გიჟობიდან გმირობამდე და წიგნის ქურდობიდან - წიგნის წერამდე
font-large font-small
გიჟობიდან გმირობამდე და წიგნის ქურდობიდან - წიგნის წერამდე
"ვინც აქ ცხოვ­რობს, ძი­რი­თა­დად, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას მის­დევს"

დათია ბადალაშვილი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდ თონეთში მცხოვრები მწყემსი და ბიბლიოთეკარია. ცხოველები და მიწაზე მუშაობა უყვარს. იქვე მცირე ჟოლოს ბაღსაც უვლის და თავადაც ქმნის პროზაულ ნიმუშებს. სოფელში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლაში სწავლის შემდეგ, სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა, თუმცა, დედაქალაქში დიდხანს ვერ გაძლო და დაახლოებით 5 წლის წინ ისევ სოფელში დაბრუნდა. 29 წლისაა. უყვარს კითხვა, თუმცა საამისოდ ძირითადად ღამით იცლის, დღე შრომობს. მისი წყალობით ამ სოფლის დანგრეულ ბიბლიოთეკაში არსებული ძალიან ბევრი წიგნი განადგურებას გადაურჩა. ახლა წიგნებს თავშესაფარი აქვთ და ახალი ბიბლიოთეკაც მალე გაიხსნება, თუმცა, სჯობს ამბავს თანამიმდევრულად მივყვეთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ, ვუსმენდი და მიხაროდა, ნეტა ბევრი ასეთი ადამიანი ცხოვრობდეს ამქვეყნად-მეთქი...


- დათია, თბილისში საავიაციო კოლეჯში გისწავლიათ, მინანქარზეც გიმუშავიათ. ამ ორივე საქმემ დაგაინტერესათ, თუ როგორ მოხდა ეს?
- დედაჩემის სურვილი იყო. ალბათ ფიქრობდა, სოფლის გარემოს რომ გავერიდებოდი, უკეთესად ვისწავლიდი, მაგრამ არაფერი კავშირი არ მქონდა ავიაციასთან. თან სწავლაც ძვირი ღირდა და ჩემი ჯიბის მქონე სტუდენტი გადასახადს ვერ გასწვდებოდა. ფილოლოგიურზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ სამშენებლო ფაკულტეტზე მოვხვდი. ახლაც სტუდენტი ვარ, "გეპეიში" ვსწავლობ და წელს ვამთავრებ. ქალაქში ვმუშაობდი მთაწმინდის პარკში ატრაქციონზე. იქ ავიღე პირველი ხელფასი და პირველი სიყვარულიც იქ მეწვია. ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი მეგობარიც შევიძინე, მაგრამ ქალაქი მაინც არ იყო ჩემი. რაც შეეხება მინანქარს, ჩემს ბიძაშვილს ვერცხლის საწარმო აქვს და მან მიმიყვანა მასწავლებელთან მინანქარზე მუშაობის შესასწავლად. უბრალოდ, დამეხმარა, შემოსავალი რომ მქონოდა. ტექნოლოგია კარგად ავითვისე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი თავი დავინახე ამ საქმეში.
- როგორც ჩანს, დიდად არ მიგიზიდათ სამკაულს დამზადებამ.
- დიახ, რამდენიმე პარტია რუსეთში გაიყიდა და საქართველოს მუზეუმებმაც შეიძინეს. ხშირად ვასრულებდი შეკვეთებს, არაფერი განსაკუთრებული. ეს ხელობა კარგად ვიცი, მაგრამ არ არის ჩემი საქმე. მაქვს იარაღები, რომლებსაც ნელ-ნელა ვაგროვებ შემოწირულობებით, სხვათა შორის, ანა სანაიაც დაგვეხმარა. არსებული თანხით ხელსაწყოებს ვიყიდი და როცა ბიბლიოთეკას გავხსნი, მინდა ყველა დაინტერესებულ ბავშვს იქ მინანქარზე მუშაობა შევასწავლო.
- საბოლოოდ მაინც იმ ადგილას დაბრუნება გადაწყვიტეთ, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ...
- პერიოდულად სოფელში სულ ჩავდიოდი, ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება. დაახლოებით 5 წლის წინ სოფელში საბოლოოდ რომ დავბრუნდი, ცხვარში დავიწყე სიარული. სამუშაო არ იყო, ვიღაცას მიწას ვუბარავდი, ვიღაცას შეშას ვუჩეხდი, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა. შეიძლება საქმე თვეში ორჯერ ან სამჯერ გამომჩენოდა, თავის გატანაც მიჭირდა. ფიქრი და მარტოობა ყოველთვის მიყვარდა. თან, ეს საქმე არ იყო ჩემთვის უცხო, როგორც ყველა სოფლელი ბავშვი, მეც ბავშვობიდან დავდიოდი ცხვარში და... საბედნიეროდ, დაბრუნება კარგი გადაწყვეტილება იყო. ვერაფრით მივეჩვიე ქალაქის გარემოს, ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირდა და ახლაც მიჭირს.
