კასკადიორების ხიფათით სავსე პროფესიის ხიბლი
font-large font-small
კასკადიორების ხიფათით სავსე პროფესიის ხიბლი
კასკადიორი დავით ხუბუა საბრძოლო ხელოვნებით ბავშვობიდან დაინტერესდა. 90-იან წლებში ფილმები ჯეკი ჩანისა და ვან დამის მონაწილეობით, ბოევიკები, რემბო უზომოდ პოპულარული იყო. მისი თაობის ბევრ ბავშვს უნდოდა, ამ გმირებისთვის მიებაძა. დავითის ოცნებაც ეს იყო - საბრძოლო ხელოვნება შეესწავლა. მშობლიურ სოფელ განმუხურში როცა კარატეს წრე გაიხსნა, ის ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა. თუმცა მალე, აფხაზეთის ომი დაიწყო და მასწავლებლები ომში წავიდნენ...



- თქვენი პირველი ნაბიჯები გაიხსენეთ, ვინ გასწავლიდათ?
- განმუხურში მეზობელი მყავდა, ის ჯარში პოლონეთში მსახურობდა, სადაც ელემენტარული ილეთები ასწავლეს. ამ ბიჭთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და მისგან ავითვისე ანაბანა. სხვათა შორის, უბნის ბავშვებიდან არავინ დაინტერესებულა, არც ჩემი ძმა, რომელიც სამი წლით უმცროსია ჩემზე. რასაც მეზობელი მასწავლიდა, იმ ილეთების სავარჯიშოდ პარტნიორობას ძმას ვთხოვდი, მას არ უნდოდა და გამირბოდა. მე კი დავიჭერდი და ვაწვალებდი, ვურტყამდი, რა (იღიმის). მამაჩემი გვაშველებდა ხოლმე. ჯარში ზუგდიდში ვმსახურობდი. იქ გავიგე, რომ სპეცმომზადების პედაგოგი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წასულა, რადგან ისედაც მცირე ხელფასს თვეობით უგვიანებდნენ. ბატალიონის მეთაურთან ორთვიანი მცდელობის შემდეგ (ეს გულისხმობდა ყოველდღიურ ვიზიტს), სპეციალისტი ალიკა წურწუმია (დღეს უკვე სენსეი დაცი, ამ ფსევდონიმით მოვიხსენიებთ), უკან დააბრუნეს. სანამ დააბრუნებდნენ, მასთან სახლში მივდიოდი, ნაწილიდან ვიპარებოდი და ღამე ვმეცადინეობდი. ჯარის მომზადება არ მყოფნიდა. თავიდან მე და ჩემი მეგობარი დავდიოდით, მერე იმას მოჰბეზრდა და მარტომ გავაგრძელე. ღამე გაპარვის შესახებ ბატალიონის უფროსმა ერთი-ორჯერ კი გაიგო, მაგრამ ძალიან ჰუმანური კაცი იყო ოთარ ბულია და არ დამსაჯა. თუმცა, სხვების თანდასწრებით მკაცრად მესაუბრებოდა. იცოდა, რომ ცუდ საქმეზე არ დავდიოდი და ჩუმად ხელსაც კი მიწყობდა. ჩემთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, თან ერთ დღეს ვიყავით დაბადებულები. მსგავსი ისტორია ვან დამის ერთ-ერთ ფილმშია აღწერილი. ჩემს შემთხვევაში ეს ფაქტი ასე ბუნებრივად განმეორდა.
- გიფიქრიათ, რომ წლების შემდეგ კინოში ამ ამპლუაში იმუშავებდით?
