წარმატებული მათემატიკოსის ჰობი
font-large font-small
წარმატებული მათემატიკოსის ჰობი
"არც ერთ კუთხეში ქართველებისნაირი ხალხი არ არსებობს"
დავით ბარლი პროფესიით მათემატიკოსი, პროგრამისტია. წლების განმავლობაში საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და თავისი პროფესიით წამყვან ფირმებში მუშაობდა, საბოლოოდ კი ოჯახთან ერთად, ნიუ-იორკში დამკვიდრდა. უყვარს მოგზაურობა, მუსიკა, ჯაზი, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა, კულინარია, გემრიელი კერძების მომზადება და ქართულ სამზარეულოს პოპულარიზაციას ამერიკელ მეგობრებთანაც უწევს.


- მოკლედ გიამბობთ ჩემ შესახებ: ომის შემდგომ პერიოდში დავიბადე, 1945 წლის ოქტომბერში, თბილისში. მეორე ვაჟთა სკოლაში დროზე ადრე შემიყვანეს და 16 წლისაც არ ვიყავი, წარჩინებით, ოქროს მედალზე რომ დავამთავრე. დედა იურისტი იყო, მამა არქიტექტორი და ხატვისა და ხაზვის ნიჭი მისგან გამომყვა, ტექნიკური საგნებიც მიყვარდა. მათემატიკურზე ჩაბარება გადავწყვიტე და როგორც ოქროს მედალოსანი, ფრიადზე ჩაბარებული ერთი გამოცდით ჩავირიცხე. ისიც წითელ დიპლომზე დავამთავრე. სტუდენტობის პერიოდმა შესანიშნავი შთაბეჭდილებები დამიტოვა და ბევრი ნამდვილი მეგობარი შემძინა. პროფესორმა თევზაძემ მე და ჩემს მეგობარს კათედრაზე დარჩენა შემოგვთავაზა. დოქტორანტურაც დავამთავრეთ და დეკანატში ჩაგვრიცხეს. კომპიუტერის პროგრამირებას ვასწავლიდით. ამერიკაში მედლებიც ჩამოვიტანე და დიპლომებიც, მაგრამ არავის აინტერესებს, აქ სულ სხვანაირი მიდგომაა, შენ უნდა აჩვენო, რა გაქვს თავში და არა - ქაღალდზე. სხვათა შორის, 8 ენაზე ვლაპარაკობ თავისუფლად: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, იტალიურად, ესპანურად, ფრანგულად, გერმანულად და ესპანურად.
1972 წელს საქართველოს დატოვებამ მომიწია, მამა ომის დროს გერმანიაში იყო და გერმანული საბუთები ჰქონდა. მეც იქ წავედი. ფრანკფურტში მუშაობის უფლებაც მომცეს, "აიბიენის" ფირმაში, განყოფილების უფროსად და შვიდი წელი იქ ვიცხოვრე. გერმანიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. ძალიან პედანტი ვარ, ყველაფერი სუფთად და წესრიგში უნდა იყოს და სწორედ ასეთები არიან გერმანელები.

