რა გზას გავდივართ ინტერვიუდან სტატიის დაწერამდე
font-large font-small
რა გზას გავდივართ ინტერვიუდან სტატიის დაწერამდე
გზა, რომელსაც ჟურნალისტები ზოგჯერ სტატიის მომზადებამდე გადიან, ხანდახან იმაზე საინტერესო ან რთულია, ვიდრე თავად ინტერვიუ. საბედნიეროდ, ასე ხშირად არ ხდება.

იმ რამდენიმე ჟურნალისტურ თავგადასავალზე მოვყვები, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
საერთოდ, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პრესის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ბეჭდური მასალების მიღმა ძალიან დიდი შრომა დევს და ეს მარტო მასალის მომზადებას არ უკავშირდება. ძალიან ხშირად, ხან ნებსით და ხან უნებლიეთ, რესპონდენტები ჟურნალისტებს იბარებენ და არ ხვდებიან, არ ახსოვთ ან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდებათ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ამის აღიარების რცხვენიათ და ტელეფონის ზარს არ პასუხობენ...
ხან კი, ჩვენ აღმოვჩნდებით გაუთვალისწინებელ სიტუაციაში.


"თხები" საჭესთან...
ინტერვიუზე მივდიოდი. რა თქმა უნდა, რესპონდენტს დროსა და ადგილზე წინასწარ შევუთანხმდი... ძალიან მთხოვა, ახლა დავასრულე ლექციები, შემდეგ ისევ ლექციაზე შევდივარ და საათ-ნახევარი გვაქვს დრო, თუ არ დააგვიანებთ, მთელ თბილისში უგემრიელეს ყავაზეც დაგპატიჟებთო...
ახალბედა მძღოლი ვარ და ჩემი მეგობრის ავტომანქანით ვცდილობდი ქალაქის გიჟური რიტმის ფეხის აყოლას. ჯერ დამოუკიდებლად ტარებას ვერ ვრისკავდი... მანქანა, რომლითაც ქალაქში გადავაადგილდებოდი, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც ცინცხალი არ იყო. ჩემი მეგობარი მას "ნაჯაფარს" უწოდებდა.
იმ დღეს საწვავის ჩასასხმელად გავჩერდით. ოპერატორი ვიდრე საწვავის ჩასხმას მორჩებოდა, ჩვენ უკან რიგში ორი მანქანა ჩადგა... გასაღები გადავატრიალე და არ დაიქოქა. - ადრე არასდროს დამართნია, - შეშფოთდა ჩემი მეგობარი. კიდევ გადავატრიალე გასაღები, მაგრამ არაფერი... მძღოლებმა ჩვენი შეყოვნება ჯერ მოკლე სიგნალით გააპროტესტეს, შემდეგ - გაბმულით.
დაახლოებით ათჯერ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. - არა უშავს, ხდება ხოლმე, აცადეთ, ამათ იქით ოპერატორთან გადავამისამართებ, მე ამასობაში ყავას დავლევ, - დამამშვიდა ღვთისნიერმა ოპერატორმა. ეტყობა, ორი სასოწარკვეთილი გოგოს დანახვაზე მასაც გული აუჩუყდა...
როგორც იქნა, დავქოქეთ მანქანა და კისრისტეხით გავვარდით დანიშნულების ადგილზე. ჩემი რესპონდენტი რამდენიმე წუთის დაგვიანებით მოვიდა. ძალიან შთამბეჭდავი გარეგნობით, მამაკაცის კვალობაზე ზედმეტად მოვლილიც კი იყო. მომიბოდიშა, - დიდხანს ხომ არ გაცდევინეთო? ის იყო, ყავაზე უარის თქმას ვაპირებდი, დამასწრო, - სასწრაფოდ კოფეინი მჭირდება, აზრს ვერ ვალაგებო...
ჩემი მეგობარი მისი გალანტურობით მოხიბლული იყო. თავად რესპონდენტსაც ამ პოზიციაში ყოფნა აშკარად სიამოვნებდა.
ქალაქში საცობებზე ჩამოაგდო ლაპარაკი. დავეთანხმე, თან მისი ნაქები ყავის დასალევად მოვემზადე და ისიც როლში შეიჭრა, - ვიღაც ორ თხას მანქანა გაუფუჭდა და საწვავის ჩასხმაზე შევყოვნდი, მერე კი, საცობმა მომიწიაო...
იმ ყავის გემო არ მახსოვს და რომ არა დიქტოფონი, არც საუბრიდან გამახსენდებოდა რამე...

ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან
გადავწყვიტე, "მეხანძრე-მაშველებს" ვსტუმრებოდი და რეპორტაჟი გამეკეთებინა. ერთი დღე მათთან ერთად უნდა გამეტარებინა და გამეგო, როგორ მიდიან გამოძახებაზე, როგორ მუშაობენ და რა სირთულეებს აწყდებიან... იმავე დღეს, დილით სხვა ინტერვიუც მქონდა. სწორედ იქიდან ვაპირებდი მეხანძრე-მაშველებთან წასვლას. ინტერვიუს შემდეგ, რესპონდენტიც თავის საქმეზე მიდიოდა და მისი სახლიდან ერთად გამოვედით. საუბრის თემიდან გამომდინარე, აჟიტირებული იყო, ემოციები გამოჰყვა და იმავე საკითხებზე საუბარი განაგრძო. ლიფტის მოსვლამდე მოწევასაც მოვასწრებო და სიგარეტს მოუკიდა. სულ რამდენიმე ნაფაზის დარტყმა მოასწრო, ლიფტის კარი რომ გაიღო. ახლაც არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩაუმქრალი სიგარეტი, ლიფტის შახტში ჩაუვარდა...
16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე ვიყავით... რამდენიმე სართულის შემდეგ ლიფტი გაჩერდა და შუქიც ჩაქრა. ჯერ გვეგონა, კორპუსში დენი გამოირთოო, მაგრამ მალე დამწვრის სუნიც გვეცა და მივხვდით, რომ ანთებულმა სიგარეტმა გააჩინა ხანძრის კერა...
ჩემმა რესპონდენტმა ისეთი ბრაგაბრუგი ატეხა, ლიფტის კაბინა რამდენიმე სანტიმეტრით ძირს ჩაცურდა... - იქნებ "112"-ში დავრეკოთ-მეთქი. მოიფიქრა და ცოლთან დარეკა, ჟურნალისტთან ერთად ლიფტში ვარ გაჭედილიო და კავშირიც დაიკარგა.
ცოლი და მეხანძრე-მაშველები ერთდროულად მოვიდნენ... ბიჭებმა ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს და რამდენიმე წუთში გააღეს ლიფტის კარი. შიშისგან მთლიანად თეთრი იყო, მგონი, ჩემზე მეტად შეეშინდა, მაგრამ იმის თქმა მოასწრო, - გეხვეწები, სიგარეტი არ ახსენოო... ლიფტის შახტში ცეცხლი ნამდვილად იყო...
ცოტა გონზე რომ მოვედი, მეხანძრე-მაშველებს სიცილით ვუთხარი, - თქვენთან უნდა მოვსულიყავი-მეთქი. - ჰოდა, ამ ამბით დაიწყე, ცეცხლს როგორ გამოგტაცეთო...
GzaPress
ამბები გერმანიიდან
დაახლოებით ერთი თვის წინ, გერმანიაში გამგზავრებამ მომიწია. ცაითჰაინის სასაფლაოდან "პალიტრანიუსის" ჩართვისთვის ვემზადებოდი. ვღელავდი, რადგან ძალიან ძლიერი ქარი იყო, ის ადგილი თითქოს ტრიალი მინდორია და სხვაგან ნიავი რომ არ იძვრის, იქ ქარია. რამდენიმე თემა, რაზეც აქცენტს გავაკეთებდი, ბლოკნოტში წინასწარ მოვინიშნე. იმ დღეს ცაითჰაინის უსასტიკესი საკონცენტრაციო ბანაკის დახურვიდან 74 წელი შესრულდა და ამ დროის განმავლობაში, ადგილზე პირველად ჩავიდა ქართული დელეგაცია, საქართველოს დესპანი გერმანიაში და სამხედრო ატაშე.
სატელევიზიო ჩართვისას ორივე საზეიმო ღონისძიებიდან უნდა გამომეყვანა. ქართან ერთად საშინლად ციოდა, თუმცა რეპეტიცია რამდენჯერმე ბეჯითად გავიარეთ... ჩართვამ ნორმალურად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით აუტანელ გრიგალს, რომელიც საუბარში ხელს მიშლიდა... ჩართვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბლოკნოტი, სადაც მხოლოდ იმ დღის კი არა, ზოგადად სხვა "საკვანძო თემებიც" მქონდა ჩანიშნული, დავკარგე...
მახსოვდა, სადაც დავდე, მაგრამ იქ არ დამხვდა. წესრიგის მოყვარული გერმანელები იქაურობას მუდმივად აწესრიგებდნენ და სავარაუდოდ, ისეთ ადგილას შეინახავდნენ, პატრონს რომ მიეგნო...
პირველი, ცაითჰაინის მუზეუმი გამახსენდა, სადაც ბანაკის საბჭოთა სამხედრო ტყვეების ფოტოები, წერილები და მათზე მომზადებული მაშინდელი ბეჭდური მასალებია შენახული.
გარეთ, ცივ ქარში დიდი ხნით ყოფნის გამო, თვალები ამიცრემლიანდა... მუზეუმში მხოლოდ ერთი კაცი დამხვდა, დანარჩენები ღონისძიებაზე იყვნენ თავმოყრილი.
"რა უნდა გამიჭირდეს, მივანიშნებ, რომ ჩემი ბლოკნოტი მინდა-მეთქი", - ვფიქრობდი გულში, მუზეუმისკენ მიმავალი.
