ბესო კობახიძის ქანდაკებები დიდი მიზიდულობის ძალით
font-large font-small
ბესო კობახიძის ქანდაკებები დიდი მიზიდულობის ძალით
მისი ყოველდღიურობა ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. ამბროლაურელი მხატვარი ფერწერისა და გრაფიკის პარალელურად, ბოლო რამდენიმე წელია, მარიონეტებსა და თაბაშირის ქანდაკებებს აკეთებს. ახლახან, თბილისის ისტორიის მუზეუმმა "ქარვასლამ" ორი ხელოვანის ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა - ისინი მეგობრები არიან და წლებია, ერთმანეთს იცნობენ...



ბესო კობახიძეს სახელოსნო რაჭაში, სახლის მეორე სართულზე აქვს მოწყობილი. მართალია მითხრა, საუბარს ხატვა მირჩევნია, შეიძლება დღე ისე გავიდეს, ხმა საერთოდ არ ამოვიღოო, თუმცა, ვფიქრობ ჩვენი დიალოგი მაინც შედგა.
მისი ქანდაკებები ძირითადად მაშინ იქმნება, როცა ცივა, ხოლო წელიწადის სხვა დროებს ტილოებთან ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობაში ატარებს. გაზეთით, ქვით, თიხით, თაბაშირით, მავთულით, კონსერვის ქილებითა თუ სხვა შერეული ტექნიკით შექმნილ ქანდაკებებს დამთვალიერებლისთვის დიდი მიზიდულობის ძალა აქვს. გინდა, დააკვირდე და თითოეულ ფიგურაზე შენი ვერსია მოიფიქრო. ქანდაკებებს სახელები არ აქვთ და ესეც იძლევა იმის საშუალებას, რომ თავად დაასათაურო, ივარაუდო, ვინ ვინ არის, ან გამოიცნო, ვინ რას ფიქრობს. შეიძლება, ზოგჯერ ავტორისა და დამთვალიერებლის აზრი სულ არ დაემთხვეს ერთმანეთს, მაგრამ ბესო კობახიძისთვის ყველა ვერსია საინტერესო მოსასმენია. ფაქტია, რომ მისი ფიგურები დიდ ინტერეს იწვევს არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ტურისტებშიც, რომლებიც ხშირად სტუმრობენ შინ რაჭველ მხატვარს.
GzaPress
- ბატონო ბესო, ბავშვობიდან მოვყვეთ, თუ იყო ვინმე, ვინც ბიძგი და სტიმული მოგცათ მხატვრობის მიმართულებით?
- ამბროლაურში დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე და შემდეგ თბილისში სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. როგორც ყველა ბავშვი, მეც ვხატავდი, 8 კლასი რომ დავამთავრე, იმ პერიოდში მივხვდი, რომ მხოლოდ ხელოვნება და კერძოდ - მხატვრობა იქნებოდა ის გზა, რასაც გავყვებოდი. სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. თავდაპირველად იქაურობის მიმართ დიდი ინტერესი არ გამიჩნდა და შევწყვიტე სიარული, მაგრამ მეორე წელს სკოლაში მოვიდა ახალი პედაგოგი და სამხატვრო სკოლის დირექტორი, რომელიც გამესაუბრა, დამაინტერესა და შემაყვარა მხატვრობა. ეს გახლდათ ავთო სანთელაძე. ბავშვობაში ძირითადად მხოლოდ ფანქრით ვხატავდი, მან ზეთის საღებავები, ფუნჯები მომცა და მხატვრობის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივა. ფაქტობრივად, მაშინ საბოლოოდ მოვიწამლე მხატვრობით.
- სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ისევ რაჭაში დაბრუნდით...
- მონაცვლეობით ვიყავი ხან თბილისში და ხან - რაჭაში. თბილისში ვმუშაობდი კერამიკის კომბინატში მხატვრად, შემდეგ ყოფილი თოიძის სახელობის სასწავლებელში 2 წელი პედაგოგად ვიმუშავე და ბოლოს ისევ რაჭაში დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ვმუშაობ. სხვა პროფესიით მუშაობა ვერ წარმომიდგენია და სიმართლე გითხრათ, სულ მინდა ვხატო და მთელი დრო ამ საქმეს დავუთმო.
- წელიწადის უმთავრესი დრო ფერწერასა და გრაფიკას ეთმობა და ზამთრის პერიოდი ქანდაკებებს, ასეა?
- დიახ, ასეა. სახელოსნოში ცივა და ზამთარში იქ ვერ ვხატავ. ცივ ამინდებში სახლში ღუმელთან ვზივარ და ქანდაკებებს იქ ვაკეთებ ხოლმე.
- რამდენი წლის წინ შეიქმნა თქვენი პირველი მარიონეტი?
