დავითგარეჯა საქართველოა!
font-large font-small
დავითგარეჯა საქართველოა!
აზერბაიჯანი კი დავითგარეჯის ალბანური წარმოშობის ძეგლს უწოდებს...

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირები მონასტერში აღარ შეუშვეს, გარეჯის უდაბნოში, საქართველო-აზერბაიჯანის პირობით საზღვართან საქართველოს მოქალაქეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ერთ-ერთი მასშტაბური აქცია - მშვიდობიანი, თუმცა საპროტესტო მოგზაურობა საქართველოს გიდებმა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში 9 მაისს მოაწყვეს.

"ამ აქციით მოვუწოდებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მეგობრულ თუ პარტნიორულ რეჟიმში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს საზღვარი საბჭოთა საზღვრების გაუქმების ხარჯზე, რომელსაც "პირობითს" ვეძახით, უკვე 30 წელია", - ეს გახლდათ საქართველოს გიდების მოწოდება-გზავნილი ორი ქვეყნის ხელისუფლებისადმი, რომელსაც მიეძღვნა 9 მაისის აქცია - "მოიარე დავითგარეჯა უფასოდ! გიდები საქართველოსთვის".
დავითგარეჯის დასათვალიერებლად და მოსალოცად ამ მოგზაურობაში გიდებთან ერთად სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანები ვმონაწილეობდით. გზად ველოსიპედისტების დიდი ჯგუფი შემოგვიერთდა.
შესანიშნავი "გაკვეთილი" მივიღეთ საქართველოს ისტორიის იმ ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც 13 ასურელი მამა ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და უმნიშვნელოვანესი ქრისტიანულ-კულტურული კერები ააშენეს.
წმინდა მამებზე - დავით და დოდო გარეჯელებზე, უდაბნოზე, რომელიც დღეს წელშია გაწყვეტილი და მისი გამთლიანება, ისტორიული საზღვრების აღდგენა ქართველების ვალია!
9 მაისს, დილაადრიან აზერბაიჯანის საელჩოსთან შევიკრიბეთ. საკმაოდ ბევრნი ვიყავით, 500-მდე ადამიანი. საკმაოდ გრძელი მანქანების კოლონაში მე და ჩემმა მეგობრებმა მივაკვლიეთ ერთ-ერთ მოხალისე მძღოლს, რომელსაც სწორედ სამი ადგილი დარჩენოდა და მალევე მივხვდით, რომ შესანიშნავ თანამგზავრებთან აღმოვჩნდით. საჭესთან მჯდომი მამუკა კობერიძე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და გარდა მძღოლობისა, ბრწყინვალედ გაგვიწია გიდობა - გარეჯაში ჩასვლამდე საკმაოდ საინტერესო საინფორმაციო ტური ჩაგვიტარა ღვინის თემაზე. საერთოდაც, მიუხედავად არცთუ გრძელი გზისა, თანამგზავრების დამსახურებით, ჩვენი მგზავრობა ემოციურად დატვირთული იყო თბილისისა და საქართველოს ამბებითა და მნიშვნელოვანი ინფორმაციებით...
კარგა ხანია, გარეჯაში არ ვყოფილვარ, არადა, დრო იყო, მეგობრებთან ერთად ხშირად ვსტუმრობდი უდაბნოს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარეჯის სამონასტრო კომპლექსს იმხანად მამა ირაკლი (დღეს აბბა-ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი) წინამძღვრობდა და აღაშენებდა. შეიძლება ვიღაცებმა არც იციან, რომ საბჭოთა ეპოქაში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შორიახლოს მდებარეობდა წითელი არმიის სამხედრო პოლიგონი, რაც მონასტერს უდიდეს ზიანს აყენებდა. 1988 წელს სწორედ პოლიგონის დახურვის მოთხოვნით დაიწყო ქართველი სტუდენტების საპროტესტო მოძრაობა, რაც მალე ეროვნულ მოძრაობად იქცა და საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. საქართველოს მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანი კი დავითგარეჯის ალბანური წარმოშობის ძეგლს უწოდებს...
სევდიანიც იყო და გასახარიც შეხვედრა წარსულთან... რადგან ძალიან ბევრნი ვიყავით, გიდებმა ჯგუფებად დაგვყვეს და მცირედი ინტერვალებით ავდიოდით უდაბნოში, საზღვრამდე, სადაც დღეების წინ საქართველოს მოქალაქეები, ტურისტები და ბერები არ შეუშვეს.
GzaPress
ზვიად ანანიაშვილი, ადგილობრივი გიდი, აქციის ერთი-ერთი ორგანიზატორი:
- თავდაპირველად, ბერებთან ერთად გიდებმა ავტეხეთ განგაში და ჩვენი ფეისბუკ-ჯგუფით გავავრცელეთ ინფორმაცია. პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სამშობლო უყვარს და მასზე გული შესტკივა, უსასყიდლოდ ჩამოგვეყვანა და გვეჩვენებინა აქაურობა, მოგვეთხრო აქ მოღვაწე ადამიანებზე, აგვეხსნა, რა არის დავითგარეჯა, რომ დავითგარეჯა საქართველოა!
გვარიანად ცხელოდა, მაგრამ საკმაოდ ენერგიულად მივიწევდით მაღლა, ვინ - სიმღერ-სიმღერით, შეძახილებით, - საქართველოს გაუმარჯოსო, ვინ - ჩუმად, ჩაფიქრებული... ჩვენ აღმოვჩნდით შესანიშნავი გიდის - ზვიადის ჯგუფში და გზადაგზა სწორედ ის გვიამბობდა გარეჯის უდაბნოს ისტორიას. ჩვენთან ერთად ბილიკს მოუყვებოდა 5 წლის სანდრო, რომელიც მამის მხარდამხარ ვაჟკაცურად მოუყვებოდა უდაბნოს აღმართს. - საერთოდ არ მიჭირს სიარული, გამოცდილიც ვარო, - ამაყად განმიცხადა და თვალსაჩინოებისთვის ყოჩაღად აირბინა ბილიკის პატარა მონაკვეთი. გზად ბევრი უცხოელი ტურისტი გვხვდებოდა, ჩვენ ავდიოდით, ისინი ეშვებოდნენ და ინგლისურად გვიზიარებდნენ თავიანთ აღფრთოვანებას. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მრევლიც შემოგხვდა მამა იოანე მჭედლიშვილთან ერთად, ასევე - ბევრი სამღვდელო თუ საერო პირი.
აქციის მონაწილეებმა უდაბნოს თავზე, იქ, სადაც ქართველი მესაზღვრეებიც იდგნენ და - აზერბაიჯანელებიც, ცოცხალი ჯაჭვი გავაკეთეთ. მართლაც ამაღელვებელი იყო საქართველო-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმული დიდ-პატარას ნამღერი საქართველოს ჰიმნი, სიმღერები და ლექსები საქართველოზე, რომელსაც კლდის ქიმზე გაშეშებულ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ვასმენინებდით...

შორენა მაისურაძე:
- აქციაში მონაწილეობით მეც დავაფიქსირე ჩემი ნება. თავად შიდა ქართლიდან დევნილი გახლავართ, სამაჩაბლოდან, კერძოდ - აჩაბეთიდან. შესაბამისად, ეს პრობლემა კარგად ნაცნობი და ორმაგად მტკივნეულია ჩემთვის. გული მტკივა, ასე ნელ-ნელა რომ პატარავდება და იკარგება საქართველოს ტერიტორიები. აქ პირველად ვარ და ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის, ქრისტიანი ბერების შესახებ. ძველი ქართული წარწერებით დამშვენებული, დრო-ჟამისგან დაზიანებული უნიკალური ფრესკების ფონზე, ქართულ მიწაზე მდგარი, შეიარაღებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, იმ ტაძრებთან, სადაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანი ბერები წირვა-ლოცვას აღავლენდნენ, ძალიან მძიმე სანახავი იყო. დღეს ჩვენ ვიდექით ერთი გულისტკივილით, ვიდექით ხელჩაკიდებული, ცოცხალი ჯაჭვით, უსამართლობით გულნატკენი ქართველობა და ქართული ჰიმნით გამოვთქვამდით პროტესტს.

