"სიკვდილის გზის" დალაშქვრა, ამაზონის ჯუნგლები და ტორეს დე პაინეს მყინვარწვერთან ცხოვრება
font-large font-small
"სიკვდილის გზის" დალაშქვრა, ამაზონის ჯუნგლები და ტორეს დე პაინეს მყინვარწვერთან ცხოვრება
ქართველი გოგონას განსაცვიფრებელი მოგზაურობა...

"მოგზაურობამ და მოგზაურობისას თავს გადახდენილმა ამბებმა იმდენად გამბედავი გამხადა, რომ ვფიქრობ, ცხოვრებაში მიუღწეველი არაფერია. მთავარია გწამდეს შენი თავის და შესაძლებლობების. ბავშვობიდან ძალიან უშიშარი ვიყავი, მაგრამ მარტო მოგზაურობამ შიშის გრძნობა გამიქრო და საოცრად მიზანდასახულ ადამიანად მაქცია"... - გვეუბნება მზევინარ ტოფაძე, რომელიც საკუთარ განსაცვიფრებელ თავგადასავლებს ბოლივიიდან გვიამბობს...


- გერმანიაში როცა ჩავედი, ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის იყო წესრიგი, სუფთა ქუჩები და პარკები. ბუნებაში რომ გადიხარ, იქაც სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო გხვდება. ადამიანებსაც გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ბუნებას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება... ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიმოგზაურია, მაგრამ ჩემი პირველი, ყველაზე ამაღელვებელი მოგზაურობა ევროპის კონტინენტის გარეთ იყო მექსიკაში, სადაც ნახევარი წლით გამაგზავნა გერმანულმა უნივერსიტეტმა სოციალურ პროექტზე სამუშაოდ. თორმეტი საათის ფრენის შემდეგ, როცა უზარმაზარ აეროპორტში მოვხვდი, მაშინ გავაცნობიერე, რომ ძალიან შორს ვიყავი ნაცნობი სამყაროსგან და თანაც, მარტო. ექვსი თვე სამხრეთ მექსიკაში, სან კრისტობალ დე ლა კასაში, ვცხოვრობდი. შეძენილმა გამოცდილებამ და უცხო გარემოში მარტო ცხოვრებამ პიროვნულად ძალიან გამზარდა. უქმე დღეებზე ვეცნობოდი მექსიკის სხვადასხვა ქალაქს. ეს არის ულამაზესი, უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანა. აღმაფრთოვანა მაიას კულტურის ძეგლებმა, გასაოცარმა ბუნებამ, ჩანჩქერებმა და ზღაპრულმა კუნძულებმა. იმდენად მომხიბლა ლათინური ამერიკის ქვეყნების სილამაზემ, რომ მექსიკიდან სამოგზაუროდ გვატემალაში წავედი, სადაც უზომოდ თავაზიანი, მოღიმარი ადამიანები ცხოვრობენ.
- მოგზაურობამ გამბედაობა შეგმატათ?
- ნამდვილად. ვფიქრობ, ყველაფრის გადალახვა შეიძლება, მთავარია, რომ გწამდეს შენი თავის და შესაძლებლობების. ბავშვობიდან უშიშარი ვიყავი, მაგრამ მარტო მოგზაურობამ შიშის გრძნობა სულ გამიქრო და საოცრად მიზანდასახულ ადამიანად მაქცია.
მექსიკაში სტაჟირების გავლის შემდეგ, ნახევარი წლით ჩილეში წავედი სასწავლებლად... ყველაზე ექსტრემალურ მოგზაურობად ალბათ, ბოლივიაში მთის ველოსიპედებით ლაშქრობას და ამაზონას ჯუნგლებში მოგზაურობას გავიხსენებდი...
"სიკვდილის გზა" - ასე უწოდებენ იმ გზას, რომელიც მეგობრებთან ერთად მთის ველოსიპედით გავიარე. რამდენიმე წლის წინ, სანამ გზა შეკეთდებოდა, ამ გზაზე წელიწადში ასამდე ადამიანი იღუპებოდა, მაგრამ ახლაც ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუმცა, როცა ექსტრემალური თავგადასავლების ძიების იდეით ხარ შეპყრობილი, შიში ნაკლებად გეუფლება და ნეგატიური აზრებით გონებას აღარ იმძიმებ.
