ანტონ ბალანძივაძის სულიერ შიმშილსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე
font-large font-small
ანტონ ბალანძივაძის სულიერ შიმშილსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე
ანტონ ბალანჩივაძე ქართველ და მსოფლიოში მოღვაზე ხელოვანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს. წლების წინ მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ლუვრში, ვენაში - პიკასოს, სალვადორ დალის და შაგალის ორიგინალებთან ერთად. მხატვარი ჟურნალ "გზას" საკუთარ ამჟამინდელ მოღვაწეობაზე, ხედვებსა და მხატვრობის გარდა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა.

- რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ლუვრში გამოფენა მიღწევაა, თუმცა ძალიან რთულია ამ წარმატების გამეორება თუ გაუმჯობესება. ამ მხრივ ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- მაშინ ვამბობდი, რომ ლუვრი იმდენად ხმაურიანი სახელია, შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ამის იქით არაფერია. ასე არაა, მაგრამ იმ დროისთვის და გამოწვევებისთვის ეს ჩემთვის გამარჯვება იყო. მეუბნებოდნენ, რომ პირველი ქართველი მხატვარი ვიყავი, ვისი ნახატებიც იქ გამოიფინა. იმ პერიოდს დაემთხვა გამოფენები ევროპაშიც, რომელიც მოულოდნელობად და დიდ წარმატებად შეიძლებოდა, შეფასებულიყო. თუმცა, დღეს საქმე შინაარსში უფრო მგონია, ვიდრე - ფორმაში. "წარმატებების" კრიტერიუმები ხშირად არ ასახავენ რეალურ, პიროვნულ ზრდას. ხშირად ჩვენივე ბუნდოვანი მისწრაფებების ტყვეობაში ვართ და ნაცვლად იმისა, რაც სინამდვილეში უნდა ვაკეთოთ, სხვის სურვილებს და ამოცანებს მივდევთ, რათა აღიარებულები ვიყოთ. მაშინ ვენაში ჩემი ნამუშევრები პიკასოს და შაგალის გვერდით ვნახე გამოფენილი და მივხვდი, რომ ამიერიდან ავტორიტეტების ერთგვარი წნეხი მოიხსნა, გარეგნულად აღარაფერია საძებნელი და მხოლოდ საკუთარ თავთანაა სამუშაო.
GzaPress- ბოლო გამოფენა თბილისის ურბანულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გქონდათ. სოციალურ კონტექსტს რამდენად ითვალისწინებთ თქვენს ნახატებში და საერთოდ, ეს რამდენად უწყობს როგორც თქვენ მიერ ნახსენები გარეგანი, ისე - შინაგანი "წარმატების" მიღწევას?
- ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გამწვანების პრობლემა საქართველოში აქტიურად დადგა. "ბაღები" ბაია გალერეას პროექტი იყო. რამდენიმე წელი ვმუშაობდი. დღეს ადამიანი წყდება ბუნებას, ყველაფერზე უფრო გამოყენებითი კუთხით ფიქრობს და ეს განცდების სიფაქიზეს ხელს არ უწყობს. რეალობას იმას ვეძახით, რასაც ფიზიკურად ვხედავთ, და გონებრივ და სულიერ აქტივობას რეალობად აღარ მივიჩნევთ, არადა, ეს შეიძლება, მეტადაც კია სინამდვილე. როდესაც ადამიანი ვითარდება და სხვებით ინტერესდება, ის სახლებსაც უფრო დახვეწილს აშენებს, ლანდშაფტისა და მიზნობრიობის შესაბამისს და არქიტექტურაც აღარ არის ისეთი პრიმიტიული, როგორიც დღეს გვაქვს. ეს კოპრუსები - გაცოცხლებული ჩვენივე სურვილებია და ვხედავთ, როგორი უშნო სურვილები გვაქვს, რაზე ვფიქრობთ, რითი ვცხოვრობთ.
