რუსი დიდგვაროვნების კვალი თბილისის ქუჩებში
font-large font-small
რუსი დიდგვაროვნების კვალი თბილისის ქუჩებში
სოლოლაკი, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველი და ლამაზი უბანი გამოირჩევა არქიტექტურულად საინტერესო დაისტორიული შენობებით. აქ არის გალაკტიონის ქუჩა, რომელიც XIX საუკუნეში განის ქუჩად, ხოლო მოგვიანებით აკაკი წერეთლის ქუჩად იწოდებოდა. XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, თბილისელმა ვაჭარმა იაგორ თამამშევმა, რომელსაც მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა, ახალი სახლის აშენება გადაწყვიტა. ამისთვის მან მიმართა ახალგაზრდა, წარმოშობით გერმანელ არქიტექტორ ოტო სიმონსონს, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას და შეძლო აეშენებინა ისეთი შენობა (ცნობილია, როგორც სმირნოვების სახლი), რომელშიც შეხამებულია ევროპული და ადგილობრივი არქიტექტურული ტრადიციები. სწორედ,  გალაკტიონის ქუჩის 20  ნომერში მდებარეობს სმირნოვების მუზეუმი.

GzaPressორსართულიანი საცხოვრებელი  სახლი 1859 წელს ააშენეს. მანამდე აქ, სალალაკად წოდებულ გარეუბანში, ხილის ბაღები და აუთვისებელი ნაკვეთები იყო, ხოლო კანტი-კუნტად  გაბნეულ კარ-მიდამოთაგან ყველაზე მდიდრული – დღევანდელი მწერალთა კავშირის ნაგებობა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. როცა იაგორ თამამშევმა თავისი შვილიშვილი ელისაბედი (ლიზა) მიხეილ სმირნოვზე გაათხოვა, ეს სახლი მას მზითვად გაატანა. მწირია იაგორ თამამშევის ოჯახის შესახებ, ჩვენამდე მოღწეული ცნობები. თუმცა შემორჩენილი დოკუმენტური მასალები ცხადყოფს, რომ მის ვაჟს მიხეილს, ცოლად –  ბარბარე ვასილის ასული ყორღანოვა (ყორღანაშვილი) შეურთავს და ოთხი შვილი შესძენიათ: ორი ქალიშვილი - ელისაბედი, ეკატერინე და ორი ვაჟი - ვასილი, გიორგი.   1876  წელს მიხეილ სმირნოვზე  დაქორწინებისას,  მშობლებმა ელისაბედს 100 000 რუბლის მზითვი მისცეს. მათ შორის, 5 000 რუბლის  ძვირფასეულობა, "გარდერობი და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო საგნები და 80 000 რუბლის საღირალი". ელისაბედს  მამა-პაპისეული ქონებიდან წილი  აღარ უნდა მოეთხოვა. 1882 წელს თამამშევების მეორე ქალიშვილი,  ეკატერინე თამამშევა, ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავზე გათხოვდა და ოჯახის ქონება  კიდევ ერთხელ გადანაწილდა.

