამურზე უკრავს, მღერის, დიდი ხანია, იოგითაა დაკავებული, მოგზაურობს... როცა ვკითხე, - როგორ ახერხებთ, ამ ასაკში ასეთი აქტიური იყოთ? ბოლოს მაღალმა წნევამ როდის შეგაწუხათ-მეთქი? ღიმილით მიპასუხა: ეგ რა არის, საერთოდ არ ვიციო. მოკლედ, მისი პერსონა ნამდვილად საყურადღებოა.



- ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში ცხოვრების სტილზე მიამბეთ. აქტიური ხართ 88 წლის ასაკში. ბევრს დადიხართ, ხატავთ და ამავდროულად, იოგით ხართ დაკავებული. რამდენი წელია, ვარჯიშობთ?
GzaPress- ხატვა ისე გიტაცებს, ვერ გრძნობ, როგორ გადის საათები და ვერ ხვდები, რომ უნდა ადგე და შეისვენო. ხშირად დილიდან საღამომდე შეუსვენებლად მიხატია და ზოგჯერ სადილობაც არ გამხსენებია. რამდენიმე საათს გაუნძრევლად ჯდომისას, ხერხემალი და წელი იტვირთებოდა, არასწორი კვებისა და ძილის რეჟიმის გამო, 3-საათიანი ხატვის შემდეგ, ხატვას ვეღარ ვახერხებდი. მაშინ 40 წლისაც არ ვიყავი და მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა, მემოქმედა. მანამდე ვარჯიშით კი ვვარჯიშობდი, მაგრამ როცა არაპროფესიონალურად უდგები ამ საქმეს, სასურველ შედეგს ვერ აღწევ. მეტიც, შეიძლება არასწორი ვარჯიში ზიანის მომტანი გახდეს. ერთ დღეს რუსთავში ტბასთან ვისვენებდი, ვიცურავე და იქვე ნაპირზე 2 ფურცელი ვიპოვე, სადაც იოგის სისტემის შესახებ რუსულ ენაზე ფოტოები და ინფორმაცია იყო დაბეჭდილი. მაშინვე დავინტერესდი და თავზე დგომა ვცადე, მაგრამ ეს სწორი არ იყო. გადავწყვიტე, დეტალურად გამერკვია ყველაფერი. მოსკოვში, ლენინგრადში, ყველგან ვეძებდი შესაბამის ლიტერატურას და ბოლოს ერთ პატარა ბროშურას მივაგენი. საბჭოთა კავშირის დროს იოგის სისტემით ვარჯიში და ზოგადად, ამ თემით დაინტერესება, აკრძალული იყო რელიგიური თვალსაზრისითა და მედიტაციის გამო, თუმცა, ეტაპობრივად მაინც დავიწყე ბროშურის მიხედვით ვარჯიში. რამდენჯერმე მივატოვე და ისევ მივუბრუნდი. ბოლოს, აქტიურად დავიწყე ვარჯიში და ნელ-ნელა შედეგიც მივიღე. ვიგრძენი სილაღე, ხატვის დროს ტკივილები მომეხსნა. დღეს შემიძლია ვიტრაბახო: ჩემი ასაკის ხალხს უჭირთ სიარული, ნაწილი დიდი ხანია, ამ ქვეყნადაც აღარ არის. წამალი საერთოდ არ მიმიღია და არც ექიმთან ვყოფილვარ. შემიძლია, ყინვაში წყალში ჩავხტე და ამოვიდე, არ გავცივდები.
- როგორც ვიცი, მხოლოდ ვარჯიში არ არის მთავარი, კვებითაც ხელშეწყობაა საჭირო...
