დიგერობით დამარცხებული ფობია და ჩერნობილის ამბები
font-large font-small
დიგერობით დამარცხებული ფობია და ჩერნობილის ამბები
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა

დიგერი მიწისქვეშა მკვლევარს ნიშნავს. შესაბამისად, დიგერებს მიწისქვეშა სამყარო აინტერესებთ - მეტროს გვირაბები, სამხედრო თავშესაფრები, სარდაფები თუ სხვა მივიწყებული ადგილები. ალექს ტატევოსიანი ერთ-ერთი მათგანია, ბოლო წლების განმავლობაში ის ორჯერ იყო ჩერნობილშიც და ბევრი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი ჩვენი მკითხველისთვის.


- სპეციალობით სისტემური ადმინისტრატორი ვარ, 10 წელია ამ სფეროში ვმუშაობ, თუმცა, ბოლო დროს, დიგერობასთან ერთად, ბევრი სხვა ჰობიც მაქვს - ტურიზმი, ფოტოგრაფია, ბლოგერობა, მეკლდეურობა, ოფროუდი. ბევრი ფობია სწორედ ექსტრიმის მეშვეობით დავამარცხე. მაგალითად, სიბნელის შიში. დიგერობით კი 3-4 წელია, რაც აქტიურად დავინტერესდი. ბავშვობაში ხალხმრავლობა არ მიყვარდა და წყნარ ადგილებში განვმარტოვდებოდი ხოლმე ერთ-ორ მეგობართან ერთად. წლების შემდეგ გავიგე დიგერების შესახებ, გავიცანი კიდეც ისინი და ჩემ გარშემო შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა.
- რა შეგრძნებაა, როდესაც ფეხს ადგამ ადამიანისგან მიტოვებულ ადგილას? დიგერობის ხიბლი მაინტერესებს.
- ბედნიერებას ვგრძნობ, როცა საშუალება მეძლევა, მოვინახულო ის ადგილი, რომელიც წლების მანძილზე მილიონობით თვალისგან დამალული იყო. ამას ყველაფერს ემატება ადრენალინიც. ზოგჯერ ველურ ცხოველებთან შეხვედრის შიში მიპყრობს. სერიოზული საფრთხე არასდროს შემქმნია, მაგრამ რამდენიმე მეტრში რაღაც რომ დაიყმუვლებს, მთლად კომფორტულად ვერ იგრძნობ თავს (იცინის).
- თავდასაცავად რამე თუ მიგაქვთ ასეთ საშიშ ადგილას ან როგორ ემზადებით ახალი ობიექტის დასათვალიერებლად?
- თავდასაცავად ელექტროშოკერი მიგვაქვს, სხვა არაფერი. სერიოზულად ვემზადებით წინადღეს, აუცილებლად მიგვაქვს სქელძირიანი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, რომელიც სხეულს მთლიანად ფარავს, გაზქურა, საკვები, წყლის ფილტრი, რადგან სადაც მოხვდები, იქ მოგიწევს წყლის ავსება, ასევე რადიაციის საზომი, ფარანი დამტენებით და საძილე ტომარაც. მე, როგორც ბლოგერს, 5 კილო ფოტო და ვიდეოაღჭურვილობა დამაქვს ხოლმე.
- ალექს, ვიდრე ჩერნობილზე გკითხავდე, როგორია თბილისის მიწისქვეშა სამყარო?
- თბილისში არის 500-მდე მიწისქვეშა, ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარი და მათი 95% გამოუსადეგარია, დატბორილი ან დანგრეული. ზოგიც კომერციულ ფართობადაა გამოყენებული. ჩვენთვის საინტერესოს ყოველთვის ვპოულობთ იქ.
GzaPress
- დიგერებს დაუწერელი კანონებიც გქონიათ.
- ობიექტიდან არ უნდა წამოიღო არაფერი, ცარიელი კედლები არ უნდა დაახვედრო მას, ვინც შენს შემდეგ მივა. მხოლოდ ფოტოებს ვიღებთ და ეგაა.
- რაც შეეხება ჩერნობილის თემას, რატომ დაინტერესდით ამ ამბით და იქაურობის მონახულებით?