- ყველაზე მეტად რომელი მიმართულება მოგწონთ მხატვრობაში და რატომ?
- ბევრი მხატვარი მყვარებია, ამჟამად რემბრანტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, უკვე დაახლოებით 10 წელი იქნება. სადაც მისი ნამუშევრები გამოიფინება, ვცდილობ, იქ წავიდე - ყოფილა ისე, გამიყიდია მანქანა და მოგზაურობაში ასე წავსულვარ.
- თქვენი აზრით, საქართველოში როგორია დაინტერესება მხატვრობის მიმართ - უფრო მეტი უნდა იყოს თუ არ შეგვიძლია, ასე ნორმატიულად შევაფასოთ?
- მგონი, ყველაფერი გეგმაზომიერადაა. სამწუხაროდ, საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში ადამიანები აგებენ სისტემებს და ჰგონიათ, რომ თავად ეს გადაარჩენს ყველაფერს. მხატვარი არის ის, ვინც სისტემურად არ აზროვნებს, მაგრამ მის ირგვლივ ყველაფერი ცოცხლობს.
- თქვენს ნამუშევრებში რელიგიური მოტივებიც იგრძნობა. რელიგიური ადამიანი თუ ხართ და რისი გწამთ?
- მგონია, რელიგიები ამ სიტყვის კონფესიური, ვიწრო გაგებით უფრო დაკარგავენ აქტუალურობას, ეს სამწუხაროცაა , მაგრამ გასაგებიც, რადგან შესაძლოა, მათ უნდა დაკარგონ კიდეც უპირობო მნიშვნელობა, რათა ადამიანმა იპოვნოს დამოუკიდებელი გზა სულიერი სამყაროსკენ. სიბრძნე, რასაც რელიგიები გვასწავლის, ადრე თუ გვიან უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების შინაარსი. სხვანაირად აღმსარებლობას ვერ ექნება გავლენა. მაგალითად, მართლმადიდებელი რუსი ერი მილიტარისტული პროპაგანდის მარწუხებშია მოქცეული და საბოლოოდ ეს მათთვისაც და ჩვენთვისაც ტრაგედიად გადაიქცა. რუსები ნაციონალურის პატრიოტებად იქცნენ და ზნეობრივი, ქრისტიანული ღირებულებების მაგივრად, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მისდევენ. ეს მძლავრად იგრძნობა საქართველოშიც. მგონია, უნდა ვეძებოთ სწორედ ადამიანები და არა - ეროვნებები ან კონფესიები. ვინც ქრისტიანულ საქმეს აკეთებს, ისაა ქრისტიანი, თუნდაც ბუდისტი ან ინდუიზმის მიმდევარი ეგონოს თავი. ჩვენს ქვეყანაში ასეთი თანაცხოვრების და ტოლერანტობის დიდი ტრადიცია არსებობს, ამიტომ ჩემთვის ადამიანთა რწმენა იმაში გამოიხატება, რა ფასეულობებით ცხოვრობს ის.
- თქვენი აზრით, მხატვრობაში და ზოგადად ხელოვნებაში, ნიჭი უპირატესია თუ - შრომა? არის შესაძლებელი, მან, ვისაც ხატვა არ შეუძლია, დროის განმავლობაში ის ძალიან დახვეწოს?
- ერთისთვის რაც შრომის საკითხია და წლები შეიძლება გაგრძელდეს, მეორესთვის შესაძლოა ბავშვობიდანვე, ზედმეტი წნეხის გარეშე იყოს ხელმისაწვდომი. ნიჭი შრომის მოტივატორი უნდა იყოს. როდესაც მოცარტზეა საუბარი, ან რაფაელზე, სიტყვა ნიჭი აქ "გენიით" უნდა ჩავანაცვლოთ. მხატვრობა უფრო ჰორიზონტალად წარმომიდგენია, სადაც არავის ჯობნაში არ არის საქმე. როგორც ყველა სიტყვას თავისი როლი აქვს წინადადებაში, ასეა აქაც.
