მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები და ფიგურები, რომლებიც ამბებს ჰყვებიან
font-large font-small
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები და ფიგურები, რომლებიც ამბებს ჰყვებიან
"მი­ნი­ა­ტი­უ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი შვე­ბაა"

GzaPressსუფრა გაშლილია: მწვადი შეიწვა, დედალი დაიბრაწა, "ცოცხალი" თეფშზეა, ელარჯში სულგუნი უხვადაა, აჭარულში კარაქი ჩადნა, ლობიო ქოთანში თუხთუხებს, კიტრსა და პამიდორზე ხახვის მოყრა არ დავიწყებიათ, ისპანახს ბროწეული აქვს მოყრილი, ხინკალს - პილპილი, დოქით ღვინო და ხილითა და ჩურჩხელით დახუნძლული თასიც იქვეა. მოკლედ, სუფრას სტუმრები აკლია, თუმცა... აბა, ვინ იფიქრებს, რომ ეს სუფრა შეიძლება ხელისგულზე დაგეტიოს. არადა, ასეა, მინიატიურულია!


გავიხედე და დაჟანგულ ჭიშკარს თავშლიანი მოხუცი გამოსცდა. ქალის მთელი ცხოვრება ჯაფაში გალეულა, მუხლი არ მოუხრია. მძიმე შრომა არა მხოლოდ მის გაუხეშებულ ხელებს, არამედ სახესაც დამჩნევია. წინდებიანი ფეხები "კალოშებში" წაუყვია და ისე მოაბიჯებს უსწორმასწორო, ტალახიან საცალფეხო ბილიკზე. იღლიაში დედალი ამოუჩრია - მისი არსებობის ერთ-ერთი მთავარი წყარო.
დიდი ტკივილია ჭაღარა ბებოს თვალებში, კარ-მიდამოში მარტოდ ყოფნის, სწრაფად გაპარული ახალგაზრდობისა და კიდევ სხვა ბევრი სევდის მიზეზი.
ჰმ, ერთი ამას დამიხედეთ? საწოლზე არხეინად წამომჯდარა შუახნის მამაკაცი. ზარმაცი! მკერდმოღეღილი, ღიპიანი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით უდარდელად გამოიყურება. მთავარია ღვინო, თევზი, ნივრის მწნილი და პური აქვს, ახალ ამბებს გაზეთში გაეცნობა. მერე რა რომ უკვე შუადღეა?! ქვეყანა მის გარეშეც აშენდება.
ერთი შეხედვით ფიგურები ანიმაციური ფილმის პერსონაჟებსა და ნივთებს ჰგვანან. სიუჟეტები ბევრის მთქმელია და დინამიკური. სურათები რეალური, დღევანდელი სოციალური ყოფის ამსახველი.
ეს მინიატიურები მერი (მარია) ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილის ნახელავია, რომელიც ფაიფურისგან, პოლიმერული თიხისგან, სამშენებლო - სილიკონის, წებოს, ქაღალდისა და სხვა შერეული მასალისგანაა შექმნილი. ზომებშიც სხვადასხვაა, ნივთების შესაბამისად. როგორც ამბობს, ერთი თოჯინის შექმნას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. თუ რაიმე კომპოზიციაა შესაქმნელი, უფრო მეტი. უნდა, რომ მისი ნამუშევრები თემატურად მრავალფეროვანი იყოს და ყოველდღიურ რეჟიმში მათ დახვეწაზე ფიქრობს. ამჟამად მერი ინგლისში ცხოვრობს. მისი ეს გატაცება ძალზე "ახალგაზრდაა" - 2019 წლის დასაწყისიდან დაინტერესდა თოჯინებისა და მინიატიურული ფიგურების შექმნით. ხატვა, ძერწვა, ფოტოგრაფია, აქსესუარების შექმნა, ქსოვა, ქარგვა, კულინარია - ეს მერი ჭიჭიაშვილის იმ ინტერესთა ჩამონათვალია, რომელიც აქამდე ჰქონდა, მაგრამ ახლა შეიძლება ითქვას, მთლიანად თავის ახალ აღმოჩენაზეა გადართული.

GzaPress- თავდაპირველად ჯანჯაფილითა და ცომით რამდენიმე სახლი შევქმენი და შაქრის ფიგურებით გავაწყვე. როცა ინტერნეტში განვათავსე, ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ გადავწყვიტე თიხაზე მუშაობა. საჭირო მასალაც შევიძინე და მოვსინჯე. არ ველოდი, ჩემს ნამუშევრებს ასეთი დიდი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა და ასეთ სიამოვნებას და სიმშვიდეს მომანიჭებდა. კმაყოფილი ვარ მეც და როგორც ვატყობ, ხალხიც.
- რატომ დაინტერესდით ამ საქმით?
- გასული წლის სექტემბერში საქართველოში ვიმყოფებოდი, მოულოდნელად დედა რომ გარდამეცვალა, მანამდე, 6 თვით ადრე - ბებია, ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო. საქართველოში მამა, ძმა და ძმის ოჯახი გვერდში მედგა, მაგრამ ინგლისში რომ დავბრუნდი, ძალიან მძიმედ ვიყავი, სულ "დავიკარგე", ადგილს ვერ ვპოულობდი, ყველაფერი შავად მეჩვენებოდა. დღესაც კი მიჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინიატიურებზე მუშაობა ჩემთვის დიდი შვებაა. ჩემს თავსა და ახლობლებს ვეუბნები, რასაც ახლა ვაკეთებ, დედას დამსახურებაა. ვგრძნობ, რომ სულ ჩემთანაა და მეხმარება.
- შეიძლება ითქვას, ეს საქმე თქვენთვის თავშესაფარი იყო, რომელიც ტკივილისგან გაქცევაში გეხმარებოდათ და გაგიმართლათ...
- დიახ, ასე გამოვიდა. როცა ვმუშაობ, უარყოფითი ემოციებისგან ვთავისუფლდები. ვიცლები და ვბედნიერდები. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მხრივ განათლება არ მაქვს, არც ხატვაზე, არც ფოტოგრაფიაზე არ მივლია, ინტერესი ამ სფეროსადმი ყოველთვის მქონდა. ერთადერთი, რაც პროფესიულ დონეზე შევისწავლე, მინანქარზე მუშაობა იყო, მაგრამ ნამუშევრების გამოწვისას ალერგია მომცა და მას შემდეგ მინანქარს არ გავკარებივარ. დანარჩენი ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია, თავად ვისწავლე და პრაქტიკით დავხვეწე. მამა მხატვარ-მოქანდაკეა, არაერთ ცნობილ მოქანდაკესთან უმუშავია ძეგლების ჩამომსხმელად. სულ ვაკვირდებოდი როგორ მუშაობდა, ხატავდა, ძერწავდა, თუმცა იმ დროს თავად არასოდეს მიცდია. თითქოს ის მოგონებები ახლა ამომიტივტივდა და თოჯინებისა და მინიატიურული ფიგურების კეთებში მეხმარება.

