ქალაქიდან სოფლად გადასახლებული წყვილის საოჯახო მეურნეობა
font-large font-small
ქალაქიდან სოფლად გადასახლებული წყვილის საოჯახო მეურნეობა
რეზო ჩხიკვიშვილის სტუმრობა თხის ფერმაში

ქალბატონ ლია დემეტრაშვილსა და მის მეუღლეს თეთრიწყაროს რაიონში თხის ფერმა აქვთ და დღეისათვის საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებენ. 2011 წლიდან ის თავის გამოცდილებას ყველა დაინტერესებულ პირს სიამოვნებით უზიარებს და როგორც მითხრა, არაერთი ზარი შედის ყოველდღიურად მის ტელეფონზე. ამ საქმით დაინტერესებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და თხის მოშენების მსურველები, მისგან რჩევებს ისმენენ.


- პროფესიით ბებიაქალი ვარ, მაგრამ შემდეგ ახალი საქმე ავითვისე და ყველის მწარმოებელი გავხდი. მართალია, პროფესიით არ მიმუშავია, მაგრამ ყველა ციკანი ჩემი დახმარებით გაჩნდა. ძალიან მიხარია, ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში თხებთან და მათ ციკნებთან რომ გამოვიყენე. ძალიან გონიერი ცხოველები არიან და ამავდროულად სუფთა - ერთმანეთის ნაპირალსაც კი არ მიირთმევენ. შარშან მაისში დედა გარდამეცვალა, ზუსტად იმ დროს გაჩნდნენ მორიგი ციკნები, ხელით ვაჭმევდი და მათზე ზრუნვამ გადამატანინა ის მძიმე განცდები, ტირილის დრო არ მრჩებოდა.
- ვფიქრობ, სანამ ადამიანი ფერმას ჩაუდგება სათავეში, ცხოველები და მათთან ურთიერთობა უნდა უყვარდეს. თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ ამ თვალსაზრისით და შინ შინაური ცხოველები ხომ არ გყავდათ?
- ცხოველები ყოველთვის მიყვარდა. შინ ძაღლი გვყავდა. ჩემი სიძე სამხედრო ექიმია, კოსოვოდან ჰასკი ჩამოიყვანა. გერმანული ნაგაზიც გვყავდა. სადმე რომ მივდიოდი და ვნახულობდი ძროხას, ღორს, წიწილას კი მომწონდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია რომელიმეს მოშენება და ეს საქმე ბიზნესად მექცია. მეც და ჩემი მეუღლეც თბილისში ვცხოვრობდით. შემდეგ ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე მოგვიწია მუშაობამ. ერთმანეთი სწორედ მაშინ გავიცანით და შევუღლდით. იმავე პერიოდში თეთრიწყაროში სახლი ვიყიდეთ. თხების შეძენა ჩემი მეუღლის არჩევანი იყო. ბავშვობაში ძროხის რძეს ვერ სვამდა, ორგანიზმთან რძის შეუთავსებლობა ჰქონდა, მაგრამ როცა თხის რძე დალია, არანაირი დისკომფორტი არ შეჰქმნია, ამიტომ დაინტერესდა თხის რძით და ყველა საჭირო ინფორმაცია მოიძია. მეუღლე რომ გიყვარს, მის არჩევანს პატივს სცემ და როცა მან აზრი მკითხა თხების მოშენების შესახებ, ბუნებრივია, დავთანხმდი და მხარში ამოვუდექი. სხვა თუ არაფერი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ნატურალური პროდუქტი ექნებოდათ. ჩვენ სამი შვილი და 4 შვილიშვილი გვყავს.
GzaPress- დღეს უკვე რამდენ თხას უვლით?
- დღეს 150 თხას ვუვლით. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. გავეცანი ლიტერატურას, კონსულტაციები გავიარე. დღეს უკვე აქეთ მირეკავენ, უამრავი ზარი შემოდის ჩემს ტელეფონზე და ყველას ვურჩევ, თხა იყოლიონ. ის ბევრად იოლად შესანახია, ვიდრე ძროხა, ბევრად მომგებიანი და ძვირად ღირებულია მისი პროდუქტი. თუ ძროხის ყველი და სულგუნი 1 კილო 14-15 ლარს არ აღემატება, თხის რძისგან ამოყვანილი ყველის ფასი 30 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. სხვადასხვა ტექნოლოგიები შევისწავლე და რამდენიმე სახეობას ვამზადებ.