- თქვენი ნახატები ცოტა უცნაურიც არის - მაგალითად, ადამიანს კისრიდან ეწყება ფეხები. რატომ გაქვთ არჩეული ასეთი ფორმები?
- მგონია, რომ ადამიანს თუ იმის სჯერა, რასაც აკეთებს, შეუძლია, სხვაც დაარწმუნოს ამაში. ალბათ, ის კანონები, რითიც ის ხელმძღვანელობს ხატვისას, ლოგიკას არ ექვემდებარება. დღეს რეალიზმის, არსებულის გამეორების ფუნქცია ფოტოაპარატმა შეითავსა. ნატურალიზმისკენ სწრაფვა შემოქმედებითი არაა, ეს ხელობაა. უამრავი ნიჭიერი და გულახდილი, გამბედავი ადამიანი ფერწერას თავს ანებებს და თანამედროვე, კონცეპტუალურ ხელოვნებაში ეძებს ახალს, თუმცა აქ საფრთხეცაა ბევრისთვის, ვინც ფერწერისთვისაა მოწოდებული. მჯერა, ფერწერას თავისი დიდი მომავალი აქვს. არ შეიძლება, მასზე უარი ვთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი გზა ჯერ არაა გახსნილი, მთავარია, ის ვიპოვნოთ.
- ციფრულმა ხატვამ ხომ არ ჩაანაცვლა ფუნჯით მხატვრობა?
- ეს ვერასდროს მოხდება. ეს იგივეა, ციფრულმა შეყვარებულმა ჩაანაცვლოს არსებული. ფიზიკურად ნამუშევარს, რაც ჩვენს წინაშეა, ზემოქმედების ძალიან დიდი უნარი აქვს. ვინც კარგად დააკვირდება, მიხვდება, რომ განუმეორებელი რამ ხდება ადამიანსა და ტილოს შორის.
- დღევანდელ დღეს დიდი ფასი აქვს აბსტრაქტულ ტილოზე ფერების უბრალოდ მისხმით მიღებულ ნახატებს. ამაზე რას იტყვით?
- ჯექსონ პოლოკი, რომელიც ასე ასხამდა საღებავებს ტილოზე, დღეს აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მარსელ დიუშანმა, ენდი ვორჰოლმა და სხვებმა აჩვენეს, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ყველაფერი პირობითია. მათთვის ხელოვანი ისაა, ვინც თამაშობს, ვინც მოქნილია სიახლისთვის, ახალი აზროვნების ფორმებისთვის, სტერეოტიპების ნგრევისთვის, გლობალიზაციის გამოწვევებზე ფიქრისთვის და არა ის, ვინც ძველ ფორმებს მისდევს გაუაზრებლად. საერთოდ პოპარტიც, ვიდეო არტიც, ინსტალაციებიც და რაიმე მოძრავი ობიექტებიც კონკრეტული საზოგადოების დაკვეთაა. რამდენნაირი საზოგადოებაც არსებობს, იმდენნაირი და ისეთივე ესთეტიკის ხელოვნების ნიმუში პასუხობს მათ მოთხოვნებს. ყველა შემოქმედებითი გამოხატვის ფორმა საინტერესოა, თუ უკან იგრძნობა სათქმელი. თუმცა ყოველთვის ჩანს, სად არის სიყალბე. სიახლე დღეს არ უნდა იყოს თვითმიზანი, მიზანი უფრო თვითგანვითარება მგონია, ხოლო სიახლე მაშინ მოდის, როდესაც ადამიანს ახალი სათქმელი უჩნდება.
- სხვა თემებზე გადავიდეთ... თქვენი აზრით, სოციალურად საქართველოში რა მდგომარეობაა - მართლა მივდივართ თუ არა წინ?
