სოფლის უხუცესი 80 წლის მეურნე
font-large font-small
სოფლის უხუცესი 80 წლის მეურნე
9 წლის განმავლობაში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ვმუშაობდი

ვალოდია ბიძია (ასე ვეძახით ხოლმე ნათესავები) გამოღმა არგვეთის ხარშილაძეების გვარის უბნის უხუცესია, კაცი - ბევრის მომსწრე, ბევრის მნახველი, ბრძენი და განათლებული. 80 წლისაა და სრულიად არ ეტყობა ასაკი - არც გარეგნულად და არც სულიერად. აქაური ამბავიც ბევრი იცის და მნიშვნელოვან საკითხებზეც ჭკუას სწორედ მას ეკითხებიან არგვეთის მცხოვრებლები. საოცარი კაცია - მასში თითქოს ერთბაშადაა თავმოყრილი პოეზიაც და პროზაც. შესანიშნავი ორატორია, ვერ დაითვლი, იმდენი ლექსი იცის ზეპირად და თუ სუფრასთანაა, აუცილებლად თამადად ირჩევენ.

ხარშილაძეების უბნის ზემოთ, სასაფლაოზე XVIII ს-ის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელიც დიდხანს დანგრეული იყო. მიწისძვრით დანგრეული სამრეკლოს აღდგენა ჩემი ბიძაშვილის - ვახტანგის ინიციატივითა და თანხით დაიწყო. მას ვალოდია ბიძია და ამ კუთხის თბილისელი თუ სოფელში მცხოვრები ხარშილაძეებიც შეუერთდნენ. ჩვენი წინაპრები მღვდლები ყოფილან და, ალბათ, ამიტომაც იაქტიურეს ხარშილაძეებმა, თორემ ეს ეკლესია სასაფლაოთი ეკუთვნოდა გამოღმა და გაღმა არგვეთს და სოფლებს - მახათაურსა და ბაღიოთს. მერე ბაღიოთი გამოგვკლებია და სამ სოფელს დარჩენია...
კარგა ხანია, ჩემი ბავშვობის, საზაფხულო არდადეგების მოგონებებით სავსე ულამაზეს სოფელში არ ჩავსულვარ და რაკი იქ მოვხვდი, მუდამ მშრომელ და ეზოში მოფუსფუსე ვალოდია ბიძიასაც ვესტუმრე. ძალიან გაიხარა და, აბა, გასაუბრებაზე უარს როგორ მეტყოდა! ეკლესიის ამბავიც გაინტერესებსო? - ჩამეკითხა და თხრობაც ამით დაიწყო.
GzaPressვლადიმერ (ვალოდია) ხარშილაძე:
- ამ ეკლესიაში მოღვაწეობდა ჩემი, უფრო კი - თქვენი დიდი წინაპარი, მღვდელი დავით ხარშილაძე, რომელიც 1788 წელში იყო დაბადებული. უფრო თქვენი-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ოთხ ოჯახს - ღობის შიგნით ხარშილაძეებს სამღვდელოების უშუალო შთამომავლებს გიწოდებდნენ, ჩვენ ღობის გარეთ ხარშილაძეები ვართ. შენს მამიდაშვილ მანანას წიგნიც აქვს, რომელიც ქუთაისის მიტროპოლიტმა აჩუქა მღვდელ დავითს წარწერით: "ჩვენს მოწინავე მღვდელ დავითსო..." ისიც ვიცი, რომ ჩვენი წინაპრები მე-17 საუკუნეში ქართლიდან გადმოსულან აქ. პირველი