"ჩემი უკრაინელი მეუღლე ისრაელში გავიცანი"
- თითქმის მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, ევროპა მთლიანად, ნამყოფი ვარ აფრიკაში, ეგვიპტეში, ავსტრალიაში, აზიაში, სამხრეთ თუ ჩრდილოეთ ამერიკაში, ყველგან მაქვს ფეხი დადგმული. ისრაელში ყოფნისას, სრულიად შემთხვევით მივედით "აიბიენის" ოფისში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, რომელიც იქ უკრაინიდან იყო ჩასული.
GzaPress
"შეიძლება ჭამო იაფად და ყველაფერი, შემდეგ კი ექიმთან ირბინო"
- დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ იკვებები. ყოველთვის მერჩივნა მეჭამა ცოტა, ხარისხიანი და გემრიელი, ვიდრე ბოდიში და, ნაგავი. გერმანიაში რესტორნების ქსელია, სადაც ხშირად დავდიოდი და ქათამს, კარტოფილსა და სალათს ვიღებდი. ქართულ შემწვარ წიწილას ვერ შეედრებოდა, მაგრამ მაინც მომწონდა. გერმანელებს დალევა უყვართ, ამისგან შორს ვარ, მაგრამ კარგ ქართულ ღვინოს სიამოვნებით დავლევ ცოტას. აქ რა ღვინოებიც იყიდება, არ ვარგა, საწამლავია. გერმანული სამზარეულო მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, სტანდარტული ძეხვეული და ლუდი, ღვინო, არაყი, თევზეულიც უყვართ ლუდთან.
ინგლისში უფრო ხარისხიანი და დახვეწილად მომზადებულ კერძები აქვთ და უფრო გემრიელიცაა. ასევეა ამერიკაშიც, მაგრამ დიდი განსხვავებებია, რადგან აქ შეიძლება ადამიანმა ჭამოს იაფად და ყველაფერი და ექიმთან ირბინოს, ან ცოტა ძვირიანი კერძებით იკვებოს და ჯანმრთელი იყოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქართული სუფრით აღნიშნული ამერიკული დაბადების დღე
- ქართულსა და აქაურ სუფრას შორის უდიდესი განსხვავებაა. ჩემს ოჯახში ხშირადაა სტუმრიანობა, თითქმის ყოველ შაბათს ვიკრიბებით. ჩვენთან მოსვლა ყველას უყვარს, რადგან იციან, რომ საქართველოდან ვარ და ყოველთვის გემრიელ ქართულ კერძებს დავახვედრებ. სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება ძალიან მიყვარს და როცა ადამიანს ამით სიამოვნებას ვანიჭებ, ჩემთვისაც ძალზე სასიამოვნოა.
შარშან, ჩემს დაბადების დღეზე მარტო ქართული კერძები მოვამზადე, არც ერთი უცხოური კერძი არ მქონდა, ხუთნაირი მარტო ფხალი იყო, სხვადასხვა ფერის და ყველაფერი ლამაზად გავაფორმე თეფშებზე; წიწილები შევწვი ფერმაში ნაყიდი, მჭადი, საქართველოდან ჩამოტანილი სულგუნი ვიშოვე, ჩემს ოჯახში ხმელი სუნელი ყოველთვისაა. სამზარეულოში თაროები მაქვს, სადაც ყველანაირი ქართული სუნელი მაქვს, აჯიკა და ა.შ. აჭარული ხაჭაპურის გაკეთებაც მიყვარს ძალიან.

"დედას რეცეპტების ტომეულები მაქვს"
- დედაჩემმა, როცა დაოჯახდა, ერბოკვერცხის შეწვის მეტი, არაფერი იცოდა, მაგრამ ბებიაჩემმა ყველაფერი ასწავლა. ორი და მყავს, მათაც გემრიელი ხელი აქვთ. დედა საჭმელს რომ აკეთებდა, სულ ვეკითხებოდი, რას რამდენს უკეთებდა და ასე დავაგროვე მისი "რეცეპტების ტომეულები".

ბრაზილიელი რძალი და საერთო კულტურა
- ჩემი ვაჟის მეუღლე ბრაზილიელია, ჭამის კულტურით ისინი ძალიან გვგვანან. მსგავსი კერძებიც გვაქვს. ერთხელ, ლობიო გააკეთა, ჩვენი ნაციონალური კერძიაო. მჭადსაც მიირთმევენ ყველით. ათასგვარი ღვეზელი აქვთ. ბრაზილიაში ლობიოს ბევრი სახეობაა და სხვადასხვანაირად ამზადებენ. ყველაზე კარგი ყოფილა შავი ლობიო და ძალიან გემრიელი გამომდის. რეცეპტს თქვენც გაგიზიარებთ:
- შავ ლობიოს ღამით წყალში გავაჩერებთ, დილით ამ წყალს გამოვუცვლით და მოვხარშავთ, ცალკე მოვშუშავთ თეთრ და წითელ ხახვს, დავამატებთ ხმელ სუნელს, ცოტა წიწაკას, ნიორსა და ქინძს. ცოტა რომ შეწითლდება, შავ ლობიოში ჩავამატებთ. ეს ყველაფერი ერთად დუღდება და კერძის დასრულების წინ, 3-4 მთლიან თავ ნიორს ვაგდებ. მასში იშუშება.
- ბევრი ნიორი მწარე გემოს არ აძლევს?
- არა, პირიქით, ბოლოს ამოვიღებთ და კარგ არომატს აძლევს. ცალკე გრძელ ბრინჯს ვხარშავ ისე, რომ კარგად გამომშრალი იყოს, ზედ ამ ლობიოს ვასხამ და ძალიან გემრიელი გამოდის!
ჩემი რძლისგან კიდევ ვისწავლე ქათმის ფრთებისგან მომზადებული კერძი. ფრთებს კარგად გავრეცხავ, გავასუფთავებ და ვუმატებ ზეითუნის ზეთს, ხმელ სუნელს, ბლომად ქინძსა და ქინძის კაკლებს, რომელსაც სახლში ვნაყავ.
ჩემი მეუღლე სამსახურიდან რომ მოდის, ვეუბნები, აბა, ხელები დაიბანე, სადილი მზად არის-მეთქი და უხარია, ჩემისთანა ქმარი არავის ჰყავსო (იცინის).