რუსუდან ჯაფარიძე, საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი, ორგანიზატორი:
- გიდები ის ადამიანები ვართ, ვისი, ასე ვთქვათ, ოფისი არის საქართველო და თუ სადმე დასუფთავების, ეკოლოგიური, ტურიზმის ხელოვნურად შემაფერხებელი ან სხვა რაიმე პრობლემა ჩნდება, ყველაფერი გვეხება. ამიტომ, როდესაც ზვიადმა ჩვენს ტურისტულ ჯგუფში გარეჯზე დაწერა, სამი დღეა, უდაბნოში აღარ გვიშვებენო, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ბერთუბანი აღარ დაგვრჩა, ჩიჩხიტურზე წლებია, ვერ ავდივართ (ახლახან შევიტყვეთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ჩიჩხიტური მნახველებისთვის გაიხსნა. - ავტ.) და ახლა დავითის ლავრისა და ნათლისმცემლის უდაბნოს ჯერია. ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება, ისედაც ალბანური კულტურის ძეგლებად აცხადებენ, მალე ალბათ აზერბაიჯანელი გიდები ივლიან და ექსკურსიებსაც გაუძღვებიან. გიდები ყველაზე აპოლიტიკური ხალხი ვართ. გვყავს ამხელა დიპლომატიური კორპუსი, საგარეო უწყება, ამდენი საელჩო, ქვეყნის მართვის ამდენი ბერკეტი - კეთილ მეზობელთან საზღვარი ვერ უნდა გაარკვიო? მხოლოდ პირადი მოლაპარაკების გამო არ უნდა ხდებოდეს, პრეზიდენტი მეორე პრეზიდენტს მეგობრულად რომ დაურეკავს და დროებით გაახსნევინებს საზღვარს! თავს ვიკლავთ, რომ ქვეყანა ვართ, დროშა გვაქვს, გერბი, ჰიმნი და მართლაც საოცნებო ქვეყანას ვუხატავთ სტუმრებს. ამ დროს, ფეხს გადააბიჯებ ტრასიდან და ავტომატიანი კაცი შენს ტაძარზე გეტყვის, არ შეხვიდე, ფრესკა არ ნახო და არ ილოცოო. არ იქნება ბოლო წვეთი? საომარი ვითარების გამო დაკარგულ სალოცავებსა და მიწა-წყალზე ხომ არ ვლაპარაკობთ? ლაპარაკია ორ ქვეყანაზე, რომელსაც ერთმანეთი სჭირდება და ამიტომ დალაპარაკებაც თავისუფლად შეგვიძლია. მთავარია, ეს საქართველოსთვის იყოს და ჩვენ, გიდებს, ვერაფერი დაგვამუხრუჭებს! იცოდით, რომ საქართველოში ჩამოსული 1 ტურისტი 25-27 ოჯახს აწვდის პურის ფულს? ანუ ამით მხოლოდ გიდი და მძღოლი კი არ იღებს ხელფასს, მთელი ჯაჭვია, რაც აეროპორტის, სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიებისა და ა.შ. თანამშრომლებით დაწყებული, ხაჭაპურის მცხობელი სოფლის მოხუცი ბებიით ან მეგზური ბიჭით დამთავრებული, ყველას აერთიანებს. ამიტომ სწორედაც უნდა გავაპროტესტოთ და ჩვენ, გიდები, საკუთარი ქვეყნის ელჩები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ბევრი სანახაობა გვქონდეს ჩვენს მიწაზე და მარტო წარსულზე კი არ ვუამბოთ ტურისტებს, როგორც ტაო-კლარჯეთსა და ჰერეთზე ვუამბობთ, ერთ დროს ისიც საქართველო იყო-თქო, არამედ აწმყოდ - დღევანდელ საქართველოს ისტორიად!
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხელმარჯვე ჟურნალისტის მრავალმხრივი გატაცება და ცხადად ნანახი "სიზმარი"
"გვერდში ცოლი მახლდა და ლამის "დააწერეს" ქმარი"
"პატარა დეტალი, გრძნობა, ემოცია შეიძლება გახდეს ნახატის ინსპირაცია"
"ყოფილა შემთხვევა, გაცვეთილი საბურავები გვქონია"
სურვილი გამიჩნდა, ჩემი ანსამბლი მქონოდა
"ხშირად, ამ პროდუქტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ათჯერ და ოცჯერაც კი აჭარბებს!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.