ოფროუდერი დედა-შვილის ფათერაკიანი თავგადასავლები
font-large font-small
ოფროუდერი დედა-შვილის ფათერაკიანი თავგადასავლები
დედამ ისე შემაყვარა ტყე, მთა და ხეტიალი, რომ სხვანაირად არ შემიძლია

51 წლის მაია გოშაძე ჩოგბურთის მწვრთნელია. 20 წელი იმუშავა ამ პროფესიით, ამჟამად კი ერთ-ერთ დიპლომატიურ ორგანიზაციაში მძღოლად მუშაობს და ქალიშვილთან - მარიამ ნანობაშვილთან ერთად ექსტრემალური სპორტით, ოფროუდით არის გატაცებული. დედა-შვილი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირსა და შეჯიბრებაში, უკვე რამდენი წელია, ლაშქრობაშიც დადიან და შესაბამისად, ბევრი საინტერესო რამ აქვთ მოსაყოლი.


- მაია, ეჭვი მაქვს, ბავშვობაში ფათერაკების მოყვარული და მოუსვენარი იქნებოდით...
- ახლა რომ ვფიქრობ, ფათერაკიანი ადგილებიდან ელვის უსწრაფესად "მხსნიდნენ" ხოლმე. როგორც კი დამინახავდნენ, სადღაც ვიყავი აპორწიალებული, უფროსებს ჩამოვყავდი. ხეთაგუროვის ქუჩაზე გავიზარდე, მშობლებს შეხება არ ჰქონიათ ექსტრიმთან. მამა ფეიქარი იყო, დედას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. ის სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, მშობლების სურვილით სამედიცინოზე ჩაუბარებია, მაგრამ ზაფხულში, როდესაც საქართველოში, მამიდებთან სტუმრად ჩამოსულა, მამაჩემი გაუცნია, ერთმანეთი შეჰყვარებიათ და დაქორწინებულან. მოკლედ, სწავლას თავი დაანება და ოჯახს უვლიდა. მშობლებმა ჯერ მუსიკაზე შემიყვანეს. დედა ძალიან კარგად უკრავდა, მღეროდა და სურდა, მეც მესწავლა. მერე გადაწყვიტეს, ბავშვი მთელი დღე უმოქმედოდაა, სპორტით უნდა დაკავდესო და ჩემს ძმასთან ერთად გამამწესეს კორტებზე. საქართველოს ნაკრებში ვიყავი, საბჭოთა კავშირის პრიზიორი ვარ, მესამე ადგილი მქონდა. 17 წლამდე არაფერი არსებობდა ჩემთვის, არც დაბადების დღე, არც გართობა, დღეში დაახლოებით 6 საათს ვვარჯიშობდი. მერე 20 წელი მწვრთნელი ვიყავი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამ საქმიანობასაც თავი დავანებე.
GzaPress- ოფროუდამდე თურმე მოგზაურობითა და ლაშქრობით ყოფილხართ გატაცებული.
- დიახ, ოფროუდამდე მოგზაურობამ გამიტაცა. ვამბობდი, მთელი საბჭოთა კავშირი მაქვს შემოვლილი და საქართველო ვერ ვნახე, თბილისს არ გავცილებულვარ-მეთქი. ვფიქრობდი, როგორც კი მექნებოდა შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას ფეხით შემოვივლიდი. ბავშვების გაჩენის შემდეგ, მეგობრებთან ერთად მთაში სიარული დავიწყე. სამეგრელოს გარდა თითქმის ყველგან ვარ ნაბორიალები. ჩემი შვილი, მარიამი, 11 წლის იყო, პირველად რომ წავიყვანე ლაშქრობაში და თან საკმაოდ რთულ მარშრუტზე. არასდროს მიტარებია მისი ტვირთი, თვითონ დაჰქონდა ჩანთა, მინდოდა, სრულყოფილ წევრად ეგრძნო თავი.
მარიამ ნანობაშვილი:
- პროფესიით მარკეტოლოგი და "ქოფირაიტერი" ვარ. სტუდენტობის დროსაც, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ლაშქრობაში წასვლას მაინც ვახერხებდი. ვიყავით ჭაუხში, თრუსოს ხეობაში, რაჭაში. თავის დროზე დედამ ისე შემაყვარა ტყე, მთა და ხეტიალი, რომ სხვანაირად არ შემიძლია. მახსოვს, პირველი ლაშქრობა ხდეს ხეობაში გვქონდა და ექსტრემალური გამოვიდა. ისეთ ადგილას დავბანაკდით, სადაც წყალი არ იყო და მაშინ პირველად დავლიე გამდნარი თოვლი, რომელშიც რა აღარ დაცურავდა. ისეთი დაღლილები ვიყავით და ისე გვწყუროდა, მნიშვნელობა აღარაფერს ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მაინც მომეწონა ბორიალი და კარავში ძილი. ყველაზე კომფორტულად და გემრიელად კარავში მძინავს.