კლდოვანი აღმართები, დაღმართები, საოცარი ბუნება, მთები, ჩანჩქერები - მოკლედ, ენით აღუწერელი სილამაზეა. დაახლოებით ოთხი საათის გზაა, რომლის გავლისას შთაბეჭდილებები იმდენად დიდია, რომ გავიწყდება, ე.წ. სიკვდილის გზას რომ ადგახარ.
ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურობაც ძალიან შთამბეჭდავი და თავგადასავლებით სავსე იყო. მთელი ეს დრო მდინარე ამაზონზე, თვითნაკეთი ძრავიანი ხის ნავით დავცურავდით. ასეთ დროს ფაქტობრივად დაუცველი ხარ ნიანგებისგან და ჯუნგლების სხვა მობინადრეებისაგან. იქ სამი დღე დავყავი. წამოსვლის დღეს, გამთენიისას ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმამ გამაღვიძა. იქ განცდილის შემდეგ ვიტყოდი, რომ მე სიკვდილის აღარ მეშინია. ვერ აღვწერ, რა ხდებოდა. ჭექა-ქუხილი, ტყის მობინადრეთა წივილ-კივილი, ყმუილი და ტოტების ლაწალუწი თურმე, იქ მცხოვრებთ იავნანასავით ჩაესმით.
როცა ცივილიზაციისგან ძალიან შორს, უღრან ტყეში ხარ, ბევრ რამეზე იწყებ ფიქრს და უსაზღვროდ მადლიერი ხარ ცხოვრების. გიდმა ანაკონდების საძებნელადაც წაგვიყვანა. სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, თუ როგორ უნდა შეგვშინებოდა ჯუნგლებში ცხოვრების ან გველების. ისე მოგვამზადა ფსიქოლოგიურად, სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, რომ ანაკონდა ვერ ვნახე...
GzaPress
- ბევრი ფიქრობს, რომ მოგზაურობა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. შეგიძლიათ გვიამბოთ საინტერესო მოგზაურობის შესახებ, როცა დანახარჯი მინიმალური იყო?
- გააჩნია, ვის როგორი მოგზაურობა აინტერესებს. ერთი კვირის მანძილზე ჩილედან ანდების გავლით არგენტინაში ვიმოგზაურე და 60 დოლარის მეტი არ დამიხარჯავს. მეგობრებთან ერთად ავტოსტოპით ვმოგზაურობდი...
რიო-დე-ჟანეიროში რომ ჩამოვდი ჰოსტელში დავბინავდი და ფული საჭმელსა და კულტურულ სანახაობებში მეხარჯებოდა. ქალაქის დათვალიერებაში ფული არ გადამიხდია, არც გიდი მჭირდებოდა, რადგან ჩემით ვუწევდი ყველაფერს ორგანიზებას. როდესაც სამოგზაუროდ მივდივარ, ვეცნობი ბლოგებს მოგზაურობის შესახებ, ვკითხულობ ინფორმაციას ჯგუფებსა და ფორუმებზე - ეს მეხმარება. საერთოდ, იოლად ვეგუები უცხო გარემოს და არ მთრგუნავს, თუ მოგზაურობის დროს კომფორტის ზონიდან მომიწევს გამოსვლა. არ მაღიზიანებს ჰოსტელებში ღამის გათევა. ვიცი, რომ აქ მხოლოდ ღამის გასათევად ვარ, მეორე დღეს კი თავგადასავლებით დახუნძლული, საინტერესო მოგზაურობა მელოდება.