მიხეილ სმირნოვი საქართველოში ვორონცოვთან სამსახურში იყო მოვლენილი. ის იმპერატორის კარზე მიღებულ ალექსანდრა როსეტისა და პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის ნიკოლოზ სმირნოვის ერთადერთი ვაჟი გახლდათ. ამ სახლში გამოჩენილი და საინტერესო ბედის მქონე, ქართული გენის მატარებელი  სმირნოვების  სამი თაობა ცხოვრობდა, რომლებთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის ისტორიისა და კულტურის მრავალი ფურცელი. მას შემდეგ თბილისელები ამ სახლს მოიხსენებენ, როგორც "სმირნოვების სახლს". ადამიანი, რომელიც აქ მოხვდებოდა, მაშინვე გრძნობდა მის განუმეორებელ ატმოსფეროს. პუშკინის ეპოქის რელიკვიების გვერდით, ლაიპციგიდან 1903 წელს ჩამოტანილი მიკროსკოპის ნახვაც შეეძლოთ. თაროებზე კი განთავსებული იყო XVIII-XIX საუკუნეების წიგნები იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებზე, აგრეთვე ლიტერატურული ჟურნალების უახლესი ნომრები. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში სახლი ეკუთვნოდა ჯერ თამამშევებს, ხოლო შემდგომ სმირნოვებს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ (1921 წ.) სახლში მრავალი ოჯახი შეასახლეს, ფართო დარბაზები გადატიხრეს და კომუნალურ ბინებად გადააკეთეს. გარკვეული დროის მანძილზე თავად შენობის პატრონებსაც მოუწიათ სახლის დატოვება. XX საუკუნის 50-იან წლებამდე სმირნოვები მომიჯნავე სახლის (გალაკტიონის №22) მესამე სართულზე ცხოვრობდნენ. იმ წლებში წარმოუდგენელი იყო ფიქრი სახლის პირვანდელი სახით აღგენაზე.
მიხეილ სმირნოვმა 1874 წელს პეტერბურგიდან თბილისში,  "სმირნოვების საგანძური" და დედის, იმ დროისათვის ცნობილი ქალბატონის,  ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის კუთვნილი პეტერბურგის ლიტერატურული სალონის  ავეჯი და სხვა ნივთები  ჩამოიტანა. ამ სალონის დიასახლისის ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის მემუარები XX საუკუნეში ოთხჯერ დაიბეჭდა. ბოლო 1989 წლის გამოცემა შევიდა მეცნიერებათა აკადემიის სერიაში "ლიტერატურული ძეგლები". ეს არის 600-გვერდიანი თხზულება, სადაც მკითხველი ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის თანამედროვეთა არაერთ ცნობილ სახეს შეხვდება. როგორც მისი თანამედროვენი იგონებენ, მას ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა - თავისუფლად ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ინგლისურ ენებს. სმირნოვების ყველა თაობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ სფეროში. რაც მთვარია, სმირნოვების უკანასკნელმა წარმომადგენელმა მიხეილმა, ოჯახის რელიკვია და სახლი საქართველოს უანდერძა. 

საინტერესოა რამდენიმე ეპიზოდი სმირნოვების ბიოგრაფიიდან. 1867 წელს, მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვი ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტს ამთავრებს. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობაზე ოცნებობს, თუმცა ბედისწერა მას  საქართველოსა და თბილისთან სამუდამოდ დააკავშირებს. იგი კავკასიის მთავარმართებლის განსაკუთრებულ საქმეთა ჩინოვნიკის თანამდებობას ღებულობს და თბილისში ჩამოდის. მისი გამზრდელის, იაკობ პოლონსკის მსგავსად, მიხეილიც ფეხით შემოივლის მთელ საქართველოს. მიხეილი ბუნებასა და მცენარეებზე გულდასმით  დაკვირვებას აწარმოებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერების კვლევაში შეტანილი წვლილისთვის, მას, როგორც პირველ კავკასიოლოგს, სამეცნიერო წრეებში "სმირნოვ-კავკაზსკის" სახელითაც მოიხსენებდნენ.
GzaPress
1876 წელს, მიხეილ სმირნოვსა და  ელისაბედ (ლიზა) თამამშევას შეეძინათ ერთადერთი ვაჟი, გიორგი მიხეილის ძე სმირნოვი. გიორგი იყო სმირნოვების სახლში მცხოვრები გვარის მეორე თაობის წარმომადგენელი. ის დაიბადა თბილისში, აქვე დაამთავრა გიმნაზიაც, სადაც სწავლობდა მომავალში ცნობილ ქართველ ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილთან ერთად. მათმა მეგობრობამ სიცოცხლის ბოლომდე გასტანა. მიხეილის დედა - ალექსანდრა სმირნოვა-როსეტი მეუღლის (ნიკოლოზ სმირნოვის) გარდაცვალების შემდეგ, ხელმეორედ თხოვდება. მოსიყვარულე შვილი მიხეილი თავად აგრძელებს დედის სალონურ ტრადიციას.

სმირნოვების (მიხეილისა და ლიზას)  ოჯახში კულტურული ცხოვრება დუღდა, ტრადიციულად იმართებოდა პოეზიისა და მუსიკალური საღამოები. ძველი თბილისის  ინტელიგენცია ერთმანეთს, მიმდინარე მოვლენებზე აზრს უზიარებდა. სხვადასხვა დროს, სმირნოვების სახლს სტუმრობდნენ: პ. აივაზოვსკი, ა. რუბინშტეინი, ი. ჭავჭავაძე,  ი. ჯავახიშვილი, ე. ლანსერე. ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე და სხვა ცნობილი პიროვნებები. "სმირნოვების მუზეუმში" დგას პიანინო, რომელზეც თბილისში პირველი სტუმრობისას პეტრე ჩაიკოვსკი უკრავდა. ინახება მისი ფოტოც ავტოგრაფით, რომელიც კომპოზიტორმა სახლის დიასახლისს, ლიზა თამამშევას უძღვნა. ფერენც ლისტის ფოტო კი, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტისა და დიდი კომპოზიტორის  სამეგობრო სახსოვარს წარმოადგენს.

