შევარდენი მარო და ცხენი პელე ანუ წინ, წინაპრებისკენ!
font-large font-small
შევარდენი მარო და ცხენი პელე ანუ წინ, წინაპრებისკენ!
მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას არ დაავიწყდეს ტრადიციები

ბაზალეთის ტბაზე, მხატვარ დავით ქაფიაშვილის მიერ აშენებულ "ოქროს აკვანში" ორიოდე წლის წინაც ვიყავი. მაშინაც გამაოცა იქაურობის სილამაზემ, ხევსურულმა კოშკებმა, უამრავმა უძველესმა ნივთმა - ხანჯლებმა, ჯაჭვის პერანგმა, ხევსურულმა სამკაულებმა, მარანმა ქვევრებით, მხატვრის ნახატებმა... ერთი სიტყვით, იქ ყველაფერი ქართულია, ისეთი, ბევრი ქართველის სულსა და გულს რომ ეამება. მხატვარი, რომელიც გერმანიაში, შოტლანდიაში, ინგლისსა და საფრანგეთში ცხოვრობდა და ახლაც ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა, იქ ჩასულ უცხოელ სტუმრებს საქართველოს ისტორიას აცნობს, უყვება ლეგენდას ბაზალეთის ტბის შესახებ და უკვე რამდენი წელია, ქართველებს მივიწყებული ტრადიციების გახსენებისკენ უკიჟინებს.


ყოველი წლის ივნისის ბოლოს მისი თაოსნობით იმართება ე. წ. სულის დოღი, რომელსაც წელს პირველად დავესწარი. წინა წლებში უკვე ჩატარებულა ვაჟას, ილიას, გაბრიელ ჯაბუშანურის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მიხა ხელაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის დოღი, წელს კი ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის იყო.
დოღს ხევსურეთში "ცხენნს" ან "ცხენდოღვს" უწოდებდნენ. მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ცხენ-მხედართა შეჯიბრება გავრცელებული იყო ხევსურეთში, ასევე ფშავში, თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ხევში... ხევსურეთში დოღი გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში იმართებოდა. მონაწილე ცხენების რიცხვი კენტი უნდა ყოფილიყო, 5-დან 35-მდე. მათ საგანგებოდ უვლიდნენ და კვებავდნენ. ძუა-ფაფარი დაწნული და ფერადი ძაფებით შეკრული ჰქონდათ, თავ-კისერზე მძივღილით გამართული საფაფრე და საშუბლე ეკეთათ. უნაგირით მხოლოდ "სულის ცხენი" ანუ მიცვალებულისათვის დაკურთხებული იყო შეკაზმული. დოღის ანუ ცხენრბოლების დღეს ტაბლის დალოცვის შემდეგ რიგში დაწყობილი მხედრები "სულის ცხენის" წინამძღოლობით სამჯერ შემოუვლიდნენ ფარდაგზე გაშლილ მიცვალებულის "ტალავართ" (სამოსელს) და მიცვალებულის ნათესავების სოფლებისაკენ გაემართებოდნენ. იქ "ჭირის პატრონის" ნათესავი მხედრებს ტაბლას უდგამდა. ბოლო ტაბლიდან მხედრები ისევ "ჭირის პატრონის" სოფელში ბრუნდებოდნენ. აქედან იწყებოდა ნამდვილი შეჯიბრება. თუ შორი გზა ჰქონდათ გამოსავლელი, მათ სხვა მხედრები ცვლიდნენ. გამარჯვებულ მხედრებს ჯილდოდ საქონელს, იარაღს, ტანსაცმელს აძლევდნენ.
დოღის დაწყებამდე მთისა (ნინო) ყველაშვილმა, რომელიც, სხვათა შორის, ტოლს არავის უდებს ცხენოსნობაში და ყოველ წელს ესწრება ამ ღონისძიებას, იქაურობა დამათვალიერებინა.