- მაინც რა იყო თქვენთვის ქალაქში ყველაზე ძნელად შესაგუებელი?
- ხმაური, უცხო ადამიანები. ხელი ბევრ რამეში მომეცარა, საბედნიეროდ თავშესაფარი მქონდა, მყუდრო ადგილი ჩემი სოფლის სახით, მაგრამ ეს ადგილი რომ არ მქონოდა, ალბათ დავრჩებოდი ქალაქში და ბოლომდე ვიბრძოლებდი თავის დასამკვიდრებლად. 5 წლის წინ სოფელში დაბრუნება, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება იყო და არც მინანია.
- სოფლები იცლებაო, ყველა რეგიონიდან ისმის ჩივილი. თქვენთან რა მდგომარეობაა, არიან ახალგაზრდები?
- თონეთი არ არის ასეთი დაცარიელებული სოფელი და ეს მიხარია. არიან როგორც აქ საცხოვრებლად დარჩენილები, ისე ქალაქში წასულებიც. ჩემი რამდენიმე კლასელიც სოფელში დარჩა. ვინც აქ ცხოვრობს, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევს. მათ ეს ყოფა მოსწონთ. სკოლაშიც 40-მდე ბავშვია და არც ესაა ცუდი ციფრი.
GzaPress
- ახლაც ყოველდღე დადიხართ ცხვარში?
- არა. აქტიური მწყემსობის პერიოდი 3 წელი გრძელდებოდა, მერე სოფელში ცხვარი გაიყიდა და იმდენი აღარაა, ახლა მხოლოდ ჩემი საქონლის მოვლა-მწყემსობა მიწევს. ვბარავ, ვთესავ. მომყავს კარტოფილი, ლობიო, სიმინდი იმდენი, ჩემს ოჯახს რომ ეყოს და ცოტას ნათესავებსაც ვუნაწილებთ. ჟოლოს პატარა ბაღი მაქვს.
ოჯახში ორი ძმა ვართ. ისიც იმავე ფაკულტეტზე სწავლობს, სადაც მე.
- ახლა თონეთის სასოფლო ბიბლიოთეკაზე გკითხავთ. როგორც ვიცი, შენობა დანგრეული იყო, ჩამოდიოდა წვიმა და ასე ვთქვათ წიგნების გადასარჩენად, რომელსაც სახლში ეზიდებოდით, კრიმინალი ჩაიდინეთ. ეს ამბავი გაიხსენეთ...
- ბებიაჩემის საფლავიდან ვბრუნდებოდი, როცა ბიბლიოთეკის შენობა ვნახე და გამახსენდა ბავშვობიდან იქიდან წიგნები რომ მომქონდა. გამახსენდა ის ბიბლიოთეკარი ქალბატონიც, რომელიც იქ მუშაობდა. ბაღში აკაციები და ფიჭვები იდგა. იქვე იყო გოგონას ძეგლი, რომელსაც გვერდით ბავშვი ეჯდა და წიგნს ერთად ჩაჰყურებდნენ. ეს წარსულის სურათები თვალწინ დამიდგა. შენობის კარი გამოგლეჯილი იყო, ეტყობა, ვიღაცას თაროები დასჭირდა და ჩამოხსნისას წიგნები პირდაპირ ძირს დაყარა. ასეულობით წიგნი იყო ამ მდგომარეობაში. იმ მომენტში არა, მაგრამ როგორც მახსოვს, იმავე საღამოს რომ დავლიეთ, წიგნები გამახსენდა. მეორე დღეს ცხვრიდან რომ დავბრუნდი, წავედი ბიჭებთან ერთად იმ შენობაში და დალაგება დავიწყეთ. კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ უსისტემოდ ვკითხულობდი და რაც ხელში მომხვდებოდა იმას. შემიძლია ვთქვა, რომ განათლება თონეთის ბიბლიოთეკიდან წამოღებულმა წიგნებმა მომცა. ალბათ ასეთ განათლებას ვერც ერთი უმაღლესი ვერ მისცემს ადამიანს. ყოველ საღამოს სახლში მორიგი წიგნი მიმქონდა და ვკითხულობდი. ერთხელაც ვნახე, რომ იქ კვლავ ვიღაც შესულიყო, ტომარაში ჩალაგებული წიგნები იქვე ეწყო, ალბათ ღუმლისთვის უნდოდათ, არ ვიცი. მაშინ მივხვდი, რომ წიგნებს ამ მდგომარეობაში ვეღარ დავტოვებდი და ყოველღამე იმდენი მიმქონდა შინ, რამდენიც შემეძლო. ყველაფერს ღამით "ვთაქავდი". ვერავის დავაჯერებდი, რომ კეთილშობილური მიზანი მქონდა. ეს ხომ სახელმწიფო ქონება იყო და მამაჩემი შიშობდა, რომ დამიჭერდნენ და მართლაც, გარკვეული ხნის მერე, ჩემზე ლაპარაკი დაიწყეს. რაღაც მომენტში, ამ საქმეზე გულიც ამიცრუვდა, რამდენჯერმე ჩემმა გარემოცვამ და თანასოფლელებმა დამასმინეს კიდეც, გიჟია, ან რას კითხულობს ამდენს ან რას ეზიდება ამ წიგნებს შინო.
