დიზაინერი ნათია არველაძე და მისი ატელიეს "მარგალიტები"
font-large font-small
დიზაინერი ნათია არველაძე და მისი ატელიეს "მარგალიტები"
ხელოვნებათმცოდნე, მხატვარ-დიზაინერი ნათია არველაძე ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის პერსონა 2018-ის ტიტულით დაჯილდოვდა. ნათია არაერთი საინტერესო პროექტის ავტორია, მან შექმნა მინანქრის სამკაულის კოლექცია უკვდავ "ვეფხისტყაოსანზე", თბილისის მოდის კვირეულზე კი ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის თემატიკაზე შექმნილი სამკაულის უნიკალური კოლექცია წარადგინა, რომელმაც აუდიტორიის აღფრთოვანება გამოიწვია. ახლა საგაზაფხულო ჩვენებისთვის ემზადება და ახალ კოლექციაზე მუშაობს.


- ატელიე მე და ჩემმა დამ 10 წლის წინ დავაარსეთ, რომელსაც ჩემი ქალიშვილის სახელი დავარქვი, რითაც ის ძალიან გავახარე. ჯერ სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მერე - სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი. ბავშვობიდანვე მომწონდა ჭრა-კერვა, რაღაცების შექმნა საკუთარი ხელით. გამოვალაგებდით მე და ჩემი და დედაჩემის ქსოვილებს, ვიზომებდით, სულ რაღაცის გაკეთების სურვილი გვქონდა. დედაც კარგად კერავდა და ალბათ მისგან გამოგვყვა ეს ნიჭი. ჩემს დას უფრო კერვა ეხერხებოდა, მე - ხატვა.
GzaPress- ალბათ, ძნელია ამ სფეროში თავის დამკვიდრება.
- იდეაში სულ მინდოდა სალონის გაკეთება, მაგრამ არ იყო ეს იოლად მისაღები გადაწყვეტილება. იყო გაუმართლებლობის პერიოდები. გამოჩენისთანავე ყველამ ტაში დაგიკრას და სიხარულით შეგეგებოს, ასე არ ხდება. ბევრჯერ გულიც დამწყვეტია, ხელიც შემშლია. არც ვინმე მყავდა ამ სფეროში ისეთი, რამე რომ ერჩია, მაგრამ მაინც მივაღწიეთ სასურველ შედეგს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომით. მოდის კვირეულზე გამოჩენის შემდეგ ინტენსიურად ვმუშაობ. ამ სფეროში სტაბილურ მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამით იმიჯს იქმნი, უკვე აქვთ იმის მოლოდინი, რას გავიტან ჩვენებაზე. 2015 წელს გავაკეთე პირველი კოლექცია და თბილისის მოდის კვირეულზე გავიტანე სამკაულიც და ტანსაცმელიც.
- სამკაულების გაკეთება რატომ გადაწყვიტე ან რატომ აირჩიე მაინცდამაინც "ვეფხისტყაოსნის" თემატიკა?
