კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გორში და...
font-large font-small
კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გორში და...
...გორელი მაყურებლების თხოვნა რეჟისორებს

უკვე მეექვსე წელია, რაც ყოველ 5 ივნისს გორში დღე უჩვეულოდ იწყება, თეატრიდან მსახიობები ქუჩაში გამოდიან და მოსახლეობას კომედიის ფესტივალის დაწყებას ამცნობენ. საზეიმო, კოსტიუმირებული მსვლელობა უცვლელი სლოგანით:
"დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს" წელსაც დაუვიწყარ სანახაობად იქცა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფესტივალის იდეამ გაამართლა, ნაომარ ქალაქს მართლა დაუბრუნდა ღიმილი.
თეატრალური დღეები გორში 5 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლით - "მეფე მოკვდა" გაიხსნა და 14 ივნისს, რუსთავის თეატრის სპექტაკლით, "დონ ჟუანი" დასრულდა. მაყურებელმა სულ 11 სპექტაკლი ნახა. კომედიის ფესტივალი მსოფლიოს სულ 4 ქვეყანაში ტარდება, აქედან ერთ-ერთი საქართველოა.


ზაზა ცარულაშვილი გორის თეატრის მსახიობია, წელს ის კომედიის ფესტივალის სახე გახლდათ.
- ფესტივალს ყოველ წელს ახალი სახე ჰყავს. წელს ეს პატივი მე მერგო. თავად გორელი ვარ და ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ფესტივალი დაფუძნდა, როგორ გამოიღვიძა ქალაქმა. აქაური საზოგადოება თეატრისადმი კეთილგანწყობილია.
- ჩაცმულობის გამო თქვენ მიმართ ბავშვები გამორჩეულად დიდ ინტერესს გამოხატავენ.
- არა მხოლოდ ჩემ მიმართ, ჩვენთან სტუმრად იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომელმაც ძალიან კარგი საბავშვო სპექტაკლი წარმოადგინა. როგორც ბავშვებმა, ასევე მათმა მშობლებმა, ინტერესით ნახეს სპექტაკლი და დიდი მოთხოვნაა, ხელმეორედ აჩვენონ გორში.

თინათინ მზექალაშვილი, მაყურებელი:
- მოხარული ვარ, რომ ეს ფესტივალი გორში ტარდება. წარმოდგენებს შეძლებისდაგვარად ვესწრები. დღეს, მესამე სპექტაკლს ვნახავ. სამწუხაროდ, გორში მსგავსი კულტურული ღონისძიებები იშვიათად იმართება.
- თუ გაქვთ თხოვნა ან შენიშვნა ორგანიზატორებთან, მომავალი წლისთვის რომ გაითვალისწინონ.
- შენიშვნა ნაკლებად, თხოვნა კი ნამდვილად მაქვს, კარგი იქნება, არა მხოლოდ კომედიური, სხვა ჟანრის ფესტივალებით და სპექტაკლებითაც თუ ხშირად გაგვანებივრებენ.
- სპექტაკლი, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ, რომელია?
- თუმანიშვილის თეატრის "ხომ არ აფრენ". კარგი იყო გორის თეატრის სპექტაკლი "სადღეგრძელო".

ლეილა ნამორაძე:
- კარგია, ტრადიციას რომ ინარჩუნებენ. ამ ფესტივალმა გორს ღიმილი ნამდვილად დაუბრუნა. უნდა ნახოთ, როცა ფესტივალი იწყება, როგორი გამოცოცხლება იგრძნობა. მომწონს, სპექტაკლებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით რომ არჩევენ. 4 სპექტაკლს დავესწარი, წინა წლებშიც ვაქტიურობდი და მომავალში კიდევ უფრო მეტი სპექტაკლის ნახვას ვაპირებ. "სადღეგრძელო" ძალიან კარგი იყო. ქართულ თეატრებს ტრადიციულად კარგი სპექტაკლები მოაქვთ. გორში მაყურებლები დიდად განებივრებულები არ ვართ. სხვა თეატრების დასები გასტროლზე მხოლოდ ფესტივალის ფარგლებში ჩამოდიან.

