"კურთხევის შემდეგ დავივიწყე ქალი, სიგარეტი, სასმელი..."
font-large font-small
"კურთხევის შემდეგ დავივიწყე ქალი, სიგარეტი, სასმელი..."
ხელოვანი, რომლის შექმნილი ხატიც რუსეთში სასწაულმოქმედად ითვლება

50-ოდე წლის წინ, ზუგდიდში, შონიების ოჯახში კიდევ ერთი ვაჟი დაიბადა. შვიდთვიან ახალშობილს ჯონი დაარქვეს, თუმცა, მაშინდელი წესის მიხედვით, "კაპიტალისტურ" სახელს ვერ გაატარებდნენ დოკუმენტაციაში, ამიტომ დაბადების მოწმობაში ჯუმბერი ჩაუწერეს, ეკლესიამ კი დავითის სახელით ცნო... ამჟამად ჯონი შონიას ფერწერას აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის კულტურულ წრეებში კარგად იცნობენ, დაწერილია უამრავი რეცენზია და სტატია მის შემოქმედებაზე, სამშობლოში კი მასზე თითქმის არაფერი იციან.


- ოჯახს ჰქონდა სახელოვნებო ტრადიცია, რომლის გამოც აირჩიეთ ფერწერა?
- ჩვენი გვარი უფრო სიმღერითაა ცნობილი, მაგრამ დედის თვალმა შეამჩნია, რომ ჩემი მომავალი უფრო ფერწერაში იყო და ზუგდიდის სამხატვრო სკოლაში მიმიყვანა. შემდეგ დედას დაჟინებული მოთხოვნით სოხუმის სამხატვრო ტექნიკუმში გავაგრძელე სწავლა, მერე, გარემოებების გამო აფხაზეთი დავტოვე. ვაპირებდი, რომ სწავლა გამეგრძელებინა თბილისში, სამხატვრო აკადემიაში. დავაბიჯებდი აკადემიაში და ვიხსენებდი, რამდენი კორიფე სწავლობდა ამ შენობაში... ვემზადებოდი აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ სამშობლოს დატოვება მომიხდა.
GzaPress- დიდი ხანია, რაც რუსეთში ცხოვრობთ?
- დიდი ხანია. აქ დავქორწინდი, მყავს ქალიშვილი. 2001 წლიდან გავხდი რუსეთის ფედერაციის მხატვართა კავშირის წევრი. ეს ორგანიზაცია სახელოვნებო გაერთიანებაა, რომლის წევრობამაც თუნდაც ის სარგებელი მომიტანა, რომ ქალაქ სამარაში გადმომცეს სამხატვრო სახელოსნო. ამავე ორგანიზაციის წევრობის გამო გამიადვილდა პერსონალური გამოფენების მოწყობა. 2013 წელს მოსკოვის მხატვართა სახლში გამართულმა პერსონალურმა გამოფენამ თავდაჯერებულობა შემძინა. მანამდე ვფიქრობდი, რომ 3 ათასზე მეტი გაყიდული ტილოც არ იყო საკმარისი ჩემი აღიარებისთვის. ამ გამოფენის შემდეგ ჩემი ნახატების ფასმა აიწია, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მაღალი კლასის ავტომობილის ფასად იყიდება ჩემი ტილოები. ტილო მხატვრებისთვის საერთაშორისო ასპარეზია, რომელზეც ჩვენი ინსტრუმენტებით გამოვდივართ. ეს ინსტრუმენტები მარტო საღებავები და ფუნჯი არაა. ვერავინ გაექცევა წინამორბედების გამოცდილებას. ვქმნი ჩემს ორიგინალებს, რომელშიც შეიძლება წინამორბედების გამოყენებული ტექნიკის დანახვა, მაგრამ ეს არ არის მიბაძვა. როცა ტილოსთან მივდივარ, ეს ნიშნავს, რომ ხატვა მინდა. როგორი გამოვა ნახატი, წინასწარ უცნობია. დამერწმუნეთ, დიდად მოამაგე დედის დახატვა ათასჯერ მინდოდა, მაგრამ ტილოზე სულ სხვა რამ ასახულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედას პატივს არ მივაგებ. ოდესმე მასაც დავხატავ, მაგრამ ჯერ არ დამიხატავს, ალბათ, იმიტომ, რომ ამის დრო არ დამდგარა!
- ცივი და თბილი ფერებით კონტრასტებს ხატავთ ტილოზე, შეგიძლიათ, ცივი ფერებით "დაათბოთ" და ნეიტრალური ან თბილი ფერებით კი ყინვა გვაგრძნობინოთ.
