მიზანდასახული სპორტსმენი და ხელოვანი
font-large font-small
მიზანდასახული სპორტსმენი და ხელოვანი
"საბერძნეთის ჩემპიონიც ვიყავი"

"სულ მოსამსახურე ხომ არ ვიქნები"? - წლების წინ ეს შეკითხვა საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა - მაია სააკაძემ საკუთარ თავს დაუსვა და განვითარებისკენ მისმა სწრაფვამ შედეგიც გამოიღო: დღეს სწორედ საყვარელი საქმეა მისი შემოსავლის წყარო. ალბათ მთავარია, ადამიანმა იცოდე, რა გსურს - ქალბატონ მაიას ბავშვობიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა, რა უნდოდა... საბერძნეთში მცხოვრები სპორტსმენი და ხელოვანი ქალბატონი საკუთარ ამბავზე გვესაუბრა.


- ბოლნისში დავიბადე და გავიზარდე. პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი ვარ - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე. პირველი ქორწინებიდან 1 ბიჭი მყავს. 90-იან წლებში სკოლაში, თითქმის 5 წლის განმავლობაში, ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობდი. 1997 წლის აგვისტოში საბერძნეთში გამოვემგზავრე - გადავწყვიტე, რომ საქართველოში გაჩერება უკვე აღარ შეიძლებოდა, რადგან ძალიან "მინუსებში გადასული" ვიყავი. გაჭირვების პერიოდი იყო, თან - ბავშვი, დედ-მამა მყავდა... საქართველოში ხელოვნებით ვიყავი დაკავებული: ქსოვა, მაკრამე მიზიდავდა. საერთოდ, ხელსაქმე 6 წლიდან მაინტერესებდა. სტუდენტობისას ხელგარჯილობის კურსებზეც დავდიოდი. საბერძნეთში ამ თემაზე მუშაობა გავაგრძელე. თავდაპირველად რესტორანში ვმუშაობდი - ჭურჭელს ვრეცხავდი. დამხმარედ კუნძულებზეც მომიხდა წასვლა. ბოლოს და ბოლოს, ათენში დავფუძნდი... 2000 წელს საქართველოში დავბრუნდი და მივხვდი, ჩემი ადგილი დაკარგული მქონდა - სამშობლოში ვეღარ დავრჩებოდი... მანამდე ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ როცა კვლავ საბერძნეთში გამოვემგზავრე, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის მიმეხედა და ჩემს გზაზე დავმდგარიყავი - აქაურ საზოგადოებას შევრწყმოდი. ფიქრი დავიწყე, - რა გავაკეთო-მეთქი? მუდამ სხვისი მოსამსახურე ხომ არ ვიქნებოდი? რაღაც შემოქმედებითი უნდა გამეკეთებინა... ბერძნული ენის შემსწავლელი კურსები გავიარე. ენის ცოდნის გარეშე უცხო ქვეყანაში ცხოვრება რთულია - თუ მათ ენას პატივს არ სცემ, პატივისცემით არც ისინი მოგეპყრობიან. შემდეგ ხელოვნების სკოლაში ვსწავლობდი, სადაც სამკაულების დამზადებას ასწავლიან. საერთოდ, ბევრი სასწავლო კურსი გავიარე: ძეგლების, დეკორატიული ნივთების, სხვადასხვა ტექნოლოგიით დეკორატიული ნახატების შექმნა ვისწავლე. ამ ყველაფერთან ერთად, სპორტმაც გამიტაცა: ბავშვობაში მშვილდოსნობა მიყვარდა, მაგრამ სპორტის ამ სახეობასთან შეხება არ მქონია. ოდესმე ეს ოცნება უნდა ამესრულებინა და წარმატებით ავასრულე (იღიმის). ოქროს მედლები მაქვს აღებული. საბერძნეთის ჩემპიონიც ვიყავი (გუნდურ შეჯიბრებაშიც და პერსონალურშიც).
GzaPress- საბერძნეთის ჩემპიონი როდის გახდით?
- 35-36 წლის ვიყავი. მშვილდოსნობისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
- სწავლის დაწყებიდან რამდენი დრო დაგჭირდათ, რომ შეჯიბრებაზე გასულიყავით?
- 1 წელიწადში უკვე შეჯიბრებაზე გავედი. 2-3 წლის მერე ჯერ ათეულში შევედი, შემდეგ - ხუთეულში, მერე უკვე პირველი ადგილი დავიკავე.
- მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდით?
- არა, ვეღარ შევძელი, რადგან მეორედ გავთხოვდი და დავფეხმძიმდი. არადა, იმ პერიოდში შეჯიბრებებში ისეთი კარგი ადგილები მეკავა, რომ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა შემეძლო. მერე კიდევ მინდოდა მშვილდოსნობა გამეგრძელებინა, მაგრამ მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა, ამიტომ სპორტულ განვითარებას ჩამოვრჩი. კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ საბერძნეთის მოქალაქეობა არ მაქვს. ასეთ შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას არ მოგცემენ... ახლა მშვილდოსნობა ისევ დავიწყე, ოღონდ - როგორც მსაჯმა. ამისთვის შესაბამისი ტესტირება გავიარე. უკვე 4 შეჯიბრება ჩავატარე. ჯერჯერობით, კარგი ტემპით მივდივარ (იღიმის). შეჯიბრების დროს ყურადღებას ვაქცევ, რომ სპორტსმენმა შეცდომა არ დაუშვას, "ცეცხლის ხაზს" არ გასცდეს. კიდევ ბევრი ნიუანსი არსებობს: მაგალითად, არის შემთხვევები, როცა შეიძლება, ერთმა სპორტსმენმა მეორეს წასაგებად სამიზნე ჩუმად აუწიოს ან დაუწიოს. ყურადღებას ვაქცევ, რომ ეს არ მოხდეს.
- ძირითადად, რა ასაკის სპორტსმენების მსაჯობა გიწევთ?
- ნებისმიერი ასაკის სპორტსმენები არიან. სპორტის ამ სახეობის შესწავლა 8 წლიდან იწყება. უფრო ადრეულ ასაკში არ შეიძლება. ბავშვი უნდა აცნობიერებდეს, რომ მშვილდ-ისარი იარაღია. 8 წლიდან მიზანშეწონილია, რომ ბავშვმა მშვილდი ხელში აიღოს (ბავშვებს სხვაგვარი, მცირე სიძლიერის მშვილდ-ისრები აქვთ). სპორტის ამ სახეობაში ასაკი შეზღუდული არ არის - მთავარია სურვილი და ხელში ძალა. თან, ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო. მშვილდოსანს ფსიქიკური პრობლემები არ უნდა ჰქონდეს.
- მუშაობის პარალელურად იყავით დაკავებული სპორტით და ხელსაქმით?
- კი, რა თქმა უნდა. შემდეგ, ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციე და უკვე აქედან მაქვს შემოსავალი.
- სამკაულს რა მასალისგან ამზადებთ?
- ოქროს გარდა ყველაფერს ვიყენებ.
- როგორ ფიქრობთ, რითია თქვენი შექმნილი სამკაული გამორჩეული, რატომ იზიდავს მომხმარებლებს?
- განსხვავებული სტილი მაქვს. როგორც კი ჩემს შექმნილ სამკაულს შეხედავენ, მაშინვე ხვდებიან - ეს მაიას გაკეთებულიაო. არავის ვბაძავ. რაც გონებაში მომდის, იმას ვაკეთებ.
- თქვენი სამკაულის მომხმარებლები ვინ არიან - ქართველები თუ ბერძნები?
- ქართველებიც და ბერძნებიც, მაგრამ უფრო მეტად - ბერძნები. ქართველებმა ახლახან გამიცნეს. საბერძნეთში კავკასიის კულტურისა და განათლების ცენტრი არსებობს. მისმა ხელმძღვანელმა შემთხვევით მნახა და თავისთან დამპატიჟა. ცენტრში სამკაულების კეთებას 4 წელი ვასწავლიდი და ხალხმაც გამიცნო. საელჩოდანაც დამპატიჟეს... გამოფენებში ხშირად ვმონაწილეობ. მხოლოდ მე კი არა, სხვა გოგოებიც - ერთი გუნდი ვართ.
- საქმიანობის გაფართოებას აპირებთ?
- რა თქმა უნდა. ჩემი ოცნებაა, გალერეა გავხსნა, სადაც არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი მეგობრების ნამუშევრებიც გამოიფინება. კიდევ, წიგნს ვწერ, როგორ შევქმნათ სამკაული მაკრამეს ტექნოლოგიით. წიგნი ორენოვანი (ქართული და ბერძნული) იქნება, ფერადი ილუსტრაციებით. თეორიულ მასალას თან ვიდეოგაკვეთილებიც ექნება.