- რამდენადაც კეთილშობილი, ამაღლებული და ზნეობრივი სურვილები აქვს ერს, მით უფრო ვითარდება ყველა დარგი. გლობალიზაციის პირობებში ტემპი აჩქარდა, ადამიანი უფრო მატერიალიზდება ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ. ნამდვილი დემოკრატიის არსებობის არ მჯერა, ეს ილუზიაა. ქართული საზოგადოება დღეს საერთაშორისო პოლიტიკის მძევლის მსგავსადაა. ჩვენი ამოცანაა, განვვითარდეთ და გავნათლდეთ. დღეს სამწუხაროდ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება ლამაზი ფასადია, რომლის მიღმაც ჩვენ ჩვენ ქვეყანას თავად ვერ ვქმნით.
GzaPress
- დიახ, მაგრამ რამდენიმე წლის წინანდელ მდგოამრეობაზე უკეთესი ვითარება ხომ არის?
- სულიერი გაგებით არა. ჩვენი ქვეყანა დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია. 20-30 წლის წინანდელზე გაცილებით უარესი სიტუაციაა შინაარსობრივად, რადგან იდეოლოგიური ღერძი აღარაა. ქართველი ხალხი გადაგვარების ხიფათის წინაშეა. თუ ადრე უშუქობა, სიცივე, გასაჭირი იყო, - სამაგიეროდ იყო რეალური მოლოდინი, იმედი, მიზანი. ჩვენი ამოცანაა, ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ სულიერ მისიაზე მსოფლიოში. ძალიან იმოქმედა, როცა ახალდანიშნულმა კულტურის მინისტრმა დაახლოებით ასე თქვა - დავაფინანსებთ მხოლოდ ისეთ პროექტებს, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოიტანსო. კულტურა მეცენატურ მიდგომას საჭიროებს და ბეთჰოვენმა რომ რამე ღირებული დაწეროს, საშუალება უნდა მისცე, მაგრამ შეიძლება, საუკუნე გავიდეს, სანამ ეს მოგებას მოიტანს. საერთოდ, როდესაც დასავლელი პარტნიორები გვირჩევენ რაღაცას და ჩვენ ამას ვასრულებთ, - ჯერ ხომ უნდა გავარკვიოთ, თავად ჩვენ რა გვინდა? შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაც არის კარგი ევროპელის გადმოსახედიდან, ჩვენთვის დამანგრეველია. პრორუსები და პროდასავლელები, "ნაცები" და "ქოცები" - ხომ ტრაგედიაა ერის ასე დაყოფა... გამოსავალი იმაში მგონია, რომ თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს, რა სიკეთე შეიძლება გააკეთოს მეორე ადამიანისთვისა და ქვეყნისთვის. სულ ვიტყუებით, არამარტო მედიაში და პოლიტიკაში, არამედ საკუთარ სახლებშიც და საკუთარ თავთანაც. არა ტყუილს - აი ასეთი უნდა იყოს ლოზუნგი , რომლითაც დაიწყება სვლა იმ მიზნისკენ, სადაც დაიძლევა სულიერი შიმშილი, ნაყოფიერი გახდება პოლიტიკაც და ხელოვნებაც.
- პოლიტიკაზე რომ გადავიდეთ. თქვენი აზრით რატომ ხდება, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები? ერთი მხრივ, ამის "შემოქმედები" რატომ თვლიან, რომ იმოქმედებს ეს საზოგადოებაზე და მეორე მხრივ, მართლაც, რატომ მოქმედებს?
- ეს ყველაფერი კატასტროფულად მეჩვენება. ვინც ამას ავრცელებს, ის რა ადამიანია? ეს არის ყველაზე მდაბიო საქციელი და ბრძოლის ფორმა. ამავდროულად როგორც გავიგე დაიჭირეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები სწორედ ასეთი კადრების ნახვისთვის. საოცრად აბსურდულ და სამწუხარო მოვლენებთან გვაქვს საქმე.
