"ჩემი ოჯახი კი არა, საცოლეც ვაზიარე ექსტრიმს"
font-large font-small
"ჩემი ოჯახი კი არა, საცოლეც ვაზიარე ექსტრიმს"
"დიდ გუბეში ამოვყირავდით, ღვედის გამხსნელი გაიჭედა და ძლივს გავხსენით"

საქართველოში ოფროუდი ძალიან პოპულარულია. ადრენალინი, ექსტრიმი, გართობა, შეუდარებელი სანახაობა - ეს ყველაფერი აიძულებს ოფროუდერებს, კვლავაც დაადგნენ იმ გზას, რომელიც მთავრდება და რის შემდეგაც იწყება ოფროუდი, ანუ სირთულეები. 29 წლის იოანე ყიფშიძე უკვე რამდენიმე წელია, რაც ექსტრემალური სპორტით დაინტერესდა, არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატსა თუ სხვადასხვა ტურნირში და ბევრჯერ გაიმარჯვა კიდეც. როგორც მითხრა, ჩვენს ქვეყანაში ექსტრემალურ სპორტს ნაკლები ხელშეწყობა აქვს. იოანე სიტყვაძუნწი რესპონდენტი აღმოჩნდა, თუმცა, ვფიქრობ, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულები მაინც ბევრ ინფორმაციას შეიტყობენ ჩვენი საუბრიდან.


- იოანე, თავდაპირველად, განგვიმარტე, რა არის ოფროუდი?
- ოფროუდი გაუვალი და რთული გზების გადალახვაა სპეციალურად აღჭურვილი მანქანით. ოფროუდელები ცდილობენ, მაქსიმალურად მიუვალ ადგილებში მანქანით მისვლას. ეკიპაჟი 2 ადამიანისგან შედგება. შტურმანი მიმართულებასა და მარშრუტს განსაზღვრავს, პილოტს კი უნდა ჰქონდეს ექსტრემალური ტარების აუცილებელი უნარ-ჩვევები. ამ სპორტში მთავარი სირთულე რთული გზებია. ოფროუდ ღონისძიებები ორ კატეგორიად იყოფა - სპორტული ოფროუდი, ანუ შეჯიბრება და ოფროუდი, როგორც აქტიური დასვენების ერთ-ერთი ფორმა, მიუვალ გზებზე ექსპედიცია. ეს არის საშუალება, მიიღო ადრენალინი და თან, ბუნებასთან ახლოს იყო, განიტვირთო.
- თვითონ როდის დაინტერესდი?
- ოფროუდი, როგორც გითხარით, უგზოობაში სიარულს ნიშნავს, ქართველებს კი ტყე-ღრე ძალიან გვიზიდავს და ამიტომაც უცებ გახდა პოპულარული. მე 6-7 წლის წინ ჩავერთე აქტიურად. ბავშვობიდან მანქანების განსაკუთრებული ინტერესი მქონდა, 11-12 წლისამ ვისწავლე მართვა. მომწონდა, მამას რომ ვეხმარებოდი ავტომობილის შეკეთებაში. ალბათ ამიტომაც ჩავაბარე ავტოსაინჟინროზე. ახლა ავტოსერვისი მაქვს, მანქანებს ვშლით, ვაწყობთ, სპორტულ მანქანებს შეჯიბრებისთვის ვამზადებთ, ძირითადად, ჯიპებს ვემსახურებით. ჩემი პირველი მანქანა იყო "სუძუკი სამურაი", სპორტული მანქანა, ახლაც მყავს და ახლაც მაგ მანქანით გამოვდივარ შეჯიბრებებზე. ხშირად უწევს შეკეთება და განახლება, რადგან ყოველ ექსპედიციაზე რაღაც უზიანდება.
- 2016 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა კლუბი Xtreme off-road club Georgia და კლუბის პრეზიდენტი, როგორც საკმაოდ წარმატებული ავტომრბოლელი და არაერთგზის გამარჯვებული, შენ ხარ. რას იტყვი ამ კლუბისა და თქვენ მიერ ჩატარებული ჩემპიონატების შესახებ?
- კლუბის წევრთა რაოდენობა უკვე საკმაოდ მასშტაბურია. კლუბი ემსახურება ჯანსაღი ავტოსპორტის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ კატეგორიას, ოფროუდს ვგულისხმობ. კლუბის ორგანიზებითა და თაოსნობით რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება გაიმართა. 31 მარტს, თბილისში ჩატარდა საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი "ოფროუდ თრაიალში". ტურნირში მონაწილეობა შესაძლებელი იყო როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ავტოსპორტსმენებისთვის. ჩემპიონატის პირველ ეტაპში ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი ოფროუდერებისგან დაკომპლექტებული ეკიპაჟები მონაწილებდნენ. ტურნირი ხუთ კატეგორიაში - ორიგინალი, სტანდარტი, მოდიფი, პრო-მოდიფი და პროტო - ჩატარდა, სადაც კატეგორიებად დაყოფა სარბოლო ტრანსპორტის მომზადების მიხედვით მოხდა. ჩემპიონატის მონაწილე ეკიპაჟები 7 საშეჯიბრებო ტრასაზე პარალელურ რეჟიმში ასპარეზობდნენ. ჩემპიონატის თითოეული ეტაპი ორ საცდელ დღეს, ორ საცდელ გარბენს მოიცავდა, ეტაპის გამარჯვებულად კი ითვლებოდა ის მონაწილე, რომელიც უმოკლეს დროში, უშეცდომოდ გაივლიდა ეტაპის ყველა ტრასას.