- ბავშვობიდან მქონდა ოცნება, ჩერნობილი მენახა. ვფიქრობდი, ოდესმე აუცილებლად მოვხვდებოდი მანდ. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით გავიცანი უკრაინელები და ასე დაიგეგმა ჩემი იქ ჩასვლა. პირველად 2017 წლის ივლისში ვიყავი, მეორედ - 2018 წლის სექტემბერში. დავათვალიერე მიტოვებული სოფლები, მკვდარი ქალაქი, ვნახე საიდუმლო სამხედრო საბჭოთა ქარხანა, რადიოლოკაციური სადგური და ანძა, რომლითაც საბჭოთა კავშირი ამერიკას უსმენდა. ამერიკის ბირთვული რაკეტები რომ გაშვებულიყო საბჭოთა კავშირის მიმართულებით, ამ ანძას უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა თავისი დანიშნულებით არც უმუშავია. იქიდან ჩამოსულმა დავიწყე სურათების დამუშავება და ბლოგპოსტების წერა, ქართული ინტერნეტსივრცე შევავსე, 5-სერიიანი ფილმიც გადავიღე ჩემს მოგზაურობაზე. ერთი წლის მერე კვლავ გამიჩნდა იქ ჩასვლის სურვილი და ამჯერად მეგობრებთან ერთად, ოღონდ გამყოლის გარეშე წავედი. სხვათა შორის, იქ შესვლა აკრძალულია, ჯარიმაა 80 ლარამდე, მაგრამ ღირს გარისკვა.
- თქვენც დაჯარიმდით?
- არა, ჩვენ უპრობლემოდ გავიარეთ. იყო შემთხვევა, დაგვინახეს, მაგრამ გავიქეცით.
- შიში არ გქონია?
- 33 წლის შემდეგ რადიაციული ნივთიერებების უმეტესობა უკვე დაიშალა ანუ რადიაციული ფონი დაბალია. ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისაც მიტოვებული ადგილები უყვარს, ეს საოცრება იყო. ამბავი, რაც იქ მოხდა, კარგად ვიცოდი და შესაბამისად, შთაბეჭდილებებიც მძიმე იყო. არადა, ულამაზესი ადგილია, ქალაქი პრიპიატი ძალიან მომეწონა არქიტექტურულად. დასანანია, კაცობრიობამ რომ დაკარგა ეს ადგილი. დილის 6 საათი იყო, როდესაც ქალაქში შევედით. მზე ამოდიოდა, იდეალური სიჩუმე იყო, ჩიტების ჭიკჭიკის გარდა სხვა არაფერი ისმოდა... ვფიქრობდი, რომ ოდესღაც ამ ულამაზეს ქალაქში სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა კი დაცარიელებულიყო და სევდა მომეძალა.
- ამ ქალაქის შესახებ რა შეგიძლია გვითხრა?
- პრიპიატი ენერგეტიკოსების ქალაქი იყო, რომელიც 1970 წლის 4 თებერვალს დაარსდა, მდებარეობს 2 კილომეტრში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან და 95 კილომეტრში ქალაქ კიევიდან. მისი მოსახლეობა 1986 წლისთვის 50000 ადამიანი იყო, დღესდღეობით კი, ერთი კაციც აღარ ცხოვრობს იქ. ქალაქში იყო უამრავი მწვანე ზონა და პარკი, კულტურის სახლი "ენერგეტიკი", საცურაო აუზი, კინოთეატრი "პრომეთე", კაფე და რესტორანი "პრიპიატი", სასტუმრო, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, რკინიგზის სადგური, ატრაქციონების პარკი და მრავალი სხვა რამ. 1988 წელს ექსპლუატაციაში სრულად უნდა შესულიყო მე-6 მიკრორაიონი, 2 მსხვილი სავაჭრო ცენტრი, პიონერთა სასახლე, ორდარბაზიანი კინოთეატრი, ხელოვნებათა სასახლე, სასტუმრო "ოქტომბერი", 2 სპორტული კომპლექსი და 52-მეტრიანი ტელეანძა. პრიპიატის არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარება უნიკალური იყო მთელ საბჭოთა კავშირში, ეგრეთ წოდებული "სამკუთხედის" პრინციპით ააშენეს. მის დაგეგმარებაში ჩართული იყო ბევრი სპეციალისტი. ქალაქი ააშენეს ატომურ სადგურზე მომუშავე პერსონალისთვის და ქარხანა "იუპიტერის" თანამშრომლებისთვის. საბჭოთა მთავრობის სამაგალითო და ძალიან პერსპექტიულ ქალაქად მიიჩნეოდა. იქ ცხოვრება იყო ძალიან პრესტიჟული, მის დასათვალიერებლად ჩამოდიოდნენ უცხოელი დელეგაციები და ჟურნალისტები. ეკოლოგიის მხრივ მართლაც სამოთხე იყო, კარგი კლიმატური პირობებით (დასავლეთ საქართველოს მსგავსი), გარშემო მრავალკილომეტრიანი ფოთლოვანი ტყით, გვერდით კი ქალაქს მდინარე პრიპიატი ჩამოუდიოდა. 