მცენარეების "დედოფალი", ანუ პატარა ოჯახის პატარა დიასახლისი
font-large font-small
მცენარეების "დედოფალი", ანუ პატარა ოჯახის პატარა დიასახლისი
"აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც შვილთან ერთად, ლაღად ვცხოვრობ"

რებეკა ეთნიკურად ოსი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცხოვრებისეულ გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს. ის ლაგოდეხის სოფელ აფენში ცხოვრობს, ჰყავს მამა და მცირეწლოვანი შვილი, უვლის სანერგე მეურნეობას და ცდილობს, მარტოხელა დედის პოზიციიდან აჩვენოს საზოგადოებას, რომ წუწუნის დრო არ არსებობს. რებეკა ხუგაევი კარგად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს, გული სწყდება ოსურის არცოდნის გამო... მასთან გასაუბრება ზედმიწევნით საინტერესოა, თუნდაც იმის გამო, რომ უზარმაზარი იმედი და ინტერესი მოდის მისგან.


- როგორია შენი, 23 წლის ადამიანის თვალით დანახული საქართველო, ლაგოდეხი, აფენი?
- როგორც რიგითი ახალგაზრდა, საქართველოს მომავალს ჩვენშივე ვხედავ. სწორედ მე და ჩვენმა შთამომავლებმა უნდა შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში: ახალგაზრდები ტოვებენ სამშობლოს! ქვეყნიდან მიდის ის ძალა, რომელიც მუხლჩაუხრელად უნდა მუშაობდეს უკეთესი მომავლისთვის! გული მწყდება, ასეთ დალოცვილ და ბარაქიან ადგილს სხვა ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ თავის სასიკეთოდ რომ იყენებენ. არადა, შეგვიძლია, ჩვენვე შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის! ლაგოდეხის რაიონი ცნობილია მიწათმოქმედებით, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი დაკავებულია ამ საქმიანობით. თუმცა, იშვიათად შეხვდებით ჩემი ასაკის ხალხს ამ სფეროში... დიახ, 23 წლის ვარ და ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, იმ სოფელში დარჩენა გადავწყვიტე, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიწა იმდენად ბარაქიანი გვაქვს, ერთს ასად აქცევს ხოლმე! ცუდია, დღეს გლეხის შრომა სათანადოდ არ ფასდება, რის გამოც ახალგაზრდობა მიდის და ვხედავ, ნელ-ნელა როგორ ცარიელდება ჩემი სოფელი... მაგრამ ჩვენ თუ არ შევცვალეთ რამე, სხვა ვინ შეცვლის ჩვენს მომავალს?
GzaPress
- მშობლებზე მიამბე რამე...
- ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი საერთო ნაცნობის საშუალებით გაიცნეს. დაოჯახების შემდეგ სამი შვილი გაუჩნდათ. ჩემს მშობლებს თავდაპირველად მოჰყავდათ ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი, მერე კი მეყვავილეობას მიჰყვეს ხელი. საბოლოოდ, ყველაფერი გააერთიანეს და ასე ჩამოყალიბდა საოჯახო ბიზნესი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებზე იყო გათვლილი. 1995 წელს დედამ 39 წლის ასაკში გამაჩინა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში დიდ სირცხვილად ითვლებოდა ამ ასაკში შვილის გაჩენა. დედას გვერდში მხოლოდ მამა და ჩემი და დაუდგნენ, სხვები კი კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ჩემი დაბადების! მე ვამაყობ, რომ მებრძოლი ქალის შვილი ვარ! მან დაამსხვრია სტერეოტიპი 90-იან წლებში!
- და-ძმა ბევრად უფროსები არიან?
