კესანებითა და ყაყაჩოებით აყვავილებული სანათები
font-large font-small
კესანებითა და ყაყაჩოებით აყვავილებული სანათები
ერთ მშვენიერ დღეს თუ გაიღვიძებთ და ახალ უნარებს აღმოაჩენთ საკუთარ თავში, არ გაგიკვირდეთ. ლამრიკო რაჯაბაშვილი 35 წლის იყო, როდესაც მიხვდა, რომ თურმე ხატვაც შეუძლია, ქსოვაც და ულამაზესი ნივთების შექმნაც. პროფესიით პედიატრი უკვე 60-მდე ხელნაკეთი სანათის ავტორია. თითოეულს თავისი სახელი აქვს - "კესანე", "ჩითის გოგო", "ჰიმალაის ცისფერი ყაყაჩო", "აბლაბუდა", "იასამნისფერი ფლამინგო", "თხუპნია", "ქართლის მინდვრები" და ა.შ. მისი სანათები ექსკლუზიურია, რადგან დიზაინერი ერთნაირ ნიმუშებს არასოდეს ქმნის. თვლის, რომ სწორად შერჩეული, განსხვავებული და ფერადი სანათი უფრო მეტად ახალისებს და აფერადებს სახლს და როდესაც მის ნახელავს უყურებ, ძნელია, ამაში არ დაეთანხმო.


GzaPress- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ კერძო სასწრაფო დახმარების ცენტრში ვმუშაობდი, შემდეგ - აფთიაქში. როდესაც გავთხოვდი, მე და ჩემმა მეუღლემ გარკვეული ხნით ქვეყანა დავტოვეთ. საქართველოში რომ დავბრუნდით, ბავშვი იყო უკვე ჩემი მთავარი საზრუნავი და მუშაობა ვეღარ გავაგრძელე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია მიყვარდა. ახლა რასაც ვაკეთებ, იმითაც ბედნიერი ვარ, რადგან სანათების შექმნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დამიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ არასდროს არანაირი შეხება არ მქონია ხატვასთან? არ გამომდიოდა არანაირი ხელსაქმე, მათ შორის, არც ქსოვა. დედა სულ მსაყვედურობდა, შენგან ოჯახის ქალი არ დადგება, არანაირი ხელსაქმე შენ არ გეხერხებაო (იცინის). ახლა კი, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ხატვაც გამომდის და ქსოვაც. აი, ამ სანათის "ქუდი" თვითონ მოვქსოვე (მანიშნებს ერთ-ერთზე. - ავტ.).
- მაშინ რატომ დაინტერესდი ამ საქმით?
- როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ბინა შევიძინეთ, რემონტის შემდეგ სანათების ყიდვა გადავწყვიტე, ჩემდა გასაკვირად, მოსაწონი ვერაფერი ვნახე - ყველა სადა, ერთ ფერში გადაწყვეტილი იყო და განწყობას ვერ მიქმნიდა. ვიფიქრე, თვითონ გავაკეთებ, ალბათ გამომივა-მეთქი. ვიყიდე მასალები, დავჯექი და პირველი სანათი გავაკეთე. არ მოგატყუებთ და სულ არ მაინტერესებდა, გაიყიდებოდა თუ არა. რა თქმა უნდა, მინდოდა, სხვასაც მოსწონებოდა და რეალიზაცია მომეხდინა. პირველი კლიენტები, ვინც ჩემი სანათები იყიდა, ჩემთვის საერთოდ უცნობი ადამიანები იყვნენ. პირველივე სანათი ძალზე ფერადი გამომივიდა - საერთოდ, მომწონს ფერადოვნება, ხალისს გმატებს. სულ რომ არ იყო კარგ ხასიათზე, ფერები განწყობას გიცვლის. მერე ვიფიქრე, მოდი, მინაზეც დავხატავ, ლამაზი გამოვა-მეთქი. დავიწყე საღებავების მოძიება. რადგან სახლში ვმუშაობ და თან პატარა ბავშვი მყავს, არ მინდოდა ისეთი საღებავებით მემუშავა, რომლებსაც გამოწვა სჭირდებოდა და ამიტომ საზღვარგარეთიდან გამოვიწერე. ეს უნივერსალური საღებავია, რომლითაც ყველაფერზე შეგიძლია ხატვა - მეტალზე, ხეზე, მინაზე. თუ არ ვცდები, 60-მდე სანათი მაქვს უკვე გაკეთებული, ყველას თავისი სახელი აქვს და თითოეული ექსკლუზივია. მაშინაც კი, როცა მსგავსის გაკეთებას მთხოვენ, ფერები ოდნავ სხვა ტონალობაშია. ჩართულს კიდევ უფრო სხვა ეფექტი აქვს, ზოგი მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებისაა.
