"იქ, სადაც ტაძარი იდგა, დღესაც ეკლესია უნდა იდგეს"
font-large font-small
"იქ, სადაც ტაძარი იდგა, დღესაც ეკლესია უნდა იდგეს"
პარაფსიქოლოგი - პარლამენტის შენობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...

დეჟა-ვუს განცდა, მუდმივი შიში, დაძაბულობა, სტრესი - ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი გრძნობა ერთად თავმოყრილი, მაშინ ჩნდება, როცა ერთეულები, ან ხალხის მცირე თუ დიდი რაოდენობა თავს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ იყრის. ამავდროულად ბოლო წლების მომსწრე გადაღლილმა შეიძლება გაიფიქრო: "ისევ თავიდან დაიწყო"?.. "წრეზე ვტრიალებთ", "როდემდე?!"
დაუწერელ კანონად იქცა, რომ საქართველოს უახლესი ისტორია და მისი ბედი ხშირად დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე წყდება. თბილისის ეს ადგილი, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, ჩვენს რეალობაში ხშირად გამხდარა და ხდება სხვადასხვა მიზეზით გამართული საპროტესტო აქციის, ადამიანთა ცალკეული ჯგუფების შეკრების ადგილი და უარყოფითი ტალღის ეპიცენტრი.


მცირე ექსკურსი მანამ, სანამ დღევანდელობამდე მივალთ: მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილას უწინ ტაძარი იდგა. მართლმადიდებლური ქრისტიანული საკათედრო ტაძარი კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუა საუკუნეების რუსი წმინდანის ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებდა. ტაძრის მშენებლობა 1871 წელს დაიწყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მალევე შეჩერდა. მშენებლობა მოგვიანებით განახლდა და 1897 წელს უკვე საზეიმოდ ეკურთხა. არაერთი წელი ფუნქციონირებდა ტაძარი და მუდმივი მრევლიც ჰყავდა. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაკრძალეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები, ე.წ. იუნკრები, რომლებიც წითელ მე-11 არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.
საბჭოთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თბილისის მთავრობის სასახლის აგება რომ გადაწყდა, საამისოდ ქალაქის მთავარ მაგისტრალზე, ნეველის ტაძრის შენობის ადგილი შეირჩა და 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყო.
1932 წლის დადგენილებით, შეიქმნა მშენებლობის კომიტეტი და მთავრობის სასახლის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა. პროექტები სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების არქიტექტორებმა წარადგინეს და საბოლოოდ მოსკოვური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც იმ პერიოდში ცნობილი არქიტექტორები წარმოადგენდნენ, გაიმარჯვა ვიქტორ კოკორინისა და გიორგი ლეჟავას პროექტმა.
1933 წლის 17 სექტემბერს მშენებლობას საფუძველი საზეიმო ვითარებაში ჩაეყარა და მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები, არქიტექტორები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ. მშენებლობის უფროსად არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი სიკო ფიცხელაური დანიშნეს.
მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობდა: 1933-1938 და 1946-1953 წლებში. თავდაპირველად აშენდა შენობის უკანა, ანუ ბ კორპუსი, ხოლო შემდგომ წინა, ა კორპუსი, სადაც უნდა განთავსებულიყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოები: უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო. ნაგებობა რუსთაველის პროსპექტიდან (გოლოვინის შემდეგ, რუსთაველის პროსპექტი ერქვა და შემდეგ ეწოდა რუსთაველის გამზირი), 13 მეტრით სიღრმეში იყო შესული, რაც მის აღქმას აადვილებდა და უკეთ წარმოაჩენდა ნაგებობის მასშტაბებს.
გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს რუსთაველის პროსპექტზე აიყარა ტრამვაის ლიანდაგი, დაიგო ასფალტი და მასზე ტროლეიბუსების მიმოსვლა დაიწყო. მშენებლობის მეორე ეტაპზე კოკორინისა და ლეჟავას პროექტში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო და თავის შესწორებები შეიტანა არქიტექტორმა ვლადიმერ ინასარიძემ. აქედან გამომდინარე, მთავრობის სასახლის შენობის აგება ამ სამი ადამიანის სახელს უკავშირდება.
მას შემდეგ, როგორც კი ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზით ხალხი პარლამენტის შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბება, მაშინვე საზოგადოების ნაწილი წარსულს იხსენებს. ბევრი ფიქრობს, რომ მრავალი უბედურებისა და სისხლის ღვრის მიზეზი, რაც კი ამ ადგილას მომხდარა და სამწუხაროდ დღესაც ხდება, შენობის საძირკველში მოქცეული ტაძრის ნაშთებია. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სმენია ფრაზები იმის შესახებ, რომ ტაძრის ადგილას აგებული ნებისმიერი შენობის ბედი წარუმატებლობისთვისაა განწირული, რომ პარლამენტის შენობა და მის გარშემო ტერიტორია სამუდამოდაა დაღდასმული და ავბედითი მოვლენების ეპიცენტრი მისი უარყოფითი აურის გამოა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძე) ჩანაწერიც, რომლის თანახმად ვიგებთ, რომ ამ ეკლესიის ქვები ფუნიკულიორზეც აიტანეს და მშენებლობისას გამოიყენეს: "...სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება".