ტორეს დე პაინეს მყინვარწვერის დასალაშქრად მე და ჩემი ორი მეგობარი გასაშლელი კარვებით წავედით - ასეთი სათავგადასავლო მოგზაურობის დროს ზედმეტია კომფორტზე საუბარი. გითენდება და გიღამდება ბუნებაში. სამი დღე ფეხით დავხეტიალებდით და ულამაზესი პატაგონიის მყინვარწვერების ყურებით ვტკბებოდით. ტორეს დე პაინეს მყინვარწვერის წინ როცა ვიდექი, მეგონა, სიხარულისგან გული გამიჩერდებოდა - იმდენად მინდოდა ამ მყინვარწვერის დალაშქვრა, რომ ფეხით გავლილი თორმეტსაათიანი კლდოვანი აღმართ-დაღმართები და ზურგზე მოკიდებული ტვირთი აღარაფრად მეჩვენებოდა. მეგონა, მთელ სამყაროსთან ვიყავი ახლოს.
- იქ, სადაც თქვენ მოგზაურობთ, ცოტა ქართველი თუა ნამყოფი. შეგიძლიათ უამბოთ მკითხველს, რით არის ეს ქვეყნები განსაკუთრებულად მიმზიდველი?
- კი, ნამდვილად ცოტა ქართველს თუ შევხვდებით აქ მოგზაურთა შორის. პირადად მე, სამწუხაროდ არასოდეს შემხვედრია ქართველი მოგზაური. ორი წელი ვცხოვრობდი და ვმოგზაურობდი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: მექსიკა, გვატემალა, ჩილე, ბოლივია, პერუ, არგენტინა, კოლუმბია, ბრაზილია. ზოგადად, ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორია სხვა ქვეყნის კულტურა. საოცარი შეგრძნებაა, როცა მაიას და ინკას ცივილიზაციის კულტურულ ძეგლებს ეცნობი. მსხვერპლთშეწირვის რიტუალები ინდიელებში დღემდე იმართება. ეს ქვეყნები გამოირჩევა ძალიან ლამაზი ტროპიკული ტყეებით, ჩანჩქერებით, უგემრიელესი ტროპიკული ხილით და მხიარული, მოღიმარი ადამიანებით. განა ეს ყველაფერი საინტერესო არ არის? რაც აქამდე მხოლოდ წიგნებში წაგიკითხავს და გსმენია, იმ ყველაფრის თანაზიარი ხდები.
- სამომავლოდ სად აპირებთ მოგზაურობას?
- ძალიან მაინტერესებს კუბა და მენატრება მექსიკა. ამიტომ უახლოეს მომავალში ვგეგმავ ამ ქვეყნებში მოგზაურობას. ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას გაგიმხელთ: ეს ევერესტის დალაშქვრაა! სურვილების ასრულების კი მჯერა!
- სოციალური მუშაკის პროფესიას წარმატებით დაეუფლეთ. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ახლაც სწავლობთ...
- როცა გერმანიაში სოციალური მუშაკის პროფესიას ვეუფლებოდი, პარალელურად გავაგრძელე სწავლა არტ-თერაპიის სამწლიან სასწავლებელში. ეს იყო ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მიმიღია თუნდაც, პროფესიული თვალსაწიერის გაზრდის მხრივ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ვიყო სოციალური მუშაკი და არტ-თერაპევტი, რადგან ეს ის პროფესიებია, რომლებიც ადამიანში არსებული რესურსების გაჯანსაღებას და გაძლიერებას ემსახურება. ბოლივიაში, დაწყებით სკოლის აღსაზრდელებთან განვახორციელე არტ-თერაპიის სამთვიანი პროექტი და საბაკალავრო ნაშრომი და ჩავატარე კვლევა. არტ-თერაპიის სტაჟირებაც გავიარე გერმანიაში. ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რას გულისხმობს არტ-თერაპია? ჩვენ ვიყენებთ ხელოვნების ყველა დარგს. მათი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ამა თუ იმ ფსიქიკური პრობლემის დაძლევა, ადამიანში არსებული რესურსების გააქტიურება, გაძლიერება. ამავდროულად, არტ-თერაპია ადამიანს ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვაში ეხმარება. მე ვიტყოდი, არტ-თერაპია ეს საკუთარი თავის პოვნაა და იგი შესაძლებლობას გაძლევს, გახდე შენი ცხოვრების შემოქმედი!
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.