- როდესაც გონებაში ტანსაცმლის მონახაზი ჩნდებოდა, დასრულებული სახის მისაცემად სამკაულზეც ვფიქრობდი, ერთიანობაში მოვიაზრებოდი. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა გაძლევს ინსპირაციას. პირველი კოლექცია ვანისა და არმაზის ხევის არქეოლოგიურ მონაპოვარს მივუძღვენი. ტანსაცმელი კი ქართული კედლის მხატვრობიდან ავიღე - მეფეთა შესამოსელი. გამიჩნდა იდეა, შემექმნა ნაციონალური ელემენტებით დატვირთული ტანსაცმელი, რომელიც თანამედროვეც იქნებოდა. როგორც უკვე გითხარით, იმისთვის, რომ დავჯდე და რაღაც ფასეული შევქმნა, ყოველთვის მჭირდება ძლიერი ინსპირაცია. მაგალითად, ჩემს სამკაულებში სვანური თემატიკის შემოჭრა განაპირობა სვანეთში მოსმენილმა ერთმა ასეთმა ლეგენდამ: ენგურის პირას ახლაც დგას "სიყვარულის კოშკი", - ასე ეძახიან. ბიჭსა და გოგოს ერთმანეთი თავდავიწყებით შეჰყვარებიათ. ამ ბიჭს ოჯახი ჰყოლია, ამბობენ, გოგო მზეთუნახავივით ლამაზი იყოო. ბოლოს ეს სიყვარულის ამბავი ქალის მამას გაუგია, აღელვებულს შვილის გონების არევისთვის ბიჭის დასჯა გადაუწყვეტია, მაგრამ მამის ნაცვლად ბუნებას დაუსჯია თურმე მიჯნური, ბედს უმუხთლია, ყინულზე ფეხი დასცურებია და ქარაფებიდან გადაჩეხილი ენგურში ჩავარდნილა. ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც ენგურში დაუხრჩვია თავი. იმ დღის შემდეგ ამ გოგოს ძაძები ჩაუცვამს და გლოვა გამოუცხადებია, სახლში არ გაჩერებულა, ენგურში მდგარ ლოდზე, იქ, სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს, იჯდა და მწარედ მოთქვამდა თურმე. მამას შესცოდებია და ამ ლოდზე შვილისთვის კოშკი აუგია. ამ კოშკში უცხოვრია მას სიცოცხლის ბოლომდე. სწორედ ეს ამბავი გავაცოცხლე სამკაულებში და ასე გადმოვეცი ეს ისტორია. შემდეგი "ვეფხისტყაოსანი" იყო - მინანქარში. ასევე მხატვრულად უნდა გადმოსცე ამ ნაწარმოების შინაგანი სტრუქტურა და სიღრმე. ვფიქრობ, მინანქარში ურთულესი ტექნოლოგიით შესრულებულმა პორტრეტებმა, სიუჟეტებმა თუ წარწერებმა კარგად ასახა პერსონაჟების ხასიათიც, დაასურათა სამკაულები. სამკაულებზე ამოვტვიფრე ფრაზები "ვეფხისტყაოსნიდან". ეს იყო პროექტი, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ალბათ იმიტომ, რომ ის ყველასთვის განსაკუთრებული ნაწარმოებია. ჩემი სამკაული უნდა ატაროს ადამიანმა, რომელიც გრძნობს, რომ ეს ხელოვნების ნაწილია, იმის შეგრძნებაც უნდა ჰქონდეს, რომ ისტორიას "ატარებს". ჩემი თითოეული ნამუშევარი ექსკლუზივია და არ მეორდება. უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი საკუთარი ნამუშევრების მიმართ და კიდევ უფრო მეტი მინდა. ბეჭდების გარდა ვაკეთებ საყურეს, ყელსაბამებს, ბროშებს, სამაჯურებს. ვმუშაობ ვერცხლსა და ტიხრულ მინანქარზე, ნაკეთობებს ვაფორმებ ძვირფასი თვლებითაც.
- რაც შეეხება ატელიეს, ალბათ ბევრი პრეტენზიული კლიენტი გყავთ, მე წავიკითხე პოსტი, სადაც თქვენი ატელიეს "მარგალიტებზე" წერდით.
