კოსმოსში მოსმენილი "ჩაკრულო" და უცხოპლანეტელი ლადიკო
font-large font-small
კოსმოსში მოსმენილი "ჩაკრულო" და უცხოპლანეტელი ლადიკო
მეც ლადიკოსავით დავიწყე ასეთი ადამიანების ძებნა

უცხოპლანეტელებმა კოსმოსში "ჩაკრულოს" მოუსმინეს და მოსმენილით გაოგნებულებმა, დედამიწაზე გამოგზავნეს თავიანთი წარმომადგენელი ლადიკო, იმ ხალხის გასაცნობად, ვინც ეს მრავალხმიანი სასწაული შექმნა. რას აღმოაჩენს ლადიკო დედამიწაზე და ჰგვანან თუ არა ქართველები იმ ქართველებს, ვინც ოდესღაც "ჩაკრულო" შექმნა და იმღერა. ამაზე სპექტაკლ "ჩაკრულოს" დამდგმელი რეჟისორი და ამავე დროს პიესის ავტორი, კანუდოსის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გუჯა შვანგირაძე და მსახიობები გვესაუბრებიან.


- ბატონო გუჯა, ახლახან გქონდათ სპექტაკლის პრემიერა. როგორ გაჩნდა "ჩაკრულოს" დადგმის იდეა?
- თეატრი ჩემთვის იარაღია, რომლითაც სიმართლეს ვიცავ და სივრცეა, სადაც მაყურებლის წინაშე ამ სიმართლეს ვამბობ. სიტყვას მეტი ძალა ექნება, თუ მას თეატრალიზებულ სახეს მისცემ და სანახაობით გადმოსცემ. აი, ასე გაჩნდა პიესა და მერე უკვე სპექტაკლი "ჩაკრულო".
GzaPress- თქვენი მთავარი სათქმელი, როგორც სცენარისტისა და რეჟისორის, რა იყო?
- ამაზე რომ გიპასუხოთ, ჯერ ხვამლის მთა უნდა ვახსენო. ხვამლი დასავლეთ საქართველოშია, ქუთაისიდან 50 კილომეტრში, მისი სიმაღლე 2.000 მეტრია და იქიდან შავი ზღვაც კი მოჩანს. მის შესახებ ბევრი მითი და ლეგენდაა. ამბობენ, რომ თამარ მეფე სწორედ ხვამლის გამოქვაბულებიდან ერთ-ერთშია დასაფლავებული და აურაცხელი განძია იქ. ამ მთაზე ამბობდა ვახუშტი ბატონიშვილი, "ქვეყანას რა მისჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოს". ალბათ ბატონიშვილი აურაცხელ ოქრო-ვერცხლს გულისხმობდა, მაგრამ ჩვენ ამ სპექტაკლით სულ სხვა დატვირთვა მივეცით მის სიტყვებს - ქვეყანას მისი კულტურული მემკვიდრეობა და მისი დაფასება გადაარჩენს, ყველაფერი ის, რაც შექმნა ერმა ისტორიის განმავლობაში, რადგან ერი, რომელიც საკუთარ კულტურასა და იდენტობას სწყდება, განწირულია. დიახ, ქვეყანას არა ოქრო-ვერცხლი, არამედ განათლება, კულტურა, ხელოვნება გადაარჩენს და რაც მთავარია, გადაარჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ამას ხვდებიან. მერედა, სად არიან ეს ადამიანებიო, იკითხავთ? სახელმწიფო სისტემა მუდამ ძალადობრივია, მუდამ უპირისპირდება ადამიანებს, ადამიანობას, ახალისებს უზნეობას, მანკიერებას, ცვლის მორალს და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანები უფრო იოლად სამართავები იყვნენ. ასეთ სიტუაციაში, ისინი, ვინც პრობლემებზე ლაპარაკობენ და მეტიც, ქუჩაში გადიან სიმართლის დასაცავად, მართლა თეთრი