მერი ბოლო 4 წელია ინგლისში ცხოვრობს, თუმცა, საქართველოდან 20 წლის წინ გაემგზავრა. კერძოდ - გერმანიაში, სასწავლებლად იმყოფებოდა. შემდეგ ესპანეთში გაიცნო მომავალი მეორე ნახევარი და დაოჯახდა. მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი ეჭირა კულინარიას, რომელიც თავდაპირველად, ჰობი იყო, მერე გადაიქცა პროფესიად. როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად გამოსდიოდა ეს საქმე, რადგან რამდენიმე რესტორანში მთავარ კონდიტერად დანიშნეს და მის კერძებს არაერთხელ დაუმსახურებია აღფრთოვანება. ამ ეტაპზე ეს საქმე აღარ აინტერესებს, სურს, მთელი დრო ახალ გატაცებას დაუთმოს. სერიოზული შემოთავაზებები აქვს და გეგმავს ამ მიმართულებით იმუშაოს.
GzaPress
- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით? როგორ აფასებენ თქვენს გატაცებას?
- მყავს ესპანელი მეუღლე და 10 წლის ბიჭი - დანიელი. ჩემი მეუღლე ნებისმიერ წამოწყებას დადებითად ხვდება და ხელს მიწყობს. საერთოდ, ყველა ჩემს სურვილსა და საქმეს სიხარულით ხვდება. ფოტოგრაფიით რომ ვიყავი გატაცებული, ესპანეთიდან საქართველოში ჩემი ფოტოები გავგზავნე და 2007 წელს ჩემი სამი ფოტო წლის საუკეთესო ფოტოდ დასახელდა. თავს არ ვიქებ, მაგრამ რასაც ხელს მოვკიდებ, იმ საქმეში წარმატებას ვაღწევ. ასევე იყო კულინარიის შემთხვევაშიც. კულინარიაც ხომ ხელოვნებაა. ბევრს ვმუშაობდი. ესპანეთში ადგილობრივ კულინარიულ კონკურსზე პირველი ადგილი მომანიჭეს. ინგლისშიც ძალიან რთულია მთავარი კონდიტერის ადგილის დაკავება, თან ისეთ აღიარებულ რესტორნებში, სადაც ვმუშაობდი. ერთ-ერთი რესტორანი, სადაც მთავარი კონდიტერი ვიყავი, ინგლისის 20 საუკეთესო რესტორანს შორისაა.
- პროფესიით გიმუშავიათ ოდესმე?
- უცხო ენების ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ ეს ჩემი მშობლების არჩევანი უფრო იყო, ვიდრე ჩემი. ცხოვრებაში ამ პროფესიით არ მიმუშავია. დიპლომი შენახული მაქვს (იღიმის). სხვათა შორის, საქართველოში მუშაობას რომ იწყებ, ითხოვენ დიპლომს, სერტიფიკატს, მაგრამ აქ ასე არ ხდება. სადაც დავიწყე მუშაობა, ყველგან საქმითა და შედეგით უნდა დაგემტკიცებინა, რომ პროფესიონალი ხარ. ერთ იტალიელ ბიჭთან ერთად ვმუშაობდი, მას კულინარიული აკადემიის ხუთწლედი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ რჩევებს მე მეკითხებოდა. ვფიქრობ, ნებისმიერ წამოწყებაში წარმატების მომტანი პრაქტიკა და საქმისადმი სიყვარულია, აუცილებელია ბევრი მუშაობა და გამუდმებული ცდები. საკუთარ თავზე მუშაობა გზრდის და მერე შეიძლება რამე ახალიც კი შექმნა, საკუთარი ხელწერაც აღმოაჩინო. თუნდაც ახლა, ჩემს შემთხვევაში, როცა მინიატიურებზე ვმუშაობ, ყველაფერს ინტერნეტში ვერ ამოიკითხავ. ბევრ გზას "ვტესტავ", სანამ იმ შედეგს არ მივიღებ, რაც მინდა, არ ვჩერდები. ასე იბადება ახალ-ახალი ტექნიკა და ეს ბუნებრივია. მთავარია, საკუთარი თავის გწამდეს და გჯეროდეს, რომ თუ სხვა აკეთებს, შენც შეძლებ. არ უნდა გაჩერდე და დანებდე, პირველზე თუ არა, რამდენიმე ცდის შემდეგ აუცილებლად გამოვა. სხვაგვარად წარმოუდგენელია (იღიმის).
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.