კუს თავი საჩუქრად და მშრალი კანონის დამრღვევი ჯუმბერ პატიაშვილი
font-large font-small
კუს თავი საჩუქრად და მშრალი კანონის დამრღვევი ჯუმბერ პატიაშვილი
თავისი ცხოვრების ამსახველი საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დაახარისხა, მნიშვნელოვანი ფოტოები ჩარჩოში მოათავსა და ოთახის კედლებზე გამოფინა. უამრავი მადლობის წერილი და წიგნები აქვს ცნობილი ადამიანების წარწერებითა და ავტოგრაფებით. კონკრეტულ ამბავს ახსენებს სხვადასხვა ნივთიც... ჯუმბერ პატიაშვილი ისტორიებით, რომლებიც ერთი ადამიანის ბიოგრაფიას სცდება და ეპოქის მემატიანეობას ითავსებს.


- ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ფოტოგალერეა პატრიარქის გვერდით გადაღებული ფოტოებით იწყება. ბევრს დღესაც ჰგონია, რომ კომუნისტური ეპოქა რელიგიასა და სამღვდელოებას არ ცნობდა, არადა, ცენტრალურ კომიტეტში მინისტრთა საბჭოსთან სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს არეგულირებდა. სვეტიცხოველს, იყალთოსა თუ გელათს ხშირად ვსტუმრობდი, როდესაც ისტორიულ ძეგლებს სტუმრებს ვაცნობდით. მაშინ განსაკუთრებული სიამაყე მეუფლებოდა...
პირადად მის უწმინდესობას პირველად მაშინ შევხვდი, როცა რესპუბლიკის ხელმძღვანელი გავხდი. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ წინადადებას, რომლითაც საპატრიარქოს, პირადად პატრიარქს მოუმართავს ჩვენთვის, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის დროს და იგი დადებითად არ გადაწყვეტილა. პატრიარქის თხოვნითა და წინადადებით აღდგა მეტეხის ეკლესია, გელათის მონასტერი და ბოლნისის სიონი. ყოველწლიურად მილიონობით მანეთი იყო გამოყოფილი ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციისთვის. სხვათა შორის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეა და ამ თემაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაც იმ წლებში ჩამოყალიბდა.
პატრიარქთან ერთ-ერთი შეხვედრისას, რომელიც ჩემს კაბინეტში გაიმართა, უწმინდესმა საჩუქრად ჯვარცმული მაცხოვრის ხატი გადმომცა და მითხრა: არსებული სასულიერო სემინარია არასაკმარისია ჩვენი ქვეყნის სულიერი განვითარებისთვის... კარგი იქნება, რომ სასულიერო აკადემიაც გვქონდეს, საქართველო ამის ღირსიაო. გადავწყვიტეთ, სასულიერო აკადემიისთვის შესაფერისი ფართობი გამოგვეყო. მადლიერების ნიშნად, 1988 წლის 4 იანვარს უწმინდესისგან წერილი მივიღე. ყველა იმ ბარათს შორის, რომელიც ოდესმე მიმიღია, პატრიარქის ეს წერილი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩემთვის.

უნიკალური "ვეფხისტყაოსანი"
- მახსოვს, როცა საჯარო ბიბლიოთეკაში მივედი, პატარა ოთახში ერთად შეკრებილი თანამშრომლები და მკითხველები დამხვდნენ. ბიბლიოთეკის დირექტორმა, აკაკი ძიძიგურმა, ჩვეული იუმორით მიმართა თანამშრომლებს: გამუდმებით მე რომ შემომჩივით ხოლმე, აი თქვენ წინაშეა რესპუბლიკის პირველი პირი, თავისი ფეხით გეახლათ და მას უთხარით პირადად, რისი თქმაც გსურთო. ჩვენ შორის მართლაც საოცრად ღია და გულთბილი საუბარი გაიმართა. იმ დღეს მუზეუმის თანამშრომლებს შევპირდი, რომ მათ საჩუქრად გადავცემდი 1933 წელს პარიზში გამოცემულ "ვეფხისტყაოსნის" ბალმონტისეულ თარგმანს. ეს უნიკალური წიგნი, რომელიც ჩემს პირად ბიბლიოთეკაში ინახებოდა და სულ ოთხას ეგზემპლარად დაიბეჭდა, რეზო თაბუკაშვილმა მაჩუქა. დამცალდა და ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის პერიოდში დაპირებისამებრ, საჯარო ბიბლიოთეკა გავაფართოეთ. წიგნი კი 9 აპრილის შემდეგ, როგორც ჩვეულებრივმა რიგითმა ქართველმა მოქალაქემ, ბიბლიოთეკის მუზეუმს გადავეცი საჩუქრად.