იქ შესულმა, ცრემლები ხელისგულებით მოვიწმინდე და ტანდაბალ, ძალიან შავგვრემან და ულვაშიან მოხუც თანამშრომელს, ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებითა და თავაზიანი ღიმილით ვუთხარი: "მაინე ბუხ, მაინე"... "ო, იეს", - მითხრა მან ღიმილით და შთაბეჭდილებების წიგნი გამომიტანა. "ნაინ, ნაინ... მაინე, ბუხ, მაინე", - ვეუბნები და თან ცრემლებს ვიწმენდ და გულზე ხელებს ვიდებ... უცებ ძალიან მოულოდნელი რამ მოხდა. მოხუცმა ეტყობა, იფიქრა, რომ იქ ნანახი ფოტომასალა ისე ახლოს მივიტანე გულთან, რომ ცრემლები ვერ შევიკავე და ორივე ხელი ფართოდ გაშალა და ჩამეხუტა. ჩემი ნუგეში ასე სცადა...
- რა ხდება? მომესმა ამ დროს ჩემი მეგობრისა და გერმანიაში ჩემი მასპინძლის, მეგი სტემპენის ხმა... - ბლოკნოტს ვეძებდი დ ვერ გავაგებინე, - უმწეოდ გავშალე ხელები. მეგი სიცილს ვერ იკავებდა. მუზეუმის თანამშრომელი გაოცებული გვიყურებდა. მეგიმ აუხსნა, ბლოკნოტი დაკარგა და იმას გეუბნებოდათო... - მე მეგონა ემოციები მოეძალა, აქ ბევრი ტირისო, - გვითხრა მან უხერხულად... არ მიკითხავს, ყველას ამ მეთოდით ამშვიდებდა თუ არა...
მოკლედ, ჩემი ბლოკნოტი ვიპოვეთ. ღონისძიების ადგილზე მიუტანიათ.

ძილისგუდა
წლების წინ, ერთ-ერთ პოეტთან, რომელიც ყველა ხელისუფლებას თავისებურად "ამათრახებდა", ინტერვიუ შევათანხმე. გაუხარდა კიდეც, ბევრი სათქმელი დამიგროვდაო. ინტერვიუზე სახლში დამიბარა. თემები მოვამზადე და მეორე დილით მის მისამართზე გავეშურე. გამაფრთხილა, 30 წუთით ადრე დამირეკე, რომ მომზადება და გონების გაღვიძება მოვასწროო... შეპირებისამებრ, მიახლოებულზე დავურეკე. არ მიპასუხა. ცუდად მენიშნა, მაგრამ უკვე ტრანსპორტში ვიჯექი და ვიფიქრე, იქამდე გადმორეკავდა ან ბოლოს და ბოლო, გაიღვიძებდა... არც ისე ადრე იყო, 12 საათი ხდებოდა.
თვითონ რომ არ დარეკა, კიდევ ერთხელ ვცადე... ამასობაში ჩემმა მეგობარმა და თანამშრომელმა დამირეკა, ჩემი ბედი აინტერესებდა, რადგან ის პოეტი ადრეც ყოფილა შემჩნეული "გადაგდებაში"...
შეწუხებულმა ვუპასუხე, ყურმილს არ იღებს-მეთქი.
ჩემს საუბარს უნებლიეთ ყურს უგდებდა იქვე მდგომი ბიჭი, რომელიც იქვე ცხოვრობდა ან მუშაობდა, რადგან მაშინვე მიხვდა იმ პოეტთან ინტერვიუზე რომ ვიყავი დაბარებული და ძალიან შეწუხდა... - ალბათ სძინავს, მოიცა, მე დავურეკავ, თუ მიპასუხა, - თქვა და ტელეფონი მოიმარჯვა. ამაოდ... როგორც ჩანს, ღრმად ეძინა.
თუმცა, ჩემი ახალი ნაცნობი ასე იოლად არ აპირებდა დანებებას. მან პირზე ხელი მიიფარა და ჩემი მძინარე რესპონდენტის ფანჯარას რამდენჯერმე ხმამაღლა ასძახა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ფანჯარაში პოეტი გამოჩნდა და უკმაყოფილო სახით გამოაღო. აშკარად ახალგაღვიძებული იყო, - ბიჭო, რა დროს ძილია, ადამიანი გელოდება... - ერთი, თქვენი დედაც ... - აღარ დაასრულებინა პოეტმა ჩემს ახალ ნაცნობს სიტყვები, მოგვაგინა და ფანჯარა ხმაურით მიხურა... - როგორ, ბიჭო?.. - წამოენთო ეს და სადარბაზოში ტყვიასავით შევარდა... ინტერვიუ ვიღას ახსოვდა. კიდევ კარგი, ის მიკროავტობუსი მოვიდა, რომელიც ჩემს სამსახურთან ჩამოივლიდა და ელვის სისწრაფით შევახტი, ამიტომ არ ვიცი, როგორ დასრულდა მათი ამბავი.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არც ერთ კუთხეში ქართველებისნაირი ხალხი არ არსებობს"
"სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობ და არ მინდა რამე შეიცვალოს"
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ.
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს.
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
თავისი ცხოვრების ამსახველი საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დაახარისხა, მნიშვნელოვანი ფოტოები ჩარჩოში მოათავსა და ოთახის კედლებზე გამოფინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.