- ზოგს ვერაფერს მოაწონებ. ზოგი რჩევას ითვალისწინებს, ზოგი ჯიუტად გეუბნება, რომ ამ ქსოვილისგან ასეთი კაბის შეკერვა სურს და არ გიჯერებს, რომ არ მოუხდება. მე არ დამაბრალოთ-მეთქი, ვაფრთხილებ ხოლმე ასეთ შემთხვევაში. სახალისო დიალოგებს ხშირად მოისმენთ ჩვენთან. ერთხელ კლიენტმა გვითხრა, ისეთი კაბა მინდა, ტანზე რომ მასკდებოდესო. მკერავმაც მშვიდად უპასუხა: კი, ბატონო, როგორც გინდათ, ისე შემოგასკდებათო. ქალი რეკავდა ერთხელ, ჩემი საყელო მზადააო? მზადაა, მობრძანდით და შემოგადებთო, უპასუხა მკერავმა. აქვთ ასეთი უცნაური სურვილებიც: შარვლის "დაშტოპკვა" მინდა იღლიაშიო ან დილით კარგად მაქვს შარვალი, საღამოს სისხლძარღვები რომ მიფართოვდება, მიჭერს და გაითვალისწინეთო. შარვალი კამოდის უჯრაში მაქვს და შეიძლება მოვიტანო? კაბაზე ბრტყელი სარჩულის გაკეთება შეგიძლიათ? "პრიმერკას", ქსოვილს რომ მოვიტან, მერე გამიკეთებთ თუ მანამდე? ისე როგორ ხართ დაღლილები სუყველა, რომ არ შეგიძლიათ ნაჭერი თავზე ჩამომაცვათ? საცვლების დათბილვას აკეთებთ? შეგიძლიათ ისე შეკეროთ, რომ არ გამოჭრათ? მოსერბეჟო ძაფი გვაქვს? - აი, ასეთი კითხვებითაც მოუმართავთ. ერთხელ მამაკაცი შემოვიდა და მთელი სერიოზულობით იკითხა: კაცისას ხელს ჰკიდებთო? ანუ კაცის ტანსაცმელს თუ კერავთო, თავისი ქსოვილი ჰქონდა მოტანილი. პასუხი ასეთი იყო: აბა, გვაჩვენეთ. იმ წუთში ყველა თავს ვიკავებთ ან ვერ ვხვდებით ხოლმე სიტუაციის კურიოზულობას, მერე ვხალისობთ. კლიენტმა დარეკა თავის შეკვეთაზე, აინტერესებდა, მზად იყო თუ არა. მკერავმა დაამშვიდა, ამწუთას თქვენსაზე მიკიდია ხელი და მალე მოვრჩებიო. კიდევ მახსოვს ერთი ქალბატონი, ჩემს ქმარს ბუმბულისა აქვს და ძალიან რბილია (დუტის ქურთუკს გულისხმობდა), მეც ასეთი მინდაო, - ასე აგვიხსნა, როგორი ქურთუკი უნდოდა თვითონ. რომელი ერთი გავიხსენო?
GzaPress
- შეფასება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?
- როდესაც პირველი კოლექცია გავიტანე თბილისის მოდის კვირეულზე, ცნობილი ქართველი მომღერალი და არტისტი, მირანდა მირიანაშვილი ძალიან აღფრთოვანდა ჩემი ნამუშევრებით და მითხრა, რომ აუცილებლად მოვიდოდა ატელიეში და შეიძენდა იმას, რაც მოეწონა. 2 დღის შემდეგ მართლაც დამირეკა და მოვიდა. მითხრა: მე ვარ ის ადამიანი, ვისაც მოდის სახლები უსასყიდლოდ უგზავნიან ტანსაცმელს, მე კი მოვედი და შენთან შევიძინეო... მისი ეს სიტყვები სულ მახსოვს და ამ ადამიანის მიმართ დღემდე მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება.
- დაბოლოს, ნათია, გვითხარი, როგორია 2019 წლის მოდის ტენდენციები?
- საკმაოდ თამამი შეხამებებია მოდაში. ადრე მაინცდამაინც კლასიკური ფეხსაცმელი რომ უნდა გცმოდა კლასიკურ ტანსაცმელზე, ახლა აღარ არის ასე. შეიძლება კლასიკურ ტანსაცმელს ბოტასიც შეუხამო ანუ სპორტული დატვირთვა მისცე, რადგან ყველა ცხოვრების სპორტულ რეჟიმზე ვართ გადასული. წელს ძოწისფერი, ბორდოსფერი, მომწვანო ფერებია ტენდენციური და ასევე, ამ ფერების სინთეზიც ძალიან ლამაზი და ეფექტურია. თუმცა, ნებისმიერ დროს, მთავარია, თავი იგრძნო კომფორტულად და კარგად და ჩაიცვა ის, რაც გიხდება. მე ასე ვფიქრობ.
ნინო ჯავახიშვილი
დავით ერისთავის ფოტო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.