მთისა ყველაშვილი:
- აქ რა ნივთებსაც ხედავთ, საუკუნეზე მეტს ითვლის. ამ თასებით, რომლებიც ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით არის გაწყობილი, რიტუალს, საკარგყმო თასის სმას ატარებდნენ. მათი ხელში ჭერისა და სალოცავიდან გამობრძანების უფლება მხოლოდ ხევისბრებს ჰქონდათ, ხოლო გარდაცვლილ კაი ყმათ სადიდებლად სვამდნენ ის ვაჟები, რომლებიც ამის ღირსები იყვნენ. ეს დაშნა, როგორც ჩვენი მასპინძლისგან ვიცი, ერთ დროს ინგლისის კავალერიის ოფიცრის მფლობელობაში ყოფილა. ყოველ წელს ბაზალეთზე ბაზიერთა და მეიარაღეთა ფესტივალიც იმართება. დღესაც აქ წარმოდგენილია რამდენიმე ოსტატის ნამუშევრები, მინანქარსა და ვერცხლში შესრულებული. ბონდო ჩადუნელი არის მეიარაღე, რომელიც აბსოლუტურად ძველი მეთოდებით მუშაობს, თანამედროვე სამუშაო იარაღებსაც კი არ იყენებს. აი, ეს სამშვილდე მერქნით არის გაკეთებული, ეს კი შავფაროსნების ფარის ზუსტი ასლია, დამზადებული ლევან თეთრუაშვილის მიერ, რომელიც მამის გზას აგრძელებს. ეს ჯაჭვის პერანგია, ნახე, ულამაზესი წნულია და რა რთული იქნება ამის გაკეთება. სხვათა შორის, ადრე იარაღს ქმრებს ქალები უმზადებდნენ ხოლმე. კაცს წესრიგში უნდა ჰქონოდა აღჭურვილობა, რომ მტრის შემოსევისას ხელი ეტაცა და ომში წასულიყო.
ჯაჭვის პერანგი მამა-შვილის, მალხაზ და მამუკა მრელაშვილების ნამუშევარი აღმოჩნდა, როგორც თვითონ მალხაზმა მითხრა, დაძველების ეფექტით.
მალხაზ მრელაშვილი:
- ადრე ამ ჯაჭვის პერანგებს მართლაც ქალები ქსოვდნენ, რგოლებს კი მამაკაცები უმზადებდნენ. ძალიან შრომატევადია ეს პროცესი. 7 თვე დამჭირდა ამ ჯაჭვის პერანგის მოსაქსოვად. თითოეულ რგოლს ჩემი ხელით ვაკეთებ. სულ 50.000 რგოლია პერანგშიც და ჩაჩქანშიც.
- ამ საქმიანობით როდის დაინტერესდი?
- VI კლასში ვიყავი, როცა ინტერესი გამიჩნდა. არავის უსწავლებია ჩემთვის ტექნიკა, მიუხედავად იმისა, რომ მამაც ამ საქმეზე მუშაობდა. აუცილებლად უჟანგავი ფოლადი უნდა იყოს, მასალასაც თვითონ ვარჩევ. მსიამოვნებს მუშაობის პროცესი, მაქვს შეკვეთებიც.
სხვა სტუმრებს შორის თბილისის კოლორიტი, ჩოხოსანი ზაალ სიხარულიძე სხვა ჩოხა-ახალუხიანებთან ერთად ამშვენებდა იქაურობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას არ დაავიწყდეს ტრადიციები და ის, თუ რანი ვიყავით. ამის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ყველასთვის საყვარელმა პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმაც:
- დღეს იმაზე საუბარი არ უნდა გვიხდებოდეს, რომ ტრადიციები მივიწყებულია. კარგია, დათო რომ ამ ყველაფრის გაცოცხლებას ახერხებს, რათა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობაში მხოლოდ მოსაგონებლად არ იყოს. სხვანაირად ამ დროში ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი იდენტობისა და ჯიშის შენარჩუნება.
ნინო სალუქვაძე, ფოლკლორისტი:
- სულის დოღი უკვე რამდენჯერმე გაიმართა აქ, ერთ-ერთი გოდერძი ჩოხელის სახელობისაც იყო. ყველა წესის მიხედვით ტარდება დოღი, გამარჯვებულები საჩუქრდებიან. უცხოელებს უნდა დავანახვოთ, როგორ ვცხოვრობდით, რა ტრადიციები გვქონდა. ეს ყველაფერი თუ არ გადავარჩინეთ, მაშინ სხვა ვერაფერს შევუნარჩუნებთ შთამომავლობას. ხშირად იძახიან, რაღა დროს ტრადიციებიაო და, აი, სწორედ ასეთები აღმოჩნდებიან ხოლმე გაოცებულები, თუნდაც ტრადიციული ლექსის მოსმენის შემდეგ, თუნდაც ტრადიციული კერძის მირთმევის ან ტრადიციული სანახაობის შემდეგ. მაშინ ხვდებიან, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს აქვთ, ძველზეა დაფუძნებული. თუ წინაპრის გვარ-სახელი არ იცი, თუ ის არ იცი, ვისი გორიდან ხარ, როგორ უნდა გადასცე შვილებს, ვინ იყავი? ამიტომაც მომწონს დათოს სლოგანი: წინ წინაპრებისკენ. სხვანაირად არაფერი არ გამოსულა და არც გამოვა. სწორედ ამიტომ მინდა, მთელი საქართველო ავსახო ლექსებში, დავდივარ ყველა კუთხეში და ვაგროვებ ხელნაწერ ლექსებს. ასე რომ, ვინც დაინტერესებულია, შეუძლია დამიკავშირდეს.