- არ მიფიქრია. სენსეი დაცის დამსახურებაა, რომ დღეს მაქვს პროფესია, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. საბრძოლო ხელოვნების გარდა, ის კასკადიორის ხელოვნებასაც გვასწავლიდა. ჩემს სენსეის საოცარი, არასტანდარტული გადმოცემის უნარი აქვს, შეუძლებელს გაგაკეთებინებს, რაც ძალიან იშვიათია. მას დიდი გამოცდილება ჰქონდა, ოდესის კინოსტუდიაში ცნობილი კასკადიორის, ვლადიმერ ჟარიკოვის მოსწავლე იყო. ალიკა წურწუმია კარგა ხანს მუშაობდა ოდესაში, მერე საქართველოში ჩამოვიდა. წლების მანძილზე ათასობით მოსწავლე ჰყავდა. დღეს ზუგდიდში მისი საოჯახო კასკადიორთა სკოლა არსებობს და იქ აგრძელებს საქმიანობას. ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მეც ჩემი სტუდია მაქვს, რომელიც მრავალპროფილიანია და მოიცავს თოკებით მუშაობას, ავტო-მოტო ტრიუკებს და ა.შ. კასკადიორების სამი ტიპი არსებობს: მსახიობ-კასკადიორი - თამაშობს და ტრიუკებს აკეთებს; დუბლიორ-კასკადიორი - მსახიობს ცვლის; "მასოვკის" კასკადიორი - მეორე პლანზე მუშაობს.
GzaPress
- სკოლის დამთავრების შემდეგ სად გააგრძელეთ სწავლა?
- მშობლების სურვილით, საბუღალტრო აღრიცხვას ვსწავლობდი. მართალია, ლექციებს არ ვესწრებოდი, მაგრამ კონსპექტებს ვიწერდი, ყველა საგანს ვმეცადინეობდი და უმაღლესიც კეთილსინდისიერად დავამთავრე. ჩემი სწავლა ზუგდიდის უმაღლეს კოლეჯში ასე იწყებოდა: პირველ ლექციას დავესწრებოდი, შემდეგ გავიპარებოდი და მივდიოდი ვარჯიშზე, სადაც 8-10 საათის მანძილზე თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი. ზოგჯერ მშიერიც ვიყავი, რადგან სოფლიდან იმდენი საჭმელი არ მომქონდა, რომ მთელი დღე მყოფნოდა. მასწავლებელს რამდენჯერ გადმოუტანია სახლიდან ჩემთვის საჭმელი... თბილისში კინოკოლეჯში ვასწავლიდი. იქ რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი მუშაობდა და ჩვენი ვიდეოები მოეწონა. იმ პერიოდში არანაირი გადაღებები არ მიდიოდა და ამ მიმართულებით ჩვენი დაკავება ვერ შეძლო. რაკი ასეთი დაინტერესებული ვიყავი, ბატონმა თემურმა მირჩია, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მან მომცა საგამოცდო პროგრამები, რასაც 4 დღე-ღამის განმავლობაში ვსწავლობდი. ასე ჩავაბარე თეატრალურში.
- ვიცი, რომ აფხაზეთის ომის თემაზე ფილმის გადაღება გინდათ.
- სცენარი დავწერე, რომელიც საკმაოდ მკაცრმა პროდიუსერმა დადებითად შეაფასა. მანვე შემომთავაზა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. ამჟამად, დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ, მუდმივად გადაღებები მაქვს. პროდიუსერი რამდენიმე თვეა მელოდება და თუ ვერ მოვიცალე, ჩემი თანხმობის შემთხვევაში, სხვა გადაიღებს. სცენარში ორი ძმის ისტორიაა გადმოცემული. საკმაოდ დრამატულია ჩემ თვალწინ მომხდარი ერთი ეპიზოდი. როცა განმუხურში აფხაზები შემოვიდნენ, იმ ღამეს ჩემს კლასელს, 14 წლის ბიჭს, დაახლოებით სამასამდე თანასოფლელი ცოტა ადიდებული ენგურის მეორე ნაპირზე ნავით გადაჰყავდა. ბიჭი დილამდე არ გაჩერებულა. მას არაფრის შეშინებია, მიუხედავად იმისა, რომ სროლისა და აფეთქების ხმა ხშირად გვესმოდა და ხალხი შიშით კანკალებდა.
- რომელია პირველი პროექტი, სადაც როგორც კასკადიორი მონაწილეობდით?
- პირველი პროფესიონალური სამუშაო იყო სერიალში "ყავა და ლუდი". დღემდე დაახლოებით 70-მდე ფილმში ვმონაწილეობდი. სამწუხაროდ, ქართული ფილმები ძალიან ცოტაა. ელდარ შენგელაიასთან ვიმუშავე ფილმზე - "სავარძელი". მისმა ასისტენტმა, გურამ ბაქრაძემ დამირეკა და მითხრა, რომ კასკადიორი სჭირდებოდათ. მან გამაცნო სცენარი, სიუჟეტი და ლოკაციის ადგილი. ბატონი ელდარი პირდაპირ გადაღების დღეს ვნახე. ძალიან თბილი ადამიანია.
