"სულ რაღაც" 4 მილიონი მაიასტომელი და საოცარი მოგზაურობა "სოციალისტურ მექსიკაში"
font-large font-small
"სულ რაღაც" 4 მილიონი მაიასტომელი და საოცარი მოგზაურობა "სოციალისტურ მექსიკაში"
ნინო ჩუტკერაშვილის მექსიკაში მოგზაურობა დოკუმენტურ ფილმ "ხელმწიფეს" უკავშირდება. ის გახლავთ ფილმის პროდიუსერი და თანაავტორი, ხოლო რეჟისორია შალვა შენგელი. ფილმში აღწერილია სტალინის ძეგლის ისტორია ხაშურის რაიონის სოფელ წრომში, რომელიც ნინოს მშობლიური სოფელია. ახლობელმა გარემომ ფილმის წარმატებაში დიდი როლი შეასრულა. დოკუმენტური ფილმი 22 ფესტივალზე მიიწვიეს მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ფილმის ავტორი ერთ-ერთი ფესტივალის დროს თავს გადახდენილ ამბებს იხსენებს.


33 საათი
- ანთროპოლოგიური ფილმების კინოფესტივალზე მექსიკის ქალაქ სან კრისტობალ დე ლას კასასში ჩვენი ფილმი მთავარ კონკურსზე მოხვდა. ასე აღმოვჩნდი მექსიკაში 10 დღით. თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა იმით დაიწყო, რომ ჯერ მარტო 33 საათი გავატარე გზაში. ასეთი რეისი მქონდა: თბილისი-მიუნხენი, მიუნხენი-ფრანკფურტი, ფრანკფურტი-მეხიკო, მეხიკოდან ტუქსტლა გუტიერესში ჩავფრინდი, სადაც ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე დავდგი ფეხი (იღიმის). აქ დაგვახვედრეს მინიბუსი და შემიძლია ვთქვა, რომ ერთი საათი მექსიკის "მესტიაში" მივდიოდი. ქალაქი სან კრისტობალ დე ლას კასასი (შემოკლებით სან კრისტობალი) ჩიაპას მხარის დედაქალაქია. ეს რეგიონი მაიას ტომებითაა დასახლებული. აცტეკებისა და მაიას ტომების შესახებ მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოდან ვიცოდი და მეგონა, რომ ისინი ევროპეიდულ რასას შეერივნენ. ასე არ ყოფილა, მაიას ტომი არსებობს და ძალიან საინტერესო ხალხია. სან კრისტობალი პატარა ტურისტული ქალაქია ორსართულიანი, ფერადი და ულამაზესად მორთული სახლებით. ნეტავ იცოდეთ, რა მოწესრიგებული მძღოლები არიან მაიასტომელები... ფეხით მოსიარულეებს გზას ყოველთვის უთმობენ. გარდა ამისა, არაკრიმინალური ქალაქია, რაც სრულიად შეუფერებელია მექსიკისთვის. პირველი გამაოგნებელი შთაბეჭდილება ამ ქვეყანაში ის იყო, რომ მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა +20, +30 გრადუსამდე მერყეობს - არ ცივა და არ ცხელა. უშესანიშნავესი კლიმატია, იანვრის თვეში ვიყავი და ტემპერატურა 22 გრადუსი იყო.
