"ჩვენი ჩინოვნიკები უნდა აცხოვრო 185 ლარზე და ნახავენ, როგორია!"
font-large font-small
"ჩვენი ჩინოვნიკები უნდა აცხოვრო 185 ლარზე და ნახავენ, როგორია!"
საარსებო მინიმუმი - ფოკუსი, რომელიც შრომისუნარიან ადამიანს არაშრომისუნარიანად აქცევს

ცნობილ გამონათქვამს თუ მოვიშველიებთ, "არსებობს სამი სახის ტყუილი: ტყუილი, მწარე ტყუილი და სტატისტიკა". ეს გამონათქვამი ზუსტად მიესადაგება "საქსტატის" მონაცემებს, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 185 ლარია, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 262.2 ლარია, სამსულიანი ოჯახისა - 295, ხოლო ოთხსულიანი ოჯახისა - 327.8 ლარი. რაც შეეხება ხუთსულიან ოჯახს, მისი საარსებო მინიმუმი "საქსტატმა" 368.8 ლარით განსაზღვრა... ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ციფრები მწარე ტყუილს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ მონაცემებს. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ცნობილი ადამიანები ამ ციფრებს და რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

კახა გოგიძე, მსახიობი:
"ამ ყველაფერს მარტო უგუნური ადამიანი თუ დაიჯერებს. თვეში 185 ლარი მარტო ჩემი ძაღლისა და კატისთვის არ მყოფნის და მთლიანად როგორ მეყოფა? ჩვენი ჩინოვნიკები უნდა აცხოვრო 185 ლარზე და ნახავენ, როგორია! ან, სამსულიან ოჯახს 295 ლარი როგორ ეყოფა? - ნორმალური არსებობისთვის შეიძლება ათჯერ მეტიც არ ეყოს. ეს დაცინვაა და სხვა არაფერი..."

ლალი მოროშკინა, პიარ-ტექნოლოგი:

"185-ლარიანი საარსებო მინიმუმი - სხვა არაფერია, თუ არა სარკაზმი და დაცინვა. ეს არის თანხა, რომელიც შრომისუნარიან ადამიანს არაშრომისუნარიანად აქცევს, მით უმეტეს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სხვადასხვა კატეგორიის ოჯახი ცხოვრობს... ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდება. წამლები კი იმდენად ძვირია, ადამიანი რომ გაცივდეს, 100-200 ლარი თავისუფლად ეხარჯება. აღარაფერს ვამბობ პატარა ბავშვზე, რომელსაც უამრავი რამ სჭირდება. ძვირია საკვებიც..."

"ნატო გელაშვილი, კომპოზიტორი:

- ვინც ამ სიცრუეს ავრცელებს, იმ ხალხს უნდა დაუნიშნო 185 ლარი საარსებო მინიმუმად და სამიოდე თვის შემდეგ იქნებ ყველამ აზრი შეიცვალოს. ჩემი წინადადებაა, 200-300 ლარი მისცენ პარლამენტარებს, რომლებსაც ეს თანხა საარსებოდ საკმარისი ჰგონიათ და მერე პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გვითხრან, ოჯახებს როგორ არჩენენ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 30 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ბეჭდვა