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 36 ეკიპაჟი მონაწილეობდა, ვმონაწილეობდი მეც - კატეგორია მოდიფში მეორე ადგილი ავიღე.
GzaPress
- საინტერესოა, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა ვის შეუძლია ან რა კატეგორიებში იმართება რბოლები?
- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მრბოლელებს. ამ კონკრეტულ შეჯიბრებას რაც შეეხება, გვქონდა 5 კატეგორია: მოყვარულ "ჯიპერთა" კატეგორია და კატეგორიები ძრავის მოცულობის მიხედვით, კერძოდ: 2.5 ლიტრამდე მოცულობის მანქანები, 2.5 ლიტრი მოცულობის ზევით, ძრავაშეცვლილი ან ტრანსმისიაშეცვლილი ავტომობილები და ATV ანუ საჭიანი კვადროციკლები, ე.წ. ბაგები. არის ასეთი შეჯიბრებაც - სპრინტი, სადაც სისწრაფეზე ხარ ორიენტირებული, ანუ ყურადღება ექცევა წრეების მოცემული რაოდენობის გასავლელად ვის რამდენი დრო დასჭირდება. არის კიდევ ასეთი სახელწოდების შეჯიბრება - "რეინფორესტ ჩელენჯი", რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, ჩვენთან კი კავკასიის ეტაპი იქნება მაისის დასაწყისში. ეს შეჯიბრება გაგრძელდება ხუთ დღეს, ამ ხნის მანძილზე ტყეში ხარ, წუთნახევრიანი ტრასებია და თითოეული ეკიპაჟი ცალ-ცალკე შედის იმ ტრასებზე. ეჯიბრებიან, ვინ უფრო მალე გადალახავს. შარშან გომბორზე იყო და წელს, ზუსტად არ ვიცი, სად ჩატარდება. ვერც იმას გეტყვით, მივიღებ თუ არა მონაწილეობას.
- საერთოდ, რის მიხედვით ირჩევთ ლოკაციას?
- გააჩნია, სეზონს. მაგალითად, ზამთარში დიდველის მიმდებარე ტერიტორია, მისი სირთულეებიდან გამომდინარე, ოფროუდისთვის შესანიშნავია. ტერიტორიის შერჩევის დროს ძირითადი ყურადღება ტრეკის მოწყობასა და მის სირთულეს ექცევა.
- ყველაზე რთული გზა როგორია?
- სადაც მეტი ბარიერი გხვდება - აღმართი, მეტყევის მანქანის მიერ გაჭრილი კალეა, დიდი გუბეები და ა. შ.
- ექსტრიმი დიდ განცდებს უკავშირდება. გაიხსენე, პირველი, მძაფრი ემოციები...
- აი, ზუსტად ამიტომ ავიღე წელს შესვენება, რომ დავისვენო ამ მძაფრი განცდებისგან. ზოგჯერ მობეზრებაც კი იცის. პირველად რომ მივიღე მონაწილეობა, ნამდვილად იმაზე მეტი ემოცია მქონდა, ვიდრე ველოდი და წარმოვიდგენდი. მანამდე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მანქანას შეეძლო ასეთ მიუვალ ადგილებზე გაევლო, მეგონა, აღმართზე ამოვყირავდებოდი.
- ხიფათიც ბევრი იქნებოდა ამ წლების მანძილზე?
- ქუთაისში კინაღამ დავიხრჩვე, რადგან დიდ გუბეში ამოვყირავდით, ჩემი მხარე მთლიანად წყალში იყო, ღვედის გამხსნელი გაიჭედა და ძლივს გავხსენით, უფრო სწორედ, ჩემმა შტურმანმა იყოჩაღა და გადავრჩით. ასეთია ექსტრემალური სპორტი, არის ბევრი რამ, რასაც ვერ გათვლი.
- მერე, არ გეშინია?
- ბევრჯერ რომ დაგემართება ერთი და იგივე, უკვე ეჩვევი. თანაც, არასდროს არ შემშინებია, ან რისი უნდა მეშინოდეს, მანქანა თუ დაცულია? უნდა გარისკო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სპორტში არაფერი გესაქმება. ცხოვრებაშიც რისკიანი ვარ, ოღონდ უაზრო რისკზე წასვლა არ მიყვარს.
- აქ, შენს სამუშაო მაგიდასთან, კედელზე ბევრ სიგელსა და დიპლომს ვხედავ.
- რამდენიმე მედალი აკლია კიდევ. საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა ეტაპზე ბევრჯერ გავიმარჯვე. სომხეთშიც პირველი ადგილი ავიღე. ყველა შეჯიბრება რთული იყო და ყველა მოგებით ამაყი ვარ, რადგან ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო.
- აქ ერთ სიგელსაც ვხედავ - ყველაზე უიღბლო მონაწილესო, 2014 წელს მიგიღია.
- (იცინის) ასეც ხდება ხოლმე. სტარტამდე ვერ მივედი მაშინ, გომბორის გზაზე მოვცურდი და გზიდან გადავვარდი. სახიფათო მოსახვევში ისეთი სიჩქარით შევვარდი, რომ ჯერ სხვა მანქანას შევეჯახე, ფაქტობრივად, გადავუარე ზედ და გადავვარდი. ჩემი ბრალი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამისგან დაზღვეული არ ხარ. სპორტია, რას იზამ... საწყენია, როდესაც რამდენიმე ღამეს ათენებ, მანქანა რომ მოამზადო და ამ დროს სტარტამდე ვერ აღწევ.
GzaPress
- რას ურჩევდი სხვებს, ვინც ახლა დგამს ნაბიჯებს სპორტის ამ სახეობაში?
- თუ გიზიდავს ეს სპორტი, უნდა იცოდე, რომ ნებისმიერი მანქანით ვერ მიხვალ ძნელად მისასვლელ ადგილას. ამიტომ უნდა იყიდო მანქანა 4/4-ზე - ანუ ჯიპი ოთხივე წამყვანი თვალით. საჭიროა მანქანის წინასწარ მომზადება. რაც უნდა მაგარი მანქანა გყავდეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საბურავები, რადგან ის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სავალი გზის ზედაპირთან აქვს შეხება. ავტომობილის დამუხრუჭებისას, დაძვრისას თუ მოხვევისას მნიშვნელოვანი დატვირთვა სწორედ საბურავსა და მის დამცავ ზედაპირზე მოდის, ამიტომაც სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის საბურავი უმნიშვნელოვანესი წინა პირობაა, რომ შეჯიბრების დროს რისკი მაქსიმალურად შეამცირო. მანქანის მომზადება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, უნდა შეამოწმო თითოეული დეტალი - ამორტიზატორიდან დაწყებული ზამბარით დამთავრებული. რაც უფრო მსუბუქია მანქანა, მით უფრო კარგად დადის ჩვენს გზებზე. მონაწილეობის შემდეგ ავტომობილი აუცილებლად ირეცხება, ღრმა წყალში თუ ვიარეთ, ამ შემთხვევაში კი იშლება, ირეცხება, იწმინდება, იცვლება ზეთი, "ტაოტი". ამ საქმეში ჩემი მეგობრები და თანამშრომლები მეხმარებიან ხოლმე.
- საინტერესოა, როგორ შეეგუვნენ მშობლები შენს ოფროუდერობას, მით უფრო, რომ ორივე ძმა ერთად მონაწილეობთ ხოლმე შეჯიბრებებში?
- მე და ჩემი ძმა ცურვაზეც ერთად შეგვიყვანეს. 12 წელი საქართველოს ნაკრებში ვიყავით და პატარ-პატარა მიღწევებიც გვქონდა, მაგრამ მერე თავი დავანებეთ. თავიდან ძალიან სერიოზული პრობლემები მქონდა მშობლებთან ჩემი გატაცების გამო. მანქანა რომ ვიყიდე და შეჯიბრებაში მონაწილეობა გადავწყვიტე, ეს აზრი, რა თქმა უნდა, არავის მოეწონა. ჩემს გამოსვლებს არც ესწრებოდნენ, მაგრამ ახლა შეეგუვნენ და არ ტოვებენ არც ერთ შეჯიბრებას. მე პილოტი ვარ, ჩემი ძმა - შტურმანი. ჩემი ოჯახი კი არა, საცოლეც ვაზიარე ექსტრიმს - შეგუებულია ამ ამბავს და ზოგჯერ თვითონაც მომყვება ხოლმე. სამეგობრო წრეშიც უმეტესობა ექსტრემალია. სხვათა შორის, მათთან ერთად ერთი კარგი ტრადიცია გვაქვს - ხარაგაულელი მეგობრების წამოწყებას სხვებიც შევუერთდით და 12 მაისს, ყოველ ანდრიაობას მივდივართ ხოლმე ხარაგაულში, რკინის ჯვარზე და ხატს მივაბრძანებთ სიონის საკათედრო ტაძრიდან. გადმოცემის თანახმად, ანდრია პირველწოდებულმა I საუკუნეში იქ რკინის ჯვარი აღმართა, რის გამოც მთას ეს სახელწოდება შეერქვა. ანდრიაობის დღესასწაულზე ხარაგაულელებიც და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მართლმადიდებლებიც სტუმრობენ ამ ადგილს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
იმის თანხები არა მაქვს, რომ ალბომები ჩავწერო
როგორ გადაურჩა ბავშვი ოპერაციას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ"
პარაფსიქოლოგი - პარლამენტის შენობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...
"პრე­ზი­დენ­ტ­საც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ჩე­მი ნა­კე­თო­ბე­ბი"
2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.