- სხვა მოვლენებზე, მაგალითად, მოსამართლეების სიაზე თუ მამალაძის ამბავზე რას იტყვით? საერთოდ, გაქვთ უსაფრთხოების შეგრძნება?
- ციანიდი რომ ეკლესიასთან მიმართებაში იქნა მოხსენიებული, ეს ფაქტი ეკლესიაში არსებულ დიდ კრიზისზე მიუთითებს. რაც შეეხება მოსამართლეების ამბავსა და უსაფრთხოებას, არა მგონია, მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც ეს გვარები ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება, ეს სიხარულისა და უსაფრთხოების განცდის გამომწვევი იყოს. არ შეიძლება, რომელიმე ადამიანს ვინმემ ხაზი გადაუსვას და შანსი არ მისცეს, მაგრამ როდესაც ასეთ სენსიტიურ ამბავს ეხება საქმე, ხელისუფლების ასეთი არჩევანი მის მიმართ უნდობლობის მეტს არაფერს არ აჩენს.
- თქვენი აზრით, წლები ხომ არ აჩვენებს, რომ ჩაკეტილ წრეში - მუდმივად ერთი ადამიანის მმართველობის ვითარებაში ვართ? და ამის გამო ხომ არ იბლოკება ახალგზრდა პოლიტიკოსების პოტენციალი?
- მგონია, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსის დადებითი და დამოუკიდებელი როლი შეიძლება არსებობს, მაგრამ მცირეა, უარყოფითი როლის თამაშის შესაძლებლობა კი გაცილებით დიდია. პოლიტიკაში რამის დადებითისკენ შეცვლა მხოლოდ თავგანწირვით არის შესაძლებელი. ვხედავთ სურვილებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს უნდათ კარგის გაკეთება, მაგრამ სისტემურად ეს არ გამოდის, რადგან ბრძოლის ველი სხვაგანაა და მათ ამის დანახვა არ სურთ. ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება სისტემას არა, ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, ვინც ჯერ მოიპოვებს ძალაუფლებას და შემდეგ საკუთარი სურვილით გადასცემს ხალხს. სფეროებს, ინიციატივებს, მოქალაქეების პოტენციალს უნდა ხელშეწყობა და გამოყენება. ასე გაიზრდება ახალი თაობები სამშობლოში და არ მოუწევთ ბედის საზღვარგარეთ ძიება. აუცილებელია საკუთარი ქვეყნის შენებაში მონაწილეობის განცდის მიცემა ადამიანებისთვის.
- ვიცი, რომ ირაკლი კობახიძესთან მეგობრობთ. მასზე რას იტყვით?
- ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, კლასელები ვართ, დიდი ხანია, ერთად მოვდივართ. ძალიან კარგი იუმორი აქვს, ტელევიზორში კი პირიქით ჩანს. ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა გაიყო, ბოლო წლებში კონტაქტი იშვიათია და მას უკვე სხვა, პოლიტიკოსის ცხოვრება აქვს. ვფიქრობ, ბევრი რამ გამოიარა, მათ შორის ალბათ სირთულეები და ფსიქოლოგიური სტრესები. ვიცი მისი შესაძლებლობები, მას შეეძლო და ახლაც შეუძლია, სხვადასხვა დარგში მართლაც შეიტანოს სინათლე. მაგრამ შიგნით რაღაც ხდება, ეს მოჯადოვებული წრეა და მგონია, მხოლოდ თავგანწირვით და ადამიანების მიმართ დიდი სიყვარულით შეიძლება, ვინმემ თავისი დადებითი როლი გამოავლინოს. ირაკლი პატრიოტია და ვნახოთ, ჯერ ბევრი რამე წინაა, იმედია ღირებული და კარგი ჩანაფიქრები მალე შეცვლიან ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც ყველაფერს უკეთესობისკენ.
ეკა აბაშიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.