ორი ჯოხითა და ღილით შექმნილი დედოფალები
font-large font-small
ორი ჯოხითა და ღილით შექმნილი დედოფალები
ბაჩო ცანავა დაახლოებით 15 წელია, თოჯინებს ქმნის. ამავდროულად, ის მერიის მუზეუმების გაერთიანების, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის პედაგოგი და ექსკურსიამძღოლია. გაზაფხულზე მხატვართა კავშირში მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება, ზაფხულში კი ექსპოზიცია ბათუმშიც ჩავა.


GzaPress- ბაჩო, თუ აქამდე შენს თოჯინებზე ვსაუბრობდით, ახლა შემიძლია, როგორც პედაგოგს ისე მოგმართო. მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამას უძღვები და ბავშვებს თოჯინების ისტორიას აცნობ. მოდი, ბოლო პერიოდის სიახლეებს თანამიმდევრულად მივყვეთ...
- ბავშვობისას მქონდა ამბიცია, ისეთი რამე გამეკეთებინა, რითაც ხალხი გამიცნობდა. ოცნება ავისრულე და საზოგადოების ნაწილი დღეს ჩემი შექმნილი თოჯინებით მიცნობს და ყველა ბაჩო მეთოჯინეს მეძახის. ეს საქმე ჩემი ყველაზე დიდი ემოციური თავშესაფარი, ჯავშანია და ძალიან მიყვარს. სწორედ ამ ჯადოსნური საქმის წყალობით გავხდი მუზეუმის თანამშრომელი. ყოველთვის მიტაცებდა მუზეუმების იდუმალება და ნივთები, რომელსაც საუკუნეების მტვერმა გადაუარა და დღემდე მოაღწია. თეატრზე ამბობენ, სცენის მტვერმა მოწამვლა იცისო, მაგრამ იმავეს თქმა შემიძლია მუზეუმზეც - მანაც ძალიან იცის შეჩვევა და თავის შეყვარება.
პარალელურად თოჯინებსაც ვქმნი. ერთი რამ შევამჩნიე: მას შემდეგ, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ბებია, დედ-მამა გარდაიცვალა, ამ ტრაგედიის შემდეგ, ჩემი თოჯინები უფრო მეტყველი და ემოციურები გახდნენ. უცნაურია, მაგრამ მამას ავადმყოფობის დროს, როცა ღამეების თენება მიწევდა, თოჯინების შექმნის საოცარი სურვილი დამეუფლა. თავისუფალი წუთი თითქმის არ მქონდა, მაგრამ იმ პერიოდში რამდენიმე საინტერესო თოჯინა გავაკეთე. დღეს რომ ვფიქრობ, როგორ მოვახერხე ეს, არ ვიცი. წყურვილი რომ გკლავს, სწორედ ისეთი მძაფრი სურვილი და ჟინი მქონდა მუშაობის.
- წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა სივრცეში იმართება თოჯინების გამოფენები. რა შეგიძლია მითხრა, დღევანდელ თოჯინურ ხელოვნებაზე?
- როცა თოჯინური ხელოვნების შესახებ ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ ამ ხელოვნების სილამაზესა და დადებით მხარეებზე, თუმცა, არასოდეს ვლაპარაკობთ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ სფეროშია. მსოფლიოში თოჯინური ხელოვნება მაღალ მწვერვალებს იპყრობს. ის ხელოვნების სხვადასხვა დარგს მოიცავს. თუ ქანდაკების გაკეთების უნარი არ გაქვს, თოჯინას ვერ გააკეთებ, თუ ხატვა არ გეხერხება, ფიგურას ვერ მოხატავ და ა.შ. უნდა იყო დალაქი, მეწაღე, თერძი, რეჟისორიც კი, რომ სიუჟეტი დადგა და ა.შ. საქართველოში ტარდება კონკურსები სახვით ხელოვნებაში. როცა გადავწყვიტე, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მიმეღო, აღმოჩნდა, რომ თოჯინურ ხელოვნებაში ნომინაცია არ არის. რამდენჯერმე გადავაწყდი ასეთ შემთხვევას და ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ სამომავლოდ, კონკურსის გამოცხადებისას, ამას გაითვალისწინებენ. მართალია, წელიწადში რამდენჯერმე მეთოჯინეები ჯგუფურ გამოფენებს ვმართავთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიან მეთოჯინეები და საერთაშორისო ფესტივალიც ტარდება, მაგრამ ამას კონკურსის სახე არა აქვს. ვფიქრობ, როცა სახვით ხელოვნებაში კონკურსები იმართება, აუცილებელია თოჯინურ ხელოვნებასაც დაეთმოს ადგილი და მეთოჯინეებისთვისაც იყოს ნომინაცია. თან, მოგეხსენებათ, საქართველოს თოჯინურ ხელოვნებას რამხელა ისტორია აქვს. 1937 წელს, როცა ჩვენს ქვეყანაში დიდი გარდატეხები ხდებოდა, შეიქმნა თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი. სამწუხაროდ, დღეს ის დაკეტილია. მერია გამოყოფს ადგილს, სადაც აშენდება მუზეუმი და ვიმედოვნებთ, იმ თაობებს, რომელთაც არ უნახავთ თოჯინების მუზეუმის კოლექცია, მომავალში, ახალ სივრცეში იხილავენ. მუზეუმში მეთოჯინეების მიერ შექმნილი უნიკალური ნამუშევრებია თავმოყრილი. დაცულია 3.000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი. მუზეუმში ინახება სხვადასხვა ექსპედიციის დროს შეგროვებული ქართული ეთნოგრაფიული დედოფლები და ისინი XVII-XVIII საუკუნით თარიღდება.
