მსჯავრდებულების რეაბილიტაცია - მნიშვნელოვანი საქმე
font-large font-small
მსჯავრდებულების რეაბილიტაცია - მნიშვნელოვანი საქმე
ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმით გამამტყუნებელი განაჩენი დგება და მას დანაშაულის შესაბამისი სასჯელი მიეზღვება. რა ხდება ამის შემდეგ? უნდა დაიწყოს სასჯელის ორი მიზნის განხორციელება - ეს არის დანაშაულის პრევენცია და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
ამ თემაზე გვესაუბრება იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინგა სარჯველაძე.
- მუშაობა იწყება ყველა მსჯავრდებულთან, თუმცა ჯერ უნდა მოხდეს შეფასება და მერე დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენცია. პენიტენციურ სისტემაში სამ დიდ ეტაპს განვასხვავებთ, ესენია: 1. სისტემაში შემოსვლა არის ძალიან სტრესული პერიოდი. მსჯავრდებული ხვდება, რომ სოციალიზაცია და უნარები, რაც მას გააჩნია და გარეთ აქვს, შიგნით არ გამოდგება. ყველა დახურულ ინსტიტუციას თავისი წესები აქვს. ეს ჩვეულებრივი ნორმაა, იმიტომ რომ გარკვეული უფლებები შეზღუდულია. 2. შემდეგი პერიოდი გულისხმობს იმას, რომ მან უნდა ისწავლოს, როგორ იცხოვროს და "გადარჩეს" ამ სიტუაციაში. 3. ბოლო ეტაპზე ის ემზადება განთავისუფლებისათვის, რაც ასევე ძალიან სტრესული პერიოდია. სოციალური მუშაკი არის ადამიანი, რომელიც მუშაობს ბენეფიციართან მისი ქცევის კორექციაზე, მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე.

- რატომ არის მსჯავრდებულის განთავისუფლება სტრესული?
- ის გადის გარეთ, მაგრამ არ იცის რანაირად იცხოვროს? როგორ მიიღებს საზოგადოება? მას არ იღებენ სამსახურში და ა.შ. უნდა მოხდეს მათი გადამისამართება პრობაციაში, დანაშაულის პრევენციის ცენტრში ან არასამთავრობო სექტორში, ვინც ზრუნავს მოწყვლად ჯგუფებზე, მაგალითად, ნარკოდამოკიდებულებზე. ყოფილ მსჯავრდებულზე პოსტპენიტენციური ზრუნვა აუცილებელია.

- რამდენად გახსნილები არიან მსჯავრდებულები სოციალურ მუშაკთან ურთიერთობისას?
- ჩვენ მათ არაფერს ვუგეგმავთ. მსჯავრდებულს თავად უნდა ჰქონდეს ჩვენთან თანამშრომლობის მოტივაცია იმ კუთხით, რომ დავანახოთ რა არის მისთვის უკეთესი, შევთავაზოთ სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამა და ავუხსნათ, რატომ არის კარგი ამ ყველაფერში ჩაერთოს და რა იქნება შედეგი? საბოლოო ჯამში, ცვლილებას თავის თავში მაინც ბენეფიციარი ახდენს, მან უნდა იპოვოს ძალა ცვლილების განსახორციელებლად. ჩვენ ვართ მხარდამჭერები, ვისაც შეგვიძლია სწორი გზა დავანახოთ.