მიხეილი სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული. იგი თანამშრომლობს გუსტავ რადესთან თბილისის კავკასიის მუზეუმში. როგორც ცნობილი ბოტანიკოსი, მონაწილეობს ბოტანიკურ ბაღის ბიბლიოთეკის შექმნაში. პარიზის ჟურნალში "ღევუე დე ანტროპოლოგიე", ქვეყნდება მისი სტატია კავკასიის ეთნოგრაფიაზე. 1881 წელს მონაწილეობს თბილისში ჩატარებულ  სრულიად რუსეთის არქეოლოგთა მე-5 ყრილობაში.

GzaPressგიორგი მიხეილის ძის სამეცნიერო მოღვაწეობაც საკმაოდ ფართოა. ის დიპლომის დაცვის  შემდეგ სტაჟირებას ლაიფციგში, ცნობილ მეცნიერ-პეტროგრაფ ცირკელთან გადის. სტაჟირებიდან დაბრუნებული, კავკასიის გეოლოგიის შესწავლას იწყებს.  1904 წელს კავკასიის სამთო სამმართველოში მუშაობს, შემდეგ უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასწავლებელია. 1909 წლიდან კითხულობს ლექციებს ქალთა კურსებზე, სადაც გაიცნობს კიდეც მომავალ მეუღლეს, ბარონესა ევგენია ფონ შლეიერს. 1932 წლიდან გიორგი "კავკასიის გამოყენებითი მინერალოგიის ინსტიტუტის" განყოფილებაში მუშაობს. ისევე, როგორც მამის დამსახურება ბოტანიკაში, ფასდაუდებელია გიორგი სმირნოვის ღვაწლი საქართველოს რეგიონების  სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის საქმეში. მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისა და პედაგოგიური საქმიანობისთვის, 1951 წელს,  გიორგი სმირნოვი  ლენინის ორდენით დაჯილდოვდა და მას დამსახურებული მეცნიერის წოდება მიენიჭა. იგი გარდაიცვალა 1964 წელს, 88 წლის ასაკში.

რუსეთის უძველესი თავადური გვარის უკანასკნელმა  წარმომადგენელმა, გიორგი  სმირნოვისა და ევგენია ფონ შლეიერის ვაჟმა მიხეილმა, ბავშვობაში ძვლების ტუბერკულოზი გადაიტანა, რის გამოც დიდი ხნით საწოლს მიეჯაჭვა. თუმცა, სულიერი სიმტკიცე და სამეცნიერო მოღვაწეობის სურვილი, სამშობლოს სამსახურში ყოფნას შთააგონებდა.  დიდი სამამულო ომის წლებში, მიხეილი ექსტერნად ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტს და სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობს, საქართველოს მწერალთა კავშირის რუსულ სექციასთან. დედასთან ერთად, სათუთად ინახავს და უფრთხილდება სახელოვანი დიდი ბებიის, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის მემკვიდრეობას.1984 წელს, მიხეილ სმირნოვი და დედამისი ოჯახის მთელ რელიკვიას - პუშკინის პერიოდის პეტერბურგის სალონის ნივთებს, სახლსა და მათ მფლობელობაში არსებულ მთელ ქონებას, მწერალთა კავშირთან არსებულ "მთავარ სარედაქციო მთარგმნელობით კოლეგიას" გადასცემენ. 

მიხეილ გიორგის ძე სმირნოვი გარდაიცვალა 1985 წლის 20 იანვარს. იმავე წელს, გადაიცვალა მისი დედა, ევგენია სმირნოვა-ფონ შლეიერი. სმირნოვების თბილისური დინასტია აღარ არის, მაგრამ დარჩა მათი ოჯახის უნიკალური მემკვიდრეობა. "სმირნოვების მუზეუმი" ჭეშმარიტად  იმსახურებს  XIX საუკუნის ევროპული კულტურის მარგალიტის სახელს.  დღეისთვის, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ველაფერს ვუჩხიკინებდი, რაც ხმას გამოსცემდა"
როცა სტუდენტი ამ მიმართულებას ირჩევს, მან კარგი თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.