- მაგრამ ალბათ განმარტავდით, თუ რატომ იქცეოდით ასე, რომ წიგნების გადარჩენა გსურდათ...
- დიახ, მაგრამ ადამიანი ცუდს უფრო იჯერებს, ვიდრე კარგს. მე ვერავის დავაჯერებდი, თუ რა მიზანი მქონდა. ძალიან მეტკინა გული. იმ სოციუმში, სადაც ვცხოვრობთ, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ გადარჩე. ყველა რომ გეუბნება, გიჟი ხარო, შეიძლება ერთხელ მართლა დაიწყო ქვების სროლა. როგორც ვთქვი, ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის მიჭირდა და მათ დასმენას შორიდან ვუყურებდი. ქუჩა-ქუჩა გინება და ჩხუბი არ მიყვარს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, თავის დაცვა შემიძლია და ამის გამო ბევრიც მერიდებოდა პირდაპირ რამის თქმას.
2 კვირა საერთოდ არ მივსულვარ ბიბლიოთეკის შენობასთან. შემდეგ ვერ გავძელი, მაინც მივედი, ვნახე სახურავი ჩაზნექილიყო, შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ჩანგრეულიყო. დაბრეცილი კრამიტებიდან წვიმის წვეთები წიგნებს ეცემოდა. გული დამეწვა და მივხვდი, არ უნდა გავჩერებულიყავი. ასე მოვზიდე 800-მდე წიგნი სახლში. იმავე პერიოდში დავიწყე წერაც. ცხვარში ბუნინის "ლიკა" წავიკითხე, მაშინ შეყვარებული ვიყავი და გულუბრყვილოდ გადავწყვიტე მწერალი გამოვსულიყავი. ახლა კი სასაცილოდ მეჩვენება მაშინდელი ფიქრები, ძალიან ამბიციურია თქმა, მწერალი უნდა გამოვიდეო და მივანებე კიდეც თავი წერას. მერე ისევ რომ მომინდა რაღაც მომეყოლა, წერა განვაახლე.
- დღეს უკვე პერიოდულ პრესაში იბეჭდებით. ვინ მოგცათ საამისოდ ბიძგი?
- როცა კარგ ადამიანებზე ჩამოვარდება ხოლმე ლაპარაკი, ერთ-ერთი პირველი, ვინც მახსენდება, თონეთში მცხოვრები ფიზიკოსი ვასიკო ინასარიძეა. ის უკვე პენსიაზეა, მაგრამ რამდენიმე წელია სოფლის ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ამეცადინებს ფიზიკა-მათემატიკაში. მამაჩემმა სთხოვა მას, ჩემი ნაწერები ენახა. ვასიკომ თქვა, მე ფიზიკოსი ვარ და ამ საქმის არაფერი ვიცი, ამიტომ ისეთთან გავგზავნი, ვინც იცისო. ასე აღმოვჩნდი ამირან არაბულთან, რომელიც მოსიარულე სიკეთედ იქცა ჩემთვის. პირველად მან გადაწყვიტა ჩემი ბეჭდვა და წინასიტყვაობაც გამიკეთა "ცისკარში". ადამიანი ადამიანისთვის შეიძლება ღმერთიც აღმოჩნდეს, ერთმანეთს თუ სიკეთეს გავუკეთებთ. ბევრი ადამიანი დამეხმარა, ყველა პუბლიკაციისთვის მადლობას ვუხდი მათ და არც ვიცი სიკეთე როგორ გადავუხადო.
- ახლა რა მდგომარეობაშია ბიბლიოთეკა?
- გამგეობამ გამოგვიყო ოთახი, გვეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთმა კომპანიამ გულუხვი საჩუქარი გაგვიკეთა და ფანჯრები გვაჩუქა, მეორემ კარი, ავეჯი და თაროები.
- იმხელა ფართობია, რომ ყველა წიგნი დაეტევა?