- ერთი ჯიშის თხები გყავთ?
- არა, ორი ჯიში - ზაანური და ალპური. ხოლო ქართულით, ძირითადად, სახორცე მიმართულებით ვმუშაობთ.
- რითი კვებავთ?
- კომბინირებულ საკვებს ვაწვდით. მათ კვების რაციონშია: თივა, ქერი, სიმინდი. უყვართ ხილი, ვაჭმევთ ვაშლს. ნაყინი უყვართ ძალიან (იღიმის). პურის ნაცვლად, ორცხობილას ვაწვდით. თხის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ერთი ძროხის სამყოფი თივა ათ თხას ჰყოფნის. ზამთარში, თოვლში გასვლამდე თივას ჭამენ, ზაფხულში დილის 5 საათზე თხები უკვე გარეთ არიან და შუადღეზე, როცა დაცხება, ისვენებენ.
- მთელი ოჯახი ხართ ჩართული? საქმეში ვინ გეხმარებათ?
- ჩემი მეუღლე, მამაჩემი, შვილიშვილები, როცა ჩვენთან ჩამოდიან. ჩემი უმცროსი შვილიშვილი 15 წლის ხდება და უნდა ვეტერინარი გამოვიდეს.
- თხები რამდენ ხანს ცოცხლობენ?
- 15-18 წელი.
- 1 თხა მაქსიმუმ რამდენ ლიტრ რძეს იწველის?
- უცხოური ჯიშები 3-დან 5 ლიტრამდე. წლების წინ, ჩხოროწყუში გამოყვანილმა თხამ 10 ლიტრი მოიწველა და "ჩემპიონი" დაარქვეს. სამწუხაროდ, შემდეგ ვეღარ მოუარეს და გადაშენდა ის ჯიში.
- ვიცი, რომ თხის რძე საკმაოდ ცხიმიანია. საერთოდ, თხის რძის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე ჩვენი წინაპრებისგან გვსმენია, მაგრამ იქნებ თქვათ, თქვენ რა გაჩვენათ გამოცდილებამ?
- თხის რძის ნებისმიერი სახით მიღება წამალია. თხის რძე სასარგებლოა, გატოლებულია დედის რძესთან, რაც ლაბორატორიული კვლევითაც დასტურდება. სწორედ ამიტომ ანტიალერგიულია და პირველია დედის რძის შემდეგ. მასში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი არაერთი ნივთიერებაა. უამრავი დადებითი თვისება აქვს - 1 ჭიქა თხის რძე 40 აქტიურ ელემენტს შეიცავს. მამას "გაჟონვა" დაემართა, 80 წლის მხოლოდ თხის რძესა და ფაფაზე იყო. ფეხზე დადგა, მალე 84 წლის გახდება, აღუდგა ხელი, სახეც გაუსწორდა და ჩვეულებრივად მუშაობს. თხის რძე სასურველია მიიღონ მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, უებარია ფილტვებისთვის და თხის რძე კურნავს კუჭის წყლულს დაწყებით სტადიაზე. ამ სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, თხის რძისგან შესანიშნავი ხაჭო, ნადუღი, ყველი კეთდება და სწორედ ამიტომ საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია.
- თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ჭიქა თხის რძით იწყებთ დილას?
- რა თქმა უნდა (იღიმის). რძე არ მიყვარდა, ერთხელ ფილტვების ანთება დამემართა, ჩემმა მეუღლემ ამიდუღა და დამალევინა. გავოცდი, ძალიან გემრიელი იყო, თურმე რაზე ვამბობდი უარს. ვინც ერთხელ გაუსინჯავს გემოს, ყველას მოეწონება.
