გზა იურისტობიდან მეღვინეობამდე
font-large font-small
გზა იურისტობიდან მეღვინეობამდე
ადვოკატ მირიან ნიკოლაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის აქტიურად არის ჩართული ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებში და არასოდეს ერიდება ხელისუფლების კრიტიკას. ყოველთვის ღიად აფიქსირებს თავის აზრს და სამართლებრივ სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. წლების მანძილზე გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, არაერთი საქმე აქვს გამოძიებული და კარგად იცის, რა ხარვეზებია სისტემაში. სააკაშვილის ხელისუფლებაშიც პროკურორად მუშაობდა, მაგრამ სანამ ადეიშვილის დაკვეთების შესრულება მოუწევდა, წამოვიდა და ადვოკატურაში გადაინაცვლა. ყველაზე ცუდად 9-წლიანი მმართველობა ახსოვს. იბრძოდა ხელისუფლების შესაცვლელად. ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამაც" იმედები გაუცრუა. თვლის, რომ ეს ხელისუფლებაც სასწრაფოდ შესაცვლელია და ძალოვან სისტემებში არსებული პრობლემები დროზე თუ არ მოგვარდა, ადამიანები ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვიან.


- სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გენერალურ პროკურატურაში აღმოვჩნდი. ცოდვა გამხელილი ჯობს, საერთოდ არ მიზიდავდა პროკურატურა, ყოველთვის დიპლომატია, სახელმწიფო საქმიანობა მინდოდა, მაგრამ 22 წლის ბიჭი პროკურატურაში რომ აღმოვჩნდი, ჩემთვის ეს უკვე დიდი ცდუნება იყო. თავდაპირველად პრესცენტრში ვმუშაობდი და ჟურნალისტებთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, ბრწყინვალე მოგონებები მაკავშირებს. წელიწად-ნახევარში გამომძიებლად დავიწყე მუშაობა და ნელ-ნელა ავიდგი ფეხი. ეს დიდი გამოწვევა იყო. ბევრს ვშრომობდი, პროფესიონალად რომ ჩამოვყალიბებულიყავი.
- პირველი საქმე თუ გახსოვთ?
- რა დამავიწყებს. გვამი მეტეხის ხიდთან აღმოაჩინეს და შემთხვევის ადგილზე გასვლამ მომიწია. მაშინ მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობაა გამომძიებლობა. ყველაფერი კარგად უნდა დაათვალიერო, არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, იურიდიულადაც უზუსტესად უნდა ასახო ყველაფერი, შეცდომა არ დაუშვა, საქმის კვალიფიკაცია დაადგინო. გვამი დათვალიერების მერე ექსპერტიზაზე უნდა გადაიყვანო. მახსოვს ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ჩემმა უფროსმა კოლეგებმა მასწავლეს, რა უნდა გამეკეთებინა და გავართვი თავი. მერე ისე გავიწაფე, ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის გაკვეთასაც ვესწრებოდი. ძლიერი უნდა იყო, ამ რეალობას რომ შეხედო, მაგრამ საქმის კვალიფიკაციისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. ზოგიერთი გამომძიებელი საგამოძიებო კარიერას ისე ამთავრებს, გვამთან არც აქვს შეხება.
- შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლას მხარს უჭერდით და სააკაშვილის დროს აგრძელებდით პროკურატურაში მუშაობას, მერე უცებ წამოხვედით. რა იყო ბოლო წვეთი, რამაც სისტემიდან წამოგიყვანათ?