ლია კოვზიაშვილი, მაყურებელი:
- ნახეთ, გარშემო რამდენი ბედნიერი და ღიმილიანი სახეა. ამ ფესტივალის მისიაც ეს არის. გორი დიდი თეატრალური წარსულის მქონე ქალაქია. აქ ბევრი თეატრალი ცხოვრობს და როცა კარგი სპექტაკლი იმართება, ამ შანსს ხელიდან არავინ უშვებს. ჩვენს თეატრსაც არანაკლებ კარგი დასი ჰყავს. წელს ძალიან მომეწონა ჩვენი სტუმრების, რუმინელი მსახიობების მიერ წარმოდგენილი "რევიზორი". მსახიობებმა ძალიან კარგად ითამაშეს.

გიული ახალკაცი, მაყურებელი:
- ყველა სპექტაკლი, რომელიც ვნახე, ძალიან მომეწონა. იუმორით გაჯერებული სიმართლე კარგია. ჯანსაღი კრიტიკაც მისაღებია. რეჟისორებმა გაითვალისწინონ, სპექტაკლებით ხელისუფლებასაც მისცენ შენიშვნა. რატომღაც პიესებშიც ოჯახურ პრობლემებზე უფრო მახვილდება ყურადღება. ქვეყნის პრობლემებზეც რომ იყოს, უკეთესი იქნება.

