წარუმატებელი ქორწინება და გამოცდაზე "გაწურული" სტუდენტები
font-large font-small
წარუმატებელი ქორწინება და გამოცდაზე "გაწურული" სტუდენტები
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს. თან, როგორც თვითონ ამბობს, ბასრი დანები და ცეცხლი სიმთვრალესთან კარგად ვერ ეწყობა. აი, ჭამას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი მოვალეობაც კია. 28 წლის ლუკა ნაჭყებიას, ყველაზე გემრიელი ტელეშოუს "მასტერშეფის" ჟიურის წევრს, ცნობილ იტალიელ შეფს, ანტონინოს ამსგავსებენ. როდესაც ამის შესახებ ვუთხარი, ფოტოების თვალიერება დაიწყო ტელეფონში და ბოლოს დაასკვნა, მგონი, მსგავსება მართლაც არის, ოღონდ მას ჩემზე მეტი წონა აქვსო. ლუკა სარესტორნო სფეროში 2013 წლიდან ჩაება, მანამდე კი სურსათის ინდუსტრიაში მუშაობდა. ასწავლის აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში, არის რამდენიმე წიგნის თანაავტორიც. როგორც ყველა შეფმზარეული, ისიც ოცნებობს, ჰქონდეს თუნდაც ათკაციანი რესტორანი, სადაც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც თავად სურს.


- რამ გადაგაწყვეტინათ, ამ გადაცემის ჟიურის წევრი გამხდარიყავით?
- პროდიუსერებთან კომუნიკაციის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მათ თავიანთი საქმე კარგად იცოდნენ. არ არსებობდა იმის შანსი, რომ პროექტი ჩავარდნილიყო. თანაც, ბავშვობიდან "მასტერშეფს" რომ უყურებ და ერთ მშვენიერ დღეს ასეთ პროექტში მონაწილეობის საშუალება მოგეცემა, გიჟი უნდა იყო, რომ უარი თქვა.
- ერთ-ერთი პროფესიით ფსიქოლოგი ხართ, კულინარია და ფსიქოლოგია რამდენად ახლოსაა ერთმანეთთან?
- სხვათა შორის, ფსიქოლოგია და კულინარია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. კულინარიას კრეატიული თერაპიების რანგში მოიაზრებენ და მიიჩნევენ, რომ გუნება-განწყობას ააქტიურებს. საჭმელთან დაკავშირებული ბავშვობის დროინდელი ემოციები ალბათ ყველას გვახსოვს, უმეტესობას არ გვიყვარდა წვნიანები. რაც არ გიყვარს, ისე უნდა მოამზადო, რომ აზრი შეგეცვალოს. ესეც ხომ ფსიქოლოგიური მომენტია.
GzaPress
- კულინარიით როდის და რატომ დაინტერესდით?
- ჩემს ოჯახში ყველა ძალიან კარგი კულინარია და ყველა გემრიელად ამზადებს, შესაბამისად, ჭამა მიყვარდა. ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი. კულინარიაში კვების ტექნოლოგიიდან მოვედი. უბრალოდ, მივხვდი, რომ კულინარია და კვების ტექნოლოგია არის ის, რაც ნამდვილად მაინტერესებს და სიამოვნებას მანიჭებს. ამიტომაც ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, ჯერ სურსათის ტექნოლოგი გავხდი, შემდეგ კი - შეფმზარეული. პროფესიული თვალსაზრისით ისიც ძალიან დამეხმარა, რომ კურსები რამდენიმე ქვეყანაში გავიარე. მაგალითად, გერმანიაში, იტალიაში. შეფმზარეულისა და სურსათის ტექნოლოგის პროფესიის სინთეზი ახლა და ახლა ვითარდება.
- დაასახელე კერძი, რომლის გაკეთებასაც ხშირად გთხოვენ.
- ძალიან იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო. როდესაც მეგობრები მსტუმრობენ და მათ ვუმასპინძლდები, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ცოტა უცნაური და არაადეკვატური ხმები ისმის, მერე დანაყრებულები მიწვებიან ხოლმე გოჭებივით და ხმას არ იღებენ ბედნიერებისგან (იცინის). მათ ჩემი მომზადებული ყველაფერი მოსწონთ. სხვათა შორის, შეფმზარეული თვითონ უფრო ამჩნევს თავის მიერ მომზადებული კერძების ნაკლს, ვიდრე მომხმარებელი. ჩვენ ვიცით, რა პოტენციალი აქვს ამა თუ იმ ინგრედიენტს და ამიტომ ძალიან მტკივნეულია, როცა მაქსიმუმს ვერ ვიღებთ მისგან.
- ბევრი საავტორო კერძი გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მაქვს რამდენიმე. მიყვარს ქართული ტრადიციული კერძების მოდიფიკაცია. არის რაღაცები, რაც ამართლებს და ხალხს მოსწონს.
- ჟიურის წევრებიდან ყველაზე მხიარული და ყველაზე კეთილი ბიჭიაო, წერენ...