- ჩემი და, მაია ხუგაევ-ჰენკი 43 წლისაა. გერმანელი მეუღლე ჰყავს, ვილჰემ ჰენკი. 4 დისშვილი მყავს. ძმა, დიმა ხუგაევი 41 წლისაა, ჰყავს 2 შვილი და ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონ სოფელ ვერხვისმინდორში. მე და ჩემს და-ძმას ერთად არ გვიცხოვრია. შესაბამისად, ერთად გატარებულ წლებს ვერ გავიხსენებ. როცა მე დავიბადე, ისინი უკვე ზრდასრულები იყვნენ. და ჩემზე 20 წლით უფროსია. ის გერმანიაში გათხოვდა, მანამდე კი საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული (90-იანი წლებში, გაჭირვების გამო). სწორედ ჩემი დის დამსახურებაა, 2000 წელს ახალი საცხოვრებელი სახლი რომ შევიძინეთ აფენში, სადაც დღეს მეურნეობა გვაქვს გაშენებული! მაია და ვილჰელმი აქტიურად არიან ჩაბმული ჩემს საქმიანობაში. ისინი გვიგზავნიან თესლს, ბოლქვს, ნერგს. ერთი სიტყვით, ყველაფერს ევროპიდან გვიგზავნიან, ჩვენ კი აქ ვამრავლებთ, ვაჯიშებთ და გადმოვაქართულებთ ხოლმე. მათ ძალიან უყვართ ჩვენი ბაღი და ცდილობენ, დაგვეხმარონ წინსვლაში! ყოველ წელს ჩამოდიან გერმანიიდან, ჩამოაქვთ უცხო ჯიშის მცენარეები, რასაც წინასწარ, ერთობლივად ვარჩევთ ხოლმე...
ძმა 18 წლით უფროსია. მისი საქმიანობის სფეროც სოფლის მეურნეობაა. ჰყავს სხვადასხვანაირი ტრაქტორი, ასევე ეწევა მეფუტკრეობას, მოჰყავს საზამთრო. ერთი სიტყვით, აქტიურ სოფლის ცხოვრებას მისდევს, მაგრამ ჩვენს მეურნეობასთან არანაირი შეხება არ აქვს.
- რას გვეტყვი შენს განათლებაზე?
- საშუალო განათლება მივიღე სოფელ აფენში, დავამთავრე სკოლა ექსტერნად. შემდეგ ჩავაბარე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში. ჩემს დასთან ხშირმა მოგზაურობამ, აეროპორტის შიდასამზარეულომ შემაყვარა ავიაცია და მსურდა, ამ საქმით დავკავებულიყავი. დავამთავრე მხოლოდ 2 კურსი, შემდეგ კი აკადემიურის აღება მომიხდა. 2016 წელს გარდაიცვალა დედა. მისმა უეცარმა წასვლამ ჩემი ცხოვრება და მომავალი გეგმები ძირფესვიანად შეცვალა. დავტოვე ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი და დავბრუნდი ნახევრად ცარიელ სახლში, სადაც მხოლოდ მამა მეგულებოდა. მშობლიურ სოფელს ნაადრევად დავუბრუნდი - მე მევალებოდა, როგორმე შემევსო სახლში უდედობით გამოწვეული სიცარიელე. ჩემთვის და მამასთვის ეს ენით აღუწერელი ტკივილი იყო. ახალი ცხოვრება დაიწყო საყვარელი ადამიანის გარეშე! დედის მონატრებას მისი საქმიანობის გაგრძელებით ვიკლავდი. აღმოვაჩინე ახალი პატარა სამყარო, სადაც თავი ბედნიერად ვიგრძენი.
- როგორ გადადგი პირველი ნაბიჯები ბიზნესში?
- მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადავწყვიტე სოფელში ცხოვრება, აქტიურად დავიწყე მამას საქმიანობაში ჩახედვა. დავინტერესდი მებაღეობით. ადგილობრივ ბაზრობაზე ყოველკვირა გავდიოდით ჩვენი მცენარეების გასაყიდად. მინდა აქვე დავძინო: სირცხვილი არაა ბაზარში დგომა. ხშირად გამიგონია ჩემი თანატოლების დამცინავი სიცილი, ზურგს უკან ჩუმი საუბარი, თავი უხერხულადაც კი მიგრძნია, თუმცა ვცდილობდი, ყურადღება არ გამემახვილებინა. ვფიქრობ, ის უფრო სირცხვილი იქნებოდა, 20 წლის გოგო მშობლის კისერზე ჩამოვკიდებულიყავი. 21 წლის გახლდით, როდესაც გადავწყვიტე ჩვენი მეურნეობისთვის სახელი დამერქმია. ბაღში თითქმის ყველაფერი მოგვყავდა და სანერგეს "ედემი" ამიტომ დავარქვი. სოციალურ ქსელში გვერდიც შევქმენი. ამის მერე დაიწყო ხალხის დაინტერესება მთელი საქართველოდან. მანამდე მხოლოდ ადგილობრივები გვიცნობდნენ და ჩვენი საქონელბრუნვაც მწირი იყო. ინტერნეტი ძალიან დამეხმარა მეურნეობის გაფართოებაში. ჩვენ პროდუქტს ანალოგი არ აქვს მთელ საქართველოში, გამოვირჩევით არა მარტო ხარისხით, არამედ ყველაზე დაბალი ფასით. გამოგვყავს ყველაფერი ღია ცის ქვეშ, მხოლოდ ქართულ გრუნტში, ბიოლოგიურად სუფთა გარემოში.