- აბსოლუტურად მართალია. ვარჯიშს არანაირი შედეგი არ ექნება, თუ კვებისა და ძილის რეჟიმიც არ იქნება მოწესრიგებული. არასწორი კვების შედეგად ხდება ადამიანი ავად. ზომიერება უნდა დავიცვათ. ავადმყოფობა მგელი არ არის, რომ შემოგივარდეს, მას ჩვენ ვუწყობთ ხელს და შეგვიძლია თავის განკურნებაც. ამ ასაკში შემიძლია წავიდე მთაში, წავიღო წყალი და ეს საკმარისია. წლების განმავლობაში უკვე ვიცი ჩემი კვების რაციონის ზომა-წონა, ასეთ ცხოვრებას ეჩვევი და ფაქტობრივად, შენი ორგანიზმის მბრძანებელი ხდები. დღეს რომ ვხატავ, ვერანაირ დაღლას ვერ ვგრძნობ, პირიქით, მედიტაციას განვიცდი (იღიმის). ზოგჯერ ქეიფიც მიწევს და ნაბახუსებზე არ ვვარჯიშობ, ორგანიზმს 2-3 დღე ვასვენებ, ეს აუცილებელია და მერე ისევ ჩვეულ რეჟიმში ვდგები.

ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში დაიბადა. დედა კარგად ქარგავდა, მღეროდა, ხატავდა, მუსიკალური ნიჭი ჰქონდა მამასაც - სალამურსა და დოლზე უკრავდა. ოჯახის მეშვიდე შვილმა, ალექსანდრემ ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გამოავლინა. ზოგჯერ არც ქაღალდი ჰქონდა და არც ფანქარი, მაგრამ როცა ამის საშუალება მიეცემოდა, ხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა. თვლის, რომ თუ მხატვარი გქვია, ნებისმიერ თემაზე მუშაობა უნდა შეგეძლოს - ილუსტრაცია იქნება ეს თუ პორტრეტები.
ქართული მითოლოგია და ბერძნული ერთნაირად იტაცებს და ამის საწყისი ჯერ კიდევ ბავშვობაში სოფლის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი წიგნები იყო. მას შემდეგ ამ თემაზე ბევრს კითხულობს და პარალელურად მუშაობს ილუსტრაციებზე, რაც მისთვისაც განსაკუთრებით სასიამოვნოა.
იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, სამხატვრო აკადემია, არაერთი სამუშაო ადგილი, გამოფენები ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ ქალაქსა და საზღვარგარეთ, უამრავი ტილო და სიუჟეტი. მის ნამუშევრებს დღესაც ემატება ახალ-ახალი თემები.
ბევრი დიაფილმისა და წიგნის ილუსტრაციის ავტორია. მათ შორისაა ოტია იოსელიანის "დაჩის ზღაპრები".
- ალბათ ავტორებს ხვდებოდით და მათთან შეთანხმებით მუშაობდით ამა თუ იმ წიგნის ილუსტრაციებზე. ოტია იოსელიანთან თანამშრომლობას როგორ გაიხსენებთ?
- რა თქმა უნდა, ავტორებს ვხვდებოდი. რაც შეეხება ოტიას, შინ ვაკეთებდი "დაჩის ზღაპრების" ილუსტრაციებს. ოტია პირდაპირი კაცი იყო. იშვიათად მოსწონდა რამე. რომ გაიგო, ილუსტრაციებს ციხელაშვილი აკეთებსო, რედაქტორს მისამართი ჰკითხა და დაჩისთან ერთად ჩემთან მოვიდა. მიყურებდა, როგორ ვხატავდი და ბოლოს თქვა: "ა, ბოვში! დემიხატავენ იმისთანას რომე, ბოვშები ვერ უყურებენ და ხევენ, მე ხომ საერთოდ არ მომწონს, კაცო!" მისი შეფასება მესიამოვნა. ძალიან გამიხარდა, ჩემი ნამუშევრები რომ მოეწონა.
- როგორც ვიცი, ძალიან ბევრი თქვენი ნამუშევარია კასპში. იქ როგორ მოხვდა?
- დიახ, იქ პატრიოტულ თემაზე შექმნილი 100-ზე მეტი ნამუშევარია. ეს ბატონი უშანგი მოსიაშვილის ინიციატივით მოხდა, რომელიც ელექტროქარხნის დირექტორი გახლდათ. იმავე შენობაში გალერეა-მუზეუმი შეიქმნა, სადაც მან უზარმაზარი დარბაზი დამითმო. ტილოებითა და საღებავებით მამარაგებდა და მისი ხელშეწყობით დიდი, 3-მეტრიანი ტილოები შევქმენი. იქ თავმოყრილია ყველა: აიეტითა და მედეათი დაწყებული, დავით აღმაშენებლითა და გიორგი სააკაძით გაგრძელებული... ამ საქმის ინიციატორმა ხალხის ინტერესი და მოწონება რომ დაინახა, მეორე დარბაზიც მოაშენა და ისიც შევავსეთ ჩემი ნახატებით.