- მაია, მეუღლეც დაგყვებოდათ ლაშქრობაში?
- არა, მას კომფორტი უყვარდა და არ ხიბლავდა მთასა და ტყე-ღრეში ხეტიალი. ერთხელ ფოტოები რომ ნახა, გაოცებულმა მკითხა, კი, მაგრამ ტუალეტში სად დადიოდითო? ვუთხარი, რომ საერთოდ არ იყო პრობლემა. როგორ, აქ ხომ ბუჩქებიც არ არისო? ალპურ ზონაში ვიყავით.
- რთულ სიტუაციაშიც ალბათ ბევრჯერ აღმოჩენილხართ...
მაია:
- ხდეს ხეობაში გამყოლს შეეშალა და ძალიან ცუდ ადგილას გადავედით უღელტეხილზე. საშინელი კლდე იყო, ლამის წელამდე ვეფლობოდით თოვლში, ერთმანეთისგან გარკვეული მანძილით ვიყავით დაშორებული და ისე მივდიოდით. უცებ ზევიდან იყვირა ვიღაცამ, ქვაო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვა დაცურდა. ამ დროს ვერაფერს ახერხებ, იმხელა თოვლიდან ვერ ამოძვრები, რა გინდა, რომ გააკეთო? ეს ქვა მომხვდა უკნიდან, ამომაგდო თოვლიდან, მე ჩემ წინ მიმავალი სოფო ამოვაგდე და ორივე წავედით ქვემოთ. ერთი რაც გავაკეთე, ფეხები სიგანეზე გავშალე, იქნებ ამას შევეჩერებინეთ. მარცხენა მხარეს ისეთი ხრამი იყო, ფსკერს თვალს რომ ვერ მიაწვდენდი. იქ რომ გადავჩეხილიყავით, ვეღარავინ გვიპოვიდა, მკვდრებსაც კი. ყველაფერი გამახსენდა იმ წუთში, ბავშვობა, ციგაობა... მოკლედ, იმან გადაგვარჩინა, რომ სოფოს წერაყინი ჰქონდა. რამდენჯერმე სცადა, თოვლს ჩასჭიდებოდა და როგორც იქნა, გავჩერდით. ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება დანარჩენების თვალები - სრული უიმედობა. ვერც სხვა გიშველის და ვერც საკუთარ თავს უშველი. ერთი ამბავი მახსოვს კიდევ, ისიც უსიამოვნოდ. მარიამი და მისი პატარა მეგობარიც თან მყავდა წაყვანილი. მაღალმთიან აჭარაში გურული აბრაგები დაგვხვდნენ, არაყი ამოიტანეს, ჩვენს გამყოლს დაალევინეს და მერე უთხრეს, ჩვენ ხომ სასმელი მოგიტანეთ, თქვენ წადით და ქალები დაგვიტოვეთო. 2002 წელი იყო. სად არ ვყოფილვართ და ასეთი რამ არსად მომხდარა. 2 საათი მიდიოდა საუბარი მათ შორის, ბოლოს დაშოშმინდნენ და წყნარად დავშორდით ერთმანეთს.
- ახლა ოფროუდის შესახებ მიამბეთ ორივემ.
- 1984 წლიდან ვმართავ საჭეს, ლაშქრობაში სიარულმა გადამაწყვეტინა მანქანის მართვა მესწავლა. ერთხელაც ჩემმა მეგობარმა მითხრა, მოდი, ოფროუდ კლუბში გავწევრდეთ, კარგი იქნებაო და დავთანხმდი. პირველი შეჯიბრება ჭილის ტბაზე იყო. ახლა რომ ვუყურებ იმ კადრებს, ძალიან მეცინება, ისეთი მარტივი გზაა და ისეთი მარტივი რამეები გვეშლებოდა. მესამე ადგილი ავიღე მაშინ. ოფროუდის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია - ადრენალინი უნდა მივიღო, ეს ჩემი ცხოვრების წესია. იცით, რა არის მთავარი მთავარი ექსტრემალურ სპორტში? როცა გეშინია! ეს შიში უნდა გადალახო და დაამარცხო! ექსტრემალური სპორტი ეს არის ის, რაშიც საკუთარ შესაძლებლობებს ვერასდროს ამოვწურავ და რაზედაც უარს ვერასდროს ვიტყვი.
მარიამი:
- ერთ დღეს დედა სახლში ტალახიანი რომ დაბრუნდა, არც სახე უჩანდა და არც ტანსაცმლის ფერი ეტყობოდა, დამაინტერესა, სად დადიოდა და რა სპორტი იყო ასეთი. ერთ გასვლაზე გავყევი, 2007 წელი იყო, 19-20 წლის ვიქნებოდი მაშინ. ჭილის ტბაზე ვიყავით, თბილისთან ახლოს. მგზავრის სტატუსით ჩავუჯექი მანქანაში, არაფრის შემშინებია. არის საშიშროება, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, მაგალითად, მანქანა გვერდზე გადაწვეს და გადატრიალების საფრთხე შეიქმნას, მაგრამ ამას შეგუებული ხარ. პირველი შეჯიბრება თურქეთში მწარედ მახსოვს - ჩავფლავდით, რადგან მანქანა დაგვისველდა. მაია საჭესთან, ცოტა არ იყოს, უმართავია. დიდი გუბეები იყო და რომ ვეუბნებოდი, დაემუხრუჭებინა, ვერ გავაგებინე, დიდი სიჩქარით გავიარეთ, სისტემა დასველდა და შეჯიბრებას გამოვეთიშეთ.