"მსოფლიო შემოვიარე და ქართველებისნაირი ხალხი არსადაა!"
- მსოფლიო მაქვს შემოვლილი და არსად, არც ერთ კუთხეში ქართველებისნაირი ხალხი არ არსებობს და არც იარსებებს. მშობლის, და-ძმის, შვილების, მეგობრის პატივისცემა, დაფასება სულ სხვანაირად იციან საქართველოში. ამერიკაში, მშობლები რომ მოხუცდებიან, ფლორიდაში გაუშვებენ მოხუცთა თავშესაფარში, თვითონ კი დადიან და დაქეიფობენ... ცოტა ხნის წინ ისრაელში ვიყავით, ჩემი მეუღლის, ტანიას დედა 100 წლის გახდა, ძლივს დადის, მაგრამ ჭკუა ისე უჭრის, ვგიჟდებით! 18 წლის ასაკში ნასწავლ პოემას ახლაც ზეპირად ჰყვება, 26-სტროფიანს.
GzaPress
პიკანტურად გემრიელი აფრიკა და ხორცით ცნობილი არგენტინა
- აფრიკაში ისეთი საჭმელია, როგორიც არსად მინახავს, არც გამიგონია და არც გამისინჯავს. სასმელიც ძალიან გემრიელი და საინტერესოა. აფრიკის ჯუნგლებში მოკრეფილი კენკრისგან დამზადებული სასმელი გავსინჯე, რომელსაც ცოტა რომი ჰქონდა დამატებული, პიკანტური გემო რომ მისცესო. უგემრიელესი იყო, ნახევარი ბოთლი დავლიე.
აფრიკელებს ძალიან მოსწონთ ხორციანი კერძები, არგენტინაშიც, რომელიც განთქმულია კარგი ხორცით. იქ რომ საქონლის ხორცი იყიდება, ისეთი არსადაა, რადგან იქ საოცარი ბალახია, კლიმატი და ძროხა და ხბო ამას რომ ჭამს, ხორციც საუკეთესოა. თანაც, ძალიან კარგად მომზადებული, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
აზიაში უფრო მეტად თევზეულს მიირთმევენ. მე ძალიან მიყვარს კალმახი და აქ ნატურალურს ვყიდულობ ხოლმე, ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი. 1 კგ კალმახის ფასი დაახლოებით 40 დოლარია. ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ყველაფერს ნატურალურს ვყიდულობ, ბავშვებს არ ვაჭმევ არაჯანსაღ, სუპერმარკეტში ნაყიდ თევზს, ნაგავს. ხალხი იწამლება, ნიუ-ჯერსიში რამდენიმე ბავშვი გარდაიცვალა კიდეც. საშინელებაა. ამ მხრივ, დიდ სიფრთხილეს ვიჩენთ.