ერთ ეპიზოდს მოგიყვებით: ადრე კინოსტუდიაში ვმუშაობდი. მხატვრული ფილმის - "ექვთიმე" ერთ-ერთი ეპოზოდის გადაღება ჩვენთან მოხდა. მახსოვს, გიორგობა იყო. როგორც ცნობილია, ემიგრაციაში ექვთიმე მეწველმა თხამ გადაარჩინა, ჰოდა, ჩემმა ერთ-ერთმა თხამ "შეასრულა" ეს როლი. ფილმში ჩემი შვილიშვილიც გადაიღეს. მოგეხსენებათ, ფილმი ხალხის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით შედგა და ჩვენც ჩვენი მხრივ დავეხმარეთ ბატონ ნიკოლოზ ხომასურიძეს ამ ფილმის გადაღებაში. რეზო ჩხიკვიშვილმა რომ დამინახა, გაოცდა, თბილისიდან გადასახლებული თხის ფერმაში რომ მნახა. ხელოვნებიდან ხელოვნებაში მოვხვდი-მეთქი, ვუთხარი. როგორც მხატვარი ხატავს ან კომპოზიტორი წერს თავის ნაწარმოებს, ზუსტად ისეთივე განცდაა, როცა ყველს ვამზადებ. ამ საქმეში მთელ გულსა და სულს ვდებ, ჩემთვის ეს დიდი სიამოვნებაა.
- ალბათ ბატონმა რეზომ გასინჯა კიდეც თხის რძის ნაწარმი...
- დიახ. ბატონი რეზო ჩემი თაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია და ის ჯერ კიდევ სპექტაკლიდან - "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" გვიყვარს. ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანია. ბატონმა რეზომ არაჩვეულებრივად შეასრულა ექვთიმეს როლი. ფილმის პრემიერის დღეს მეც ვიყავი დარბაზში და ბოლოს ყვავილებიც მივართვი. ძალზე სასიამოვნოა, როცა შენი წვლილი შეგაქვს ასეთ დიდ საქმეში. მოგეხსენებათ, ბატონი რეზო გერმანიაში ცხოვრობს და ჩვენგან რომ მიდიოდა, საჩუქრად ყველი გავატანე. მას შემდეგ ახლაც თურმე გერმანიაში მხოლოდ თხის პროდუქტს ყიდულობს, რადგან სხვას ვერ ეგუება.
- თქვით, რომ თხა გაცილებით მარტივად მოსავლელია, ვიდრე საქონელი. ჩვენ სახლი გვაქვს თიანეთისკენ და მახსოვს 15-20 წლის წინ ყველა ოჯახში იყო: 2-3 ძროხა, ცხვრები, ღორები, დღეს იშვიათად თუ ნახავთ, ვინმეს ჰყავდეს შინაური ცხოველი. როგორც ვიცი, ამ თვალსაზრისით არც სხვა რეგიონებშია დიდი განსხვავება...
- რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლევან დავითაშვილთან შეხვედრა მქონდა და მადლობა უფალს, რომ დღეს ჩვენი მთავრობა ფიქრობს ამ დარგის განვითარებაზე და ამ საქმით დაინტერესებული ადამიანების ხელშეწყობა ხდება. მინისტრთან სწორედ ეს იყო ჩემი საუბრის თემა. ამის ნათელი მაგალითია, რომ ფერმერთა ასოციაციას ბევრი წარმატებული ფერმერი ჰყავს. ბევრი საგრანტო პროექტია, სახელმწიფო ზრუნავს პირუტყვის აცრებზე და ა.შ. მინდა, ჩემს ეზოში გავაკეთო რძის გადამმუშავებელი საწარმო, ყველა სტანდარტის დაცვით. ევროკავშირი ამის საშუალებას იძლევა და ბიზნესიდეაც შედგენილი მაქვს და იმედია, გრანტს მოვიპოვებთ. თუ გვინდა, რომ ახალგაზრდები სოფლად დავაკავოთ, თხა უნდა შეიძინონ. ადგილობრივი თხის შეძენა არცთუ ისე ძვირი ჯდება, როგორც ძროხის შეძენა. თიანეთი ახსენეთ და მაგ მხარეში, საბადურის ტყის შემდეგ, გადაწყვიტა გურამ ქართველიშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ მესხმა თხების მოვლა. იქ სახლი ჰქონდათ და უნიკალური, ზანური ჯიშის თხები ვაყიდვინე და კონსულტაციაც გავუწიე. უნდა ნახოთ, როგორ უვლიან. ამ საქმით სხვებიც დაინტერესდნენ. ყველა ჩემს გამოსვლაში პრესითა თუ ტელევიზიით, ხალხს მოვუწოდებ, რომ ხელი მოჰკიდონ მეურნეობას და რაც უფრო მეტ ადამიანს ეყოლება თხა, უფრო განვითარდება ეს დარგი. მედიის ხელშეწყობითაც საზოგადოება ბევრ ინფორმაციას იღებს ამ მიმართულებით.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.