- ეს დაახლოებით 2011 წელს მოხდა. ბავშვობიდან მაინტერესებდა მარიონეტების შექმნის ტექნიკა. ჩემს მეგობარ ალეკო ესვანჯიასთან აღმოვაჩინე მისივე გაკეთებული მარიონეტი და მასვე ვკითხე ტექნიკის შესახებ. ოცამდე მარიონეტი გავაკეთე, მაგრამ მერე რაღაცნაირად ინტერესი გამიქრა და მომწყინდა. ამის შემდეგ გადავედი ქანდაკებებზე. ვამბობ ხოლმე, ქანდაკებების კეთება ჩემთვის რელაქსაცია და ერთგვარი განტვირთვაა-მეთქი.
GzaPress
- თქვენი ქანდაკებები ერთგვარი სერიებია, თემატურად შეიძლება მათი დაყოფა...
- ეს ძირითადად საკუთარი თავის ძებნაა. თითოეულ ნამუშევარს რომ შევხედავ, მახსენდება ხოლმე მისი შექმნის მომენტში რა განწყობაზე ვიყავი, რა პრობლემა მქონდა და ა.შ.
- ანუ შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ქანდაკება თქვენი ავტოპორტრეტია?
- დიახ. საერთოდ, მგონია, რომ ყველა მხატვრის ნამუშევარი მისივე ავტოპორტრეტია, რა თემაზეც უნდა იყოს ის შექმნილი.
- როდის და როგორ გაიცნო საზოგადოებამ თქვენი შექმნილი ფიგურები?
- სოციალურ ქსელში ვათავსებდი ფოტოებს. ბევრი ასე დაინტერესდა და მოვიდა ჩემს სახელოსნოში სანახავად. პირველი სიუჟეტი ჩემ შესახებ ჩემმა მეგობარმა, პოეტმა და ჟურნალისტმა, ეკა ქევანიშვილმა გააკეთა. ამის შემდეგ უფრო გამიცნო საზოგადოებამ და ინტერესი წამოვიდა. იმავე პერიოდში რაჭაში ჩამოვიდა დათო ტურაშვილი, რომელიც ახლობელმა გამაცნო. ის აღფრთოვანდა ჩემი ნამუშევრებით, შემდეგ გადაცემაშიც ისაუბრა ჩემზე და ასე დაიწყო ყველაფერი.
- ალბათ პირველი გამოფენა ამბროლაურში გქონდათ...
- არა. პირველი გამოფენა თბილისში, 2017 წელს მქონდა. დათო ტურაშვილის გადაცემაში ჩემზე საუბარი ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, ნატა ენუქიძემ შემთხვევით ნახა. ქალბატონი ნატა 2-3 დღეში დამიკავშირდა და გამოფენის მოწყობის ორგანიზება და ყველანაირი დახმარება აღმითქვა.
- ძალიან ბევრი ტურისტი მოდის თქვენთან...
- სხვათა შორის, კი. გაზაფხულის დადგომიდან შემოდგომის ჩათვლით, საკმაოდ მრავლად არიან. ჩემი ნამუშევრები დიდ დაინტერესებას იწვევს მათში და რა ვიცი (იღიმის). მათაც ვეუბნები და საერთოდ, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ყველა ჩემი ნამუშევარი არის პროტესტი, სამყაროს მიმართ, ჩემი თავის მიმართ... სულ პროტესტის გამოხატვას ვცდილობ და როგორ გამომდის, ეს უკვე სხვა საქმეა.
- ყველაზე დიდი პროტესტი საკუთარი თავის მიმართ რაზე გაქვთ? თუ შეიძლება, ეს მითხრათ...
- როგორ გითხრათ?! არის ხოლმე რაღაც-რაღაცები. ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება რაღაც, რაც პროტესტს იწვევს. ბავშვობიდან ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. ძირითადად სულ საკუთარ თავს ვეძებ და აქედან მოდის ყველა ნამუშევრის შექმნის იდეა. შემოქმედი მთელი ცხოვრება სწავლობს, შეიძლება რაღაც გავაკეთო და არ დამაკმაყოფილოს, კიდევ ვცადო და ისე გამოდის, რომ სულ ვიბრძვი.
- დღის განმავლობაში როგორ ანაწილებთ სამუშაოს?
- დილით ადრე ვდგები. ვხატავ ან ქანდაკებებს ვაკეთებ. შემდეგ სამსახურში მივდივარ. შინ დაბრუნებული ისევ საქმეს ვაგრძელებ. ჩემთვის სხვა არაფერი არსებობს და არც გამომდის სხვა საქმე.
- ეზო გაქვთ, მიწაზე მუშაობა არ გიწევთ?
- მეტ-ნაკლებად მიწევს, კი, მაგრამ ოჯახში ჩემები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შემიწყონ, რომ ჩემი საქმე ვაკეთო.
