შეღებილი ხელებით მინიჭებული ბედნიერება
font-large font-small
შეღებილი ხელებით მინიჭებული ბედნიერება
ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს...

როცა სამუშაო ოთახში შეიკეტება და მუზა მოსდის, პატარა საოცრებებს ქმნის. ინტერნეტსივრცეში მისი სამეგობრო ყოველდღიურად აღფრთოვანებული ელოდება იმ მინიატიურულ "კერძებს", ქართულ სუფრას მთელი თავისი ატრიბუტიკით, ნივთებს, "სოფლის ცხოვრებას", პერსონაჟებს, რომლებიც სხვადასხვა ამბავს გადმოგვცემენ და იმდენად რეალურები არიან, ვერც კი იფიქრებთ, რომ მათი ზომა სულ რაღაც მილიმეტრი, რამდენიმე სანტიმეტრია და ხელისგულზე დაგეტევათ.



მერი (მარია) ჭიჭიაშვილი პროფესიით პედაგოგია, თუმცა, ხელოვნება მეტად იტაცებს, საზღვარგარეთ კი არაერთ რესტორანში წამყვან კულინარად, შეფმზარეულადაც უმუშავია და სწორედ კულინარიამ განსაზღვრა მისი ახლანდელი მთავარი გატაცებაც... სააღდგომოდ საქართველოს ეწვია და საყვარელი ადგილებიც მოინახულა.

GzaPress- მინიატიურული ფიგურების კეთებამ ძალიან გამიტაცა და ვფიქრობ, საკუთარი თავი სწორედ აქ ვიპოვე. ეს ისაა, რაც მინდა და ყველაზე მეტად მომწონს! ადრე, ძირითადად, ცომითა და შაქრით ვმუშაობდი, მერე კი სხვა ნივთიერებებიც გამოვიყენე - თიხა, პლასტელინი, მინა, პლასტმასი, საღებავები, რკინის ქილები, პლასტმასის ბოთლები, ასანთის კოლოფები, ჩხირები და სხვა. შაქარი ძალიან ფაქიზია, ტყდება, თან ვერც შეინახავ, ეს ფიგურები კი გადასაგდებად მენანება და მინდა, რომ დამრჩეს.
- კულინარია თქვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მანამდე რა იყო თქვენი ძირითადი საქმიანობა?
- პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია. ხელოვნებისადმი ყოველთვის უფრო მეტად ვიყავი დაინტერესებული, ბევრი რამ ვისწავლე, არაერთ მიმართულებას შევეხე, მინანქარზე მუშაობაც კი ვცადე, თუმცა, ალერგია მომცა, რადგან წვის დროს ტოქსინები გამოიყოფა, ამიტომ ამ საქმეს თავი დავანებე. მსგავსი რაღაცები ბავშვობიდან მიყვარდა და მეხერხებოდა, თოჯინებს ვაკეთებდი და კაბებსაც ვუკერავდი მათ, ვდიზაინერობდი, ოღონდ მეგობრების წრეში. ხან ვხატავდი, მერე, ფოტოგრაფიით დავინტერესდი. 2007 წელს საქართველოში, მოყვარულთა კონკურსზე ევროპაში გადაღებული ჩემი სამი ფოტო წლის საუკეთესო ფოტოდ დაასახელეს.
- როგორია თქვენი ემოციები და შთაბეჭდილებები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?
- სამშობლოში დროებით ჩამოვედი. ნებისმიერი კუთხე მშობლიურია, ყველაფერი მიყვარს... ტალახიანი ქუჩებიც კი (იღიმის). აღდგომის დღესასწაულზე კახეთში ვიყავით, სოფელ მატანში. მოვინახულე ჩვენი ძველი სახლი, სადაც ჯერ კიდევ დედას დალაგებული ნივთები ისევ ისე ხელუხლებელი დევს... მისი ბაღი, რომელიც ახლა ბალახით მწვანედაა აბიბინებული, მისი თონე, სადაც ძალიან მინდოდა, ერთად გამოგვეცხო პური...
- ოჯახთან ერთად ხართ?
- არა, მარტო ჩამოვედი, მალე ვბრუნდები უკან და საქმიანობას დავიწყებ. ერთი სული მაქვს, როდის შევალ ჩემს პატარა ოთახში და ახალი იდეების განხორციელებას შევუდგები...
- წლების წინ, ემიგრაციაში წასვლა რამ განაპირობა?