1986 წლის 26 აპრილს კი, ღამის 1:23 მოხდა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა, აფეთქდა ორ კილომეტრში მდებარე ატომური ელექტროსადგურის IV ენერგო ბლოკი, რამაც გამოიწვია ჰაერისა და გარშემო მდებარე ტერიტორიების დაბინძურება უზარმაზარი რადიაქტიული ელემენტებით, როგორებიცაა: სტრონციუმი-90, ცეზიუმი-137, იოდი-131 და პლუტონიუმის იზოტოპები. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ჩატარდა მასშტაბური გამწმენდი სამუშაოები, რადიაციის დონე ქალაქში და მის გარშემო აღემატებოდა ნორმას (30 მიკრორენტგენი საათში). 28 აპრილს ჩატარდა საბჭოთა კავშირში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია, 2 საათში ქალაქი დაიცალა მცხოვრებლებისგან და მხოლოდ ლიკვიდატორები დარჩნენ. ხალხს უთხრეს, რომ ევაკუაცია მხოლოდ 3 დღით იქნებოდა და ისინი სახლში დაბრუნებას შეძლებდნენ. აკრძალული იყო ნივთების თან წაღება, უმეტესობამ სახლში შინაური ცხოველებიც დატოვა. ამიტომ დღესაც ყრია სახლებში სათამაშოები, აირწინაღები და ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. წლების მანძილზე მაროდიორები ძარცვავდნენ იქაურობას. ხალხს ეგონა, დაბრუნდებოდნენ, მაგრამ 31 წლის შემდეგაც კი არც ერთი მოქალაქე აღარ დაბრუნებულა შინ და ქალაქი პრიპიატი ტექნოგენური ავარიის მუზეუმი გახდა ღია ცის ქვეშ.
- 2 წლის შემდეგ ამ ხალხისთვის ააშენეს ქალაქი სლავუტიჩი, ამ ქალაქის შესახებაც მოგვიყევი.
- ეს ქალაქი 25000 მოსახლეზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 50 კმ-ში აშენდა. სლავუტიჩი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აშენებული ბოლო ქალაქია. 1988 წლის 28 მარტს მანდ ჩასახლების პირველი ორდერი გაიცა. ქალაქი სამანქანო და სალიანდაგო გზით ჩერნიგოვს და ჩერნობილის ატომურ სადგურს უკავშირდება. მასში ძირითადად ჩერნობილის ატომურ სადგურსა და ახლომდებარე ქარხანაში მომუშავე პერსონალი ცხოვრობს. მოსახლეობის უმეტესობა სწორედ პრიპიატიდან გადმოსახლებული ოჯახებია. სლავუტიჩის მშენებლობაში 8 საბჭოთა რესპუბლიკა მონაწილეობდა. ესენია; ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და რუსეთი. ბელორუსს ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ის უკრაინაზე მეტად დაშავდა ავარიის შემდეგ. ქალაქში სულ 13 უბანი აშენდა. უბნებს მისცეს საბჭოთა რესპუბლიკების დედაქალაქებისა და მსხვილი ქალაქების სახელები. უბნებს თბილისის, ერევნის, ბაქოს, ტალინის, რიგის, ვილნიუსის, კიევის, ჩერნიგოვის, პეჩერსკის, მოსკოვის, ნევსკის (ლენინგრადის), ბელგოროდისა და დობრინინსკის სახელები ჰქვია. ყველა უბანი ერთმანეთისგან არქიტექტურით განსხვავდება. ქალაქის გარშემო არის ტყე. ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს ჩერნობილის ავარიის მუზეუმი, რომელიც უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის. სლავუტიჩში დღემდე შემორჩენილია ველობილიკები და მის გზებზე მხოლოდ ერთი შუქნიშანია. 2000 წელს, როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გააჩერეს, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ქალაქიც დატოვა. მოსახლეობის ზრდის მიზნით უკრაინამ ამ ქალაქს თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი მიანიჭა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.