GzaPress
თბილი ხალხი
- ჩემი მასპინძელი, მექსიკელი კინოპროდიუსერი ანდრეა სტივენჰეიგენი მეუბნებოდა: ნინო, ნახე, რამდენი მაიასტომელები მუშაობენ მაღაზიებში, კაფეებში... მეხიკოში რომ ჩამოდიან, ჩვენ ფოტოებს ვუღებთ - უცნაური ხალხია, თავისებური ჩაცმულობა აქვთ და ეროვნული ტანსაცმლით დადიანო. მაიასტომელები ტანდაბალი ხალხია, აქვთ მუქი ფერის კანი და წვრილი თვალები. ისინი ჩვეულებრივ, ორსართულიან სახლებში ცხოვრობენ, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სიმინდის მოყვანაა. ქალებს აცვიათ ნაქარგებით გაწყობილი ტყავის ბეწვიანი ქვედაბოლოები, კაცებს - ბეწვიანი ჟილეტები და ქუდები ახურავთ. საერთოდ, ნატურალური ტანსაცმლით დადიან. საოცრება ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა მაიასტომელმა იცის გიტარასა და ვიოლინოზე დაკვრა. ძალიან თბილი ხალხია, ისინი ფესტივალის მომსახურე პერსონალის უდიდესი ნაწილი იყვნენ. სასტუმროში ყოველ დილით, საუზმის დროს მაიასტომელი სომბრეროთი იდგა და გიტარაზე უკრავდა. უმშვენიერესი ცოცხალი მუსიკის თანხლებით ვსაუზმობდით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მაიასტომელები ნაქსოვებსა და ხელით დამზადებულ სხვა ნაკეთობებს ყიდიან. ორი შარფი იყიდა მექსიკური წარმოშობის ახალზელანდიელმა რეჟისორმა, ახალგაცნობილმა დანამ და ერთი მე მაჩუქა. ახლაც მაქვს ის პალტოსავით სქელი შარფი. ანდრეამ მითხრა: ჩვენ ფესტივალი მაიას ტომებით დასახლებულ ქალაქში იმიტომ ჩავატარეთ, რომ ისინი გადაშენების პირას არიან და გვინდა, მათი კულტურა შევინარჩუნოთ, სულ რაღაც 4 მილიონი კაცია დარჩენილიო. მე ჩემი ბედკრული საქართველო გამახსენდა...

საოცრებები
- ფესტივალი 10 დღე გრძელდებოდა და რაღაც შუალედში მოვახერხე მეხიკოს დათვალიერება, თუმცა ერთ დღეში რას მოვასწრებდი? მეხიკოში ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი, სოფო ვეკუა წარამარა მაფრთხილებდა, ჩანთას ყურადღება მიაქციეო. ქალაქში საოცარი თუხთუხი იგრძნობა და მძიმე კრიმინალური მდგომარეობაა. ტურისტისთვის თვალში საცემია ერთი გარემოებაც: როგორც კი მეხიკოს აეროპორტში ფეხს დადგამ, უამრავ საპროტესტო ტრანსფარანტს წააწყდები. ყოველ ნაბიჯზე რაღაცას აპროტესტებენ. მეხიკო ზოგადად დიდი პროტესტების ქალაქია. მექსიკაში ნარკომაფია ყვავის, რომელსაც სახელმწიფო ჯერჯერობით მათ ვერ ერევა, ლამის საკუთარი ჯარი ჰყავთ. მეხიკოში 22 მილიონი კაცი ცხოვრობს, უდიდესი ქალაქი სავსეა ცათამბჯენებით. სასტუმრო "ჰილტონის" ბოლო სართულზე თავი ღრუბლებში გგონია. ქუჩაში ხალხი რომ გადადის, 300 კაცი აქედან და 300 მეორე მხრიდან, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დადის. ირგვლივ სულ ფუთფუთია. სამწუხაროდ, ფრიდა კალოს მუზეუმი ვერ ვნახე. საშუალება მქონდა მეხიკოს ოპერის შენობაში შევსულიყავი, რომლის ფოიეში დიეგო რივერას, ცნობილი კომუნისტისა და ფრიდა კალოს ქმრის უზარმაზარი ტილოები იყო გამოფენილი. ოპერაში წარმოდგენას ვერ დავესწარი, დიდი ფუფუნება იქნებოდა. როცა ქუჩაში გავიარე და წიგნების მაღაზიებს თვალი შევავლე, ძალიან ბევრი ახალი გამოცემის ყდაზე ლენინის, ზოგან სტალინის ფოტოები აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, მექსიკა სოციალისტური და კომუნისტური იდეებით ჯერ კიდევ საზრდოობს. მეხიკოს მთავარ მოედანზე მდებარეობს შვიდსართულიანი კათოლიკური ეკლესია, ეს ფანტასტიკაა. ანთროპოლოგიის ორსართულიანი მუზეუმის მხოლოდ პირველი სართული დავათვალიერე და ლამის მთელი დღე მოვანდომე. მაიას და აცტეკების ტომებთან ერთად, თურმე არანაკლებ განვითარებული, სულ 12 ტომი არსებობდა და ყველა ტომის ნამდვილი გამოქვაბულის ნატურალური ზომის მაკეტი ვნახე მუზეუმში. მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი მუზეუმი. დღეს მხოლოდ მაიას ტომები გადარჩნენ, დანარჩენი ყველა შერეულია.