GzaPress
- საუკეთესო მარშრუტად როგორი გზა მიიჩნევა?
- საუკეთესო მარშრუტია ის, სადაც ბევრი ტალახია (იცინის), ბევრისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა.
- მარიამ, შტურმანის მოვალეობა რა არის?
- გზას აკვირდება, ანალიზს აკეთებს, საიდან ჯობს, მძღოლმა რომ გაიაროს. გზის დაგეგმვა და პილოტისთვის პანჩურების ამორტყმა ევალება შტურმანს, კონტროლი რომ არ დაკარგოს და არ გაგიჟდეს. პილოტები ხომ, როგორც წესი, უკონტროლოები არიან და სულ შეხსენება უწევთ, ნელა იარონ... მაიაც ასეა, ბუნებით მშვიდი რაჭველია, მაგრამ საჭესთან...
- სპორტის ამ სახეობამ რა გასწავლა?
- მასწავლა, რომ ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი, უფრო პრაქტიკული და მოხერხებული გავხდი, ახალი უნარები შევიძინე და აღმოვაჩინე ჩემში. გარდა ამისა, გავხდი გააზრებულად თავზე ხელაღებული - იცი, რომ წინ შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი დაგხვდეს, მაგრამ სხვადასხვა ვარიანტი გაქვს თუ როგორ მოიქცევი.
- მეგობრებს არ გაუკვირდათ შენი ოფროუდით გატაცება?
- ვინც კარგად მიცნობდა, მათ არ გაჰკვირვებიათ. ბებიას პრინცესა კი ვიყავი, ასე მეძახდა, მაგრამ ბიჭებთან ერთად ვიზრდებოდი და არასოდეს ვყოფილვარ გაპრანჭული გოგო. უცხოებს უფრო უკვირთ: უი, ოფროუდი? უი, დედასთან ერთად? ერთხელ ავტოსამრეცხაოზე მკითხა ერთმა კაცმა, უკაცრავად, მაგრამ თქვენმა მშობლებმა იციან, სად იყავი, რას ჰგავხარ ან რა ფორმაში ხარო? კი, იცის, აი, იქ რომ დგას, დედაჩემია-მეთქი, დავანახვე შორიახლოს მდგომი დედა.
მაია:
- ერთხელ, მე შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი და მარიამი მსაჯობდა. ძალიან ობიექტურად მსაჯობს, სხვათა შორის. დამაჯარიმა, მერე მეორედაც დამაჯარიმა და მანქანა რომ დავაყენე, ვხედავ, რაღაც ჩოჩქოლია. ვიღაც კაცს მარიამისთვის მხრებში ხელები წაუვლია და აჯანჯღარებს, თან ეუბნება: არა გრცხვენია? ერთი ქალია და მაინცდამაინც ის დააჯარიმეო? მარიამი პასუხობს: იცით, რა, ეს ქალი დედაჩემიაო. იმ კაცმა ცივად გაუშვა ხელები.
GzaPress
- ამ სპორტის დაუწერელი კანონი რა არის?
- არავის არ ტოვებ ტყეში. ერთი პერიოდი 112-ში რომ რეკავდნენ, რატომღაც ჩვენს ნომერს აძლევდნენ. 3-4 საათზე დაურეკავთ, ვიღაც ტყეში ჩარჩა და უნდა უშველოთო. წავსულვართ და ამოგვიყვანია.
- სპორტის ეს სახეობა არცთუ ისე იაფი სიამოვნებაა, ხელშეწყობა თუ გაქვთ?
- მანქანის ყოლა იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. ცუდია, რომ არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს არც სახელმწიფოსგან, არც სპორტის სამინისტროსგან. ყოფილი სპორტსმენი ვარ და კარგად ვიცი, რა არის მოგება. ჩოგბურთს თავი რომ დავანებე, კარგა ხანს ჰიმნის გაგონებაზე ფეხზე ვდგებოდი ხოლმე. ახლაც ასე ვარ, შეიძლება ცრემლებიც კი წამომივიდეს. სად არ მოგვიგია - აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, თითქმის ყველა საპრიზო ადგილი ჩვენი იყო, ქართველების, მაგრამ სპორტის დეპარტამენტიდან კაციშვილი არ მოსულა, უბრალოდ, ხელი არ ჩამოურთმევია და არ მოულოცია, რაზეც ძალიან მწყდება გული.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.