- ცვლილება მინდოდა, ამიტომ აქტიურად ვიყავი ჩართული პროცესებში. რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, გენერალურ პროკურატურაში ვაგრძელებდი მუშაობას. რამდენიმე თვეში ვნახე, რომ აბსოლუტურად შეუთავსებელი იყო ჩემთვის ის, რასაც ისინი აკეთებდნენ. მე არ მქონია დაკვეთა, მაგრამ რა ხდებოდა სისტემაში, ამას ნათლად ვხედავდი. "ოღონდ შენ დაიჭირე და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა", - ეს დამოკიდებულება იყო, ამიტომ 4 თვეში უკვე პროკურატურიდან წასვლა გადავწყვიტე და განცხადებით კანცელარიაში მივედი. იქ ცხონებული პაატა ტყეშელაშვილი შემხვდა, რომელიც მთაწმინდის რაიონის პროკურორად ახალი დანიშნული იყო და როცა გაიგო წასვლას ვაპირებდი, მთხოვა, დავრჩენილიყავი. დავეთანხმე და მთაწმინდაზე დავინიშნე პროკურორად. გარკვეული პერიოდი იქაც ვიმუშავე, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, დარჩენას აზრი არ ჰქონდა. სანამ შენც გაგხვევ შარში ჩემი ხმაურით, ჯობია, აქედან წავალ-მეთქი, ვუთხარი პაატას და წამოვედი. ერთ ფაქტს გავიხსენებ: პროკურატურაში გამოგვარჩიეს რამდენიმე ადამიანი და გვითხრეს, რომ ჩვენს ხელფასს დაემატებოდა პრემია, ხელფასზე სამჯერ მეტი თანხა. დანარჩენ 7 თანამშრომელს თანხას არ უმატებდნენ. პრემიები რომ ავიღეთ, გავუყავით იმათაც, ვინც პრემიის გარეშე დატოვეს. ამის გამო დიდი ამბები ატყდა გენერალურ პროკურატურაში. მენტალურად არ არიან მზად, მუშაობა რომ გააგრძელონო. ხელოვნურად ქმნიდნენ ისეთ გარემოს, რომ ადამიანები სისტემის შიგნითაც ერთმანეთს დაჰპირისპირებოდნენ. 2004 წელს წამოვედი პროკურატურიდან. საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი ვარ, ვერ ვეგუები უსამართლობას. მაშინვე ავიმაღლე ხმა. კახა კუკავამ კონსერვატორულ პარტიაში გაწევრება შემომთავაზა და პარტიის გენერალური მდივანი ვიყავი. ჩემთვის მთავარი იყო, "ნაცმოძრაობა" მოსცილებოდა ამ ქვეყანას და ამდენ უსამართლობას ბოლო მოღებოდა. პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული. 2012 წელს უკვე "ქართულ ოცნებაში" ვიყავი და რომ შეიცვალა ვითარება, მეგონა, გვეშველებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, თავიდანვე მივხვდი, რომ მათი კურსი არასწორი იყო. 2014 წელს განცხადება დავწერე და წამოვედი "ქართული ოცნებიდანაც", მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ შს მინისტრად ჭიკაიძე დაინიშნა. ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. კაცს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენს დევნაში პრემიები ჰქონდა აღებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბარეს. ვინც კი იმ რეპრესიების ავანგარდში იყო, "ქართულმა ოცნებამ" ყველა დააწინაურა. დღემდე გრძელდება ეს მარაზმი, რასთან შეგუებაც წარმოუდგენელია.
GzaPress- პოლიტიკური აქტიურობის პარალელურად ადვოკატად მუშაობდით, ძალაუფლების მქონე პროკურორი უცებ აღმოჩნდით ადვოკატი, რომელსაც პროცესზე არავინ გისმენდათ და ხედავდით, მოსამართლეები როგორ აკანონებდნენ პროკურატურის მოთხოვნებს. ეს არ გაღიზიანებდათ?
- მთელი ეს წლები ადვოკატი ვარ და წარმოიდგინეთ, რამდენ უსამართლობასთან მქონია შეხება. საშინელებები ხდებოდა და ამას ყოველდღიურად ვაწყდებოდი. პირველად რომ ჩავერთე საქმეში როგორც ადვოკატი, გაურკვევლობის განცდა მქონდა. ჩემს თავს ვაკვირდებოდი, რამდენად შევძელი ტრანსფორმაცია. ურთულეს ვითარებაში აღმოვჩნდი. ყველამ იცის, რა რეპრესიები იყო, ხალხი საშინელ ტერორში ჰყავდა სააკაშვილის ხელისუფლებას და ხედავდნენ, სისტემასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. პირდაპირ მეუბნებოდნენ, - მირიან, მტყუან-მართალის გარჩევა არ გვინდა, გეხვეწები, სასამართლოში რამენაირად იმას მიაღწიე, რომ საპროცესო გაგვიფორმონო. ეს ცალსახა მოთხოვნა იყო პატიმრების მხრიდან და იმ 9 წლის მანძილზე 3-4 შემთხვევა თუ მახსენდება, როცა პატიმარი დამთანხმდა, ბოლომდე რომ ებრძოლა და თავისი სიმართლე დაემტკიცებინა. ვერ ეტყვი ადამიანს, რომ სიმართლისთვის იბრძოლოს. მით უმეტეს, ციხეშია გამოკეტილი, სადაც კლავდნენ, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ ადამიანებს, ოღონდ ციხიდან დროზე გამოეღწიათ და პროკურატურის ყველა მოთხოვნას ეთანხმებოდნენ, მზად იყვნენ საპროცესოში თანხები გადაეხადათ.