1-დან 43-მდე
- სხვათა შორის, მეხიკოში ინგლისური არავინ იცის, იქ ყველა ესპანურად საუბრობს, მათ შორის - ამერიკელებიც. რამდენადაც დიდია მექსიკაზე ამერიკის პოლიტიკური გავლენა, იმდენად საოცრად დიდია მექსიკის კულტურული გავლენა ამერიკაზე. შეიძლება ინგლისურად დაიწყონ ლაპარაკი, მაგრამ მერე მაინც ესპანურზე გადადიან. ერთი შოკის მომგვრელი ფაქტი მოხდა ფესტივალის დახურვის დღეს: ბერძნული წარმოშობის ფრანგი რეჟისორი, ფესტივალის საპატიო სტუმარი, კოსტა გავრასი გამოვიდა სცენაზე. ვიფიქრე, ეს მაინც იტყვის რამეს ინგლისურად-მეთქი, მაგრამ შევცდი, ისიც ესპანურად ამბობდა მადლობას. უცბად შეწყდა მისი გამოსვლა, დარბაზში ყველა ფეხზე წამოდგა და დაიწყეს თვლა ესპანურად ერთი, ორი, სამი და ა.შ. 43-მდე. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი? ერთ-ერთი საპროტესტო მიტინგი მეხიკოში 43 სტუდენტის ორგანიზებით გაიმართა. ისინი ნარკომაფიოზებმა გაიტაცეს და გააქრეს. მათ კვალს ვერავინ მიაგნო. ამბობენ, რომ გვამებს მჟავა გადაასხეს და ააორთქლეს. ის უაღრესად საშიში ქვეყანაა. მთელი მექსიკა საშინლად აპროტესტებს ამ ფაქტს. მექსიკელები ასე ხშირად იქცევიან და ამგვარად იხსენებენ იმ 43 სტუდენტს, რომელთა ხსოვნას უდიდეს პატივს სცემენ.

"ეს ხომ ხუაკინია"
- ფესტივალის ოფიციალური გახსნის შემდეგ ბანკეტზე რესტორანში უნდა წავსულიყავით. რაღაც მომენტში უყურადღებოდ აღმოვჩნდი, ანდრეას უამრავი საქმე ჰქონდა. ჩავდექი ტრანსპორტის რიგში. მოვიდა მანქანა, შეივსო-წავიდა, მეორეც შეივსო-წავიდა... ვერც ერთ მანქანაში ვერ მოვხვდი. ვდგავარ ჩემთვის საწყლად, სან კრისტობალის კინოთეატრის წინ. ამასობაში ყურადღება მივაქციე ვიღაც წარმოსადეგ მაღალ კაცს, გრძელი ხვეული თმით, აშკარად არტისტი იყო, ალბათ 40 წლის იქნებოდა. ფესტივალზე მხატვრული ფილმებიც გადიოდა. კაცი იდგა ულამაზეს ახალგაზრდა გოგოსთან (დაახლოებით 25 წლის), თავის ფავორიტთან ერთად. უცბად მოვიდა დიდი ჯიპი, ჩასხდნენ და დაიძვრნენ. შორიახლოს ვიდექი და გამიჩერეს: ხომ მობრძანდებით ბანკეტზე, დაბრძანდითო. ჩავჯექი და ერთმანეთი გავიცანით. მსახიობები იყვნენ - ლუის ფილიპე ტოვარი და კაროლინა ტორესი, მეც ვუამბე ჩემ შესახებ. კაცმა გოგონაზე მითხრა, მექსიკის ამომავალი ვარსკვლავიაო. თავად კი ისეთი პოპულარული ყოფილა, მანქანიდან რომ გადმოვედით, უამრავი ხალხი შემოესია და ატყდა ერთი ამბავი - ავტოგრაფების დარიგება, ფოტოების გადაღება. ვფიქრობ, ნეტა ვინ არის? (იცინის). მერე უკვე, როცა ჩამოვედი და დედაჩემმა მასთან ერთად ფოტოებზე მნახა, ქალი გადაირია: ეს ხომ ხუაკინიაო. მექსიკურ სერიალში ნანახი მსახიობი ამოიცნო. არ ვუყურებ მექსიკურ სერიალებს, ამიტომ არ ვიცოდი ამ მსახიობის სახელი და გვარი. სწორედ ფილიპეს რჩევით წავედი სან კრისტობალთან ახლოს მდებარე სოფელში, რომელიც განთქმულია მთელ მექსიკაში მისტიციზმით.