სახლში სამნი ვცხოვრობთ, როგორც "სამი მუშკეტერი". მე პატარა ოჯახის პატარა დიასახლისი ვარ. დიასახლისობასთან ერთად, ფიზიკურ სამუშაოს, გაყიდვებს და კიდევ ბევრ რამეს ვითავსებ. ერთდროულად მიწევს ჩემს შვილზე ზრუნვა, მომხმარებელთან საუბარი და ფიზიკური მუშაობაც. ხშირად მისვამენ კითხვას, როგორ ვახერხებ ამ ყველაფერს? ჩემი პასუხი ერთია: მთავარია, მონდომება და ცოტა პოზიტივი. ჩემი პატარა წლისა და ხუთი თვის არის. ზუსტად 4 თვის იყო ანდრია, როცა მასთან ერთად პირველად გავედი ბაღში სამუშაოდ. სხვა გზა არ იყო, მეურნეობისთვის უნდა მიმეხედა... ახლა უკვე წამოიზარდა და პატარა ფეხებით ამაყად დააბიჯებს მეურნეობაში, ცდილობს მომეხმაროს და იგივე გაიმეოროს, რასაც უფროსები ვაკეთებთ. ხშირად მოხმარების ნაცვლად აფუჭებს, მაგრამ მისი გაფუჭებულიც ლამაზად გამოიყურება (იღიმის)...
GzaPress
- როგორია თქვენი ოჯახის წევრების ერთი ჩვეულებრივი დღე?
- მე და მამა საუკეთესო მეგობრები უფრო ვართ. ხშირად არ არის ასეთი თავისუფლება და ნდობა ურთიერთობებში, როგორც ეს ჩვენს ოჯახშია. ჩემი, ჩემი პატარას და მამაჩემის საერთო დღეს ჩვეულებრივს ვერასდროს დავარქმევ, ყოველი დღე ჩვენთან ახალი კურიოზივით არის. დილიდან საღამომდე ხშირად ვერ ვახერხებთ დასვენებას: დილით სახლის საქმეებს ვაკეთებ, მამა გარეთ მუშაობს, შემდეგ მას ჩვენც ვუერთდებით, საღამოს კომპიუტერთან მიწევს მუშაობა. თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვის თითქმის არ მაქვს. ამ ყველაფერთან ერთად, პატარა ბავშვზე 24-საათიანი რეჟიმით ვზრუნავ და წარმოიდგინეთ, რა ალიაქოთია ხოლმე ხშირად ჩვენთან...
შვილთან ურთიერთობა - ეს საოცრებაა. დედაშვილური სიყვარული სხვა ყველა სიყვარულზე ძლიერია. როცა ქალი დედა ხდება, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. მან მე შემცვალა! მართალია, ქორწინებაში არ გამიმართლა, სამაგიეროდ, ცხოვრებამ ჩემი შვილის სახით დამაჯილდოვა. 21 წლის ასაკში ვიგრძენი, რას ნიშნავს ბედნიერება. ეს ისეთი სიყვარული და სიხარულია, რასაც მხოლოდ დედის გული და სული გრძნობს პატარასთან პირველი შეხებიდან მთელი ცხოვრება... ძნელია მარტოხელა დედობა, ვაღიარებ, მაგრამ ბავშვის აღზრდა უფრო რთული იქნებოდა ოჯახში, სადაც ჰარმონია არ სუფევდა. მას მერე, რაც ბავშვის მარტო აღზრდა დავიწყე, მის მერე შევიძინე უამრავი ახალი უნარი, ძველები კი გავაუმჯობესე. ერთდროულად სხვადასხვა საქმის გაკეთებას მივეჩვიე, დროის ფასი გავიგე, აღმოვაჩინე ახალი ფერადი სამყარო, სადაც მე და ჩემი შვილი ლაღად და ბედნიერად ვცხოვრობთ.
