ზუგდიდელი "მფრინავი მოცეკვავე" მოსიების უმცროსი ძმის ამბავი
font-large font-small
ზუგდიდელი "მფრინავი მოცეკვავე" მოსიების უმცროსი ძმის ამბავი
ჩემს რესპონდენტს ადრეც ბევრჯერ შევხვედრივარ ზუგდიდში, მაგრამ ამჯერად გამიზნულად, ინტერვიუსთვის დავუთქვი შეხვედრა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის? - სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, თავის ორ ძმასთან ერთად, ქართველი მოცეკვავეების "ოქროს თაობის" წარმომადგენელია. რაც მთავარია, 75 წლისაა და დღესაც ცეკვავს, პარალელურად კი - მოცეკვავეთა ანსამბლ "ჩელას" ხელმძღვანელობს.



თამაზ მოსია - ცნობილი "ძმები მოსიების" უმცროსი ძმა, ჰა და ჰა, რეპეტიციაზე უნდა შესულიყო, ცოტა ხნით რომ შევაყოვნე.

თამაზ მოსია:
- 1960-დან 1970 წლამდე ვინც ცეკვავდა "სუხიშვილებში", უკვე ასაკში მყოფმა ქალბატონმა ნინო რამიშვილმა სწორედ ამ პერიოდის მოცეკვავეებს გვიწოდა "ოქროს თაობა". სამი ძმა - მოსია 1960 წელს ერთად მივედით პლეხანოვზე, ძველ ფილარმონიაში, ანსამბლისთვის უნდა გავესინჯეთ. უფროსი ძმა - ჯემალი 19 წლის იყო, ლერი - 18-ის, მე კი 16 წელი არ შემსრულებოდა და წარმოიდგინეთ, 80 მოცეკვავისა და ქორეოგრაფების წინაშე უნდა გამოვეცადეთ. სამივე აგვიყვანეს, ოღონდ მე, თავდაპირველად, ასაკის გამო - სტაჟიორად, ასე რომ, ფაქტობრივად, ანსამბლში გავიზარდე. პატარას მეგრულად "ჭიჭე" ჰქვია, ჰოდა, რაკი ყველაზე პატარა ვიყავი, ყველა ჭიჭეს მეძახდა. სხვათა შორის, თბილისში დღემდე ასე მიწოდებენ. ჩემი ძმა ლერი ძალიან ძლიერი შემსრულებელი იყო. ისეთ ილეთებს აკეთებდა, დღესაც კი, როცა ასე განვითარდა და დაიხვეწა მოძრაობები, თანამედროვე მოცეკვავეებს უჭირთ იმ ილეთების შესრულება. მახსოვს, გაოცებულმა ქალბატონმა ნინომ ჰკითხა კიდეც ლერის, ვინ გასწავლათ ეს მოძრაობებიო? ჩემი მშობლები ზუგდიდის თეატრის მსახიობები იყვნენ, ამიტომ არტისტების წრეში ვიზრდებოდით და ხშირად ვესწრებოდით არა მარტო საგასტროლო სპექტაკლებს, არამედ - კონცერტებს. პედაგოგი არ გვყავდა და სწორედ იმ მოცეკვავეების მოძრაობებზე დაკვირვებით ვცდილობდით ძმები ამა თუ იმ ილეთის შესწავლას - ბევრს ვწვალობდით და მაინც ვამუშავებდით.
- ქალბატონი ნინოს სიმკაცრე საყოველთაოდაა ცნობილი, ამბობენ, ვაჟებსაც ძალიან ეშინოდათ მისიო, მართლა ასე იყო?
- ბატონ ილიკოს უფრო საორგანიზაციო საქმეები ებარა, ჩვენთან კი ქალბატონი ნინო მუშაობდა. მართლაც ძალიან მკაცრი იყო. რეპეტიციაზე რომ ჩავმწკრივდებოდით, გადალაპარაკებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, თავსაც ვერ მიაბრუნებდი სხვა მხარეს. როგორ დაგვსჯიდა? ან ძალიან მკაცრად გვეტყოდა, ან კონკრეტული ცეკვიდან გამოგვიყვანდა. მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, არც შენიშვნა დაგვემსახურებინა, არც დასჯამდე მიგვეყვანა საქმე...
GzaPress- ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა რომელი გქონდათ?
- ჯერ კიდევ ახალი გადასული ვიყავი სტაჟიორობიდან ანსამბლში და ქალბატონმა ნინომ და ბატონმა ილიკომ კარგად არც იცოდნენ ჩემი შესაძლებლობები. ამერიკის გასტროლიდან რომ დაბრუნდნენ, ერთ კვირაში თბილისის ოპერის სცენაზე ორი საანგარიშო კონცერტი უნდა გვქონოდა. პირველივე კონცერტის წინ ერთ-ერთი სოლისტი ცუდად გახდა. ქალბატონმა ნინომ იკითხა, ვის შეუძლია აჭარულის სოლოში "ტყუპი მუხლის" გაკეთებაო? მე-მეთქი, ვუთხარი და იქვე გავაკეთე ილეთი. ქალბატონმა ნინომ იმ საანგარიშო კონცერტზე ძმასთან ერთად სოლო მაცეკვა აჭარულში. ეს ჩემთვის საოცრება იყო. მერე კი, იმავე კონცერტის პირველი განყოფილების ფინალისას, მეგობარმა - მილერი ცირეკიძემ, რომელიც "მხედრულის" ცეკვისას ჰაერში ორ ტრიალს აკეთებდა, დაშვებისას მუხლი იტკინა. სცენაზევე შევთავაზე, მეორეს შენ მაგივრად გავაკეთებ-მეთქი და ქორეოგრაფებთან შეუთანხმებლად გავაკეთე ილეთი. კარგად გამომივიდა. სხვათა შორის, მაღალი ნახტომი მქონდა. ფარდა იხურებოდა, ბატონი ილიკოს ხმა რომ მომესმა, მოსია, მოდი აქო! კულისებში გავედი და, - ყოჩაღ, "სასტავში" ხარ, შვილო, ჩამომართვი ხელიო, - მომახარა. იქიდან მოყოლებული, ერთი მოგზაურობაც არ გამიცდენია - მალევე მოსკოვში წამიყვანეს, გასტროლზე... უცხოეთში, პირველ გასტროლზე ავსტრალიაში მოვხვდი, პირდაპირ სხვა კონტინენტზე და რამ გამაოცა, იცით? ტროტუარები გადახურული იყო და წვიმაში ქოლგაც არ გჭირდებოდა. მახსოვს, მაშინ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 3 თვის განმავლობაში 100 კონცერტი ჩავატარეთ და ხშირად ნომერს 2-3-ჯერ გვამეორებინებდნენ, რაც ფაქტობრივად, 200 კონცერტს უდრიდა...
- სხვისი ფეხის ტკენამ ძალიან იმოქმედა თქვენს ბედისწერაზე, თქვენთვის ფეხს არასდროს უმტყუნია?
- მსგავსი არაფერი მომხდარა. შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო კაცი, მაგრამ თუ საკუთარ თავზე არ იმუშავე, თუ არ ივარჯიშე, ვერაფერს მიაღწევ.
- ძმებ მოსიებს "მფრინავ მოცეკვავეებად" მოგიხსენიებენ. მანამდე ანსამბლში სამი ძმის ერთად ყოფნის ანალოგი იყო?
- არა. სხვათა შორის, თენგიზ სუხიშვილი ამ ფაქტს ყოველთვის აღნიშნავდა. თანაც, საინტერესო ის გახლდათ, რომ სამივე სოლისტი ვიყავით, თუმცა, რა თქმა უნდა, ანსამბლურ ნომრებშიც ვცეკვავდით, ეს კანონი იყო. მახსოვს, "მხედრულში" ხუთეული ვცეკვავდით და თან ორი სოლოც მქონდა. ერთხელ ქალბატონ ნინოს ვუთხარი, ხუთეულში არ ჩავდგები-მეთქი და კატეგორიული უარი მივიღე. სუხიშვილების ანსამბლში 10 წელიწადს ვიცეკვე და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო წლები იყო - ან როგორ ქორეოგრაფებთან ვიმუშავე, ან როგორი მოცეკვავეების გვერდით ვცეკვავდი - ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო!