GzaPress
"შავები და თეთრები"
- მაიას ტომებით დასახლებული პატარა სოფელია სან ხუან ჩამულა, სადაც საოცარი ეკლესია დგას და აბსოლუტურად სხვანაირად აღევლინება რიტუალები. ჩვეულებრივი კათოლიკური ტაძარია წმინდანთა ქანდაკებებითა და საკურთხევლით. შიგნით ფოტოგადაღება აკრძალულია, მხოლოდ გარედან გადავუღეთ სურათები. ეკლესია მორთულია ულამაზესი ყვავილების უზარმაზარი გირლანდებით და არნახულად სასიამოვნო სუნი ტრიალებს. ამ ტაძარში 24-საათიანი მსახურება მიმდინარეობს და მოგიყვებით, როგორ? რიგრიგობით შემოდიოდნენ შავებში და თეთრებში ჩაცმული ადამიანები, ძირითადად - მამაკაცები, ქალები ძალიან ცოტანი იყვნენ. შავებში ჩაცმული, დაახლოებით 30 კაცი საკურთხეველთან, წინა რიგში დადგებოდა, გიტარაზე დაუკრავდნენ და იმღერებდნენ. მერე ერთი მათგანი, სავარაუდოდ ლიდერი, სიტყვას დააგუგუნებდა (ალბათ, ლოცვას) და ისევ დაუკრავდნენ. შემდეგ შავებში ჩაცმულები დაიშლებოდნენ, ახლა თეთრებში ჩაცმულები შემოვიდოდნენ, იმავეს გაიმეორებდნენ და ა.შ. ეს ყველაფერი ისეთი მისტიკური, ჰარმონიული, ულამაზესი და შთამბეჭდავი იყო, რომ არასოდეს დამავიწყდება და არც ის სურათი წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.

ნიანგები, ქანდაკებები და სხვა...
- სან კრისტობალთან არის მდინარე ჩიაპა ლა კორძო და ხეობაში ტურისტებს გასასეირნებელ ტურს სთავაზობენ. მდინარის ნაპირამდე მინიბუსით მივედით. იანვრის თვის მიუხედავად, მზისგან დასაცავად, თავზე ქუდები დაგვაფარეს, ჟილეტები ჩაგვაცვეს და მოტორიანი ნავით გავისეირნეთ. უზარმაზარი მდინარეა თავისი ეგზოტიკური ხეობით. მივცურავთ და ლანდშაფტს ვათვალიერებთ. კიდევ იმით არის მექსიკა გასაოცარი, რომ დავუშვათ, ერთი ზოლი არის ქვიშნარი უზარმაზარი კაქტუსებით, ზუსტად გვერდით შეიძლება იყოს (თითქოს სპეციალურად გაუყვიათო), ფართოფოთლოვანი ტყე. ამ კაქტუსებში ყვავების მსგავსი შავ-შავი ფრინველები დაფრინავენ, ხოლო ვარჯიან და გაბარჯგნულ ხეებზე მაიმუნები დახტუნავდნენ პირდაპირ ჩვენს თავზე. მივადექით ხეობის კლდოვან ადგილს, სადაც სულ მაღლა ღვთისმშობლის სალოცავი ნიში ჰქონდათ. იქ მისასვლელად და მოსალოცად კიბით უნდა ასულიყავი. მერე მდინარის ერთ მონაკვეთზე გავჩერდით და გიდმა გვითხრა: აქ ნიანგები არიან და შეგიძლიათ, ფოტოები გადაუღოთო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფიტულები იყვნენ, საერთოდ არ იძვროდნენ. ერთს თვალები დახუჭული