ელექტრონული მუსიკა და ძველმანებში ნაყიდი ფირფიტები
font-large font-small
ელექტრონული მუსიკა და ძველმანებში ნაყიდი ფირფიტები
"ძველი ფირფიტების უმეტესობა ქართული მუსიკაა"

ელექტრონული მუსიკა შეიძლება ბევრს არ უყვარს, მაგრამ თავისებური ხიბლი ნამდვილად აქვს. ასეთი მუსიკა კლუბში მომისმენია, თუმცა არც მისი მოყვარული ვარ და არც კლუბებში სიარულის, მაგრამ ელექტრონული მუსიკის შექმნის უნებლიე თანამონაწილე კი წლების განმავლობაში ვიყავი... ახლაც ვარ, ერთი ძალიან ნიჭიერი, სასიამოვნო და საყვარელი ბიჭის წყალობით. მას ჯიმი ესებუა ჰქვია, 28 წლისაა, ოჯახთან ერთად ჩემს მეზობლად ცხოვრობს და მუსიკაზე თავდავიწყებითაა შეყვარებული. იცის, მისი დიდი გულშემატკივარი რომ ვარ და ერთხელაც მთხოვა, შინ პატარა სტუდია გავაკეთე, მეწვიე, მინდა, ჩემი მუსიკა მოგასმენინოო. გამეღიმა, სულ ამ მუსიკას არ ვუსმენ-მეთქი? მაგრამ მაინც ვესტუმრე. ხოლო რაც იქ მოვისმინე, სულ სხვა იყო - იგი არც მაზანზარებდა და არც მაყრუებდა. ოთახში, რომელიც მისი საძინებელიცაა, ჯიმის შესანიშნავი აპარატურით, გემოვნებით მოუწყვია სტუდია - ფირსაკრავი, პულტი დინამიკები და ა.შ. სწორედ აქ მოვისმინე ჯიმის შექმნილი ულამაზესი მელოდია და მისმა შემოქმედებამ ისე დამაინტერესა, ცოტა ხნის წინ უკვე ინტერვიუსთვის ვესტუმრე და გავიცანი ჯიმის ახალშერთული მეუღლე - სოფო წიქარიშვილი, რომელიც თავადაც მუსიკალური პროდიუსერია და დღეს უკვე ჯიმის მენეჯერიც.



ჯიმი ესებუა:
- კლასიკური გაგებით მუსიკალური განათლება არ მაქვს, მაგრამ ფირფიტის დაკვრა და საერთოდ, რა ცოდნაც საჭიროა საკლუბო სცენისთვის და ყველა დიჯეიმ უნდა იცოდეს ანუ "მიქსინგის" კურსი - გავიარე. წარმოიდგინე, მთელ დღეს სამსახურში ვატარებდი, ოფიციალურ შესვენებას კურსებს ვუთმობდი, ხოლო დანარჩენ დროს შინ გავდიოდი პრაქტიკას. რასაკვირველია, ასეთი რეჟიმი საკმაოდ დამღლელია, მაგრამ მაინც გამიმართლა, რადგან სამსახურიც, კურსებიც და სახლიც ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს იყო. რაღაც-რაღაც სიამოვნებებიც მოვიკელი - გართობა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და თეორიული ცოდნა რომ არ დამვიწყებოდა, დანაზოგით, ნასესხები ფულითა და ჩემი დის დახმარებით ნელ-ნელა აპარატურაც შევიძინე. უპირველესი მაინც ფირსაკრავი იყო...
- ჩანაწერები, რასაც უსმენ და თავად რასაც ქმნი, საკმაოდ გემოვნებიანია. გემოვნებას კი მუსიკალური განათლებაც აყალიბებს, გარემოც და შეიძლება, გემოვნებიანად დაიბადო კიდეც. შენზე რამ იმოქმედა?
- ბავშვობაში ზუგდიდში ვცხოვრობდით და ბებია მე და ჩემს დებს ფორტეპიანოს კლასზე გვატარებდა. მასწავლებელი შინაც მოდიოდა ხოლმე და პიანინოზე გვამეცადინებდა. რაც მთავარია, დაკვრის შესწავლა არ მეზარებოდა. სხვათა შორის, სპორტიც ძალიან მიტაცებდა, სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი, ერთხანს ცეკვამაც გამიტაცა. წარმატებას ყველგან იოლად ვაღწევდი, ყველაფერი მარტივად გამომდიოდა და ალბათ ამიტომაც მბეზრდებოდა. მერე საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით და მივხვდი, რომ დრო იყო, დავფიქრებულიყავი და განმესაზღვრა, რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში. თბილისში დავუმეგობრდი თორნიკე ნიკოლაიშვილს, ძალზე ნიჭიერ მუსიკოსსა და პროდიუსერს. სწორედ მასთან ერთად დავიწყე კლუბებში სიარული და ელექტრონული მუსიკის მოსმენა. გადიოდა დრო და აღმოვაჩინე, რომ ამ მუსიკის მოსმენა არათუ მბეზრდებოდა, მსმენელის ამპლუა აღარ მაკმაყოფილებდა და მის შექმნაშიც მინდოდა ჩავრთულიყავი. არჩევანი მქონდა - ან მუსიკა უნდა დამეწერა, ან დიჯეინგით დავკავებულიყავი, რაც ორი, სრულიად განსხვავებული სფეროა. სამწუხაროდ, საქართველოში ამის გარჩევა ბევრს უჭირს. მოკლედ, პროდიუსერის კურსები საქართველოში საუკეთესო პროდიუსერთან, "ჟორჟიკასთან" - გიორგი ჟორჟოლიანთან გავიარე და ასე გადავეჯაჭვე ელექტრონულ მუსიკას, რომელიც უამრავ მიმდინარეობას აერთიანებს და მათი დანაწევრება არც მიყვარს - ყველა კარგი მუსიკა მომწონს, იქნება ეს კლასიკა, ტექნო, ჰაუსი თუ სხვა. მაგალითად, ჩემს ფირფიტების კოლექციაში ნახავთ 1960 წელს გამოშვებულსაც და - სულ ცინცხალს, გუშინ გამოშვებულსაც.