- ჩემი პირველი გასვლა ევროპაში გერმანიას უკავშირდება, იქიდან რამდენიმე თვეში დავბრუნდი საქართველოში, რის შემდეგაც, ესპანეთში გამგზავრება მქონდა განზრახული და ენის სასწავლო კურსებზე ჩავეწერე. რამდენიმე თვეში ჩემი ესპანელი მეუღლე გავიცანი და იქ დავრჩი. ის ჩემი ჯგუფელის მეგობარი იყო და მასთან სტუმრად ჩამოვიდა შვებულებისას, მაშინ ანდორაში მუშაობდა. ჩემი მეუღლე ტურიზმის სფეროში მუშაობს, სასტუმროებში. სამეგობრო ხშირად ვიკრიბებოდით, ჩვენც ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, ვსეირნობდით და ასე განვითარდა ჩვენი რომანი. სამი წელია, რაც ინგლისში საცხოვრებლად გადმოვედით, ამჟამად - რედინგში ვართ, მანამდე კი მანჩესტერში ვცხოვრობდით და იქ ორ საუკეთესო რესტორანში ვმუშაობდი, მეორეში მთავარი კონდიტერი ვიყავი და არაერთი ტიტული მოგვცეს, მათ შორის - მიშლენის ვარსკვლავი. ესპანური რესტორანი იყო, ინგლისელების გახსნილი. იქ ვაკანსიის საფუძველზე მოვხვდი, ვიფიქრე, ვცდი, რატომაც არ უნდა ამიყვანონ-მეთქი და დიდი კონკურსის, ხუთი გასაუბრების შედეგად შეგვარჩიეს და მთავარ კონდიტერად დამნიშნეს, გამიმართლა. ადგილობრივი რომ არ ვარ, რაღაც კომპლექსი მაინც მქონდა, მაგრამ აქ სხვანაირი ხალხია, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება არ გამჭირვებია, რასაც ესპანეთზე ვერ ვიტყვი, იქ უფრო ხშირად მქონია გულის ტკივილი - პირდაპირ გაგრძნობინებენ, ჩვენიანი არ ხარო. ინგლისში უფრო ვიგრძენი ის თავისუფლება, რაც ესპანეთში 16 წლის განმავლობაში ვერ ვიგრძენი.
GzaPress
- რას უკავშირდება თქვენი კულინარიით გატაცება და სარესტორნო საქმეში ჩაბმა?
- როდესაც შვილი შემეძინა, ფოტოგადაღებებზე სიარულისთვის ვეღარ ვიცლიდი და სახლში დავჯექი. სწორედ მაშინ დავიწყე საჭმელების კეთება. მეუღლე ესპანელია, ქართული საჭმელები კი მათთვის მძიმეა, ამიტომ გადავწყვიტე, ესპანური კერძების კეთება მესწავლა. ჟურნალებს ვყიდულობდი, რეცეპტებს ინტერნეტშიც ვეძებდი და ასე დავიწყე ნელ-ნელა კულინარიის დაუფლებაც. ჩემი მეუღლე ერთ-ერთ სასტუმროში დირექტორი იყო და იქ რამდენჯერმე ბისკვიტი გავუკეთე, საჭმელი მოვამზადე და მოეწონათ. ასე 3-4 თვეს გაგრძელდა და მერე, ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ოფიციალურად გამაფორმეთ, მუშაობას დავიწყებ და ისე გავამზადებ-მეთქი. იქიდან დაიწყო ჩემი, როგორც შეფის მუშაობა. რამდენჯერმე კონკურსი გამოცხადდა და ჩემმა ერთ-ერთმა კერძმა პირველი ადგილი დაიკავა. ამან უფრო გამახარა, თავდაჯერებულობა შემმატა, მადლობაც გადამიხადეს, რადგან ძალიან მოეწონათ. ჩემი მომზადებული დესერტები ყველას მოსწონდა. უგულოდ ვერაფერს გავაკეთებ. ნებისმიერ საქმეში, კულინარია იქნება, თიხის ნამუშევარი, თუ პროდუქტსა და ინგრედიენტს არ ვგრძნობ, ვერ გავაკეთებ და არ გამოვა. გული და სული თუ არ ჩადე, პროდუქტი რაც უნდა ძვირად ღირებული იყოს, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ. ეს მინიატიურული ფიგურებიც ალბათ იმიტომ მოსწონთ, რომ მთელ ჩემს ემოციას ვაქსოვ.
GzaPress
- ასეთი მცირე ზომის ფიგურების კეთება რთული და შრომატევადია, რაც მთავარია, დიდი ნებისყოფა სჭირდება, ნერვები. ოჯახი ალბათ ხელს გიწყობთ, რომ ამდენ დროს უთმობთ საყვარელ საქმეს.