ამასობაში ახალგაზრდა ცხენოსნები ერთმანეთს სიმაღლიდან ფაფახის ჩამოგდებაში ეჯიბრებოდნენ. ბოლოს გუდამაყრელმა ალეკო წიკლაურმა იმარჯვა. თამაში მართლაც სახალისო აღმოჩნდა მაყურებლებისთვისაც, ყიჟინითა და შეძახილებით ამხნევებდნენ მონაწილეებს. როგორც ზვიად ვარდუკაძემ, ქართული საბრძოლო ხელოვნების ხრიდოლის აკადემიის ხელმძღვანელმა მითხრა, შეჯიბრების ეს სახეობაც უძველესი ყოფილა. აკადემიის წევრებს თეატრალიზებული საბრძოლო-საჩვენებელი გამოსვლა ჰქონდათ.
GzaPress
ზვიად ვარდუკაძე:
- ორთაბრძოლის გარდა ვასწავლით ტრადიციულ საბრძოლო თამაშებს, გარდა ამისა, აკადემიის კლუბი "გარისა" (სულხან-საბას ლექსიკონში "გარისა" ველად გასვლას ნიშნავს) სასწავლო ლაშქრობების ორგანიზატორიცაა. ამ ლაშქრობების მიზანია საველე პირობებში მებრძოლის უნარ-ჩვევების განვითარება, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ბუნებასთან სიახლოვე, ექსტრემალურ სიტუაციებში სწორი და დროული მოქმედება, სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში უნარიანი ჩართვა და სტიქიური მოვლენების დროს სწორი და ადეკვატური მოქმედება საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად. ამჟამად თბილისში 6 დარბაზი გვაქვს და მიხარია, რომ საკმაოდ ბევრი ინტერესდება საბრძოლო ხელოვნებით.
ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა პატარა ბიჭმა, რომელსაც ხელზე შევარდენი ეჯდა. ეს ბიჭი ზვიადის ძმა იოანე ვარდუკაძე აღმოჩნდა.
იოანე ვარდუკაძე:
- წლების წინ ბაზალეთზე პირველად ვნახე მტაცებელი ფრინველი. მაშინ 10 წლის ვიყავი და ძალიან დამაინტერესა ბაზიერობამ. მოვინდომე, მეც მეცადა. პირველად შევარდნის სახეობა მყავდა, ახლა უკვე აღარც მახსოვს, რამდენი ფრინველი გავწვრთენი. საკმაოდ რთულია ეს პროცესი. ამისთვის თეორიული ცოდნაც უნდა გქონდეს და დიდი ნებისყოფაც, უნდა გიყვარდეს კიდეც ფრინველი. როცა გიყვარს, იმასაც კი ხვდები, როგორ განწყობაზეა. აი, მაგალითად, ახლა ჩემი შევარდენი იმიტომ გამოსცემს ასეთ ხმებს, რომ ძალიან ნერვიულობს ხალხმრავლობის გამო, შეშინებულია.
- ვინ არის, გაგვაცანი, საინტერესოა, სახელებს თუ არქმევ ხოლმე შენს ფრინველებს?
- ეს არის კავკასიური შევარდენი, დედალია, კახეთიდანაა და მარო ჰქვია (იცინის).
მცხეთელმა თემო კოშაძემ მეფაიტონედ გამაცნო თავი. მის ცხენს პელე ჰქვია და თემო ამბობს, რომ ძალიან კარგად ესმის მისი. ყოველ წელს მონაწილეობს დოღში, 11 წლიდან არის გატაცებული ცხენოსნობით და ბევრჯერ გაუმარჯვია კიდეც, თუმცა წლევანდელი დოღი მისთვის უიღბლო აღმოჩნდა. პირველობა წილად შოთა ფერხულს ერგო, დუშეთიდან.
თემო კოშაძე:
- ვცდილობთ, ეს ტრადიცია არ დავკარგოთ, მსგავსი ღონისძიებები ზეიმია ჩვენთვის, ვინც ცხენოსნობით არის გატაცებული. ჩვენი ვალდებულებაა, ტრადიციები დავიცვათ და შემოვუნახოთ ერსა და ბერს!
ასეთი იყო ერთი საინტერესო და განსხვავებული დღე ბაზალეთის ტბაზე - მართლაც ამაღელვებელი, ამ რიტუალებისა და დოღის მომსწრეს აუცილებლად რომ აგიჩქროლებდა გულსა და სისხლს და კიდევ ერთხელ დაგაფიქრებდა წარსულზე. ასე რომ, როგორც "ოქროს აკვნის" მასპინძელი და შემოქმედი დავით ქაფიაშვილი ამბობს, წინ წინაპრებისაკენ!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.