- ყველა ხელოვანი თავისებურად ამბობს სათქმელს. როცა ვხატავ, აუცილებლად ვუსმენ მუსიკას ან გონებაში ვიმეორებ ქართულ ლირიკას. შემიძლია "მერის" კითხვისას დავხატო ქალი, მეხმარება კახიძისა და ლაღიძის მელოდიებიც, მაგრამ ვერ გავბედე "მესაფლავე" ან "მე და ღამე" დამეხატა. თუ ოდესმე გავბედე და მაინც შევეჭიდე "მესაფლავეს", მისი გამოქვეყნებისგან თავს შევიკავებ და მუდამ ჩემს ეგოისტურად მესაკუთრული გრძნობით სავსე ნახატად დარჩება...
- გამორჩეული ფერები თქვენს შემოქმედებაში...
- შავია ჩემი საყვარელი ფერი, ის არის გამოსახვისთვის ძალიან მოსახერხებელი. მისი მიღება და დამთვალიერებლის მოტყუებაც სხვადასხვა ფერის შერევითაც შეიძლება. ამის მაგალითები მსოფლიო მხატვრობამ მოგვცა! შავი ფერი ჩემთვის ნარკოტიკზე მეტია, იმდენად შეჩვეული ვარ მას. ფერებს შორის ყველაზე პრეტენზიული, მატყუარა და ამპარტავანია თეთრი, მაგრამ გვერდს ვერასდროს ავუვლი...
GzaPress- დედაზე ამბობდით, რომ ვერ დახატეთ ჯერ, მიძღვნა თუ მაინც გაქვთ გაკეთებული?
- არასდროს მითქვამს, რომ ეს ნახატი ან გამოფენა დედას ხსოვნას ეძღვნება-მეთქი. ამის თქმა არ მჭირდება, რადგან მართლა ყველა ჩემი შემოქმედებითი აქტივობა ეძღვნება ქალს, რომელმაც მიმიყვანა ხელოვნების ამ დარგის ბილიკზე და ფერების უთავბოლობაში გაბედულად გამიშვა!
- ამბობენ, რომ მხატვრებს აქვთ ხატვის დაწყების საკუთარი მანერა. პორტრეტისტების ნაწილი ხატვას თვალით იწყებს, ზოგიც - ყურით, თქვენს შემთხვევაში როგორაა?
- შემიძლია ვთქვა, რომ ხატვის დასაწყებად არ კმარა გაღვიძება, საღებავებისა და ფუნჯის არსებობა. შესაძლოა, ადამიანის გამოხედვამ ან ბუნების ერთმა პასაჟმა დამაწყებინოს ხატვა. არ მაქვს ნახატის დაწყების კონკრეტული ტრადიცია, მთავარია, განწყობა გადმოვიტანო...
- შავი ფერიაო საყვარელი, თქვით. ტრაგიზმის ხატვა უფრო გიყვართ?
- არა, საოცრად მიყვარს პოზიტივების გადმოცემა. როცა ლაღიძეს, კახიძეს, ლირიკას გაიტარებ გულში, ძნელია, არ დახატო. ეგებ არც დაიჯერონ, მაგრამ ხელოვნების სხვა დარგების ალუზიის გამო, არ შეიძლება, არ ხატო! მოისმენ კარგ მუსიკას და უბრალოდ, დაგეხატვინება...
- თქვენი შესრულებული წმინდა გაბრიელის ორი ხატი არსებობს. ხატწერაზეც გვითხარით...
- მეგობარმა ქართველმა ექიმმა მომიტანა ერთხელ წმინდა გაბრიელის გაზეთიდან ამოჭრილი ფოტოპირი. მითხრა, რომ უნდა დამეხატა. გამეცინა და ვიუარე. როგორ შეიძლება, ჩემნაირმა ცოდვილმა მხატვარმა გაბედოს და დაწეროს ხატი-მეთქი. მერე მამა არტემის მოთხოვნით ხატიც დავწერე. ეს მღვდელი ახალგაზრდა კაცია და მისი კურთხევის მერე დავივიწყე ქალი, სიგარეტი, სასმელი... ხატწერის ტექნიკას გავეცანი და დავიწყე ხატის შექმნა. დამიჯერებთ? ისე დაიწერა წმინდა გაბრიელის ხატები, რომ მასში შესწორება არ შემიტანია. პირველი დაწერილი ხატი მცხეთას ჩააბრძანეს და გაბრიელის წმინდა ნაწილებთან ერთად დააბრუნეს მერე სამარაში, ახლა ის ნოვო კუიბიშევსკის ტაძარშია დაბრძანებული. მეორე ხატი კი დედათა მონასტერშია, უკიდურეს აღმოსავლეთში...