- თქვენს კუთხეში თუ გამოუთქვამს ვინმეს სურვილი, მარიონეტებისა და ქანდაკებების შექმნის ტექნიკა ასწავლოთ?
- არა, არიან ადამიანები, ვისაც ხელოვნება უყვარს, მაგრამ რაჭაში არავის მოუმართავს ჩემთვის ამ მიზნით. სხვა რაიონებიდან მოჰყავთ ხოლმე ბავშვები ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად, ძირითადად, სამხატვრო სკოლებიდან, მაგრამ ადგილობრივები არ დაინტერესებულან. არ ვიცი რატომ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
- რატომღაც მეგონა, მოსწავლეები გეყოლებოდათ...
- არა, თუმცა, რამე თუ ვიცი, არ მეზარება ხოლმე სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება. რამდენიმე თბილისელ ახალგაზრდას მოუწერია ჩემთვის სოციალურ ქსელში და რჩევები უთხოვიათ. მათთვის მუშაობის პროცესში ფოტოებიც გადავიღე და ვიდეოც, სადაც შევეცადე, დეტალურად ამეხსნა ყველაფერი. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. მეც ბევრი რამ მისწავლია სხვისგან, მყავდა პედაგოგები და მეგობრები, სტუდენტებიდანაც ბევრი რამ მაქვს ნასწავლი და როცა ვინმე რჩევას, სწავლას და დახმარებას მთხოვს, ამას სიამოვნებით ვაკეთებ.
GzaPress
- თქვენი ნამუშევრების ნაწილი თბილისში "ბრძანდებოდა" გამოფენაზე, მაგრამ საერთო ჯამში, დღემდე თუ დაგითვლიათ რამდენი ფიგურა შექმენით?
- სხვათა შორის, რამდენჯერმე შევეცადე, დამეთვალა და ბოლომდე ვერ შევძელი იმდენი "არიან" (იღიმის). უხეშად რომ ვთქვა, 2 ოთახია სავსე. 100-ზე მეტი იქნება. ნაწილი გაყიდულია, ნაწილი გაჩუქებული, ამიტომ მიჭირს ზუსტი ციფრის თქმა. 30-ზე მეტი ჩემი ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა) ამერიკაშია გაყიდული, იქვე გააკეთეს ჩემი ნამუშევრების გამოფენაც.
- გაქვთ თუ არა ფიგურა, რომელსაც ვერასდროს დათმობთ?
- დიახ. ფრთამოტეხილი ანგელოზი, რომელშიც რაც უნდა შემომთავაზონ, ვერც გავყიდი და ვერც ვინმეს ვაჩუქებ. ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარია, იმ დროის, როცა ქანდაკებებზე მუშაობა დავიწყე. ორი, თითქმის ერთნაირი ანგელოზი მქონდა, ტყუპი, ერთი მე დავიტოვე და მეორე დათო ტურაშვილს ვაჩუქე, პატივისცემის ნიშნად. ფრთამოტეხილი ანგელოზის ქანდაკება სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემი სახელოსნოდან არ გავა.
- როგორ ფიქრობთ, როდის იქნება შემდეგი თქვენი გამოფენა?
- ტაიმ-აუტი მინდა ავიღო, ახალ სერიაზე ვიმუშაო, რისთვისაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი მჭირდება. ძირითადად, ეს იქნება ფერწერა და გრაფიკა. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან შეიძლება რამე შეიცვალოს.
- როგორც ჩვენი საუბრიდან ვხვდები, თავს უფრო მეტად კომფორტულად ფერწერაში გრძნობთ, თუ ვცდები?
- დიახ, ასეა. მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე, ეს ჩემი პროფესიაა და ჩემთვის სულ სხვა სამყაროა. მეუბნებიან ხოლმე, თავი ქანდაკებაში აღმოაჩინე და უფრო წარმატებული ხარო, მაგრამ მეორე კუთხითაც რომ შევხედოთ, ჩემი ნამუშევრების ყიდვა ვისაც სურს, ძირითადად, ჩემს ფერწერას ან გრაფიკას ირჩევენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. რომ დავფიქრდები ხოლმე, ქანდაკებასაც ისეთივე სერიოზულობით ვუდგები, როგორც ფერწერას, თუმცა, ფაქტია, რომ ფერწერისგან უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მართვის მოწმობა პირველსავე ცდაზე ავიღე
მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარატისტის კარიერა ოპერაზე გაცვალა
ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმით გამამტყუნებელი განაჩენი დგება და მას დანაშაულის შესაბამისი სასჯელი მიეზღვება.
ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს...
"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა"
"ჩვენი გამოგონება ძალიან თვალსაჩინო და მარტივად გასაგებია მოსწავლისთვის"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.