- რა არის რებეკას უახლოესი გეგმები?
- მომავალზე საუბარს ხშირად თავს ვარიდებ, რადგან აწმყოთი მიყვარს ცხოვრობა. თუმცა, როცა საქმე ბიზნესს ეხება, დაგეგმვა აუცილებელია. ჩემი უახლოესი გეგმა ასეთია: ოფიციალური ინტერნეტმაღაზიის გახსნა, მანქანის შეძენა ტრანსპორტირებისთვის და კატალოგის დაბეჭდვა. რაც შეეხება კონკრეტულად ბაღს, ჩემი მიზანია ფასის შენარჩუნება, ახალი ჯიშების შემოტანა და გამრავლება.
- რა არის შენი ჰობი, მცენარეების მომრავლების გარდა?
- ბავშვობიდან ბევრი ჰობი მაქვს, მიყვარს აქტიური ცხოვრება. მომწონს ხატვა, ჭრა-კერვა, სიმღერა, მაგრამ არსებობს ერთი განსაკუთრებული სფერო, რომელიც ჩემი ფავორიტია - ესაა ფოტოგრაფია. დროის ეკონომიისათვის ჩემი ფავორიტი ჰობი და საქმე გავაერთიანე: ჩემი ბაღის ფოტოგრაფი თვითონ ვარ, ამით სიამოვნებასაც ვიღებ და თან ვმუშაობ.
წლების წინ ვფიქრობდი, რომ დრო ძალიან ნელა გადიოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დროის ფასი ვისწავლე, ძალიან სწრაფად მიდის. დიახ, წლები შეცვლის ჩემს გარეგნულ მხარეს, მაგრამ არა ჩემს ოცნებებს. მომავალში ალბათ ვიქნები იმ ადგილას, რაზეც დღეს მხოლოდ ვოცნებობ, ოცნების დანიშნულებაც ხომ ესაა, მოგვცეს მოტივაცია, მიზნისკენ ვისწრაფოთ და არ დავნებდეთ. შევქმნი ჩემთვის პატარა, მაგრამ სხვებისთვის დიდ სამყაროს, სადაც შეძლებენ თვითონაც დასახლდნენ; უფლის წყალობით მექნება ახალი ოჯახი, ახალი გამოწვევები ცხოვრების ასპარეზზე. მინდა, ჩემი ოჯახი იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე დღეს არის და იმედია, ყველაფერი გამომივა.
- დაბოლოს, მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით, ჩვენი ჟურნალის მკითხველს რაიმეს ხომ ვერ ურჩევ?
- ჩემს ხელთ არსებული ყველა მცენარე თუ ხე ძალიან მიყვარს, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია ჯუჯა ვაშლატამა. მისი მოვლა ძალიან მარტივია. ზოგადად, ბაღში ისეთ მცენარეებს ვამრავლებთ, რაც ადვილად მოსავლელია. ჯუჯა ვაშლატამა სიმაღლეში მეტრ-ნახევარი იზრდება და ისიც ღია გრუნტში, ხარობს ქოთანშიც, დახურულ სივრცეშიც. ერთი სიტყვით, ძალიან საყვარელი, პატარა, ლამაზი და მსხმოიარე ხეა. ასევე ჩემი ფავორიტი მცენარე ფერადი კალებია. წლებია, მათ ვამრავლებთ. ამჟამად 5 სხვადასხვა ფერის კალა გვაქვს ბაღში. მათი მოვლა პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. ერთადერთი, რაც სჭირდებათ სიცოცხლისთვის, ეს არის წყალი. მართალია, ყველა მცენარე ინდივიდუალურია და ყველაფერს თავის წესი აქვს, თუმცა არსებობს მარტივი წესებიც, რაც გვიადვილებს მათ მოვლას. ისე კი, თუ გინდა, მცენარემ ერთდროულად ბევრი საყვავილე კოკორი სწრაფად გამოიღოს, შეუმცირეთ წყლის მიწოდება მინიმუმამდე, ანუ დასვით წყლის დიეტაზე (იღიმის).
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.