"ძალიან მინდა, ოჯახში წიგნების კარადა უბრალოდ, მტვრის ბუდე არ იყოს..."
font-large font-small
 "ძალიან მინდა, ოჯახში წიგნების კარადა უბრალოდ, მტვრის ბუდე არ იყოს..."
როგორ გადაურჩა ბავშვი ოპერაციას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით

მსახიობ ნანა ლორთქიფანიძეს წიგნების შესახებ ვესაუბრეთ. ისევე, როგორც უამრავი ადამიანის, ქალბატონი ნანას ცხოვრებაშიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მით უმეტეს, რომ მწერალი ნანა ლორთქიფანიძის ნათლია გახლდათ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბებია, რომელიც მართლა წიგნით ხელში გარდაიცვალა, მაიძულებდა მეკითხა, მე კი სულ ეზოში თამაში მინდოდა. ბებიამ იმდენს მიაღწია, რომ წიგნი შემაყვარა, მაგრამ რაც შვილიშვილები გამიჩნდნენ, კარგად ვეღარ ვკითხულობ, რადგან როგორც კი კითხვას დავიწყებ, სულ მეძინება (იცინის)..."

"ჩემი უფროსი შვილიშვილი - გიორგი ძალიან ემოციური ბავშვია და წიგნში წაკითხულს საშინლად განიცდის. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" რომ წაიკითხა, ისე ინერვიულა, რომ ამბობდა: როცა გავიზრდები, ჩემს შვილებს ამ წიგნს არ წავაკითხებო. ჯერ მურადას სიკვდილი საშინლად განიცადა, მერე კი, როცა უკვე ბებია გარდაიცვალა, ბავშვი ლამის ჭკუიდან შეიშალა, ისე ტიროდა!.. ქეთიც ასეთი იყო: ერთ ზაფხულს, როცა "ბიძია ტომას ქოხი" წაიკითხა, მართლა ვინანე - ნეტავ, წასაკითხად ჯერ არ მიმეცა-მეთქი, რადგან სერიოზულად ტრავმირებული იყო. რას ვიზამთ? კარგი წიგნი სწორედ ეს არის..."

"იმ ბავშვის მშობლები, რომელსაც წიგნი წავუკითხე, ჩემთან მოდიოდნენ ხოლმე და ნაყინი, ცივი მაწონი მოჰქონდათ, - შვილი ოპერაციას გადაგვირჩინეო (იცინის). ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით, ბავშვი ოპერაციას გადაურჩა - დაუჯერებელი და სასაცილო ამბავია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 11 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვა