ქვეწარმავალთან ურთიერთობით მიღებული სიამოვნება
font-large font-small
ქვეწარმავალთან ურთიერთობით მიღებული სიამოვნება
"ბევრი საინტერესო სახეობის გველი გვყავს"

არნო ბაგრამოვი თბილისის ზოოპარკში ეგზოტერიუმის ბინადრებზე ზრუნავს. ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეწარმავალთან უწევს შეხება და ჰერპეტოლოგიის განხრით, ის საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება. რაც უნდა საკვირველი იყოს, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში გახშირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ქვეწარმავლების ყოლის სურვილი აქვთ. თუმცა, ბუნებრივია, მათი მოვლა სახლის პირობებში არ არის მარტივი და ზოგჯერ არასწორი საცხოვრებელი თუ კვების პირობების შედეგად, ისინი სხვადასხვა დაავადებით იღუპებიან. ვფიქრობ, ამ თემაზე სპეციალისტის აზრი, საინტერესო უნდა იყოს...


- არნო, ბუნებრივია წარმოუდგენელია, ცხოველები არ გიყვარდეს ისე, რომ მათ გვერდით მთელ დღეს ატარებდე. როგორ დაიწყო ეს გატაცება?
- ზოოსავეტერინარო ინსტიტუტის, ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან მიყვარდა ქვეწარმავლები. საბურთალოზე ვცხოვრობ, აქედან გამომდინარე იპოდრომზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ხშირად დავრბოდი ბუნებაში. სულ მაინტერესებდა, რა საიდუმლოს მალავდნენ ქვეწარმავლები, მინდოდა მათი ხასიათის შესწავლა, თუ როგორ მუშაობდნენ შხამიან გველებთან, რა ზიანის მოტანა შეეძლო მათ ნაკბენს და ა.შ. "ზოოვეტში" დავწერე სადიპლომო ქვეწარმავლების დარგში. როგორც წესი, სადიპლომოდ უმეტესობა თემას შინაურ ცხოველზე წერას ამჯობინებდა და მანამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, თუმცა, როცა რექტორმა და დეკანატმა ნახეს, რომ ასეთი დაინტერესებული ვიყავი ქვეწარმავლების ცხოვრებით, ამის უფლება მომცეს. ჩემმა სადიპლომო ნაშრომმა ინტერესი გამოიწვია, ყველას მოეწონა და კარგი ნიშნებიც დამიწერეს. 2011 წლიდან ზოოვეტიდან პრაქტიკებზე ზოოპარკში გამომიშვეს. ძალიან მინდოდა აქ დამეწყო მუშაობა და რადგან ამ დარგში საკმარისი ცოდნა უკვე მქონდა, თანამშრომლებს მოვეწონე და დამტოვეს - 2012 წლიდან ზოოპარკში ვარ. თავდაპირველად შხამიან გველებთან არ მიშვებდნენ, რადგან მათთან მუშაობა დიდ პრაქტიკას მოითხოვს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, უკვე ესეც შევძელი. აწ გარდაცვლილ გურამ წიკლაურისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის წლების განმავლობაში ეგზოტერიუმის კურატორი გახლდათ. დიდ ყურადღებას მითმობდა და ტერარიუმებში უსაფრთხოდ შესვლა, თუ ბევრი დეტალი მისგან ვისწავლე.
GzaPress- დღეს თბილისის ზოოპარკის ეგზოტერიუმში რას ნახულობს დამთვალიერებელი?
- ბევრი საინტერესო სახეობის გველი გვყავს, გიურზა თავისთავად და ისინი, რაც ჩვენს ქვეყანაში ბინადრობს. გარდა ამისა, აქ არის მოზამბიკური წითელი კობრა, იგივე მფურთხავი კობრა. ეს სახეობა შხამს "მოწინააღმდეგეს" ძირითადად 2-3 მეტრში თვალებში ასხამს და მისი ფურთხი ძალიან ძლიერია. ასევე ძალიან ძლიერ შხამიან გველად ითვლება მრისხანე გველგესლა, რომელიც ძირითადად აფრიკაში ბინადრობს და ძალიან ლამაზია. გვყავს ჩხრიალა გველებიც, რომლის ქმედება და ხმა, რომელსაც ის გამოსცემს, დამთვალიერებლისთვის საინტერესოა. ეს რაც შეეხება შხამიან გველებს, გარდა ამისა, ტერარიუმებში გვყავს სხვა სახეობებიც, რომელთაგან ყველაზე დიდი აფრიკული კლდის პითონია. მისი სიგრძე 4 მეტრი და 60 სანტიმეტრია და 80 კილომდე იწონის. ასევე: რომბისებური პითონი, ალბინოსი პითონი, ვეფხვისებური პითონი, ეს უკანასკნელი ყველაზე კარგ დედებად ითვლება გველებს შორის. ჩვენთან ბინადრობენ: ვარანები, იაგუანები, ასევე ორი ნილოსის ნიანგი, დედა-მამალი, რომლის შეჯვარებას და გამრავლებას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ.
- ალბათ სხვადასხვა სახეობის გველს, სხვადასხვა ტემპერატურა ესაჭიროება...
- რასაკვირველია, ყველას განსხვავებული ტემპერატურა სჭირდება. ტროპიკულ ქვეწარმავლებს სინესტე მეტი უნდათ. თუ ცხოვრების შესაბამისი პირობები არ ექნებათ, შეიძლება არც გამრავლდნენ, კვებაც შეწყვიტონ და სხვადასხვა დაავადება გაუჩნდეთ.
- და კვალიფიკაციური ცოდნის გარეშე და ზოგადად, სახლის პირობებში რთულია ქვეწარმავლისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. სწორედ ამ თემასთან მივედით, რაზეც მინდოდა მეკითხა, ჩემი დაკვირვებით, საქართველოში ქვეწარმავლების ყოლის სურვილმა იმატა, ასეა?
- დიახ, გეთანხმებით, იმატა. შინ ჰყავთ: წყლის და ხმელეთის კუები, ქამელეონები, ხვლიკები, გველები. სიყვარული ერთია, კარგია, რომ ადამიანს მათი ყოლის სურვილი აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ იციან მოვლა და არასწორი კლიმატისა და კვების პირობებში, ცხოველები ავადდებიან. მაგალითად ქამელეონი, ასე ვთქვათ ნაზი ცხოველია, ჭამს მხოლოდ მწერებს. ვისაც ის ჰყავს, უმეტესობა ქამელეონს ფეტვის ჭიით კვებავს, რომელიც ღვიძლის პრობლემებს უქმნის. ქამელეონს და ხვლიკს უნდა აჭამო კალია, ჭრიჭინა ან ტარაკანა. ეს მწერები სპეციალურად უნდა იყოს ქვეწარმავლების კვებისთვის გამოყვანილი, რაც ქვეწარმავალს ადვილად შეერგება და მოინელებს. მისთვის მთავარია ტერარიუმში შესაბამისი სინესტე, სითბო, ტოტები, რომელზეც დაჯდომას შეძლებს, მცენარეები; პატარა ზომის ქამელეონისთვის დღეში 1-2 მწერი საკმარისია. ცხოველი რომ ზამთრის პერიოდში მშიერი არ იყოს, ჩვენ საამისოდ სპეციალურად ვამრავლებთ კალიებსა და ჭრიჭინებს, ხოლო ზაფხულის პერიოდში ბევრ ქვეწარმავალს, ასე რომ ვთქვათ, ვასვენებ-ვაძინებ. ნელ-ნელა ვამცირებ ტემპერატურას და დღის შუქს და ზოგიერთს 0 გრადუსზე ვუშვებთ, ზოგს 8 და 10-ზე. მაქსიმუმ 3 თვე შეიძლება ასეთ პირობებში ვამყოფო. გამოფხიზლების დაწყების დროსაც ასე ნელ-ნელა ვუმატებ ტემპერატურას და დღის შუქს. ამგვარად მათი ორგანიზმი ისვენებს. ხმელეთის კუს მაგალითზეც გეტყვით, ბევრი ფიქრობს, რომ ზამთრის პერიოდში თუ ის არ ჭამს, პასიური გახდა, რაღაც სჭირს, ან სულაც მოკვდა, მაგრამ სინამდვილეში ზამთარში ის ავტომატურად იძინებს.
GzaPress
- მე მაინც ვფიქრობთ, რომ სახლში მოყვანით მათ ვტანჯავთ...
- თავისთავად, მაგრამ თუ შესაბამის პირობებს შეუქმნი, არანაირი პრობლემა არ არის. მყავს მეგობრები, ვისაც სახლში ჰყავთ იაგუანები. მაგალითად ერთის, მისაღები ოთახის კუთხეში მიდგმულ ხის მორში ცხოვრობს და ოთახშიც მოძრაობს. როგორც ძაღლს და კატას სჭირდება მოვლა და პირობები, ისევე არიან ქვეწარმავლები, მხოლოდ შედარებით სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვენ. ქვეწარმავლებს დაავადება გვიან უვლინდება, ანუ როცა უკვე დიდი ხნისაა პროცესი. კონიუნქტივიტია ეს, კანის პრობლემა თუ სოკოვანი დაავადებები, შეიძლება დაემართოს დღეს და სიმპტომები გვიან გამოვლინდეს.
- და უმთავრესად რომელი ქვეწარმავლის მფლობელები მოგმართავენ ხოლმე პრობლემებით?
- უმეტესად კუსა და იაგუანას მფლობელები.
- ერთი ცუდი ტენდენციაა კიდევ, ხშირად მშობლებს შვილების სურვილით მიჰყავთ შინ შინაური ცხოველები და ქვეწარმავლები. ბავშვები ვითომ ზრუნავენ მასზე, მათ ასე ჰგონიათ და სინამდვილეში თამაშ-თამაშში აწამებენ.
- სამწუხაროდ, ასე ხდება. მერე ჩემთან მოჰყავთ ხოლმე სხვადასხვა პრობლემით. მხოლოდ ტერარიუმის დადგმა და ქვეწარმავლის შიგ ჩასმა არ არის მთავარი, ზაფხულში, როცა კარგი ამინდია, საჭიროა მზეზე გაყვანაც, რასაც როგორც ხშირ შემთხვევაში გასაუბრებისას ვიგებ, არ აკეთებენ ქვეწარმავლების პატრონები. დღეში 30-წუთი, ან 1 საათი D ვიტამინის მიღება ცხოველისთვის აუცილებელია. ჩემი რჩევა იქნება, სანამ რომელიმე ცხოველს სახლში მიყვანას გადაწყვეტენ, მის შესახებ ყველა არსებულ ინფორმაციას გაეცნონ, წაიკითხონ, ჰკითხონ სპეციალისტებს, ვისაც არა მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ, არამედ პრაქტიკულიც. შეიძლება მეც მომმართონ, დილიდან-საღამომდე ზოოპარკში ვარ. შევეცდებით, ქვეწარმავლების მფლობელებს ყველა საკითხი ისე დავულაგოთ, რომ მაქსიმალურად ისიამოვნონ ქვეწარმავალთან ურთიერთობით.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
ძველ საქმესაც მივდევ - ტურისტებს ნავებით გასეირნებას ვთავაზობ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.