გოგონა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდა
font-large font-small
გოგონა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდა
მარიამ ტატუნაშვილი 20 წლისაა. საბრძოლო სახეობებით წლების წინ, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაინტერესდა და ვარჯიშიც დაიწყო. მარიამს ტიტულები აქვს კიკბოქსინგში, მნიშვნელოვანი შედეგები - კრივში და შერეულ ორთაბრძოლებშიც მონაწილეობს. ყველგან და ყოველთვის საქართველოს სახელით ასპარეზობს და როგორც ამბობს, ეს მისთვის განსაკუთრებულად საამაყოა. ახალგაზრდა სპორტსმენის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან წელს, იანვარში შერეულ ორთაბრძოლებში ირანელი მეტოქე დაამარცხა. შვედეთიდან ახალი დაბრუნებული იყო, როცა ინტერვიუსთვის დავუკავშირდი და სანამ აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებდით, ვთხოვე, თავი გაეცნო.


- წარმოშობით ახალგორიდან ვარ, ყანჩავეთში დავიბადე და ომამდე იქ ვცხოვრობდი. მას შემდეგ გორში გადავედი. დეიდასა და ბიძასთან ვცხოვრობ, მათ ჩემს მშობლებად აღვიქვამ და დედ-მამას ვეძახი.
- თქვენი მშობლები სად არიან?
- დედისერთა ვარ. მშობლები ერთმანეთს დაშორებულები არიან. ომის შემდეგ დეიდასთან დავიწყე ცხოვრება და ამავე პერიოდიდან ვვარჯიშობ.
- რატომ და როგორ გაგიჩნდათ ინტერესი საბრძოლო ხელოვნებისადმი?
- ომის შედეგად ძალიან განაწყენებული და გაბრაზებული ვიყავი. ერთ დღესაც ტელევიზორში შემთხვევით ვნახე ბრძოლა და მაშინ ვუთხარი მამაჩემს ანუ ბიძას, რომ მეც მინდოდა სპორტზე მევლო. გორში მან ერთი სექცია - კიკბოქსინგი ნახა და იქ მიმიყვანა. თავიდან ცოტა მორიდებულად ვიყავი, მაგრამ მერე შევეჩვიე. ადრეც და ახლაც ბიჭებთან ერთად მიწევს ვარჯიში. მას შემდეგ ვვარჯიშობ და ვცდილობ, ჩემი წყენა თუ ბრაზი ამ საქმით "ამოვიღო". სპორტის ამ სახეობაზე ჩემ გარშემო და ოჯახშიც არავინ არაფერი იცოდა, პირველი მე ვიყავი. წლების განმავლობაში ჩემი მწვრთნელი არჩილ ჯეირანაშვილია, მასთან დავიწყე მომზადება და ახლაც ის მავარჯიშებს.
- ძლიერი ფიზიკური მომზადება სჭირდება თქვენს საქმეს...
- დიახ, გადატვირთული რეჟიმი მაქვს. დილას 7 საათზე პარკში დავრბივარ და ვვარჯიშობ. 11 საათზე ძიუდო მაქვს, 3 საათზე კიკბოქსინგი, ზოგჯერ საღამოსაც ვვარჯიშობ ისევ კიკბოქსინგში და ა.შ. კვების თვალსაზრისითაც საჭიროა ხელშეწყობა. შეჯიბრების წინ აუცილებლად ვაკონტროლებ წონას. ახლა 65 კილო კატეგორიით ვასპარეზობ. რახან ეს პასუხისმგებლობა მაქვს, ყველანაირად ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო.
GzaPress- პირველი წარმატება რა ასაკში მოვიდა?
- ჩემი სპორტული კარიერა კიკბოქსინგით დაიწყო, პირველი წარმატება 2010 წელს მქონდა, თუმცა სპორტის ამ სახეობაში თითქოს ამოვწურე შესაძლებლობები. 6-ჯერ ვარ საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული. კავკასიის თასიც მოვიგე. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავიღე. შემდეგ კრივზე გავაკეთე აქცენტი და 1 წელია, ამ მიმართულებით ვცდილობ განვვითარდე. რაც შეეხება შერეულ ორთაბრძოლებს, სამ ბრძოლაში ვმონაწილეობდი და აქედან ორი მოვიგე. ვცდილობ, ყველგან მოვსინჯო ძალები.
- შერეულ ორთაბრძოლაში ყველაზე დიდ წარმატებად რა მიიჩნევა?
- 16 წლის ვიყავი, როდესაც კიკბოქსინგში 30 წლის ძლიერ მეტოქეს, მსოფლიოში წამყვან იტალიელს დავუპირისპირდი და 5-რაუნდიანი ბრძოლა გავმართე. მართალია, დავმარცხდი, მაგრამ ვაჟკაცურად ვიჩხუბე და ამ ბრძოლამ სახელი გამითქვა. თან როცა გაიგეს, რომ მაშინ 16 წლის ვიყავი, საქართველოსა და ევროპაშიც აიტაცეს ეს ბრძოლა და ყველგან ამაზე ლაპარაკობდნენ. სწორედ ამის შემდეგ მომაქციეს ყურადღება და შემოთავაზებებიც მივიღე.
- ასეც იქნებოდა, რადგან შერეული ორთაბრძოლები განსაკუთრებით პოპულარულია საზღვარგარეთ. ალბათ არაერთი მიწვევა გაქვთ, რომელიმეს ხომ არ განიხილავთ?
- შემოთავაზებები მაქვს როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან, მაგრამ სადმე გამგზავრება ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ვარჯიში და საზღვარგარეთ საქართველოს სახელის გატანა. ჯერ არსად წასვლა არ მინდა და სამომავლოდ ვნახოთ.
- წელს იანვარში ირანელი მეტოქე რომ წამებში დაამარცხეთ, ამაზე დიდხანს ლაპარაკობდნენ...
- დიახ, 20 წამში დავამარცხე. ამ ფაქტს დიდი აღტაცება მოჰყვა. ის ჩემზე 16 კილოგრამით მძიმეა და მიუხედავად ამისა, ბრძოლაზე უარი არ ვთქვი. შერეულ ორთაბრძოლებში ძიუდოს ილეთებიც მეხმარება. გორში ძიუდოშიც ვემზადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეგონა, ზაჰრასთან უფრო მძიმე ბრძოლა მექნებოდა, მაგრამ თავიდანვე კარგად მოვარტყი და შემდეგ, ამან განსაზღვრა ბრძოლის ბედი.
- რამდენი ხნით ადრე იცით, ვისთან გიწევთ ბრძოლა? მის მონაცემებს რომ ეცნობით, შეგიძლიათ უარი თქვათ და სხვა მოწინააღმდეგე აირჩიოთ?
- ჩხუბზე უარი არასოდეს მითქვამს. რა თქმა უნდა, უარის თქმის საშუალება არის, მაგრამ ჩემთვის დიდი გამოცდილებაა ძლიერ ოპონენტთან ბრძოლა.
- წარუმატებელ გამოსვლებზე როგორ რეაგირებთ?
- აღარ ვღელავ, ბავშვობაში განვიცდიდი, მაგრამ ახლა შევეჩვიე. არა აქვს მნიშვნელობა, გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები. ვცდილობ, თავი კარგად წარმოვაჩინო, ხალხს მოეწონოს ჩემი ბრძოლა და დაამახსოვრდეს. ოპონენტების არ მეშინია, ბრძოლის შემდეგ მათთან მეგობრობასაც ვაგრძელებ და დღეს ყველა მეტოქე ჩემი მეგობარია.
- რა გატაცება გაქვთ?
- ვხატავ ხოლმე. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მირჩევნია, მშობლებთან გავატარო და ჩემთვის ის საათები დაუვიწყარია.
- მეგობრები როგორ გაფასებენ ან თუ გთხოვენ 1-2 ისეთი ილეთი ასწავლოთ, რომ თავის დაცვა შეძლონ?
- კი, ასეთი თხოვნები ხშირად მომისმენია. ხუმრობაში ვუტარებ. არ მიყვარს უცნობ ადამიანებთან თუ მეგობრებთან ჩემზე და ჩემს წარმატებებზე ლაპარაკი. როცა რომელიმე სიუჟეტს ნახავენ და სტატიას წაიკითხავენ, მეტყვიან, რატომ არ გვითხარიო. მე ხომ არ დავიწყებ ჩემს თავზე ლაპარაკს და ხომ არ მოვყვები, აქ ვიბრძოლე და ესა და ეს ბრძოლა მოვიგე-მეთქი?!
- თავად თუ გამოგიყენებიათ ქუჩაში თქვენი უნარები, ქურდობის ან ძალადობის ფაქტებს ხომ არ შესწებიხართ?
- არა, არ გამომიყენებია და არასოდეს დამჭირვებია.
- ამ ეტაპზე რა არის თქვენი მიზანი?
- თითქმის ყოველთვე მიწევს ბრძოლა და ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ვემზადები. ახლა ჩემი გეგმები მხოლოდ პროფესიონალურ კრივში ყოფნას უკავშირდება.
- სკოლა რომ დაამთავრეთ, უმაღლესში თუ ჩააბარეთ?
- ვერ მოვახერხე, რადგან საქართველოში არ ვიყავი და მომზადება ვერ მოვასწარი. მომავალ წელს ვაპირებ. მინდოდა იურიდიულზე მესწავლა, ექსპერტ-კრიმინალისტი გამოვსულიყავი, მაგრამ ბოლო ხანს ინტერესები შემეცვალა და მინდა განათლება ტურიზმის მიმართულებით მივიღო.
- თქვენი სპორტული კარიერიდან გამომდინარე, არაერთ ქვეყანაში იქნებოდით ნამყოფი, ყველაზე მეტად რომელმა მოგხიბლათ?
- ამერიკაში არ ვყოფილვარ, თუმცა აზია და ევროპიდან ბევრი ქვეყანა მომეწონა. თუ დასახელებას მთხოვთ, ალბათ ესპანეთი. იქ სალმიანი, მხიარული, ენერგიული ხალხია.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.