ბოლოს თქვა, კასკადიორებთან მუშაობა კარგი ყოფილაო. 5-6 დღე ვიმუშავე მასთან და ყოველი დღე საინტერესო იყო. გადაღებების მერე ყველამ საერთო ფოტო გადავიღეთ. ოთარ იოსელიანმა "ზამთრის სიმღერა" გადაიღო. მასთან კასკადიორად ჩემს ჯგუფთან (20 კაცამდე) ერთად ვმუშაობდი. საინტერესო და ცოტა უცნაური იყო ჩემთვის მისი მუშაობის სპეციფიკა. გადასაღებ მოედანზე პირველად ვნახე სასტვენის გამოყენება. სხვათა შორის, ეს დეტალი ძალიან გამომადგა. რამდენიმე თვის წინ, ინდურ მასშტაბურ პროექტში ამერიკელი, ინდოელი, რუსი კასკადიორების 80-კაციან ჯგუფს ჩვეულებრივი ხმის გამაძლიერებლით ვერ ვაგებინებდი. ყველა ომში იყო ჩაბმული და ყვირილში არაფერი ისმოდა, ამიტომ სასტვენი გამოვიყენე (იცინის). ბატონი ოთარის ფილმში ეპიზოდში ვმონაწილეობ. მუშაობისას მეგონა, რომ არ მიყურებდა და ვერც მხედავდა. მერე რაღაც მომენტში ისეთ დეტალს მეტყოდა, მიკვირდა. ასეთი სცენაა: მთავარი გმირის (ფრანგი მსახიობი) გვერდით ვზივარ, მე და ის - ორი დაღლილი მაროდიორი ჯარისკაცი სიგარეტს ვეწევით კადრში. საერთოდ არ ვეწევი და ბატონმა ოთარმა მასწავლა, როგორ მომეწია და როგორ უნდა ვმჯდარიყავი. ყველაფერი ძალიან დაწვრილებით და დეტალურად ამიხსნა.
- უცხოელებთან ხშირად მუშაობთ?
- ძირითადად, უცხოელებთან ვმუშაობთ, ჩამოსულ კასკადიორებთან თანამშრომლობისას პროფესიულად ვიზრდებით. ბოლო პერიოდში ჩინელები, რუსები, ამერიკელები იყვნენ და მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ. რუსებმა ერთი თავისუფალი დღე ჩვენ დაგვითმეს და ცეცხლთან მუშაობა გვასწავლეს. თბილისის ზღვაზე პარტიზანულად გავედით. ნებართვა რომ მოგვეთხოვა, ამას დიდი დრო დასჭირდებოდა... რუსებმა ჯერ თეორიულად აგვიხსნეს და ერთი საათი პრაქტიკულად ვიმუშავეთ. ხომ წარმოგიდგენიათ, პატრულს რომ დაენახა სანაპიროზე ცეცხლწაკიდებული კაცი რომ დარბის (იღიმის).
- რისკიანი პროფესია გაქვთ, რამდენიმე დუბლის გადაღებისას არ იღლებით? ტრავმა მიგიღიათ?
- მთავარია, ტრიუკი ეფექტურად და უსაფრთხოდ გაკეთდეს, დაღლა პრობლემა არ არის. ხანდახან, განსაკუთრებულად საშიში ტრიუკის მერე, აპლოდისმენტებიც მიგვიღია. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ფულზე მეტად საჭიროც. საერთოდ, ტრავმები უფრო ვარჯიშის დროს მიმიღია: ტვინის შერყევა, ლავიწის ამოვარდნა და სხვა. ამის გარეშე პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდები. კასკადიორები ძალიან ვცდილობთ, ბევრი დუბლი არ გავიმეოროთ, რადგან ვარდნა თავისთავად ტკივილია, მაინც. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი ზუსტად გავთვალოთ. არაბულ სერიალზე მუშაობისას, ერთმა არაბმა მსახიობმა მოინდომა, რომ ჩემი კასკადიორისთვის სახეში ჩაერტყა. არ მივეცი ამის უფლება, ბევრი ვიკამათეთ, ვერაფერი გავაგებინე და ვუთხარი - მოდი, ჯერ შენ დაგარტყამ სახეში და თუ მოგეწონება, მერე ჩვენ დაგვარტყი. ამის მერე სურვილი აღარ გასჩენია (იცინის) და კამერაში როცა ვაჩვენეთ ეპიზოდი, მოეწონა, რა თქმა უნდა. "ქუჩის დღეებს" ვიღებდით. გარედან მარტივად ჩანს ჩვენი საქმე. ქვევიდან მიყურებდა ერთი ცნობილი მსახიობი (გვარს არ ვიტყვი), რომელმაც თქვა, ამ ტრიუკს მე თვითონ გავაკეთებო. ამოვიდა, გადაიხედა და უკან გაიპარა - ვერ შევძლებო.
GzaPress
- გაიხსენეთ ყველაზე რთული და საშიში ეპიზოდი გადაღებიდან.
- რისკი იყო, როცა სერიალებში - "დეტექტივები" და "თენდება გვიან", მიმავალი მატარებლიდან პირდაპირ ხრეშზე მაგდებდნენ. ეს ძალიან მაღალი კლასის ტრიუკი იყო. 2001-02 წლებია, ამ საქმეს მაშინ ვიწყებდი და აღჭურვილობაც არ გამაჩნდა. თანაც ზაფხული იყო და დამცავ აღჭურვილობას მაინც ვერ დავმალავდი ტანსაცმელში. თან სირთულე იყო ისიც, რომ ცოცხალ ადამიანს აგდებენ, მოკლული სხვანაირად ვარდება. არასწორმა გათვლამ შეიძლება ადამიანი დააინვალიდოს. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია ამის გაკეთება. იმ დროს ისედაც არ ეძახდნენ კასკადიორებს, საშიში ეპიზოდების გადაღებას ერიდებოდნენ. პროდიუსერი ძალიან ღელავდა, მეც რისკზე წავედი. ახლა, როგორც წესი, ყოველ გადაღებაზე ვითხოვ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს. ტრიუკი შევასრულე და დაახლოებით ორი კვირა კისერი მტკიოდა. ამ დროის განმავლობაში ბედნიერი ვიყავი, რადგან სერიოზული რაღაცა გავაკეთე და ეს ტკივილიც მიხაროდა. ასეთი მომენტი კასკადიორებს ხშირად გვაქვს.
- უცხოეთში მიუწვევიხართ?
- მაროკოში, ინდოეთში ვიმუშავე. ინდოეთში სამუშაო ვიზიტით ჩემი პირველი გასვლა იყო, ბრძოლის სცენებში ერთ-ერთი კოორდინატორი ვიყავი. ბევრი რამე ვისწავლე. ეს ქვეყანა ზღაპარივით მახსოვს, ფანტასტიკური კინოსტუდია აქვთ. უზარმაზარი პავილიონები მთელი ინფრასტრუქტურით სხვადასხვა ქვეყნის პეიზაჟს ასახავს. აღფრთოვანებულმა რეჟისორს ვუთხარი, მაგარი კინოსტუდია გაქვთ-მეთქი. შემომხედა და მითხრა: თქვენი უფრო მაგარიაო. მან მთლიანად ქვეყანა, როგორც პავილიონი იგულისხმა, ჩვენი მრავალფეროვანი ბუნებით. ინდოეთში ხომ ასეულობით კილომეტრზე ერთი და იგივე პეიზაჟია.
- ჰოლივუდში როდის შეიძლება აღმოჩნდეთ?
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იქაურ პროექტში მივიღო მონაწილეობა (იღიმის). ახლა, დიდ ბრიტანეთში ჰოლივუდის ფილმის გადაღებაზე, ჩვენი სტუდიის ორი კასკადიორი გავუშვით. ისინი ძალიან ცნობილ მსახიობებთან მუშაობენ. მეტის თქმის უფლება არა მაქვს. ფილმის გადაღება ალბათ, მაისის ბოლოს დასრულდება. ვფიქრობ, რომ ჰოლივუდის პროექტში ქართველი კასკადიორების მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის წარდგენაც არის.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.