- უშუალოდ პროგრამების შესახებ რომ ვისაუბროთ, რა მიმართულებები არსებობს?
- შეფასებიდან დავიწყოთ, რადგან ამის გარეშე პროგრამა ცალკე დგას. რა არის შეფასება? ადამიანის განვლილ ცხოვრებას (სტატიკურ ნაწილს) აფასებ და მის კრიმინოგენურ ფაქტორებს (თუკი ჰქონდა წარსულში), ასევე უნდა გაითვალისწინო ასაკი, სქესი... ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ გარკვეულ ასაკში ხშირია დანაშაულის განმეორებითობა, ხოლო რაღაც ასაკში საერთოდ აღარ არსებობს, ფაქტიურად ზღვარი მინიმუმზეა დაწეული. მუშაობისას უამრავი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო, რადგან არამხოლოდ საქართველოში, თითქმის ყველა ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში არის რესურსების სიმწირე. საჭიროა მიზანმიმართული მუშაობა, ე.ი. ზუსტად უნდა იცოდე სად ანხორციელებ რესურსების ჩადებას და რა შედეგზე უნდა გახვიდე? ასევე არსებობს დინამიკური ფაქტორები, ამით აფასებ მისი ოჯახის ეკონომიურ კეთილდღეობას, პროფესიულ განათლებას, დასაქმებას, დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ. უმნიშვნელოვანესი საკითხია, გააზრებული აქვს თუ არა მსჯავრდებულს დანაშაული? რა დამოკიდებულება აქვს მავნე ნივთიერებებთან? სწორედ,მავნე დამოკიდებულებები არის ძალიან ხშირად მისი დანაშაულის განმსაზღვრელი. შეიძლება, ცალკე აღებული ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდებულება (ჩვენთან მხოლოდ მარიხუანა არის დაშვებული და ისიც გარკვეული რაოდენობით) არ არის დანაშაული, მაგრამ მტკიცებულებები გვეუბნება, რომ ეს დამოკიდებულება ხშირად არის თანმხლები სხვა დანაშაულებრივ ქცევასთან ერთად, ამიტომ ეს პრობლემაც უნდა გავითვალისწინოთ.
ასევე ხდება ზიანის რისკის შეფასება, რადგან რისკის მართვა არ ნიშნავს იმას, რომ ის ნულზე დაიყვანო. ხმამაღალი განაცხადი იქნებოდა ვთქვათ, რომ ვიმუშავებთ და ბენეფიციარი დანაშაულს არასდროს გაიმეორებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს რისკი შევამციროთ. და თუკი მან გაიმეორა დანაშაული, როგორი იქნება ზიანის რისკი? ანუ ყველა დანაშაული დანაშაულია, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული ზიანის მომტანი დანაშაულები და ეს უნდა განვსაზღვროთ. ამ შემთხვევაში მაქსიმალური რესურსი უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის ქცევის კორექცია და რეაბილიტაცია მოხდეს. აი, ამისი შესაბამისია კონკრეტული პროგრამა.
GzaPress
- შეფასება მოხდა და მივედით შემდეგ ეტაპთან...
- უახლოესი 6 თვის ან 1 წლის მანძილზე დგინდება, რაში უნდა ჩაერთოს მსჯავრდებული, რომ საბოლოოდ შედეგს მივაღწიოთ. ვთქვათ, საჭიროა ჯგუფურ თერაპიაში ჩართვა,ამისთვის ჯგუფი უნდა შეიკრიბოს.კიდევაპირებ, რომ დავუშვათ, მაისის თვეში ემოციების მართვის პროგრამა დაიგეგმოს და ამ ჯგუფში უნდა ჩაერთოს ეს ბენეფიციარი. თუ მსჯავრდებულს ინდივიდუალური მუშაობა სჭირდება, აქ უფრო მეტი შესაძლებლობაა მოქნილი იყო. რა თქმა უნდა, ამისთვის შესაბამისი რესურსებიც უნდა გაზომო, როგორც ადამიანური, ასევე ინფრასტრუქტურული და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაგეგმო, როგორ მიხვალ მთავარ მიზანთან. მიზანი კი არის დანაშაულის პრევენცია.

- თქვენი გამოცდილების შესახებ გვიამბეთ, რა იყო რთული ან მარტივი ბენეფიციართან მუშაობისას?
- რთულია თუ მარტივი, ცოტა ძნელი სათქმელია, ეს არ არის მიბმული მაინცდამაინც დანაშაულზე. შესაძლებელია ადამიანი ძალიან მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდეს საჯელს, მაგრამ მისი ქცევის მართვა იმ პერიოდში და იმ დაწესებულებაში საკმაოდ რთული იყოს.
დაბალი რისკის დაწესებულება არის საკმაოდ პრივილეგირებული, სადაც ძალიან ბევრი პროგრამებია და იქ დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებია განთავსებული. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაშისაშუალო რისკის მქონე მსჯავრდებულები არიან. დახურული ტიპის დაწესებულება - მომეტებული რისკის, ხოლო განსაკუთრებული რისკის დაწესებულება განკუთვნილია მაღალი საშიშროების რისკის მქონე მსჯავრდებულებისთვის. შეიძლება ადამიანს ერთი წელი აქვს მისჯილი მსუბუქ დანაშაულზე, მაგრამ მისი ყველა ქცევა არის საკმაოდ ნეგატიური, ამიტომ ის შეჰყავთ განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებაში. და პირიქით, იყოს მკვლელობაზე და მისჯილი აქვს 10 წელი, მაგრამ მისი ქცევა პოზიტიურია, მაშინ სასჯელს იხდის დაბალი რისკის კოლონიაში.ე.ი. ძირითადი არის ქცევაზე დაკვირვება. თუმცა ამასთან ერთად, გარკვეული ოპერატიული ინფორმაციაც ყურადსაღებია, მაგრამ მაინც წამყვანი ქცევაა. ამგვარმა დაყოფამ ბევრად უფრო მიზანმიმართული მუშაობის საშუალება მოგვცა. სოციალური მუშაკი გარკვეული ტიპის დაწესებულებაში შედის და მან იცის,იქ როგორი ქცევის მსჯავრდებულები არიან და მიდგომებიც შესაბამისია.

- რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები დიდიხანია არსებობს?
- 2015 წლიდან დაიწყო სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა, ეს არის შეფასების პროცესი, შესაბამისი რეაგირება და პროგრამებში გადამისამართება, ამაზე უკვე გესაუბრეთ. მანამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა. თუმცა კარგახანია, ალბათ, 2009 წლიდან მუშაობა მიდის არასრულწლოვნებთან და ქალებთან. ნარკოდამოკიდებულების პრობლემის დასაძლევად ქალთა დაწესებულებაში არსებობს 6-თვიანი ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამა "ატლანტისი" (12 ნაბიჯი), რომელიც აღიარებულია მსოფლიოში. პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, ჩვენ რამდენჯერმე მივდივართ მათთან შეხვედრებზე, ხოლო დასრულების შემდეგ, თუკი ბენეფიციარს რაიმე საკითხი მოსაგვარებელი აქვს, მას სხვა პროგრამაში ჩავსვამთ. თუ არა, ვცდილობთ რამე პროფესია შეისწავლოს, ან ხელსაქმით დაკავდეს დაწესებულებაში და მუდმივად ჰქონდეს ჩართულობა თვითდახმარების ჯგუფებში. იმიტომ, რომ ნარკოდამოკიდებულება არ არის ის პრობლემა, რომელსაც ერთი სარეაბილიტაციო პროგრამით მოაგვარებ. მათ მთელი ცხოვრება სჭირდებათ მხარდაჭერა. წელს გვაქვს სიახლე, დაგვემატა ახალი შეფასების ინსტრუმენტი - ეს არის ძალადობის მსხვერპლ ქალთა იდენტიფიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
არასრულწლოვანთა შესახებ მართლმსაჯულების კოდექსით, კანონის ლიბერალიზაცია მოხდა და ისინი ჩვენთან იშვიათად შემოდიან. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში აუცილებელია მას გაააზრებინო დანაშაული. არსებობს კონკრეტულად არასრულწლოვნებზე ორიენტირებული ანტისოციალური ქცევის რეაბილიტაციის პროგრამა "ექვიფი" და ფაქტიურად ყველა ბავშვთან ვატარებთ ამ პროგრამას. გარდა ამისა, ისინი არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და მათთვის გვაქვს შემოქმედებითი, სპორტული და სხვადასხვა ტიპის უამრავი სარეაბილიტაციო პროგრამა.

- როგორიამუშაობის ეფექტურობის მაჩვენებელი?
- ზოგადად ეფექტიანობის გაზომვა, როგორც პროგრამასთან, ასევე თითოეულ ბენეფიციართან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ჩვენ მიდევნებით (თვალყური მიადევნო) უნდა ვახდენდეთ: ვიცით, როგორია ჩვენთან ბენეფიციარი, მაგრამ როცა გავა, მიდევნება არ ხდება. 2018 წლის ივნისში სამივე სისტემა - პრობაცია, პრევენცია და პენიტენციური, იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ გავერთიანდით. ეს რეალურად მოგვცემს იმას, რომ ცენტრალიზებულად მივადევნოთ თვალყური, ყველა ციხეში ერთი ხელწერა, ერთნაირად ეფექტური და ხარისხიანი მუშაობა იყოს.
ყველა სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რაც დღეს გვაქვს, ორი წელია ევროპელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ დაამერიკელი ექსპერტიც გვეხმარება. ვაყალიბებთ ყველა პროგრამის გაზომვის მეთოდების კრიტერიუმებს. არის შეფასების სამი დონე: მყისიერი - როგორც კი პროგრამა დასრულდება, მაშინვე გაზომავ რა ინფორმაცია მიიღო; შუალედური (პროგრამის დასრულებიდან 3-6 თვის თავზე)- ბენეფიციარი დაწესებულებაში გარკვეული ხანი იმყოფება, ყველაფერი მოისმინა, გაიგო და შეიძლება კარგადაც აითვისა, მაგრამ ქცევაში უნდა გადაიტანოს, აზროვნება უნდა შეიცვალოს. ამას აკვირდება მისი უშუალო სოციალური მუშაკი და თავის ანგარიშებში წერს; და ბოლოს, გრძელვადიანი შეფასების კრიტერიუმი - პირდაპირ რეციდივზე გადის. თუ რეციდივი მაღალია, ე.ი. ჩვენ მუშაობაში სადღაც პრობლემა გვაქვს. თუ რეციდივმა დაიწია, ან შესაბამისია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი პროგრამები მუშაობს. სამივე ეტაპზე აუცილებლად უნდა გაიზომოს ეფექტიანობა.
- დასკვნის სახით რას გვეტყვით?
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები დანაშაულის შემცირებისთვის მუშაობენ უსაფრთხო საზოგადოების მხარდასაჭერად. რისკის მართვა ნიშნავს განმეორებითი დანაშაულის შემცირებას ან დანაშაულის განმეორების შემთხვევაში - ზიანის შემცირებას. ამის მისაღწევად კი მსჯავრდებულის ჩართულობა უპირველესია. ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა ჯანსაღი სისტემის ასაწყობად.ამასთან ერთად, ძალების მობილიზება - პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის გაერთიანებული ქმედებები ერთი ბენეფიციარის გარშემო, საბოლოო შედეგზე გაიყვანს სისტემას.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს"
"მიმაჩნია, რომ როცა საქართველო გიყვარს და ქალი ხარ, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ქართველთან ერთად ოჯახის შექმნაა..."
"საქმე ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, მთავარია, რისი უნარი გაქვს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.