- მაღალი ჭერია. თაროები კედელზე ისე იქნება განთავსებული, რომ ფართობი მოვიგოთ. ეს არ იქნება სტანდარტული სივრცე, სადაც მსურველი მოვა, წიგნს გამოიწერს და შინ წაიღებს. მინდა იქვე დავსხდეთ ბავშვებთან ერთად, ცოტას მე წავუკითხავ, ცოტას ისინი მე. თუ რომელიმეს მინანქრის შესწავლის სურვილი ექნება, იქვე ვასწავლი და შევეცდები ნამუშევრების გასაღებაშიც დავეხმარო.
- გამოდის ყველაფერი კარგად დასრულდა და გადაურჩით სამართალდამცავებს...
- უცნაური ცხოვრება მქონდა. ადრე გიჟი ვიყავი, ახლა გმირი ვარ, სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არაფერი განსაკუთრებული. ჩემ გარშემო ჩემზე ბევრად უკეთესი ადამიანებიც ვიცი.
- დათია, სად ხედავთ თქვენს მომავალს, ისევ თონეთში, ბიბლიოთეკაში?
- იმ ადამიანების წინაშე ვალდებულება მაქვს აღებული, ვინც თუნდაც ერთი ტკბილი სიტყვა მითხრა, ან წიგნი მაჩუქა. როცა ვიღაც წიგნს მჩუქნის, მასზე მის სახელს ვაწერ, მაგალითად ასე: "ზვიად კვარაცხელიას საჩუქარი თონეთის ბიბლიოთეკას". ეს ადამიანები იმიტომ აკეთებენ ამას, რომ თონეთს ბიბლიოთეკა ჰქონდეს და მე აქედან ვერ კი არა, არ წავალ. მივხედავ ბიბლიოთეკას, მიწაზე ვიმუშავებ და ამით ვიცხოვრებ. აქ არის ჩემი ადგილი.
- როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება ბიბლიოთეკის მოწყობა და როდის ჩადგება ის სამუშაო რეჟიმში?
- ბიბლიოთეკა ახლაც ფუნქციონირებს, წიგნებს გავცემთ, უბრალოდ, ჯერ იქ დასხდომის საშუალება არ გვაქვს. კარდაკარ დავდივარ. მაგალითად, დღეს ჩემს მეგობარს მივუტანე ქართველი თანამედროვე მწერლის ნოდარ მაჭარაშვილის რომანი "ავი მუსაიფი", მეორეს - პატარა გოგონას ვასო გულეურის ლექსების კრებული. ასე კარდაკარ დამაქვს წიგნები. როცა შვეიცარიის საელჩო გადმოგვცემს მასალებს, მერე უკვე ოფიციალურად დასრულდება ყველაფერი და აპრილის ბოლოს სივრცე საბოლოო სახეს მიიღებს. მერე უკვე საღამოებსაც მოვაწყობთ. ქეთი დუმბაძე შეგვპირდა, რომ პროექტის "ცოცხალი წიგნების" წევრებს აქაც ამოგვიყვანს. და კიდევ ერთი ამბავი, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა დაწეროთ, წლების წინ თონეთში ორი წელი ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა. სოფლის დეპუტატი ლერი ლონდარიძე აქტიურად გვეხმარებოდა ყველაფერში. მე და ლერი გიორგი კეკელიძესთან მივედით, მოვუყევით წიგნებზე და იმაზე რომ ბიბლიოთეკის გახსნა მინდოდა. გიორგი კეკელიძის ავტორიტეტი რომ არა, მართლა არაფერი გამოგვივიდოდა. სწორედ ლერი ლონდარიძის იდეა იყო "ვაჟაობის" აღდგენა თონეთში, რომელიც 29 ივნისს გაიმართება. შემომთავაზეს ჩემი მოყვანილი ჟოლო მივიტანო. სოფელში მცხოვრები მეფუტკრე გოგონა თავის თაფლს გამოიტანს, სულგუნის ტექნოლოგი კაციც გვყავს, სანერგე მეურნეობის მიმდევრებიც ა.შ. ეს ადამიანები "ვაჟაობაზე" თავის ნამუშევრებს გამოფენენ, გაიზრდება სანაცნობო წრე და ინტერესი მათი საქმიანობის მიმართ. ვგეგმავთ ჭიდაობის ტურნირის ჩატარებასაც, აქ კარგი დარბაზი გვაქვს, სადაც ბავშვებს ვარჯიშის საშუალება აქვთ.
- პირველად მესმის კარდაკარ მოსიარულე ბიბლიოთეკარის ამბავი, ყოველთვის პირიქით ხდება, ამ თვალსაზრისითაც გამონაკლისი ხართ. მწყემსი ბიბლიოთეკარი, ასე უნდა დაგწეროთ, ხომ შეიძლება?
- კი, შეგიძლიათ, ანდა ასე: მწყემსი, რომელიც ბიბლიოთეკარი და მწერალი გახდა (იღიმის).
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.