მეზობლები
- ნიკო კეცხოველთან გადაღებულ ფოტოებს შევყურებ და ყოველი კადრი ცოცხლდება. ჩვენ მეზობლები ვიყავით, ნიკო კეცხოველი მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩვენ - ბარნოვზე. სახლებს ერთი პატარა ხის ღობე ყოფდა. ბატონმა ნიკომ, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტის რექტორი იყო, გაზეთი "პირველი სხივი" გამოსცა და მამაჩემს წარწერით აჩუქა. მამამ ის პირველი ნომერი განძივით მოიტანა სახლში. წლები გავიდა და პარტიული ფუნქციონერი გავხდი. მე და ბატონი ნიკო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ცენტრალურ კომიტეტში და ბოლო დღემდე შემოგვრჩა ის ურთიერთობა, რომ მე ვიყავი ყოველთვის პატარა ბიჭი, ის კი დიდი მეცნიერი. ერთხელ კაბინეტში მესტუმრა. ხის ჯოხით შემოვიდა, გლეხები რომ დადიან სოფლად, ისეთი ჯოხი იყო. მეცნიერის ამ ამპლუაში სტუმრობამ ღიმილი მომგვარა. ერთი წუთით დავტოვე და მეორე ოთახიდან მოვერცხლილ-მოჩუქურთმებული ხელჯოხით გამოვედი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაღესტნელმა მეგობრებმა მაჩუქეს. ნიკო კეცხოველმა ჩვეული პედანტურობით დაათვალიერა, აშკარად მოეწონა, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და მითხრა: შენ რა, გინდა თქვან, რომ ცეკაში ერთი ჯოხით მოვედი და შენი კაბინეტიდან ორი ჯოხით გასვლა დამჭირდა? - წაბრძანდით იმავე ჯოხით, რომლითაც მობრძანდით. ამ მოვერცხლილ ხელჯოხს კი მძღოლს გამოვატან-მეთქი, ასე დავამშვიდე.

საჩუქარი მსოფლიო ჩემპიონებისგან
- საბჭოთა მოჭადრაკეები საწვრთნელი შეკრებების გასავლელად საქართველოში ჩამოდიოდნენ. ანატოლი კარპოვიც მაშინ გავიცანი პირადად. იმდენად ვერ გავკადნიერდებოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონისთვის ჭადრაკის თამაში შემეთავაზებინა, მაგრამ შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ნარდის თამაში შევთავაზე. ისიც სიამოვნებით დამთანხმდა. მოვუგე... არასდროს დამავიწყდება კარპოვის გამომეტყველება, მარცხმა სერიოზულად გაანაწყენა. შევეცადე, ხუმრობანარევი ტონით დამემშვიდებინა: - ასე რატომ განიცდით? ეს მხოლოდ ნარდია და არა - ჭადრაკი-მეთქი. მან მითხრა: - თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც მეწყინა. ნარდის თამაში ძალიან მიყვარს. თქვენმა თანამემამულემ ნონა გაფრინდაშვილმა მასწავლა, რომელიც მარტო ჭადრაკს კი არა, ნარდსა და ბილიარდსაც არაჩვეულებრივად თამაშობსო.
GzaPress
კუბური ტრადიციის მიხედვით
- ხრუშჩოვის პერიოდში ფიდელ კასტრო ესტუმრა საქართველოს. მაშინ სტუდენტი ვიყავი. ფიდელ კასტრო დიღმის საცდელი მეურნეობის დასათვალიერებლად მოვიდა და იმ ასამდე კუბელ სტუდენტსაც შეხვდა, რომლებიც ჩვენთან ეუფლებოდნენ მექანიზატორის პროფესიას. საღამოს კი, მას სამთავრობო მიღება მთაწმინდაზე გაუმართეს. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა მჟავანაძემ, როგორც ჩანს, სტუმარს ტრადიციულად ქართული ყანწები გადასცა საჩუქრად. ფიდელ კასტროს საქართველოში ვიზიტიდან, ალბათ, უკვე ოცი წელი იყო გასული, როცა საბჭოთა დელეგაციასთან ერთად კუბაში მომიწია ჩასვლამ. შევხვდით იქაური მთავრობის წარმომადგენლებს და ხელმძღვანელ პირებს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ჩემთან უცხო პირი მოვიდა, კუბის უშიშროების თანამშრომლად გამეცნო და მითხრა: - თქვენს ქვეყანაში ნამყოფი ვარ, ოცი წლის წინ ფიდელ კასტროს ვახლდი. თქვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მას ჯიხვის ყანწები აჩუქა. კასტრო ყველა საჩუქარს ერთ ოთახში აგროვებდა და მერე სკოლებს, მუზეუმებსა და გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა. ერთ დღეს სწორედ საჩუქრებს ანაწილებდა, როცა ხელში ყანწები მოხვდა. რატომღაც არ ესიამოვნა და მოისროლა. ამ დროს ოთახში ვიყავი, ყანწები ჰაერშივე დავიჭირე და მას შემდეგ ჩემს ოჯახში ინახებაო.
არ ვიცი, რა დაუწუნა ფიდელ კასტრომ ქართულ ყანწებს, ეტყობა ეუცნაურა და ვერც მათი ფუნქცია გაიგო. მეც არანაკლებ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც კუბელების მიერ ერთ-ერთ მიღებაზე ნაჩუქარი სუვენირი სასტუმროს ნომერში მივიტანე და ყუთი გავხსენი. ყუთში კუს თავი იდო. პირველი, რაც თავში მომივიდა, მისი ნაგავში მოსროლა იყო. თარჯიმანმა შემაჩერა და ამიხსნა, რომ კუბური ტრადიციის მიხედვით, ეს უნიკალური საჩუქარი იყო და კუბელები მას მხოლოდ განსაკუთრებულად პატივსაცემ სტუმრებს უძღვნიდნენ. რა გაეწყობოდა, საქართველოში კუბიდან კუს თავით დავბრუნდი, რომელიც დღესაც ჩემი სახლის კედელს ამშვენებს.