უმოკლეს დროში შეძენილი ახალი პროფესია
- როცა ამერიკაში ჩამოვედი, ნიუ-იორკში ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. გამოცდა ჩავაბარე და განყოფილების უფროსად დამნიშნეს, გამოთვლით მანქანებზე, ანუ ჩემი სპეციალობით. ჩემს მეუღლეს ლენინგრადში ტექსტილის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, რომელიც აქ არაფერში გამოადგებოდა. ამიტომ, დავსვი და კომპიუტერები შევასწავლე, გამოთვლითი მათემატიკა და ვუთხარი, პროგრამისტი გახდები-მეთქი. თავიდან იუარა, მაგრამ ყველაფერი ისე შეისწავლა, რომ ზუსტად 6 თვეში პროგრამისტად დაიწყო მუშაობა და დღეს, "იუპიესის" კომპიუტერების განყოფილების უფროსია და მის დაქვემდებარებაში 146 ადამიანია. ყოველთვის ამბობს, რომ მე თუ ქალი დავდექი, ეს დავითის დამსახურებააო. მე ეს მიხარია!

დიდი და წარმატებული ოჯახი
- სამი ვაჟი მყავს, უფროსი 49 წლისაა, ერთ-ერთ დიდ ფირმაში მუშაობს, კომპიუტერებზე. ჰყავს მეუღლე, რომელიც ამერიკულ პოლიციაში მუშაობს, გამომძიებლად; ჩემი მეორე ვაჟი 40 წლისაა, იურისტია და თავისი ბიზნესი აქვს, ტრაბახში ნუ ჩამითვლით და ძალიან ჭკვიანია, ვამაყობ მისით; მესამე ვაჟი 36 წლისაა, დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი კინემატოგრაფიის განხრით და რეჟისორია. მას მიწერ-მოწერა და კონტაქტი აქვს სტივენ სპილბერგთან, კალიფორნიაში, მასთან თანამშრომლობს. ის ცალკე ცხოვრობს და მის სახლში ორი ოთახი მთლიანად ფილმების DVD დისკებს უჭირავს. ვამაყობ იმით, რომ ჩემი შვილები ისე გაიზარდნენ, არც ერთი ეწევა სიგარეტს, სპორტით არიან დაკავებულები, ვარჯიშობენ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ასევე მყავს ორი და, ისინიც ამერიკაში ცხოვრობენ, ორივე ექიმია. სამივე დედმამიშვილს ვაჟები გვყავს. სულ - 7, გოგონა არც ერთი. აქედან სამი იურისტი, სამი ექიმი და ერთიც კინემატოგრაფისტია.

ჯაზი, კლასიკური მუსიკა და კულტურული ცხოვრება ნიუ-იორკში
- ძალიან მიყვარს მუსიკა, ჯაზი, კლასიკური მუსიკა, გიტარასა და პიანინოზე ვუკრავ და ბევრს ჰგონია, რომ მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული, მაგრამ ანაბანაც კი არ ვიცი, ყველაფერს სმენით, ჩემით ვაწყობ ხოლმე. აქ კონცერტებზე ძალიან ხშირად დავდივარ, ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც მუსიკა ასევე ძალიან უყვართ და ყოველთვის ვესწრებით კლასიკური მუსიკისა თუ ჯაზის საღამოებს. მე და ჩემი მეუღლე ჯაზის კლუბის წევრები ვართ, ცნობილი კლუბია ნიუ-იორკში, მეოთხე ქუჩაზე, რომელიც ლუი არმსტრონგმა და ელლა ფიცჯერალდმა დააარსეს, დიდი ხნის წინ. მაშინდელი იერსახე დღესაც შენარჩუნებული აქვს. იქ ზღაპრული კონცერტები ტარდება, ერთი სიამოვნებაა მათზე დასწრება. ხშირად დავდივართ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, ოპერაში და კულტურით დაინტერესებულ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ფულზე ორიენტირებული ადამიანები არ მიყვარს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხოველების ქომაგ ქალბატონს დახმარება სჭირდება
"ულამაზესი აქსესუარებით ბავშვებს წიგნებსა და კითხვას ვაყვარებ"
"ძაღლმა 3-4 ადამიანი დაკბინა და ვიღაც მაინც ამტკიცებს, რომ ის აგრესიული არ არის"
სიკეთე - თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახელით
გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი ძველი პროფესიის ქაოსს გავრიდებოდი
"ბრძოლამ მომიწია ჩემზე ასაკით უფროსთან, თან 15 კილოთი მეტი იყო"
როცა კომპლიმენტი ოცნებების ახდენის ძალას გაძლევს
თაფლის სანთელი ბუნებრივი ანტისეპტიკია
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.