- კეთილი ვარ იმასთან, ვინც იმსახურებს (იცინის). ეს არის შოუ, სადაც საუკეთესოს გამოვავლენთ. მონაწილეები სტრესში უნდა იყვნენ. თუ გამოცდაზე არ ინერვიულებენ, ის რაღა გამოცდაა? ჟიურის წევრებს ზედმეტ სიმკაცრეს გვსაყვედურობენ, მაგრამ ლუკა ნაჭყებიას ოდნავ დაბღვერას თუ ვერ გაუძლო ვიღაცამ, რესტორანში ფეხს ფეხზე რომ გადაიდებს კლიენტი და კერძს დაუწუნებს, მაშინ რას იზამს? არადა, პირველი უკმაყოფილო კლიენტი იმდენად მტკივნეულია, ვერც წარმოიდგენთ. თუ ამ სიმკაცრეს ვერ გადალახავ და წნეხს ვერ გაუძლებ, მაშინ კულინარიაზე უარი უნდა თქვა და სხვა, უფრო წყნარი პროფესია მოძებნო. კულინარია დღეს შოუბიზნესის ნაწილია და გლამურულია, ბევრს ასე ჰგონია. სინამდვილეში უძილო ღამეებსა და დღეებს, ჭრილობებსა და დამწვრობებს ნიშნავს. შეფს ხელი ყოველთვის გაჭრილი ან დამწვარი აქვს, რაც უნდა კარგად და სუფთად იმუშაოს. რთულია ჩვენი პროფესია, დღეში 16 საათს ვმუშაობ და სხვა არაფრისთვის დრო აღარ მრჩება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გამიმართლა - რაც ძალიან მიყვარს, იმ საქმეს ვაკეთებ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ისიც, რომ ცოდნას სხვებს გადავცემ.
- ლექციებზე მკაცრი და მომთხოვნი ხართ?
- რადგან ლექტორი ვარ, ხანდახან აკადემიურობა მჭირდება, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ მხიარული ვარ. სტუდენტი, რომელსაც გამოცდას უტარებ, ბოლომდე უნდა გაწურო. მოკლედ, ლექციებზეც მკაცრი ვარ, მაგრამ ამ გადაცემაში სიმკაცრეს თვითონ ფორმატი მოითხოვს. როდესაც სამზარეულოში გუნდს ვამუშავებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიყო ლიდერი, მივიდე პირველი და წავიდე ბოლო, თუ რამე ჭუჭყიანი საქმეა გასაკეთებელი, პირველმა მე გავაკეთო და მაგალითი მივცე სხვებს. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ განათლებაში ბევრი დრო და ენერგია მაქვს ჩადებული, არაფერს ვთაკილობ - თუ დასალაგებელია, ვალაგებ, არ ვფიქრობ, რომ "შავი საქმე" არ მეკადრება.
- ოჯახზეც მითხარით რამე, დაქორწინებული ხართ?
- წარუმატებლად დავამთავრე ერთი ქორწინება და არ მინდა ამაზე საუბარი, შვილი არ მყავს. ძალიან მინდა, მყავდეს, მაგრამ ჩემი ცხოვრების გრაფიკიდან გამომდინარე, არავისთვის დრო არ მრჩება და მისთვის როგორ მოვიცლი?
GzaPress
- კაცი შეფმზარეულები ამსხვრევთ გამოთქმას: შედი, ქალო, სამზარეულოში...
- ეს ნაგავზე გადასაგდები გამოთქმაა. სამზარეულომ სქესი არ იცის, ყველანი ვართ უსქესოები - იქ მზარეული ხარ და მორჩა. არც ის მგონია სიმართლე, რომ თითქოს მამაკაცები უფრო გემრიელად ამზადებენ. მე მინახავს, რომ დელიკატურ საქმეს ბიჭები აკეთებენ და მამაკაცურს - გოგონები, თანაც ძალიან კარგად.
- როდესაც დაოჯახდებით, მეუღლეს თუ გააკეთებინებთ სადილებს?
- რა თქმა უნდა, მას ყოველთვის ვაძლევდი ამის საშუალებას და რაკი გულით აკეთებდა, მომწონდა კიდეც. საერთოდ, ახლობელ ადამიანებს არასდროს ვუფასებ ხოლმე ნახელავს. როგორ შეიძლება დავიწუნო, მაგალითად, დედას ან ჩემი მეუღლისა თუ პარტნიორის მომზადებული კერძები. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ჩემთვის ამზადებენ.
- როგორც სურსათის უვნებლობის ლექტორი და კულინარიის აკადემიის სურსათის ტექნოლოგი, რას ურჩევდით მკითხველებს?
- დიასახლისები ყველაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ ხორცის დამუშავებისას და ამიტომ, მინდა ასეთი რამ ვუთხრა მათ: თუ ხორცის ზედაპირზე არ არის მექანიკური დაბინძურება ან ვთქვათ, მორის ნაფოტები, რომელზეც ის დაიჩეხა, სჯობს, არ გარეცხოთ. წყალი ბაქტერიებისთვის სამოძრაო გარემოა და შესაბამისად, გარეცხვის შედეგად დაბინძურება ყველგან ვრცელდება, ანუ ხდება ჯვარედინი დაბინძურება. ხორცი რომ უნდა გაირეცხოს, ეს ტრადიციულად გვაქვს გონებაში ჩამჯდარი და სწორი გვგონია, მაგრამ არასწორია. რასაც წყალი მოაშორებს, იმას თერმული დამუშავებაც მოაშორებს. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია, სანდო ადგილას იყიდოთ შემოწმებული ხორცი, გარეცხვის ნაცვლად დაამუშაოთ მაღალ ტემპერატურაზე, სასურველია, პირველი ნახარში გადააქციოთ, დამუშავებული ხორცი მაცივარში მალევე შეინახოთ, ხოლო მომზადებული ხორცი მეორედ მოხმარებისას კარგად გააცხელოთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბაქტერიების შესამცირებლად მაცივრის გაწმენდის კულტურა აუცილებელია. ამიტომ ის კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა დამუშავდეს, მაგალითად, წყალბადის ზეჟანგით.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ფასი სიძველის მიხედვით დაედო და ასევე იმის, თუ ვინ იყო ხელოსანი
მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას არ დაავიწყდეს ტრადიციები
მეც ლადიკოსავით დავიწყე ასეთი ადამიანების ძებნა
"მე რომ დავიბადე, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ და მასწავლეს ისევე, როგორც მამაჩემს ასწავლეს თავის დროზე..."
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.