- როცა ხედავ, ბრალდებული მართალია, მაგრამ სასამართლოზე ეთანხმები საპროცესოს გაფორმებას, არ გიჭირდათ ასეთ საქმეებში მონაწილეობა?
- ეს ძალიან დამთრგუნველი იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. როცა დაჟინებით გთხოვს პატიმარი, არ მაინტერესებს ჩემი სიმართლე, მთავარია, შედეგი დადგეს, გარეთ გამოვიდე და თანხას გადავიხდიო, სხვა გამოსავალი არ არის. საპროცესოს გაფორმებასაც დიდი მიღწევა სჭირდებოდა მაშინ. ადვოკატისთვის ძალიან ძნელია ასეთ პროცესში მონაწილეობა. პროცესზე მიდიხარ, იცი 100:0-ს უგებ პროკურატურას, მაგრამ ისიც იცი, რომ მოსამართლე მაინც პროკურორის პოზიციას გაიზიარებს და შენ არც კი მოგისმენს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: საჯარო მოხელე დააკავეს. 48 საათში უკვე მოპოვებული მქონდა მტკიცებულება, უშუალოდ მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ ამ კაცს საერთოდ არ ევალებოდა ის, რასაც მას ედავებოდნენ. მისი სამსახურებრივი კომპეტენცია წინასწარ იყო განსაზღვრული, გაწერილი და ამ დროს ბრალდებაში უწერდნენ, რაღაც არ გააკეთაო. მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტი მივიტანე პროცესზე და სასწაული მოხდა, ვერ გაექცა მოსამართლე რეალობას და ამ პირს არ შეუფარდა პატიმრობა, მარტო ის დატოვა გარეთ, სხვები ჩასვა, თუმცა შეუფარდა 30.000-ლარიანი გირაო. იმის იმედი გამიჩნდა, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი დადგებოდა. ვთხოვე ბრალდებულს, ებრძოლა, მაგრამ კატეგორიულად მითხრა, არ მაინტერესებს, რომ მართალი ვარ, გირაოს თანხაც მათი იყოს. გთხოვ, საპროცესო გამიფორმეო. ალიბი დევს, ამას ვერ შეცვლიან-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა. რა მექნა, სხვა გამოსავალი არ იყო. საპროცესოს დავთანხმდით, მაგრამ ხომ უნდა ჩამოყალიბებულიყო ბრალდების ფორმა. პროკურორები მიჩვეულები იყვნენ, რაც უნდოდათ, იმას წერდნენ და ამას აკანონებდა სასამართლო და ამჯერადაც დაწერა მორიგი სისულელე და საპროცესოს გასაფორმებლად მივედით სასამართლოში. მოსამართლემ გადახედა და შემარცხვინა, - მირიან, ამაზე ხელი როგორ მოაწერეო? - ვიცი, გამართლებულია, მაგრამ ბრალდებული იკლავს თავს და სხვა გზა არ მაქვს-მეთქი. უნდა გენახათ, ბრალდებული როგორ ეხვეწებოდა მოსამართლეს, ხელი მოაწერე, ადამიანი არ ხარ, რატომ მღუპავ, სხვა არაფერი მაინტერესებსო. ამას ხელს ვერ მოვაწერო, გადმოაგდო საპროცესო შეთანხმება უკან და გვითხრა, სხვანაირად დაწერეთ და ისე შემოიტანეთო. უნდა გენახათ, როგორ ფიქრობდა პროკურორი, რა ჩაეწერა. მივუმატეთ რაღაცები და ამის შემდეგ გაფორმდა საბოლოოდ საპროცესო.