- იცის მრევლმა, რომ გაბრიელის ხატი თქვენი დაწერილია?
- კი, იცის. რამდენჯერ უსაუბრიათ ჩემს გასაგონად, ამ კაცის დაწერილია წმინდა გაბრიელის ხატი, რომელიც სასწაულმოქმედად ითვლება. მოუნდომებიათ თაყვანისცემა და ხელზე მთხვევა. ამით ვითრგუნები და მახსენდება, როგორ მივუბრუნდი ხატმწერობის მერე ისევ ქალებს, სასმელსა და სიგარეტს... ხატწერა მაინც თავისუფალი ხელოვანისთვის შეზღუდვაა, სახელოვნებო თავისუფლებას კი ცოდვები მოსდევს, სხვანაირად ღირებულს ვერ შექმნი ალბათ!
- მეუღლესთან განქორწინებული ხართ?
- 23-წლიანი თანაცხოვრების მერე მეუღლეს ვუთხარი, რომ პროფესიული თვალსაზრისით სრული თავისუფლება მინდოდა. ძალიან ადვილად გამიგო და ახლა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ჩვენ შვილის სიყვარული მაინც გვაერთიანებს, არ გვაქვს კონფლიქტები. მხატვრისთვის ურთულესია ოჯახურ ანსამბლში ჰარმონიული არსებობა. რთულია, ბოლომდე გაუგოს ყოფითობაში ჩაძირულმა ადამიანმა მხატვარს. შესაძლოა, ვერც იმას ხსნიან ჩემი შვილი და ყოფილი მეუღლე, რატომ არ ვჩუქნი მათ ჩემს ნახატებს. არათუ ნახატს, ასლსაც კი. ის კი იციან, რომ კარგი მხატვარი ვარ. შესაძლოა, გამოქვეყნებული რეცენზიებითა და მედიაპროდუქტებით შეიტყვეს. შვილის მიმართ მაქვს დიდი სიყვარული. ყოფილ მეუღლეს არაერთხელ უთქვამს, რომ დამელოდება... დამელოდება თუნდაც იმის გამო, რომ 23 წელი ვიცხოვრეთ ერთად და გვყავს შვილი, მაგრამ მე ვეუბნები, რომ დალოდება არაა მნიშვნელოვანი!
GzaPress- ამდენი ხანია რუსეთში ცხოვრობთ. რა დამოკიდებულება აქვთ რუსებს თქვენ და ზოგადად, ქართველებისადმი?
- დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მე არ ვიცნობ ქართველის მოძულე რუსს. ისინი ყოველთვის გამოხატავენ სიყვარულსა და პატივისცემას არა მარტო ჩემდამი, არამედ საქართველოს ისტორიას, კულტურას და ეთნოსს მიაგებენ დიდ პატივს. სხვანაირად მე აქ ცხოვრებას ვერ შევძლებდი!
- საქართველო მაინც განსაკუთრებულია?
- სხვანაირად წარმოუდგენელია. სამშობლო ერთია. სად იმუშავებ, გეოგრაფიას რა მნიშვნელობა აქვს? აქ ახლა ყინავს, სიცივეა სამარაში, მაგრამ ჩემს გულში ქართული ტემპერატურაა! არასდროს დავივიწყებ ჩემს საქართველოსა და ჩემს ზუგდიდს. რაც უნდა დიდება მოვიხვეჭო, სამშობლოს გარეშე არ არსებობს სრული ბედნიერება.
- საქართველოში აპირებთ ჩამოსვლას?
- ბუნებრივია, ჩამოვალ. ვაპირებ მამა არტემთან ერთად ჩამოსვლას, მინდა მას ვაჩვენო დასავლეთი საქართველო, სამეგრელო და სვანეთი. მან მოილოცა ჩემ მიერ დაწერილი წმინდა გაბრიელის ხატის ჩამობრძანებისას მცხეთა, მაგრამ მინდა ნახოს ხობი, ვუთხრა, რომ ზუგდიდშია დაცული ღვთისმშობლის კვართი და სვანური ხატწერის ნიმუშებიც გავაცნო... გვერდს ვერ ავუვლი სვანეთის ტაძრებში შემონახულ ფრესკებსა და მდიდარ წარსულს! ამით მარტო ჩვენი უპირატესობის წარმოჩინება კი არ მინდა, უბრალოდ, რამდენად კარგია და განუმეორებელი ჩემი სამშობლო, კიდევ ერთხელ უნდა შევიგრძნო!
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.