ყვავებივით, უცხოპლანეტელებივით მოჩანან საზოგადოებაში, სხვა სამყაროდან მოსულებივით. სწორედ ამ მიხვედრამ დაბადა ჩვენი პიესის პერსონაჟი, ლადიკო, რომელმაც შორეულ კოსმოსში ამერიკელებისგან გაგზავნილ დისკზე ჩაწერილ ქართულ მოძახილს, "ჩაკრულოს" მოუსმინა და ამ მრავალხმიანმა სასწაულმა აიძულა ჩამოსულიყო დედამიწაზე, ის ხალხი მოეძებნა, რომელმაც ეს სიმღერა შექმნა. ამ მისიით ჩამოდის ლადიკო დედამიწაზე, მაგრამ საქართველოში ქართველს ვერ პოულობს. ლადიკო ლაპარაკობს, თუ როგორია მისი წარმოდგენით ქართველი და რაც მეტს ლაპარაკობს, მით მეტად არწმუნებს სხვებს, მით მეტს სჯერა მისი სიმართლის, ქართველობა უნდებათ და სწორედ ამ დროს უპირისპირდება მას სახელმწიფო სისტემა მთელი თავისი ინსტიტუტებით, უშიშროებით, სისტემის მსახურებით, კანონმდებლებით, მაგრამ ლადიკო მის მოწინააღმდეგე სისტემას ისევ მათივე იარაღით ამარცხებს და თავისი გააქვს. შედეგად, "ჩაკრულო", რომელიც მივიწყებული ჰქონდა ქართველს, უკვე ყველა კუთხე-კუნჭულში ისმის და ქართველს ქართველობას ახსენებს. უფრო მეტიც, ლადიკო თავს უყრის ერის კულტურულ მემკვიდრეობას (რომელიც სპექტაკლში ალეგორიულად ფიროსმანის ნახატებით არის ნაჩვენები), რომელსაც აქ, ამ ქვეყანაში აღარ აფასებენ და ხვამლის მთაზე ააქვს. იქ ინახავს, რათა ქართველი მიხვდეს, თუ რა შეიძლება მან დაკარგოს და იცოდეს, "ქვეყანას რა გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოს"...
GzaPress
- რატომ შეარჩიეთ არაპროფესიონალი მსახიობები და როგორ გაართვეს მათ თავი?
- ვიფიქრე, რომ ჩემს ჩანაფიქრს მხოლოდ განსაკუთრებული თეატრალური დასი თუ გაართმევდა თავს, ადამიანები, რომლებსაც ესმით, თუ რა არის სიმართლე, რა არის ადამიანობა და მეც ლადიკოსავით დავიწყე ასეთი ადამიანების ძებნა. ვარჩევდი ისეთებს, ვისაც არ ჰქონდა შეხება თეატრთან, რათა არ დამჭირვებოდა მებრძოლა თეატრალურ დოგმებთან, მაგრამ ამასთანავე ექნებოდათ ნიჭი გარდასახვისა და სურვილი, მაყურებლისთვის დაენახვებინათ, რა შეუძლიათ. მოვნახე ასეთი გოგონები და ბიჭები: ზურა გიორგობიანი, ზვიად შათირიშვილი, გოგა ჭანტურიძე, მაკრინე გოგებაშვილი, შორენა ხორნაული, ხათუნა ჯალაბაძე, ვახტანგ ჯიშკარიანი, გიორგი სულხანიშვილი და მანუჩარ მაღლაფერიძე. მართლაც ბედნიერი ვარ, რომ ერთმანეთს ვუგებთ და ერთი საერთო მიზანი გვაქვს - ვიყოთ ადამიანები და სხვებსაც მოვანდომოთ ადამიანობა. იცით, რატომ ჰქვია ჩვენს თეატრს "კანუდოსის თეატრი"? ვიღაც იტყვის, ასეთი ქალაქი არ არსებობს, დოჩანაშვილს აქვს ნახსენები და რა გინდათ მერე, მაგით თქვათო? რა გვინდა და ჩვენი თეატრის დასისთვის, ისევე, როგორც ყველა თქვენგანისთვის, ქალაქი ადამიანური ურთიერთობებია. ქალაქია იქ, სადაც წესი წესია, კაცი - კაცია, ქალი - ქალია, ბავშვი - ბავშვია და ნორმალური ბავშვობა აქვს, მოხუცს კი - დაფასება, სადაც ტრადიციებს პატივს სცემენ, ნიჭს აღიარებენ, პროფესიონალს შესაფერის ადგილს მიუჩენენ და დანარჩენს ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ. ასეთი ქალაქი და ასეთი ქვეყანა გვინდა ყველას და ასეთი რომ იყოს, ამისთვის ადამიანებიც უნდა ვიყოთ ასეთები, ხომ ასეა? მაყურებელს უნდა მოუნდეს ასეთ ქალაქში ცხოვრება, მაყურებელს უნდა მოუნდეს, კანუდოსელი რომ გახდეს. აი, ამიტომ ჰქვია ამ თეატრს იმ ქალაქის სახელი, რომელიც ჯერ არ არის, მაგრამ უნდა იყოს. ქალაქი ჯერ არა, მაგრამ თეატრი კი უკვე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, იმედია, თავს გავართმევთ პრობლემებს, რადგან მე არ მეგულება სხვა თეატრალური დასი, რომლის წევრებსაც ყველაფერი გამოსდით ხელიდან - მხატვრებიც ჩვენ ვართ, დეკორატორებიც, ხმის რეჟისორებიც, გამნათებლებიც, სცენის მუშებიც. ასე რომ, მჯერა, ყველაფერი გამოგვივა. უკვე ახალ პიესაზე ვმუშაობთ და სექტემბრიდან წარმოდგენებს განვაახლებთ, მანამდე კი გვეპატიჟებიან საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და უცხოეთში.
მაკრინე გოგებაშვილი:
- ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს იყო უსაზღვრო ბედნიერებისა და უდიდესი პასუხისმგებლობის ერთდროული განცდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი დაუგეგმავად ხდება და ეს დღე, ეს როლი და საერთოდაც, მთელი სპექტაკლი, მოულოდნელი სასწაულის დასტური იყო.
ზვიად შათირიშვილი:
- სპორტსმენი ვარ, ხელბურთელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, პრიზიორი და ბომბარდირი. ვმუშაობდი სპორტულ პრესაში და ასევე საჯარო სკოლებში ფიზიკური კულტურისა და ჭადრაკის პედაგოგად. თეატრში მისი დამფუძნებლისა და მთავარი რეჟისორის, გუჯა ბიძიას (ყველა ასე ეძახის მას) მიწვევით მოვხვდი. გამოწვევებს არასდროს გავურბოდი და დავთანხმდი. სხვათა შორის, ორიოდე წლის წინ, ასევე მეგობრის დაჟინებითა და რჩევით, პოპულარულ ქართულ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალებშიც" მოვხვდი და მე-11 სეზონში მცირე, ეპიზოდური როლი შევასრულე. "ჩაკრულოში" კი ვთამაშობ გლეხის, უცხოელისა და უპირველესის როლებს. შევძელი თუ არა როლისთვის თავის გართმევა, ამას მე ვერ მოგახსენებთ, რეჟისორმა და მაყურებელმა უკეთ იცის. თავისთავად, პიესა ძალიან კარგია, დღევანდელ ქართულ ყოფას ზედმიწევნით ზუსტად ასახავს და აქცენტებიც სწორადაა დასმული. ვფიქრობ, სათქმელი ყველა ჭეშმარიტი ქართველისა და ამ ქვეყნის მოქალაქის გულამდე მივა, თუმცა ამისათვის გულისა და გონების კარის გახსნაა საჭირო.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.