- რამდენად დიდია თანამედროვე ბავშვების ინტერესი თოჯინების ისტორიისადმი? რთულია მათი ყურადღების კონცენტრირება?
- თავდაპირველად კავკასიურ სახლში დევნილ ბავშვებს ძერწვას ვასწავლიდი, შემდეგ მუშაობა დავიწყე თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში. ბოლო ერთი წელია, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის საგანმანათლებლო სივრცეში (რომელიც ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმის სარდაფშია განთავსებული), გვაქვს საინტერესო პროგრამა - მსოფლიო თოჯინების ისტორია, რომელზეც დაინტერესება დიდია. ნებისმიერი ასაკის მსურველს აქვს დასწრების საშუალება. მოდიან როგორც ზრდასრული, ისე ბაღის ასაკის ბავშვები. განსაკუთრებით მაოცებს ხოლმე ბაღის აღსაზრდელების მოწესრიგებულობა. ძალიან ყურადღებით ისმენენ ყველაფერს. როცა ვეუბნები, რომ თავადაც მეთოჯინე ვარ, თვალები უბრწყინდებათ და როგორც ჯადოქარს, ისე მიყურებენ. წასლის დროს, როცა უკვე მწყობრად რიგში კართან დგანან, უცბად გამოვარდებიან და მეხვევიან, მეხუტებიან. (იღიმის). პირველი ნაწილი თეორიას ეთმობა, საუბარს ეგვიპტეში სამარხებში აღმოჩენილი პირველი თოჯინებით ვიწყებ, მიმოვიხილავ მსოფლიოში არსებულ ნიმუშებს და საუბარს თანამედროვე მეთოჯინეებით ვასრულებ. პარალელურად, ვიზუალურ მასალას ეკრანზე ადევნებენ თვალს. ამის შემდეგ ერთად ვქმნით თოჯინებს. ამ პროცესში ჩართულები არიან როგორც გოგონები, ისე ბიჭები. იმდენად გაიტაცებთ ხოლმე მუშაობა, პროგრამით გათვალისწინებულ დროს აჭარბებენ და წასვლა აღარ უნდათ (იღიმის).
- რა მასალით მუშაობ?
- ეს სათამაშოები ძალიან მარტივად კეთდება, ორი ჯოხითა და თავის ადგილას ღილის მეშვეობით. თმის ნაცვლად თექაა. შემდეგ მათ სხვადასხვა ქსოვილის ნაკუწებისგან ვუკერავთ ტანსაცმელს და ვმოსავთ. ქართული ეთნოგრაფიული დედოფლების ისტორიას როცა ვყვები, იმავდროულად, ბავშვებს ფოტოებს ვაჩვენებ. თოჯინებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახელწოდებები ჰქონდათ და სხვადასხვა მასალისგან ქმნიდნენ. მაგალითად, იყო: თოჯა გოგო, თოჯა ბიჭი, დედოფალა, კახეთში - "ძონძი კუკლასაც" ეძახდნენ, თუმცა, ყველაზე გავრცელებული სახელწოდება "დედოფალა" იყო და ჩვენც ასე ვეძახით ჩვენ თოჯინებს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში თავდაპირველად თოჯინებს არ ჰქონდათ ბავშვის გასართობი ფუნქცია. მას სარიტუალო დანიშნულებისთვის აკეთებდნენ, რომელიც თილისმის როლს ასრულებდა. ხშირად ოჯახში ბავშვი რომ დაიბადებოდა, მის სახელზე თოჯინას აკეთებდნენ და აკვანთან დაუბრძანებდნენ ხოლმე იმ იმედით, რომ ჩვილს ღამით ავი სული არ მიჰკარებოდა. იყო სხვა ტრადიციებიც, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გახლდათ: სოფელს თუ გვალვა შეაწუხებდა, გააკეთებდნენ დედოფალას, სოფლის მცხოვრები ქალბატონები გამოიტანდნენ მას გზაშარაზე შეძახილით: "აღარ გვინდა გოროხი, ღმერთო, მოგვეც ტალახი". თოჯინას კოკით წყალს დაასხამდნენ ან მდინარეში გადააგდებდნენ იმ იმედით, რომ ამ რიტუალის შემდეგ წვიმა წამოვიდოდა და ბაღ-ვენახები აყვავდებოდა.
GzaPress
- ახალ-ახალ თოჯინებსაც ქმნი, დროს როგორ ანაწილებ?
- ფაქტობრივად, ღამით ვმუშაობ და ამის გამო ბუს მეძახიან. შარშან მუზეუმების გაერთიანებამ თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის შესახებ გამოსცა კატალოგი, სადაც სხვა მეთოჯინეების ნამუშევრებთან ერთად, ჩემი ერთ-ერთი თოჯინა - "არლეკინი - შეწყვეტილი სიმღერაც" შევიდა. ვფიქრობ, მთელ ჩემს ნამუშევრებს შორის ის საუკეთესოა და ძალიან მიხარია, რომ არლეკინი ამ კატალოგში მოხვდა. წიგნი კარგადაა შედგენილი, რაშიც მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ ნინო სანადირაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, ახლახან მხატვართა კავშირის წევრი გავხდი და სწორედ მის შენობაში გაზაფხულზე გაიმართება ჩემი პერსონალური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ჩემი 40 ნამუშევარი. ამავე ექსპოზიციას ზაფხულში ბათუმში წავიღებ და იქაც პერსონალური გამოფენა მექნება.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.