ფაქტია, რომ ახლა ეს ტერიტორია ითვლება ნატაძრალად და ამავდროულად ადგილად, სადაც ერთ დროს ადამიანები დაკრძალეს. ცხადია, რელიგიური თვალსაზრისით, ეკლესია-მონასტრების დარბევა-ნგრევა უდიდეს ცოდვად ითვლება და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ საინტერესოა პარაფსიქოლოგის შეფასებაც. ეს თემა ასტროლოგ და პარაფსიქოლოგ დავით ბუტიკაშვილთან ერთად განვიხილეთ.
GzaPress
დავით ბუტიკაშვილი:
- დედამიწაზე არსებობს გარკვეული ადგილები, რომლებსაც ჩვენ გეოპათოგენურ ზონებს ვუწოდებთ. ასეთ ადგილებში ენერგეტიკული ნაკადი დედამიწასა და კოსმოსს შორის გაძლიერებულია. გეოპათოგენური მათ იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანის ასტრალური სტრუქტურა ამ ზონებში არსებულ ენერგეტიკულ სტრუქტურას არ ემთხვევა. ამიტომ, თუ ადამიანი ასეთ გეოპათოგენურ ზონაში ცხოვრობს, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე. გეოპათოგენურ ზონაში არათუ სახლისა და ნებისმიერი შენობის მშენებლობა, ცხოველის გაჩერებაც კი არ შეიძლება (მაგალითად, თუ საქონლის ფერმა აგებულია ამგვარ ზონაში, ძროხებს სხვადასხვა დაავადება ემართებათ, არც წველადობაა მაღალი, არც გამრავლება და ა.შ.).
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჭიანჭველები თავიანთ სოროებს გეოპათოგენურ ზონებში აგებენ. ასევე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ერთი საინტერესო კანონზომიერება, რომ გეოპათოგენურ ზონებში განლაგებული ფუტკრის სკებიდან უფრო მეტი თაფლი მიიღება და უფრო კარგადაც მრავლდებიან, მაგრამ ზამთარში სკების გეოპათოგენური ზონიდან ნეიტრალურ ზონებში გადატანა აუცილებელია. ფრინველები ბუდეებს ძირითადად გეოპათოგენურ ზონებში იკეთებენ, მაგრამ ძუძუმწოვრებისათვის ასეთი ადგილები მიუღებელია. ერთადერთი გამონაკლისი კატაა, რომელიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს გეოპათოგენურ ზონაში და მიგვანიშნებს, სად არის ეს ზონა, ძაღლი კი პირიქით, ასეთ ზონებს გაურბის.
- როგორ განისაზღვრება ეს ზონები?
- უძველესი დროიდან გეოპათოგენურ ზონებს ვაზის ტოტის მეშვეობით განსაზღვრავდნენ. ამ პროცესს ბიოლოკაციას უწოდებენ. ვაზის ტოტის დახმარებით, მომატებული გრძნობის ადამიანები ეძებდნენ მიწისქვეშა წიაღისეულს ან განსაზღვრავდნენ სად შეიძლებოდა სახლის ან ეკლესიის აგება. ეკლესიის აგება კი მიზანშეწონილია ისეთ ადგილებში, სადაც გეოპათოგენური ზონების კვანძებია, მაგრამ იმ ადგილას, რომელიც ეკლესიისათვის საუკეთესოა, სახლის ან სხვა შენობის აგება არ შეიძლება, ეკლესიის ენერგეტიკა იმავე ადგილას მცხოვრები ადამიანის ცხოვრების გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, სასურველია მშენებლობისთვის ისეთი ადგილები შეირჩეს, სადაც გეოპათოგენური ზონები არ არის, მაგრამ ასეთი ადგილების აღმოჩენა რთულია.
- დღეს ამას ვინ გაითვალისწინებს, როცა ყველა ფეხის ნაბიჯზე კორპუსები შენდება...
- არ შეიძლება კორპუსის აშენება ისეთ ადგილას, სადაც ადრე სასაფლაო, ან ეკლესია იყო. სანამ კორპუსის მშენებლობა დაიწყება, იმ ადგილის ისტორია უნდა შეისწავლონ. დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ მხარესაა სახლის მთავარი შესასვლელი. თუ კარი ჩრდილოეთით იყურება, ამ სახლში მცხოვრებ ოჯახში სიმშვიდე ბატონობს. თუ კარი ჩრდილო-აღმოსავლეთითაა, გარეშე ძალებს დიდი გავლენა აქვთ ამ ოჯახის წევრებზე. თუ აღმოსავლეთითაა, კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც ბიზნესითა და კომერციითაა დაკავებული. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შესასვლელი კარგია ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობისთვის. სამხრეთით განლაგებული კარი საზოგადოებრივ წარმატებებში უწყობს ხელს. ამიტომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა - პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, შესასვლელი სამხრეთით უნდა მოაწყონ. სამხრეთ-დასავლეთიდან შესასვლელი კარგია ისეთი ოჯახებისთვის, სადაც პატარა ბავშვები ჰყავთ და აგრეთვე შემოქმედებითი, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები ცხოვრობენ.