GzaPress
პროფესიული საქმიანობა ჩემს კიდევ ერთ მეგობართან - დიჯეი და პროდიუსერ გიორგი ჟვანიასთან ერთად დავიწყე მის ახალ შეძენილ აპარატურაზე. შემდეგ პროგრამაც მოვამზადეთ და კლუბშიც დავუკარით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, მსმენელმა ოვაციებით რომ მიგვიღო - მივხვდით, დამწყები მუსიკოსები არავის ვეგონეთ. შემდეგ ერთწლიანი კონტრაქტიც გაგვიფორმეს და კვირის განმავლობაში ჩვეულებრივ, სამსახურებში დავდიოდით, პარასკევ-შაბათს კი კლუბში ვუკრავდით.
- და მაინც, შენი მუსიკა როგორია, რას ქმნი და რას უკრავ?
- ჩემი მთავარი მიმდინარეობაა ტექნო - ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობებს შორის ერთ-ერთი საკმაოდ მძლავრი. მძლავრი მუსიკა კი ჩვეულებრივზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს. სტუდია რომც არ მქონდეს, ფირსაკრავს მაინც შევიძენდი, რადგან იგი განსაკუთრებულია - 50-ზე მეტი წლის წინ გამოუშვეს, მაგრამ დღესაც ნებისმიერ ციფრულ პროდუქტს ჯობია.
- თვალში საცემია, რა აკურატულად გაქვს ჩაწყობილი შენი ფირფიტები. კოლექციაზეც გვიამბე.
- ყველაზე ძვირფასი სწორედ ის არის, რომელიც ამწუთას ფირსაკრავზეა და ჩვენს საუბარს სასიამოვნო ფონს უკეთებს. ეს მუსიკაა ჩემი ინსპირატორიც - ფრანგი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ფრანგული ელექტრონული და "ნიუ ეიჯის" სტილის მუსიკის ერთ-ერთი პიონერის, ჟან მიშელ ჟარის ფირფიტა.
- ყველაზე ძველი გამოცემული რომელი ფირფიტა გაქვს კოლექციაში?
- ძველი ფირფიტების უმეტესობა ქართული მუსიკაა, მაქვს ჩინური ფირფიტაც, ევროპული კლასიკაც. საერთოდ, დიჯეინგში ყველაფრის გამოყენება შეიძლება. იმიტომაცაა უნივერსალური, რომ შეიძლება, ქართული, ფოლკლორგარეული მუსიკა შეავსო, თუნდაც, გერმანული ტექნოთი.
ძალიან მიყვარს მოგზაურობა და სადაც ვხვდები, ყველა ქვეყნის ძველმანების ბაზრობას ვაკითხავ, ლამის სუნითა და აურით ვპოულობ ასეთ ადგილებს და ფირფიტების უმეტესობა იქ მაქვს შეძენილი. ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფირფიტაა - იგი ფრთებითა და შარავანდედით ჩემი პროექტის - Qუერუბიმ-ის მუსიკალური ბუნების გამომხატველია. ამ ფირფიტის მუსიკაში მისმა ავტორმა იცი, რა გააერთიანა? - ფირფიტის პოსტერს კარგად თუ დააკვირდები, მის, ერთი შეხედვით, უჩინარ და მიუწვდომელ არსსაც აღმოაჩენ - აქ თავმოყრილია ავტორის ყველა ახლობელი ადამიანი - ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები. შიდა, გაშლილ ფოტოზე კარგად დაინახავ, როგორ არის ეს ხალხი ანგელოზის ფრთებში მოქცეული. ეს მუსიკალურადაც და ვიზუალურადაც საოცრებაა.
- შენს პროექტებზეც მიამბე - თრუნემბრა-სა და Querubim-ზე. რა არის მათი არსი?
- ტექნოპროექტი Trunembra სტუდიის აწყობამდე შევქმენი. თრუნემბრა მუსიკის ანგელოზს ნიშნავს და მას ორი მხარე აქვს - ბნელი და ნათელი. ბნელი გამოსცემს ხმებს, რაც კაცობრიობას შიშის ზარს სცემს. Querubim კი რადიკალურად განსხვავებული და მთლიანად ნათელია, ჟღერადობით საზღვაო-საზაფხულო განწყობას ქმნის.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მართვის მოწმობა პირველსავე ცდაზე ავიღე
მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარატისტის კარიერა ოპერაზე გაცვალა
ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმით გამამტყუნებელი განაჩენი დგება და მას დანაშაულის შესაბამისი სასჯელი მიეზღვება.
ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს...
"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა"
მისი ყოველდღიურობა ხელოვნებასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენი გამოგონება ძალიან თვალსაჩინო და მარტივად გასაგებია მოსწავლისთვის"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.