გლეხიც ამ სოფელში მღვდელი დავითის მამა ყოფილა. მას, თურმე, ბერა ანუ ბესარიონი რქმევია, მის ძმებს კი - ივანე და ზაქარია. ძმა ძმას რომ გამოეყოფოდა, შორს ხომ არ დასახლდებოდა? ამიტომ განაყოფებიც იქვე დასახლდნენ. ეს მიწა-წყალი, აქანა, ჩემი ეზოს ჩათვლით, ბაბუაჩემის მამას - სისოს 200 მანეთად უყიდია, ზემოთ კი, სადაც ეკლესიაა - 9 საჟენი საეკლესიო მიწა (ძვ. რუსული სიგრძის საზ. ერთ. 1 საჟ. = 2,13 მ). სწორედ იმ მიწაზე აშენდა ეკლესია, მის გარშემო კი სასაფლაო მოეწყო. ასე მგონია, მანამდე მიცვალებულებს სწორედ საჯვარის ტერიტორიაზე ასაფლავებდნენ - იქ ადამიანის ჩონჩხიც კი უპოვიათ. მახსოვს, დაბლა ნაწილში გალავანი იყო შემოვლებული და მიწას ამუშავებდნენ, მაღალზე კი ხის მოჭრაც კი არ შეიძლებოდა. მერე იქ ჯვარიც აღმართეს. ალბათ, ამიტომაც დაერქვა საჯვარე. საჯვარის გორაზე ხვნა-თესვისგან დაღლილი გლეხები ჩამოსხდებოდნენ და სადილობდნენ. ახლა იქ უზარმაზარი ქვა დევს, 22 კაცი ვსხდებით ხოლმე. მომეწონა ის ადგილი და 1988 წელს ის ქვა სოფელ ცხამიდან ჩამოვიტანე, ქვის კარიერზე გზის გასწორებისას ტრაქტორმა ამოაგდო. ცხამში 9 წლის განმავლობაში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ვმუშაობდი. ამდენ ხანს კი არა, ერთ წელზე მეტხანს ერთმა თავმჯდომარემაც ვერ გაძლო. ასე ხანგრძლივად მე ვიყავი პირველი (იცინის). ზოგი მოკლეს, ზოგიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ზოგიერთი კი დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. ყველას უკვირდა, როგორ შეძელი ამდენ ხანს გაჩერებაო?
- რომელ წლებში მუშაობდით?
- 1981 წლიდან 1989 წლამდე, ვიდრე კოლმეურნეობები არ დაიშალა. რომ არ დაშლილიყო, ალბათ არც გამომიშვებდნენ, რადგან ხალხი ძალიან მაფასებდა. მართლაც ბევრს ვეხმარებოდი და ბევრი რამეც გავაკეთე სოფლებში. რა თქმა უნდა, როგორც ყველა, მეც პარტიული ვიყავი, თანაც ერთხანს - პარტიული კომიტეტის მდივანიც. სიტყვით ხშირად გამოვდიოდი და მახსოვს, ჩემს სათქმელს რომ დავწერდი, ისე გადააკეთებდნენ, იმ გადაკეთებულის წაკითხვისას სიმწრის ოფლი მდიოდა - წარმოგიდგენია, რამდენი ტყუილის თქმა მიწევდა? ასე მეგონა, ამ ტყუილს ყველა ხვდებოდა. იმ პერიოდში შეთავსებით ინჟინერ-მექანიკოსადაც ვმუშაობდი. მერე მდივნის შტატი ცალკე დაუშვეს და კვლავ მე შემომთავაზეს მუშაობა, მაგრამ ამჯერად უარი ვთქვი და ინჟინერ-მექანიკოსობა ვარჩიე...
კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ უკვე შინაურ მეურნეობას მივყავი ხელი. ამ დროს გამოჩნდა ზემოთ მცხოვრები ბეღელაძე, რომელიც ეკლესიის აღსადგენად 10 ტონა ცემენტს იძლეოდა, მღვდელთან და გამგებელთან ერთად მომაკითხა და მღვდელმა, ამ საქმეს შენ უნდა ჩაუდგე სათავეშიო, მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. გარეთა სამუშაოები გვქონდა დაწყებული, მღვდელმა უცნობი ახალგაზრდა კაცი, ვეფხია ლაკაკიშვილი რომ გამომიგზავნა, - ძეგლთა დაცვაში მუშაობდა, თურმე, ბევრი ეკლესია აღედგინა და ჩვენი ეკლესიის რესტავრირებაც უნდოდა. 2000 წლის 23 ოქტომბერს ხარაჩოები მივადგით, 26-ში უკვე მშენებლობა დავიწყეთ, 2001 წლის 31 ივლისს, დღის 3 საათზე, კარგად მახსოვს, ვეფხიამ ბოლო ლურსმანი ჩააჭედა და, - მე ჩემი საქმე გავაკეთეო, - მითხრა. დანარჩენი, რაც გასაკეთებელი დარჩა - ჩამონგრეული თაღი, იატაკი, ფანჯრები, კარი, გასალესი, ხარშილაძეებმა დავასრულეთ - ერთ-ერთი, ტარიელი საკმაოდ კარგი ოსტატი იყო და აქაც ბევრი იმუშავა, შესასვლელის ჩუქურთმისთვის სპილენძი ჩვენმა სიძემ, ნუგზარ ჩხეიძემ მოგვცა. ეკლესიის აღდგენაში თანხით, შეძლებისდაგვარად, იმ ორი სოფლის ხალხიც შემოგვეშველა, თუმცა, ძირითადად, მაინც ჩვენი საკეთებელი იყო. გვარის დალოცვა რომ იყო თბილისში, იოანე ნათლისმცემლის ხატი გვიკურთხეს და ისიც აქ ჩამოვაბრძანეთ. ძალიან გავიხარეთ, ეკლესია რომ უკვე მოქმედია და ჩვენი სოფლების მფარველად დგას.
GzaPress
- გული დამწყდა, როგორ დაცარიელებულა სოფელი. რამდენი ოჯახი შემორჩით?
- ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. 19 გლეხიღა შემოვრჩით. ბევრი გარდაიცვალა, ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, ბევრი კი - დაიფანტა. ერთ პატარა ბავშვს ვეღარსად ნახავ. არადა, წლების განმავლობაში აქ სიცოცხლე დუღდა. შენც გახსოვს, აქ, კაკალქვეშ რა "ბირჟა" გვქონდა, ყველა თაობის ხალხი ვიკრიბებოდით. ხან ლახტს ვთამაშობდით, ხან ორდროშობანას, ხან ბურთს, ხან რიკტაფელას... გაგიგონია ეს თამაში? (ცხადია, უფროსებისგან გამეგონა, თუმცა ჩემს ბავშვობაში მას უკვე აღარავინ თამაშობდა. - ავტ.). მაგრამ სულ კი არ ვერთობოდით, თან მინდორშიც ვმუშაობდით ხოლმე. ორი ძმა მყავდა - გრიშა და კოწია. ისინიც აქვე ცხოვრობდნენ ოჯახებით. მე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (დღევანდელი აგრარული უნივერსიტეტი - ავტ.) მექანიზაციის ფაკულტეტი დავამთავრე.
აქ უშრომველად ვერ გაჩერდები. სოფელში მუდამ საქმეა და ჩვენც შრომით განვაგრძობთ ცხოვრებას. რომ ამბობენ, დრო არ ვარგაო, მე ვხედავ, რა მანქანებით დადიან, როგორ ქეიფობენ - სად იყო ამდენი ხალხი? ხალხის იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება სოფელში, მოჰკიდებს ფიწალს ხელს და ისევ ისე აღდგება სოფლის ცხოვრება. ჩვენს მიწა-წყალზე მოწეული მოსავალი ჯობია ყოველთვის, უფრო გემრიელია, უფრო კარგია. 52 ძირი კაკალი გავახარე, ჯონჯოლიც, მწვანილთან და ხილთან ერთად ლობიო და მარწყვიც მომყავს, ვენახებს ვუვლი, აგერ მარანი მაქვს, ყურძენს ამ ძველ ცაცხვის საწნახელში ვწურავ და ღვინოს ჭურებში ვასხამ, ხომ ხედავ, რამდენი კომპოტი მაქვს მომარაგებული! ეს საწნახელი ოდესღაც ერთი ამდენი იქნებოდა, მერე ძმებს გაუყვიათ, გაუჭრიათ და ეს ნაწილი ჩვენ დაგვრჩენია. კიდევ ბევრი ძველი ნივთი შემოგვრჩა წინაპრებისგან.
- ფიქრობთ, რომ ხალხი სოფელში დაბრუნდება?
- ნამდვილად დაბრუნდება. ბეტონის გზები დააგეს, წყალი შემოიყვანეს, ელექტროენერგიაც გვაქვს და ტელევიზორიც, ბუნებაც ზღაპრულია...
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.