სუხიშვილებიდან ლერი უფრო ადრე წამოვიდა, ხოლო მე და ჯემალი - თითქმის ერთდროულად. მე ფილარმონიაში გადავედი და ცალკე შევქმენი ჯგუფი - "ცერული", სადაც მოცეკვავეების ნაწილი პარალელურად ინსტრუმენტებზეც უკრავდა და ეს მაყურებელს ძალიან მოსწონდა. ამ ანსამბლით თითქმის ყოველ წელიწადს, ორ-სამჯერ მივემგზავრებოდით გასტროლზე უცხოეთში... რუსთავის ანსამბლშიც ვცეკვავდი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლშიც, ბუხუტი დარახველიძის ქორეოგრაფობისას, მაგრამ... ყველაზე შედეგიანი და დასამახსოვრებელი მაინც სუხიშვილების პერიოდი იყო - ასე ვთქვათ, სადაც დავიბადე, სადაც ფეხი ავიდგი და სადაც გავიზარდე! მაშინაც ხომ პირველი ანსამბლი იყო, არა მარტო საქართველოში, არამედ - მთელ საბჭოთა კავშირში, დღესაც პირველი ანსამბლია! იცით, რა მომწონს უმცროსი ილიკოსი? - მისი დადგმული ცეკვები მრავალფეროვანია. ზოგიერთი რომ ამბობს, ასე ცეკვა როგორ შეიძლებაო! - ძალიან კარგადაც შეიძლება. ჩვენ რომ მივედით ანსამბლში, ბიჭები ხუმრობდნენ ხოლმე, სულ სამი ილეთი იყოო. მერე და მერე ისე იზრდებოდა თითოეული მოცეკვავე, ქორეოგრაფებთან ერთად, თითოეული საკუთარ სტილს ამატებდა და ცეკვაც ვითარდებოდა. დიდი წვლილი შეიტანა ვახტანგ ჭაბუკიანმა საბალეტო ხელოვნებაში - მამაკაცის ცეკვა მან დაამკვიდრა, არადა, მანამდე ქალი და მამაკაცი ცეკვავდა, ფაქტობრივად, მისი "სტანოკი" იყო. აცეკვდა ჭაბუკიანი და ააცეკვა მთელი მსოფლიოს მამაკაცები.
- საბოლოოდ თქვენ მაინც მშობლიურ ზუგდიდს დაუბრუნდით, ხომ?
- რომ ჩამოვედი, მალევე, იმჟამინდელი ზუგდიდის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარედ ამირჩიეს, მერე, ეს ორი სფერო რომ გაიყო და სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე გავხდი, მას შემდეგ ეს წოდება არ დამიკარგავს. აქ ძალიან ძლიერი ანსამბლები დამხვდა. ერთ-ერთს - "ჩელას" მე ვხელმძღვანელობ.
- რაც აქ დავდივარ, ვხედავ, რომ ზუგდიდი და სამეგრელო (ქორეოგრაფიული ფესტივალის სახელწოდებას დავესესხები) მართლაც ქორეოგრაფიულ ფერხულშია ჩაბმული...
- და ამას ძალიან უწყობს ხელს ჩემი გამოზრდილი ახალგაზრდა ქორეოგრაფი, თქვენთვის კარგად ნაცნობი და საოცრად ენერგიული რომეო ბულია. იგი ადრე ჩემი მოცეკვავე იყო, ახლა კავშირში - ჩემი მოადგილეა. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ჩემს ანსამბლთან ვმუშაობ, გაგიკვირდებათ და, თვითონაც ვცეკვავ - ეს ვეტერანების ჯგუფი რეზო ბულიამ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო მამფორიას დიდი ხელშეწყობით ჩამოაყალიბა. რეზოს გარდაცვალების შემდეგ ამ ჯგუფს მისი სახელი ვუწოდეთ. ამ ანსამბლის მოცეკვავეთა შორის უხუცესი მე ვარ...
სხვათა შორის, ჩვეულებრივი პენსიონერებისგან განსხვავებით, დამსახურებულ პენსიაზე 1981 წელს, ახალგაზრდა გავედი, მაგრამ, პარალელურად, მაინც ვცეკვავდი, ამიტომ ხელფასიც მეძლეოდა. მერე, ასაკის პენსიის პერიოდი რომ მოვიდა, უკვე მხოლოდ ასაკობრივი პენსია დამიტოვეს, ხოლო დამსახურებისა - გამიუქმეს. ძალიან მწყდება გული, რადგან ეს არ შეიძლება, ასე არ უნდა ხდებოდეს. დამსახურებას რატომ უნდა მიკარგავდე? ასეთი რამდენი კაცი შეიძლება ვიყოთ შემორჩენილი, დამსახურების პენსიას რომ ვიღებდით და ასაკის პენსიაც რომ გვაქვს? 75 წლის კაცი ვარ, რამდენ ხანს ვიქნები დედამიწაზე, მუდმივად ხომ არ გამოვეკერები ცას?!
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნინო ბურნაძე "მის ტურიზმ ინტერნაციონალზე"
ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შრომის ფასი იცის
"საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო"
მერვე კლასიდან უკვე შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალიც მქონდა
"საინტერესო იყო ნაშენი ქვაბული - მიუვალი და შეუსწავლელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.