- დიახ, დიდი დრო უნდა, უდიდესი მოთმინება. საიუველირო სამუშაოსავითაა, ნემსით ვმუშაობ, დიდი დატვირთვა აქვს თვალებს და ფაქიზად მიდგომა სჭირდება. ჯერჯერობით, ნებისყოფა მყოფნის (იცინის). დილით რომ ავდგები ხოლმე, ჩემს პატარა ოთახში შევდივარ, სადაც ყველაფერი მაქვს მოწყობილი. დაძინების დროს, მეუღლე მეძახის ხოლმე, კარგი, გეყოფა, გამოდი მანდედანო (იცინის). პატარა ოთახია, სადაც სრული ქაოსია - საღებავები, ნივთები, მაგრამ იქ ისე ვმშვიდდები... მომწონს ეს შეღებილი ხელები და მუშაობის პროცესი. ამ დროს ბედნიერი ვარ! მინიატიურული ფიგურების კეთება ძალზე სასიამოვნოა, მამშვიდებს. საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი მეც მომწონს და მიხარია, როდესაც სოციალურ ქსელში დადებული ფოტოებიც დადებით შეფასებას იმსახურებს. ადრე, სახლების კეთება რომ დავიწყე, ყველაფერი შაქრისა და ცომისგან იყო - ქართული ოდა და ა.შ. ჯერ ერთი სახლი გავაკეთე, მერე მეორე, მესამე, მეოთხე... ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. მე თვითონ მიკვირდა, ხალხი რომ ძალიან იწონებდა ამ ყველაფერს. მერე კი ძალიან ჩამითრია. თითქოს ჩემში რაღაც სასწაული მოხდა, ამას ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ადრე რომ ვინმეს ეთქვა, ვეტყოდი, მაგის ნერვები სად მაქვს-მეთქი.
- გვიამბეთ თქვენს ოჯახზეც...
- სოფელი მატანში მაქვს, მამა წარმოშობით იქიდანაა. სხვათა შორის, საქართველოში ძეგლების უმეტესობა მისი ჩამოსხმულია, ის მხატვარი და მოქანდაკეა. ალბათ, ბავშვობიდან რომ ვხედავდი მის ნამუშევრებს, მუშაობის პროცესს, მეც აქედან მომყვება ხელოვნებისადმი სიყვარული. დედა კი შესანიშნავი კულინარი იყო, ძალიან გემრიელი ხელი ჰქონდა და ეს ნიჭი ალბათ მისგან გამომყვა. სახლი, თონე, მოხუცები - ეს ნამუშევარი ცხადია, სოფელთან ასოცირდება.
GzaPress
- თქვენი შვილი - დანიელი როგორ აფასებს ამ ლამაზ ნამუშევრებს? მოსწონს?
- მას თავისი სამყარო აქვს, შემოვა ხოლმე, უყურებს ჩემს ნამუშევრებს და რა მაგარიაო, ამბობს, შეიძლება, შევჭამოო? (იცინის). ადრე ხატავდა ხოლმე, ხშირად და კარგ რაღაცებს, მაგრამ ბოლო პერიოდში ტექნიკით უფროა გატაცებული, როგორც ბავშვების უმეტესობა. ალბათ, ოდესმე ისევ დაინტერესდება. მაქვს ისეთი მომენტები, ხან მთლიანად ვიყინები და ვერაფერს ვაკეთებ. როცა მუზა, შინაგანი განწყობა არ გაქვს, არ გამოგივა. ზოგჯერ კი უცებ ხატვის მუზა მომივა, ნახატს ვხედავ და ფურცელზე გადამაქვს. ძერწვის დროსაც ასეა, თითები თავისით მოძრაობს. არის მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი მეკარგება, ვზივარ და ველოდები, როდის მოვა მუზა.
- საკუთარი რესტორნის გახსნაზე არ გიფიქრიათ?
- კი, ყოველთვის მინდოდა და ჩემი ოცნება იყო, რომ ხელოვნებასთან დაკავშირებული ობიექტი გამეხსნა, გალერეის ტიპის, სადაც ხელოვნების წარმომადგენელთა ნამუშევრები გამოიფინებოდა. იმედია, ოდესმე შევძლებ გავაკეთო. კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა, ყოველთვის ამ კუთხით ვუყურებდი. ვფიქრობ, ყველა კონდიტერი აუცილებლად უნდა იყოს ასეთი სულის მატარებელი, თორემ ისე ვერ გახდება წარმატებული შეფი. ვისაც ეს სფერო აინტერესებს, ვეტყოდი, რომ იყავით თავდაჯერებულები და არასდროს თქვათ - არ შემიძლია. სხვა თუ აკეთებს, მეც გამომივა, მთავარია, მოინდომო და გულით აკეთო, არ დანებდე, არ შეუშინდე, რადგან ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოგივა!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხელმარჯვე ჟურნალისტის მრავალმხრივი გატაცება და ცხადად ნანახი "სიზმარი"
"გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი"
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა
"ხშირად, ამ პროდუქტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ათჯერ და ოცჯერაც კი აჭარბებს!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.