კანონის დამრღვევი
- საბჭოთა დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელიც ჯერ ლიგაჩოვი იყო და მერე მე შევცვალე, საფრანგეთის კომპარტიის ყრილობაზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა. მასპინძლობას საფრანგეთის კომპარტიის გენერალური მდივანი, ჟორჟ მარშე გვიწევდა. ჩვენი ვიზიტი სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საბჭოთა კავშირში ანტიალკოჰოლური კამპანია იყო, ე.წ. მშრალი კანონი, რომელიც კრძალავდა ალკოჰოლის მიღებას, მით უფრო, პარტიული ფუნქციონერებისთვის. ერთ-ერთ მიღებაზე ჟორჟ მარშემ მე და ლიგაჩოვს ფრანგული ღვინის დეგუსტაცია შემოგვთავაზა და ღვინით სავსე ბოკალები მოგვაწოდა. მე და ლიგაჩოვმა ერთმანეთს შევხედეთ, ორივე უხერხულად შევიშმუშნეთ. იდეალური და თანაც გონებამახვილური გამოსავალი, ისევ მასპინძელმა მოძებნა: - ბატონებო, თქვენი საბჭოთა კანონები მხოლოდ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს. თქვენ კი ამჟამად ევროპაში იმყოფებით, საფრანგეთი გმასპინძლობთ. ამდენად, თქვენი ანტიალკოჰოლური კანონი არც ჩვენს ქვეყანაზე და არც ჩვენს სტუმრებზე არ ვრცელდება. მშვიდად მიირთვით ფრანგული ღვინო, დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათო.
ამ ამბიდან მალევე ფრანგული გაზეთის - "იუმანიტეს" პირველ გვერდზე უზარმაზარი ფოტო დაიბეჭდა. ცენტრში მე ვარ, მარჯვნივ ჟორჟ მარშე და მარცხნივ - ჩინეთის პოლიტბიუროს წევრი. სამივე კი არ ვიღიმით, გულიანად ვიცინით. ფრანგებმა ის გაზეთი გამომიგზავნეს.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ.
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს.
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
მგზავრობენ თუ არა ცნობილი ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
გზა, რომელსაც ჟურნალისტები ზოგჯერ სტატიის მომზადებამდე გადიან, ხანდახან იმაზე საინტერესო ან რთულია, ვიდრე თავად ინტერვიუ. საბედნიეროდ, ასე ხშირად არ ხდება.
- ლეგენდარული საზანოს ყველის საიდუმლო
"ბევრი საინტერესო სახეობის გველი გვყავს"
არტ-გენზეც გამქონდა ჩემი ნამუშევრები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.