- მკვლელი დაგიცავთ?
- რამდენიმე შემთხვევაში კი. მკვლელობა მძიმე სიტყვაა, მაგრამ გააჩნია, რა ვითარებაშია ჩადენილი დანაშაული.
- ოჯახზე გვიამბეთ, როგორი მამა ხართ?
- მეუღლე, მერი წიკლაური პროფესიით პედიატრია. ბიჭი 14 წლისაა, გოგონა - 8 წლის. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ უპირველესი ოჯახია და ამიტომ ვცდილობ, შვილებთან ურთიერთობისთვის ყოველთვის გამოვნახო დრო. დილით ყოველთვის ოთხივე ერთად გამოვდივართ სახლიდან. მათთან გატარებული ყოველი წუთი დიდი ბედნიერებაა. შვილის სწორად აღზრდა ხელოვნებათა ხელოვნებაა. ურთიერთობაში შეცდომა არ უნდა დაუშვა, თუმცა ზღვარგადასული არ უნდა იყოს ეს ურთიერთობა.
- მირიან, როგორც ცნობილია, ამ ყველაფრის პარალელურად ბიზნესიც წამოიწყეთ, აწარმოებთ ღვინოს, გამოვიდა თქვენი ავტორობით საინტერესო ლიტერატურა.
- დედაჩემის მამა კახელი იყო და საგარეჯოში გვაქვს სოფელი. პაპას ყოველთვის ჰქონდა ვენახები და მეც ზაფხულობით ვენახში ხშირად დავყავდი. გარდაცვალებამდე მითხრა, ჩემს ვენახებს ხომ მოუვლიო? ვიუცხოვე, მაგრამ დავპირდი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებდი. ასეც მოხდა, დღეს უკვე არა მარტო პაპის დანატოვარ ვენახებს ვუვლი, არამედ გავაფართოვე და უფრო დიდი მასშტაბებით გავანაშენე ვაზი. გავაკეთე პაპის მინი მარანიც და მამაჩემის დახმარებით ქვევრებიც ჩავდგით. ვცდილობდი, მეტი ინფორმაცია მომეძიებინა ვაზის მოვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეღვინეობის ტრადიციული ქვეყანაა, ამ მიმართულებით არცთუ ისე მდიდარი ლიტერატურა გაგვაჩნია. ამ სფეროში სერიოზული პრობლემებია. საბოლოოდ გადავწყვიტე, წიგნად გამომეცა ის მასალა, რაც მოვაგროვე. ეს წიგნი საინტერესოა არა მარტო მათთვის, ვინც დაინტერესებულია ღვინის ტექნოლოგიითა თუ ბიზნესით, არამედ მათთვისაც, ვისთვისაც ქართული ვაზი და ღვინო საკუთარი იდენტობის ნაწილია. "მემარნის უბის წიგნაკი" დღეს ბევრი ადამიანის ოჯახშია. წიგნის გამოცემას კომერციული მიზანი არ ჰქონია. 240-გვერდიან წიგნში დეტალურადაა მიმოხილული როგორც ქართული ოჯახური ღვინის განვითარების პერსპექტივები, ასევე ვენახის გაშენების სპეციფიკა, ქვევრის ავ-კარგიანობა და ტრადიციული წესით დამზადებული ქართული ქვევრის ღვინის ნოვატორული მიდგომები. საოჯახო ტიპის მარანი დავაფუძნე და ღვინო ჩამოვასხით. ღვინო, რომელიც ჩემი ხელით არის დაყენებული, იყიდება კიდეც. მწარმოებელს უნდა ჰქონდეს მცირე მოცულობის ოჯახური მარანი, უნდა ჰქონდეს ვენახი, სადაც ყურძენს თვითონ მოიყვანს და დაწურავს, ის პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ქიმიური მინარევები და შენაერთები არც დაღვინების და არც ვენახის მოვლის პროცესში არ გამოიყენება. რა თქმა უნდა, ქარხნული ღვინო ცალკე სეგმენტია, მას თავისი მომხმარებელი ჰყავს, უფრო ფართომასშტაბიანია, მაგრამ ბუნებრივი ღვინო და ოჯახური მარანი ეს არის ქართული ღვინის მომავალი.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.