გოგი მიქელაძის სარკეებისა და ლინზების სამყარო
font-large font-small
გოგი მიქელაძის სარკეებისა და ლინზების სამყარო
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"

20-28 ივნისს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიცია სახელწოდებით "ოპტიკური ინტერაქცია" გოგი მიქელაძისთვის საქართველოში მესამე პერსონალური გამოფენა იყო, თუმცა ბუნებრივია სხვადასხვა წლებში მისი ნამუშევრები არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე ყოფილა. მხატვრის სხვადასხვა პერიოდსა და ტექნიკაში შექმნილი 40-მდე ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟები და ობიექტები საგამოფენო სივრციდან შინ რომ "დაბრუნდა", ბატონ გოგის ვესტუმრე. სარკეებზე, მოსარკულ ლინზებზე, წინაპრების ნივთებსა და მხატვრის ქართულ კინოში მოღვაწეობის პერიოდთან ერთად, საუბრისას შევეხეთ ახალ ქართულ მხატვრულ ფილმსაც, რომლის ესკიზები ბატონ გოგის წარმოდგენილი ჰქონდა აღნიშნულ გამოფენაზე. ფილმს რეჟისორი ნანა ჯანელიძე იღებს. ის ქართულ-აფხაზური ომის ისტორიას ეხება და სცენარი აგებულია ქართველი და აფხაზური ომის მონაწილეთა დღიურების მიხედვით.


- ბატონო გოგი, წარსულში დაგაბრუნებთ. მთაწმინდაზე დაიბადეთ-გაიზარდეთ და იმ დროის თბილისზე ბევრი მესაუბრება ხოლმე დიდი ნოსტალგიით, უფრთხილდებიან წინაპრების ნივთებს, რაც შემორჩათ. ალბათ თქვენც არ ხართ გამონაკლისი...
- მთაწმინდაზე იყო ყიფიანის ქუჩა, კოტე მესხის შესახვევი. ეს ადგილი ცნობილი იყო იმით, რომ იქ ცხოვრობდა სერგო ფარაჯანოვი. მეზობლები ვიყავით. სულ რაღაც 3-4 ეზო გვაშორებდა. საერთოდ, ძველ თბილისში ვისაც ცხოვრებამ მოუწია, ალბათ იმ დროისა და გარემოს ნოსტალგია ყველას აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი. ძველი ნივთებისადმი სიყვარულიც იმ ადრეული წლებიდან მოდის. თითოეულს თავისი ისტორია აქვს და ეს საინტერესოდ მიმაჩნია. ასეთია გრამოფონი, ხალიჩები და სხვა ნივთები. ჭაღი, რომელიც მისაღებში კიდია, წინაპრებისაა, ოთხ თაობას ჰქონდა. სამი ბინა გამოვიცვალე და ყველგან დამაქვს. ისე მიყვარს, რომ ინტერიერი მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. რაც უფრო მეტი დრო გადის, ნივთი მით მეტ დატვირთვას იძენს. ბევრი იშორებს, მაგრამ ჩემთვის ეს მტკივნეულია და მარტივად ვერ ველევი. რა თქმა უნდა, ყველაფერს არ ვინახავ, მაგრამ რაც საინტერესოა თავისი ფორმით და შინაარსით, ვუფრთხილდები. მერე ძველ ნივთს ახალ გარემოსთან ვაკავშირებ და ვცდილობ ახალი სამყარო შევქმნა. მოგეხსენებათ, ჩემს ნამუშევრებში სარკეებსა და ლინზებს ვიყენებ. აღმოჩნდა, რომ ლინზებმა დამთვალიერებელში დიდი ინტერესი გამოიწვია, ეს მახარებს, რადგან ლინზას ამოუწურავი საშუალებები აქვს.
- პირველად როგორ და როდის გაჩნდა სარკე თქვენს ნამუშევრებში, გახსოვთ?
- ზუსტად არ მახსოვს სარკემ როდის გამიტაცა. ალბათ 40 წელი იქნება. სარკეს თავისი მაგიური ძალა და ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. მერე აღმოვაჩინე მოსარკული ლინზები, რომელსაც წინ თუ ნივთს დაუდებ, სულ სხვაგვარად წარმოაჩენს და სხვა განზომილებაში გადაჰყავს. ვფიქრობ, ასეთი ნამუშევრები უფრო განზოგადებული ხდება.
GzaPress
- ბავშვობაში იყო ფიქრი სხვა პროფესიაზე, თუ თავიდანვე მხატვრობა იყო თქვენი არჩევანი?
- რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. როგორც სკოლამდელ ასაკში, ისე სკოლაში. VII კლასიდან ნიკოლაძის სასწავლებელში გადავედი და შვებით ამოვისუნთქე, რადგან სკოლასთან დაკავშირებით არ მქონდა მაინცდამაინც კარგი მოგონებები. ნიკოლაძის ტექნიკუმში საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გარემოში აღმოვჩნდი და ეს უბედნიერესი წლები იყო. ბევრი რამ ვისწავლე და ვინც ნიკოლაძე დაამთავრა, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს ძალიან კარგი სკოლა იყო, რომელიც სამწუხაროდ დღეს აღარ არსებობს. სამხატვრო აკადემიაში ჯერ გრაფიკაზე ჩავაბარე, მეორე კურსიდან ფერწერაზე გადავინაცვლე, მესამე კურსიდან ფერწერის ფაკულტეტზე კინოს მხატვრობის განხრით გაიხსნა ჯგუფი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და 5-მა სტუდენტმა ამ მიმართულებით გავაგრძელეთ სწავლა. სტუდენტი ვიყავი, როცა რეკომენდაციის საფუძველზე ტელეფილმების სტუდიაში ვიმუშავე პირველ სატელევიზიო სრულმეტრაჟიან ფილმზე "მყუდრო სავანე", ხოლო როცა დავამთავრე, სწორედ იმ დროს რეზო ჩხეიძე იღებდა "ნერგებს", მოვხვდი მის შემოქმედებით ჯგუფში და კინოსტუდიის "ქართული ფილმის" შტატშიც ჩავირიცხე. ფაქტობრივად, მას შემდეგ არც გავჩერებულვარ.
- ბევრი ფილმის მხატვარი ხართ. ეს რიცხვი 30-ს დიდი ხანია ასცდა, ასეა ხომ?
- დიახ. მათ შორის არის როგორც მხატვრული, ისე მხატვრულ-დოკუმენტური, დოკუმენტური ფილმები.
- არ გკითხავთ, რომელ რეჟისორთან იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო მუშაობა, მაგრამ რომელი იყო ის ფილმი, რომელზეც როგორც მხატვრისთვის იყო კარგი სამუშაო, ანუ სადაც ასე ვთქვათ, ფართოდ შეძელით ფრთების გაშლა?
- გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით (იღიმის). მე მაინც მგონია, რომ ჩემი პროფესია მხატვრობაა და არა კინოს მხატვრობა. ადრე წელიწადში 2 ფილმზე მიწევდა მუშაობა და რა თქმა უნდა, ამას დიდი დრო მიჰქონდა. გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო იყო ნოდარ მანაგაძის ფილმი "ეი, მაესტრო!". ფილმზე ოპერატორი ლევან პაატაშვილი მუშაობდა. მასთან ურთიერთობა და მუშაობა დიდი ბედნიერება იყო. ბევრ კარგ ოპერატორთან, რეჟისორთან თუ ჯგუფთან მომიწია თანამშრომლობამ. მათ შორისაა ფილმი "მონანიება". თენგიზ აბულაძესაც ჰქონდა იმის უნარი, რომ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებში შეემჩნია ნიჭი, სხვების აზრი მოესმინა და გამოეყენებინა. ამ მხრივ ჩემთვის "მონანიებაც" ძალიან საინტერესო და სერიოზული ნამუშევარია.
- იმ ფილმებით, რომლის შემოქმედებითი ჯგუფის წევრიც ხართ, საქართველოს კინემატოგრაფიას იცნობენ, თუმცა, როცა კინომხატვრობაზე დაგიწყეთ საუბარი, თითქოს გული დაგწყდათ, რადგან თქვენს ობიექტებსა და კოლაჟებიდან გადავუხვიე.
- არა, გული არ დამწყდა, პარალელურად მათზეც ვმუშაობდი, უბრალოდ წელიწადში 2 ფილმს, რომელსაც დაახლოებით 4-6 თვე მაინც სჭირდება, წარმოიდგინეთ რა დრო მიჰქონდა. დღეს შიგადაშიგ არის რაღაც ფილმები, მაგრამ იმდენი არა, როგორც უწინ. ამიტომ ბოლო წლები ჩემს სახელოსნოში გატარებული კოლაჟებისა და ობიექტების შექმნის თვალსაზრისით უფრო პროდუქტიული გამოდგა.
- ჩემი დაკვირვებით სახელოვნებო სფეროში, რეჟისურა იქნება ეს თუ კინოხელოვნების სხვა დარგები, სულ უფრო ნაკლები სტუდენტია. როგორც პედაგოგს, გკითხავთ, თქვენი დაკვირვებითაც ასეა?
- სამხატვრო აკადემიაში დაახლოებით 10 და თეატრალურ უნივერსიტეტში, 6 წელი ვასწავლიდი. ძალიან საინტერესო ახალგაზრდებთან ვმუშაობდი, რამაც გამამდიდრა და ბევრი რამ შემმატა. ბოლო 2 წელია აღარ ვასწავლი, მაგრამ დღესაც სიყვარულით ვიხსენებ იმ პერიოდს და ბევრ მათგანთან ახლაც ვმეგობრობ. ვერ ვიტყვი, რომ ინტერესი შემცირებულია.
- ამჟამად ახალ ფილმზე მუშაობთ?
- დიახ, ნანა ჯანელიძის ფილმია. თემა აფხაზეთის ომია, თუმცა, სხვა ხედვითა და ინტერპრეტაციით. საფუძვლად მას ქართველი და აფხაზი მეომრების დღიურები უდევს. სცენარზე ნანამ და ლია ტოკლიკაშვილმა ერთად იმუშავეს. ლია აფხაზეთის ომში ჟურნალისტად მუშაობდა და მას ჩაუვარდა ხელში ეს ჩანაწერები. ომის სცენები ანიმაციით გადაწყდება. ფრანგები ძალიან დაინტერესდნენ ამ თემით და ვნახოთ, რა გამოვა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.