გვანცა კანდელაკი, მსახიობი:
- უნდა ნახოთ, ამ ფესტივალს გორში ყველა როგორ ელოდება. პირველი წლიდან მოყოლებული მაყურებელი სხვაგვარი ემოციით ხვდება. ამ დღეებში თეატრში ბევრი ხალხი მოდის. მერწმუნეთ, ამ ქალაქში ძალიან გემოვნებიანი მაყურებელია. რაც ყველაზე მთავარია, ქუჩებში ღიმილი მართლა დაბრუნდა. ფესტივალის დანიშნულებაც ეს იყო.
GzaPress
დავით ბუხრიკიძე, თეატრის კრიტიკოსი:
- ამ ფესტივალის ჟიურის წევრი გახლავართ, ამიტომ კრიტიკით დავიწყებ. იყო ბევრი ბუფონადა და მდარე ხარისხის იუმორი, ზოგიერთი დაბალი ხარისხის სპექტაკლიც. ვფიქრობ, რეჟისორები მაინც ორიენტირებულნი არიან მაყურებლის გემოვნებაზე. არის წელს ქვემოთ იუმორი, ცოტა სადღეგრძელოებიც, რაც ხარისხს მნიშვნელოვნად აგდებს.
წარმოდგენილი სპექტაკლებიდან, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება სოსო ნემსაძის სპექტაკლმა "დონ ჟუანი" მოახდინა. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო სპექტაკლი იყო. ცოტათი უხამსი მეჩვენა, თუმცა საინტერესო იყო გორის თეატრის "სადღეგრძელო". ვფიქრობ, ზომიერება მეტ ღირსებას შესძენდა. ასევე გამორჩეულები იყვნენ ქუთაისის თეატრის სპექტაკლი "სიმართლე" და ილიაუნის "იდეალური ოჯახი". ამ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები სპექტაკლებიდან ჩემი ფავორიტები ესენი იყვნენ.
- მსახიობებიდან პროფესიული ოსტატობით თავი რომელმა დაგამახსოვრათ?
- დავით როინიშვილმა სპექტაკლიდან "სიმართლე", ქალი მსახიობებიდან კარგი იყო რუსკა მაყაშვილი ("იდეალური ოჯახი"). კარგი იყო ქეთი ცხაკაიას გმირი ("მეფე მოკვდა").
ზოგადად თეატრის განვითარებისთვის მსგავსი ფესტივალების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდებოდეს და უფრო მაღალ საფეხურზე ადიოდეს. რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავ. მაღალ საფეხურზე ასვლა უნდა იგრძნობოდეს რეჟისურაში, სითამამეში, გადაწყვეტის ფორმაში, სიახლის გრძნობაში, გემოვნებაში.
სოსო ნემსაძე, კომედიური ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი:
- ფესტივალის ჩატარების იდეა მაშინ დაიბადა, როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. თეატრი მაყურებლის ნაკლებობას უჩიოდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ეს სივრცე რამენაირად შეგვევსო. ის, რომ სპექტაკლებს აქტიურად ვდგამდით, ვატყობდით, საკმარისი არ იყო. საზოგადოებას სიახლე სჭირდებოდა. ფესტივალის ჩატარების იდეა მარტივად გაჩნდა, მაგრამ ამ ქვეყანაში არაერთი ფესტივალი ტარდება და რით უნდა ყოფილიყო ეს დანარჩენებისგან განსხვავებული? დავიწყეთ ამაზე ფიქრი, ვინაიდან გორში ვიყავით და მოგეხსენებათ ეს თეატრი ქართველი კომედიოგრაფის გიორგი ერისთავის სახელს ატარებს. გადავწყვიტეთ კომედიის ფესტივალი დაგვეარსებინა. დავიწყეთ ზრუნვა, ჩვენ ყველაფერი თითქმის ნულოვანი ბიუჯეტით დავიწყეთ. შემდეგ ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. გვქონდა ენთუზიაზმი და შევაწუხეთ ყველა, ვისი შეწუხებაც შეიძლებოდა. მეორე მესამე წლიდან აქტიურობა უფრო საგრძნობი გახდა და ფესტივალმა დაფინანსება მიიღო როგორც გორის მუნიციპალიტეტიდან, ასევე - კულტურის სამინისტროდან. ამის შემდეგ ფესტივალს საერთაშორისოს სტატუსი მივანიჭეთ. ამ ფესტივალს თავად ჩამოჰყავს თეატრალური დასი, თავისი დაფინანსებით, რაც ფესტივალის პრესტიჟს უცხოეთში კიდევ უფრო ამაღლებს.
- ბუქარესტის თეატრი რა ნიშნით შეარჩიეთ?
- ჩვენ ჩავედით რუმინეთში და მათი კომედიის ფესტივალს დავესწარით. ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი ავარჩიეთ და ის ჩამოვიტანეთ. ქართველ კრიტიკოსებს ძალიან მოეწონათ, საინტერესო აღმოჩნდა ქართველი მაყურებლებისთვისაც.
არ მინდა, ფესტივალი ამ ქალაქიდან გავიდეს. მას მუდამ სჭირდება რაღაც სიახლით შევსება. წელს რამდენიმე "ვორქშოპი" ჩატარდა. ეს არ იყო მხოლოდ ერთ ლოკაციაზე. ვფიქრობ, ფესტივალი ქალაქს რაც უფრო მოედება, რაც უფრო მეტი ლოკაცია იქნება, უფრო კარგი გამოვა.
- წლევანდელი ფესტივალი წინა წლებში ჩატარებულისგან რითი გამოირჩეოდა?
- წელს გაცილებით დახვეწილი რეპერტუარი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელთა რაოდენობამ იმატა. ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი იმიტომ არა აქვს, რომ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების თეატრები იღებენ მონაწილეობას.
ჩვენ ვიღებთ კრიტიკას, განვითარებისთვის აუცილებელია, კარგია, მაგრამ სხვა რამეა ქილიკი. მაქვს ინტერესი ეს საქმე მაქსიმალურად მაღალ ხარისხში ვაკეთო. მთავარია, თეატრებში დაიდგას კომედიები და მერე ეს კომედიები ამ ფესტივალის ფარგლებში გვაჩვენონ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.