- ვსაუბრობთ და მაგიდაზე თქვენი სალამურები აწყვია. ორ სალამურზე ერთდროულად უკრავთ და ეს მეც ვნახე. დაკვრა როდის ისწავლეთ?
- ოჯახში გვქონდა ინსტრუმენტები, სალამური, დოლი, მაგრამ მამას ინსტრუმენტებს ხელს როგორ ვახლებდი?! ეს სალამურები ძველია, მაგრამ არა - მამისეული. ვწუხვარ, რომ დღეს მისი ნივთები არა მაქვს, ვერ გავუფრთხილდი. 1941 წელს მამა ომში წაიყვანეს და მაშინ დედამ მისი ინსტრუმენტები სკივრში დალუქა, სანამ არ ჩამოვა, ხელს არ ახლებო. იმ დროს არ არსებობდა სკოლები, სადაც მუსიკალურ განათლებას იღებდი და ინსტრუმენტზე დაკვრას ისწავლიდი. შემდეგ წლებში ბევრი სკოლა გაიხსნა, მაგრამ ბავშვობაში ჩემით ვისწავლე დაკვრა. ოჯახში 2 ძმა და 5 და ვიზრდებოდით. რთული წლები იყო. 41 წელს დავუკარი პირველად სალამურზე. ნახირში დავდიოდი და საქონელს ვმწყემსავდი, დიდ კაცებთან ერთად ვთოხნიდი, ვცელავდი. დედმამიშვილებს ვისაც რა შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით დედას.
GzaPress
- მამა დაბრუნდა?
- 8 წლის შემდეგ დაბრუნდა. ომში გატარებული 5 წლის შემდეგ, სახლში რომ ბრუნდებოდა, ბაქოდან უკრაინის შახტზე გაგზავნეს და იქ ამუშავეს 3 წელი.
- დღეს რა დროს ატარებთ შინ და თქვენი დღის რეჟიმი როგორია?
- დილას ადრე ვდგები. სალამური სულ გვერდით მიდევს და დროდადრო ვუკრავ. ვხატავ, მერე აზრები მომდის და ლექსებს ვწერ. არ ვამბობ, რომ პოეტი ვარ, მაგრამ ნებისმიერ თემაზე შემიძლია ვწერო. ადამიანს უამრავი სურვილი და იდეა უტრიალებს თავში, უამრავს კითხულობ, ხედავ, დღის განმავლობაში ათასგვარ ინფორმაციას იღებ. ამას ბოლოს ვერ მოუღებ, თემებს ვერ ამოწურავ, ინტერესი სულ ღვივდება. ვცდილობ, რაღაც კომპოზიციას რომ ჩავიფიქრებ, მაშინ თუ ვერა, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც განვახორციელო ჩანაფიქრი. ყველანაირი სილამაზის ტრფიალი ვარ, პეიზაჟი იქნება ეს თუ ადამიანი. თუ სიყვარული გაგაჩნია, ყველა ყვავილი და ხე გიყვარს. ჩემი თვალი არასდროსაა დასვენებული. ტილოსთან უსათვალოდ ვმუშაობ. ესეც ვარჯიშის წყალობით (იღიმის).
- ალბათ ამ წლების განმავლობაში შექმნილი, თქვენთვის გამორჩეულად ძვირფასი ნამუშევრებიც გექნებათ. რა თემაა ეს, შეიძლება გვითხრათ?
- რასაკვირველია, მაქვს. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე ვიმუშავე და ის ნამუშევრები ძალიან მიყვარს. თუმცა, ახლა რომ თავიდან ვიწყებდე ხატვას, მგონია, უკეთესად გავაკეთებ. შოთა რუსთაველს რაც ეკადრება, იმ დონეზე უნდა შესრულდეს ყველაფერი. რაც მთავარია, ამ ნაწარმოების დასურათებისას უნდა იგრძნობოდეს ქართული სული და ეროვნული მოტივები. სხვაგვარად ეს შეუძლებელია.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.