"ყველას უჭირდა, მაგრამ ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად... ნიუ-იორკში წასვლამდე გარდამეცვალა ბებია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა"
font-large font-small
"ყველას უჭირდა, მაგრამ ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად... ნიუ-იორკში წასვლამდე გარდამეცვალა ბებია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა"
ამბავი, რომელზეც ნაზი ჯანეზაშვილს ჯერ არასდროს უსაუბრია

დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალია პროფესიულ საქმიანობაში. ბავშვობიდან იბრძვის თავის დამკვიდრებისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის. როგორც თავად ამბობს, გაიზარდა ოჯახში, სადაც მატერიალურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ არ ჰქონდათ სიყვარულისა და ურთიერთთანადგომის დეფიციტი... ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი, დათო გამისონია და ორი შვილი: ხუთი წლის ზურა და ხუთი თვის ქრისტინა. არ უყვარს სიურპრიზები, რასთან შეგუებაც მის მეუღლეს ძალიან უჭირს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პირად
საკითხებთან დაკავშირებით პირველად ჟურნალ "გზასთან" საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ყველას უჭირდა, მაგრამ ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად. დედა საკონდიტროში მუშაობდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია. ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსია, ავტომანქანების ხელოსანია. დღეს ის ოთხი შვილის მამაა. იძულებული ვიყავი, არცთუ ე.წ.
პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მიმეღო იურიდიული განათლება. თუმცა ამას ნამდვილად არ დავჯერდი, უდიდესი ძალისხმევა მოვიკრიბე და ძალები არ დავზოგე, რომ პროფესიულად განვვითარებულიყავი. ჩემი ოჯახის ყოფითმა პრობლემებმა მეტი მოტივაცია მომცა, რომ მებრძოლა..."

"ნიუ-იორკში წასვლამდე გარდამეცვალა ბებია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა. სწორედ მისი გასვენების დღეს გავიგე, რომ კონკურსში გავიმარჯვე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9 აპლიკანტი აირჩიეს და მათ შორის მეც. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ამერიკა კიდევ სხვა, რაღაც განსაკუთრებული აღმოჩნდა..."

"ჩვენი შეხვედრისა და გაცნობის ამბავი ჩვენი ოჯახის წევრებმაც კი არ იციან. ეს ჩვენი, ორის საიდუმლოა. შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიული საქმიანობისას არ შევხვედრივართ ერთმანეთს. როდესაც დათო გავიცანი, საჯარო პირი არ ვიყავი, ის ერთ-ერთ გაზეთში მუშაობდა. ახლა ცნობილი გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია. ეს არის ადამიანი, რომლის ხელშეწყობითაც ბევრ რამეს მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია, დაქორწინებულები ვართ, თითქმის ყოველ საღამოს (თუ უცხოეთში არ ვარ) ერთად ვატარებთ, ოჯახში, ბავშვებთან იქნება ეს თუ სხვაგან..."

"ჩემთვის ზოგი ქართველი მოსამართლის კანონისადმი დამოკიდებულება გამაოგნებელია. სხვა ქვეყნებში ყველა განათლებული ადამიანი იბრძვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ქვეყნის განვითარებისთვის, მერე მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთეს გარემოში რომ იცხოვრონ. ასე არ ხდება აქ. ქვეყნებში, სადაც განვითარება უნდათ, პრობლემაზე ღიად საუბრობენ და ვითარების შესაცვლელად რეალურად იბრძვიან ან საერთოდ არაფერს აკეთებენ და პრობლემებზე არ ლაპარაკობენ..."

"მე მთელი ცხოვრება ვიბრძვი და წინააღმდეგობებს შეჩვეული ვარ. რთული პერიოდი იყო, როდესაც 8 თვის ორსული იუსტიციის საბჭოში მიმდინარე სხდომებზე მთელი დღის განმავლობაში გაუნძრევლად ვიჯექი. შესვენებაზეც კი არ გავდიოდი სადილზე იმის გამო, რომ საბჭოს მტრულად განწყობილ მოსამართლე წევრებს არ შევხვედროდი. მათთან კომუნიკაცია ისევ მე მაზარალებდა. ვიცი, როგორი ადამიანებიც არიან, ყველაფერზე წამსვლელები. ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ მიფიქრია უკან დახევაზე..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 28 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვა