იმერელი დათა თუთაშხია ბათუმსა და ნიკარაგუაში ბინებს ათამაშებს
font-large font-small
იმერელი დათა თუთაშხია ბათუმსა და ნიკარაგუაში ბინებს ათამაშებს
კოტე თაბაგარი, მეტსახელად "დათა თუთაშხია" იმერელი კაცია - ხალასი იუმორით სავსე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული. 38 წელია, ერთ საქმეს ემსახურება - ავტობუსის მძღოლია და მგზავრების მიმართ განსაკუთრებით ხალისიანი დამოკიდებულება აქვს. თუ ოდესმე მოგიწევთ 37 ნომრით მგზავრობა, გარწმუნებთ, რომ არასდროს დაგავიწყდებათ.


- ბატონო კოტე, გაგვეცანით, სადაური კაცი ბრძანდებით, რა პროფესიის?
- ზესტაფონის სოფელ შროშიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ჩვენ ვყოფილვართ თავდგირიძეები, გურულები. მერე გვარი გადაუკეთებია ჩემს წინაპარს და იმერეთში გადმოსახლებულა. სკოლის პერიოდში ფეხბურთის თამაში მიყვარდა და გაკვეთილებზე სულ ვაგვიანებდი ხოლმე. სწავლაზე მეტად სპორტი მაინტერესებდა. ჩემი ნათლია სპორტული ბაზის დირექტორი იყო და მეუბნებოდა, წამოდი ჩემთან, შენგან კარგ ფეხბურთელს დავაყენებო, მაგრამ მშობლები ვერ მივატოვე. ნაბოლარა შვილი ვიყავი და შენ უნდა გვიპატრონოო, სულ ამას მეუბნებოდნენ. გეოლოგებთან დავიწყე მუშაობა მძღოლად, უფროსს ვატარებდი. ლესელიძეში ვიქირავეთ ბინა და კარგა ხანს იქ ვიყავი. ერთხელ ჩემი ბიძაშვილი შემხვდა, თბილისში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მუშაობდა მძღოლად, რენტგენის მანქანაზე. მან მირჩია, თბილისში წამოვსულიყავი სამუშაოდ. 1982 წელს მართლაც წამოვედი და ავტობუსის მძღოლად დავიწყე მუშაობა. 26 წლის ვიყავი მაშინ, 7 წელი ვიმუშავე ხელშეკრულებით, მერვე წელს ბინაც მივიღე და ცოლიც მოვიყვანე. ბაღის მასწავლებელია, სვანია, უცხოელი (იცინის).
- სად გაიცანით, თქვენი მგზავრი ხომ არ იყო ისიც?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა ჩემი მგზავრი იყო. წელიწად-ნახევარი დამჭირდა, რომ დამეთანხმებინა, უარს მეუბნებოდა. ბოლოს მეგობარს შევუთანხმდი, დავხვდით და მოვიტაცეთ. ჩემმა ქვისლმა მითხრა, სვანი რომ მოიტაცე, არ გეშინოდაო? ჩემს მეუღლეს 6 დედმამიშვილი ჰყავს და მართლაც იოლად გადავურჩი სვანების რისხვას. 2 შვილი და 2 შვილიშვილი გვყავს - გოგო იტალიაშია გათხოვილი, ბიჭიც დაცოლშვილებულია. სხვათა შორის, იტალიაში ვიყავი შვილის ქორწილში და იქაც კარგი სახელი დავტოვე (იცინის). იქ ყველა გიღიმის, გიცნობს თუ არა, ყველა "გამარჯობას" გეუბნება.
- ისეთი ხალისიანი ხართ, კაცი იფიქრებს, არაფერი აქვს სადარდებელიო...
- ბევრი გაჭირვება გამომივლია, მაგრამ სიცოცხლის სიყვარული არასდროს გამნელებია. ვცდილობ, ყველას პოზიტივი შევმატო, გავაცინო, კარგ განწყობაზე დავაყენო. ვიცი, რომ სახლიდან ყველას მოჰყვება რაღაც სადარდებელი. დარდის გარეშე, აბა, ვინ არის, მაგრამ ასე ხომ ვერაფერს ვუშველით ჩვენს გასაჭირს?
GzaPress
- ტექსტებს, რომლითაც თქვენს მგზავრებს ამხიარულებთ, ექსპრომტად იგონებთ?
- ასეა, აი, მაგალითად: ჩვენთან სიახლეა, ბატონებო და ქალბატონებო, ყოველი 100 გაყიდული ბილეთიდან 3 არის მომგებიანი, ასე რომ, იჩქარეთ - თქვენ იგებთ ბათუმში სამოთახიან ბინას, ნიკარაგუაში კი - ოთახნახევრიანს. მერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ ღიმილი გადაარჩენს მსოფლიოს! ან ასეთი: ჩვენთან ახლა ამოვლენ დაუპატიჟებელი სტუმრები, კონკრეტულად, 2 ცალი კონტროლიორი. შევდივარ მარჯვენა მოსახვევში - გადაიხარეთ მარცხნივ, ისე, როგორც მე ვაკეთებ, მერე მარჯვნივ, ლაითად. ასე ვაცეკვებ კიდეც მგზავრებს, განსაკუთრებით ვარაზის ხევზე ასვლისას. ვიდრე გაჩერებას მივუახლოვდებით, ვკითხულობ ხოლმე: ჩადიხართ გაჩერებაზე თუ ჩავიქროლო ქორივით, ტაიფუნივით ან ქარიშხალივით? აბა, რას აკეთებთ, არ ემზადებით ჩასასვლელად? თუ ჩადიხართ, გადახედეთ ადგილს, სადაც ისხედით, სადაც იდექით, რამე არ დაგრჩეთ, დაკარგულს ვეღარ იპოვით და ა.შ. მგზავრებს იმიტომ ვაფრთხილებ, რომ ბევრი უყურადღებოდაა, ჩასჩერებიან ტელეფონებს და სხვა არაფერი ახსოვთ, რამდენჯერ ნივთი დავიწყებიათ. თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილზე სანამ ჩავალ, ვამბობ: ახლა გადავდივართ დარიალის ხეობაზე. დაიმაგრეთ თავი, არ ვიცით, როდის დაგვჭირდება მუხრუჭი. ჩასვლისას ღიმილი იქონიეთ სახეზე, რადგან იქ ფარული კამერა და კონტროლიორები დაგხვდებიან. ერთხელაც, ბოლო გაჩერებაზე რომ მივედით, ვიღაცამ ფოტო გადამიღო და ფეისბუკზე დადო. თან დაწერა, რომ ასე ვამხიარულებდი მგზავრებს და ატყდა ერთი ამბავი, უფროსობის ყურამდეც მივიდა და მადლობაც გადამიხადეს. მერიაც დაინტერესდა, სიუჟეტს მოვამზადებთო. ცოლი კი მეჩხუბება, დაბერდი და რით ვერ დაანებე თავი ამ მასხარაობასო. რა ვქნა, მინდა, რომ ცოტა ხანს მაინც დავავიწყო ადამიანებს თავიანთი დარდი; რომ გავახალისო და მათ ფიქრი ყოველდღიური საზრუნავიდან სხვა რამეზე გადავატანინო, თორემ პრობლემების მეტი რა მაქვს? თუ ცხვირი ჩამოუშვი და გულზე ხელები დაიკრიფე, ამით რას მიაღწევ?
- დათა თუთაშხიას რატომღა გეძახიან?
- ალბათ თვალებით მამსგავსებენ ოთარ მეღვინეთუხუცესს და ამის გამო მეძახიან დათა თუთაშხიას, ბევრჯერ უთქვამთ. ერთხელ ლესელიძეში, კლუბში რუსი გოგონები ისხდნენ ჩემ წინ. ერთ-ერთი შემომიტრიალდა და მკითხა, თქვენ ფილმში თამაშობთო? მეც შევიფერე, კი-მეთქი. მას შემდეგ თანამშრომლებიც თუთაშხიას მეძახდნენ და ეს მეტსახელი დღემდე შემომრჩა - ყველა ასე მიცნობს, მგონი, ჩემი სახელი აღარც ახსოვთ.
- როგორ ინარჩუნებთ სიმშვიდესა და ასეთ ხალისიან განწყობას მაშინ, როცა ჩვენი ქალაქის ქუჩებში წესებს ნაკლებად იცავენ? არ ბრაზდებით?
- პროფესიონალი მძღოლი ვარ, მაგრამ დღეს მართლაც ისეთი რამ ხდება ქუჩებში, მარტო პროფესიონალიზმიც ვერ გიშველის. იქ ტაქსი ჩაგიჭრის უხეშად, იქ ახალბედა მძღოლი, ამ დროს იძულებული ხარ, მკვეთრად დაამუხრუჭო, რაზედაც მგზავრები პრეტენზიებს გამოთქვამენ. რას შვრები, რა მიგაქვს, რატომ მაჯანჯღარებ? ვეუბნები, შეხედე, შე დალოცვილო, რა უნდა მექნა-მეთქი? მძღოლს თავში ცოცხალი კომპიუტერი გაქვს, წამში ყველაფერი უნდა გათვალო. 64 წლის ვარ და არანაირი სერიოზული დარღვევა არ მქონია. მანქანა დამჯახებია, მაგრამ არასდროს ჩემი ბრალეულობა არ ყოფილა. ერთხელ ტრაილერმა დამარტყა, არადა, ჩემი გზა იყო. ავტობუსში პანიკა ატყდა. ერთი ქალბატონი სვანი აღმოჩნდა, ჩამოხტა ავტობუსიდან და ყელში სწვდა ტრაილერის მძღოლს, სად იყურებოდიო. ხალხი დაზიანდა, მაგრამ საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა.
- მითხარით, სოფელში დაბრუნებაზე ვოცნებობო...
- ასეა, პენსიაში როგორც კი გავალ, სოფელში მამაპაპეულ სახლ-კარს უნდა მივხედო, იქ უნდა წავიდე. საკარმიდამოს მივხედავ, რომ ჩამოვლენ შვილები და შვილიშვილები, სტუმრები, ვუმასპინძლებ ყველას - ჩემს გაზრდილ ქათამს დავუკლავ, ჩემს დაწურულ ღვინოს გავასინჯებ და თან მიტოვებულ სოფელსაც გავახალისებ...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.