ჰქონდა, ეძინა, მეორეს თვალები ღია ჰქონდა, მაგრამ გაშტერებული იყო. ვიფიქრე, გვეხუმრებიან-მეთქი. ისე, სასტიკად კი გაგვაფრთხილეს, რომ მდინარეში ხელი არ ჩაგვეყო. ვიღებ ფოტოებს და უცებ, ამ ნიანგმა პირი არ დააღო? დავინახე ამოცვენილი კბილები, ეტყობა ბებერი იყო (იცინის), მერე თვალები გადაატრიალა 360 გრადუსით და დავრწმუნდი, რომ ცოცხალი ნიანგები იყვნენ. მდინარე ჩიაპა ლა კორძო გრძელდება გვატემალის მხარეს, სადაც არის კაშხალი. ამ კაშხალთან დგას სამი მუშის უზარმაზარი ქანდაკება დიდი უროებით ხელში. სოციალიზმი და კომუნიზმი შემომეფეთა საბჭოთა კავშირის დროინდელი მონუმენტების სახით.

სოფლის დღესასწაული
- მდინარის ხეობაში ტური დამთავრდა და უკანა გზაზე მინიბუსი გაგვიფუჭდა. მძღოლმა სოფლის სუპერმარკეტთან ჩამოგვსხა და გვითხრა, ერთ საათში ისევ აქ გელოდებითო. ჩემი თანამგზავრები სწრაფად მიმოიფანტნენ. გავიფიქრე, მძღოლი რომ არ დაბრუნდეს, ამ კრიმინალებით სავსე ქვეყანაში რა მეშველება? წარმოდგენა არა მაქვს, სად უნდა წავიდე? თან ინგლისური კაციშვილს არ ესმის, მე კი არც ესპანურის და მით უმეტეს, არც მაიას ენის ინჩი-ბინჩი არ გამეგება. შესანიშნავი ამინდი იდგა და გადავწყვიტე სოფელში გავლა, თან უკან ვიყურები, რომ სუპერმარკეტის ორიენტირი არ დავკარგო. მექსიკურ სოფელში სხვადასხვაფრად შეღებილი სახლები დგას. ქუჩებში უმეტესად ქვაფენილებია. ბროწეულის მსგავსი ყვავილებით სავსე ხის ქვეშ ჩამოვჯექი. გზის მეორე მხარეს სახლის ჭიშკარი გაიღო და ორი ულამაზესი გოგონა გამოვიდა, ასე 16-17 წლისანი იქნებოდნენ, უზარმაზარი ფარფარა დეკოლტეიანი კაბები ეცვათ, ერთ კაბას წითელი ყვავილები ეხატა, მეორეს - ყვითელი. გოგონები გზას გაუყვნენ. მეც ძალაუნებურად გავყევი. სხვა მოსახვევებიდან გამოჩნდნენ ვაჟები ჭრელაჭრულა პერანგებით, ოქრომკედით მოხატული ჟილეტებით, სომბრეროებით, ჭრელი მოსასხამებით, გიტარებითა და ვიოლინოებით. მივედით სოფლის მოედანთან, ეტყობა ფესტივალი ტარდებოდა. მოედანი იყო მორთული ულამაზესი ყვავილებითა და ფერადი ლენტებით. მღერიან, ცეკვავენ, თავი კინოში მეგონა... თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებით დავბრუნდი დანიშნულ ადგილზე, ჩვენი მინიბუსიც მალე მოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ იმ დღეს ის მანქანა გაფუჭდა, თორემ ასეთ მშვენიერ სანახაობას ხომ ვერ ვნახავდი?
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.