- რაც შეეხება მასალებს, ძირითადად, რას იყენებ?
- მასალა მრავალფეროვანია - ვიყენებ კერამიკას, მინას, ხეს, თოკს, ჯვალოს, სხვადასხვა მეტალს, ზღვის კენჭებს, დეკორატიულ ქვებს და ამ მრავალფეროვნებით ვიღებ ლამაზსა და განსხვავებულ ნაზავს. მიჭირს სანათის ძირების ყიდვა, რადგან უცნაური ფორმის მინის ჭურჭელი იოლი საშოვნელი არ არის. ვყიდულობ ერთი კაცისგან, რომელიც ძველ ჭურჭელს - ბოთლებსა და ქილებს აგროვებს, მაგრამ შეიძლება ისე გავიდეს რამდენიმე თვე, ერთიც არ ჰქონდეს. მოდის ტენდენციებს თვალს ნაკლებად ვადევნებ. უფრო ხშირად, ვაკეთებ იმ სანათებს, რომლებიც მომწონს, რადგან მათი შექმნა სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც სანათის გაკეთებას ვიწყებ, წარმოსახვით თითქოს ვიცი, როგორიც მინდა, მაგრამ მერე იმდენ რამეს ვცვლი, რომ წარმოდგენილსა და მიღებულს შორის დიდ განსხვავებას ვპოულობ და ეს მომწონს. ისეც მომხდარა, ნამუშევარი არ მომწონებია და გადამიკეთებია. თავიდან არ ვიცი, რომელ ფერს რას შევუხამებ, მუშაობის პროცესში ჩნდება, რა და როგორ სჯობს.
GzaPress
- ხატვა და ქსოვა შეგძლებია, მაგრამ ელექტრიკოსის ფუნქციასაც თავად ასრულებ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ესეც შევისწავლე, მაგრამ უკეთესია, ჩემმა მეუღლემ გააკეთოს, მას უფრო ხარისხიანად გამოსდის. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა, თუმცა ჩხირკედელაობა ეხერხება და უარს არასდროს მეუბნება, პირიქით - ძალიან მეხმარება. სადენები ულამაზოდ რომ არ გამოჩნდეს, ბაწარს ვახვევ ან დეკორატიულ სადენებს ვყიდულობ ხოლმე.
- ალბათ საკმაოდ შრომატევადია ეს საქმე, ხომ?
- მინდა, რომ თითოეული განსხვავებული იყოს და ერთმანეთს არ ჰგავდეს, თუმცა ხშირად ზუსტად იმავენაირის გაკეთებას მთხოვენ. ვფიქრობ, კარგი შეგრძნებაა, როდესაც ესა თუ ის ნივთი მარტო შენ გაქვს სახლში. ალბათ ბევრი ფიქრობს, რა უნდა ამის გაკეთებასო, მაგრამ ასე არ არის. საკმაოდ დამღლელია კონტურების გაკეთება, ფერების დასმა, დაახლოებით 2 კვირა მჭირდება, რომ ერთი სანათი დავასრულო, გააჩნია, ნამუშევარი რა სირთულისაა. ინდივიდუალური შეკვეთის დროს, რა თქმა უნდა, მომხმარებლის გემოვნებასა და ინტერესსაც ვითვალისწინებ და ვცდილობ, ისეთი სანათი შევქმნა, რომელიც არა მარტო მის საძინებელს, მისაღებ ოთახსაც დაამშვენებს და გააფერადებს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.