- თქვენი მეუღლეც ქართველია?
- არა, ბერძენი გახლავთ. 2 გოგონა გვყავს.
GzaPress- შეგიძლიათ, გვიამბოთ, - მეუღლე როგორ გაიცანით?
- საბერძნეთში ვმუშაობდი, მაგრამ სამსახურს მაინც სულ ვეძებდი - არსებულით არ ვკმაყოფილდებოდი, უკეთესი მინდოდა. გაზეთს ყოველთვის ვკითხულობდი და სამსახურთან დაკავშირებულ განცხადებებს ვეცნობოდი. ერთ-ერთ ოფისში დავრეკე, სადაც დამხმარე ოპერატორი სჭირდებოდათ. ჩემმა მომავალმა მეუღლემ მიპასუხა (თუმცა მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო): ამჟამად, თანამშრომელი უკვე გვყავს. თქვენს ნომერს ჩავინიშნავ და როცა დაგვჭირდებით, დაგიკავშირდებითო. ამასობაში 2 წელი გავიდა. ეს ამბავი აღარც მახსოვდა (ტელეფონის ნომერს ყველგან ვტოვებდი, რადგან სამსახურს ვეძებდი). ერთხელაც, ისევ რესტორანში ვმუშაობდი, როდესაც ვიღაც კაცმა დამირეკა - ესა და ეს ადამიანი ვარ. 2 წლის წინ ჩემთან დარეკეთ. სამსახური თუ კიდევ გაინტერესებთ, მობრძანდით, ადგილი გათავისუფლდაო. დავთანხმდი. - ოფისში შევხვდეთ და დავილაპარაკოთო, - მითხრა. ასე გავიცანი ჩემი ამჟამინდელი მეუღლე. 1 წელიწადში დავქორწინდით. 15 წელია, ერთად ვართ.
- მის ოფისში მუშაობდით?
- ცოტა ხანს. 3 თვის მერე, როცა ჩვენი რომანი განვითარდა, წამოვედი (იღიმის).
- მეუღლე რა პროფესიის არის?
- ეკონომისტია.
- თქვენს შვილებს რა ინტერესები აქვთ?
- ბიჭი საქართველოში იმყოფება. ტურიზმისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლას ამთავრებს. გუშინ შევიტყვე, რომ ვიდეომონტაჟზე მუშაობს. ფოტოშოპი, კინოგადაღება შესწავლილი აქვს. გადასარევად იცის ინგლისური. ჩემი ტყუპი გოგონები 12 წლის არიან - VI კლასს ამთავრებენ. კალათბურთზე დადიან და ძალიან მოსწონთ. ტანმაღლები არიან. არც ბალეტი მოეწონათ და არც - მშვილდოსნობა, ენერგიული თამაშები იზიდავთ...
- საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს - თამთა გოდუაძეს თუ იცნობთ?
- კი, თამთას ახლოს ვიცნობ. მე და თამთას დედა ერთად ვცხოვრობდით - ბინა ერთად გვქონდა დაქირავებული. მაშინ თამთა ჯერ საბერძნეთში ჩამოსული არ იყო. შემდეგ, როცა ჩამოვიდა, თითქმის 2 წელი სამივე ერთად ვცხოვრობდით, მერე სხვაგან გადავედი... თამთა გადასარევი, ძალიან კარგი გოგოა. ჩემი აზრით, ღმერთის სასწაულია! მისი წარმატება ძალიან მახარებს...
- როგორ ფიქრობთ, დღეს უკვე იპოვეთ საკუთარი თავი?
- კი, ზუსტად ის ვარ, ვინც მინდოდა, ვყოფილიყავი. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რაც მინდოდა და ამისკენ მივისწრაფოდი. ჯერ სად ვარ? კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სწორ გზაზე ვდგავარ.
- თქვენს გეგმებში საქართველოში დაბრუნება არ შედის?
- არაფერია გამორიცხული - ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მართვის მოწმობა პირველსავე ცდაზე ავიღე
მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარატისტის კარიერა ოპერაზე გაცვალა
ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმით გამამტყუნებელი განაჩენი დგება და მას დანაშაულის შესაბამისი სასჯელი მიეზღვება.
ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს...
"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა"
მისი ყოველდღიურობა ხელოვნებასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენი გამოგონება ძალიან თვალსაჩინო და მარტივად გასაგებია მოსწავლისთვის"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.