- და თუ სახლები და კორპუსები სასაფლაოს სიახლოვესაა? ზოგჯერ, ფანჯრიდან სასაფლაოს "ხედები" მოჩანს ხოლმე...
- ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ გეოპათოგენური ზონა ამ სახლებისა და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამიტომ ვამბობ, რომ სასურველია, მშენებლობამდე ბიოლოკაციური მეთოდით განისაზღვროს, რამდენად ბევრია იქ პათოლოგიური ზონები. ამის განსაზღვრა მარტივია, ორივე ხელში იჭერენ ვაზის ლერწს. როცა გეოპათოგენურ ზონას უახლოვდები, ის ბრუნვას იწყებს და დაბლა იხრება. როდესაც ამ ზონას ვშორდებით, ვაზის ლერწი ისევ სწორდება. თუ სახლის შენებისას ასეთი ზონებისთვის გვერდის ავლა არ ხერხდება, სასურველია, შენობა ისე დაპროექტდეს, რომ საძინებელი ოთახები გეოპათოგენურ ზონებში არ მოხვდეს. ასევე არ არის მიზანშეწონილი სახლის მშენებლობა ისეთ ადგილას, სადაც მიწისქვეშა წყლები გაედინება. თავად წყლის არხი უკვე გეოპათოგენური ზონაა. ასევე არ არის მიზანშეწონილი მშენებლობა ისეთ ზონებში, სადაც გამუდმებით ქარი ქრის.
GzaPress
- ბატონო დავით, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ რომ ეკლესია იდგა, ბევრმა იცის და ისიც ცნობილია, ტაძარი მთავრობის სასახლის (მაშინ ასე ერქვა) მშენებლობის დაწყებამდე რომ დაანგრიეს. ხალხის ნაწილს მიაჩნია, რომ ყველა უარყოფითი მოვლენა, რომელიც ამ ადგილას მომხდარა და სამწუხაროდ დღესაც ხდება, სწორედ ამ ქმედების შედეგია...
- მართალია. იქ, სადაც ტაძარი იდგა, დღესაც ეკლესია უნდა იდგეს. დააკვირდით, უკვე რამდენი წელია, საქართველოში ყოველგვარი ვნებათაღელვა თავს იმ ადგილას იყრის. შეიძლება ასეც ითქვას, უკანასკნელ წლებში საქართველოს ისტორია პარლამენტის შენობის წინ მიედინება და ხშირ შემთხვევაში მოვლენები არცთუ კარგად ვითარდება. კარგი იქნებოდა თუ ამ ადგილას სამებისმსგავს დიდ ტაძარს ააგებდნენ. თავად პარლამენტის და წლების განმავლობაში არსებულ სხვადასხვა შემადგენლობასაც დააკვირდით - მათში ძალიან დიდი რაოდენობითაა აგრესია.
- დაშვებული შეცდომის "გამოსწორების" რამე მეთოდი არსებობს? ყველაზე პრიორიტეტულ ნაბიჯად თქვენ რას თვლით?
- ისევ ვამბობ, ყველაზე კარგი გამოსავალია, იმ ადგილას ისევ ეკლესია აშენდეს. თუ სახსრები ან ამის ფინანსური საშუალება არ არის, მაშინ იქ ისტორიული ფაქტების ამსახველი მუზეუმი უნდა გაიხსნას. ამ შენობამ სხვა არც ერთი მიმართულებით არ უნდა იმუშაოს, რადგან ყოველგვარი ფუნქციური დატვირთვა კრახისთვისაა განწირული. ეს შენობა კომუნისტების დროს აიგო და დიდი ეჭვი მაქვს, მათ გარკვეული ოკულტური ცოდნა ჰქონდათ. მასონურს დავარქმევთ მას თუ სხვა რამეს, ვფიქრობ, ისინი ყოველთვის გამიზნულად, მასონურ პრინციპებსა და სიმბოლიკაზე დაყრდნობით მოქმედებდნენ. ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ შემდეგში ეკლესიის ადგილას პარტიული თავშეყრის ადგილებსა და კლუბებს აარსებდნენ. ეს იმისთვის იყო გამიზნული, რომ იქ შესულ ადამიანს ყოველგვარი დადებითი პიროვნული თვისება დაეკარა და ასეთ ადგილას ადამიანის მართვა გაცილებით მარტივია... ასე რომ, ჩემი აზრით, უარყოფითი ენერგეტიკისგან თავის დასაღწევად საუკეთესო გზაა პარლამენტის შენობის დანგრევა და მის მაგივრად ეკლესიის აგება.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს.
ღირსეული სპორტსმენი, რომელთან ბრძოლასაც ზოგი თავს არიდებს
"ვინც ქილიკით უყურებდა სოფლის მეურნეობას, ახლა გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობისაა იგი"
"მთელი სტრუქტურა, შვეიცარიული საათის მსგავსად აწყობილი მუშაობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.