"კვარცხლბეკზე რომ ვიდექი და ჰიმნს ვუსმენდი, ნერვიულობისგან მუხლები მეკეცებოდა"
font-large font-small
"კვარცხლბეკზე რომ ვიდექი და ჰიმნს ვუსმენდი, ნერვიულობისგან მუხლები მეკეცებოდა"
"ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, 3-4 დღე ვერ ვიძინებდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი"

ქართველმა მძლეოსანმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი, 9-10 მარტს გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაში "ევროპის თასი ტყორცნები", რომელიც სლოვაკეთის ქალაქ სამორინში ჩატარდა. 20 წლის სპორტსმენმა გიორგი მუჯარიძემ ბირთვი 20.27 მეტრზე გაისროლა, პირველი ადგილი დაიკავა და 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა. როგორც თავად მითხრა, ეს წარმატება შრომისმოყვარეობისა და მებრძოლი ხასიათის შედეგია.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ბავშვობაში ხშირად ვხდებოდი ავად, ხან ფილტვების ანთება მემართებოდა, ხან რა და ხან _ რა. მშობლებმა გადაწყვიტეს, სპორტის რომელიმე სახეობაზე მივეყვანე. თავიდან კალათბურთზე დავდიოდი. ერთხელ ჩემი სკოლის სპორტის მასწავლებელმა მითხრა, თბილისში წამოდი, ბირთვის კვრა სცადე, რა გამოგივაო. მაშინ არაფერი ვიცოდი მძლეოსნობასა და ბირთვის კვრაზე. ამიხსნეს წესები, ტექნიკა, 11 დღე ვივარჯიშე და საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე..."

"როცა ბირთვს გადააგდებ, ფეხი წინ არ უნდა გადადგა. ეს კი ძალიან რთულია, როდესაც 7 კილო ბირთვს ისვრი. ამ სახეობაში ლიდერობს გერმანია, პოლონეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ამერიკა საერთოდ პირველ ადგილზე აყენებს მძლეოსნობას. რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე ვარ..."

"ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, 3-4 დღე ვერ ვიძინებდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. კვარცხლბეკზე რომ ვიდექი და ჰიმნს ვუსმენდი, ნერვიულობისგან მუხლები მეკეცებოდა, რაც ძალიან დიდი სიხარულია. შეიძლება სულ რამდენიმე წამია, მაგრამ ყველაფერს იტევს. 7 წლის შრომა რომ დაგიფასდება და მიზანს მიაღწევ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?.."

"ჩემი შეყვარებული ბირთვია, ჯერ არავინ მიყვარს. სტიმულს მაძლევენ ჩემი მშობლები, უფროსი და და მეგობრები. დედას და ჩემს დას ყველაზე მეტად უხარიათ, ტირიან ჩემი წარმატების გამო. აი, ახლაც რომ ჩავედი გორში, დედამ ტირილი დაიწყო, ვაწყნარებდი და ვეუბნებდი, აღარ მოვალ, თუ ასე იტირებ-მეთქი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვა