"ვემზადები, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე"
font-large font-small
"ვემზადები, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე"
მძლეოსნობის ორი მიმართულებით მოსინჯული ძალები

მძლეოსან, სიგრძეზე მხტომელ ბაჩანა ხორავას დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიუღწევია. რამდენიმე წლის წინ, სპრინტი (მძლეოსნობის ნაირსახეობა, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს მცირე დისტანციაზე სირბილში ეჯიბრებიან), სიგრძეზე ხტომით ჩაანაცვლა და ახლა სისტემატურ რეჟიმში ვარჯიშობს. ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელს, წინ კიდევ არაერთი მიზანი აქვს. ამ ეტაპზე მაინც უმთავრესი მსოფლიოს ჩემპიონატი და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებაა.


- 1993 წლის 15 მარტს ჩხოროწყუში დავიბადე და 13 წლამდე იქ ვიზრდებოდი. მძლეოსნობით რომ დავინტერესდი, შეჯიბრებაზე წამიყვანეს, გავიმარჯვე, მერე კი საქართველოს ჩემპიონატში ვმონაწილეობდი. 2 წელი ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი ზუგდიდში, რის შემდეგაც თბილისში ნაკრებში ამიყვანეს. 2009 წელს მოვხვდი ოლიმპიურ ფესტივალზე. მაშინ სიგრძეზე მხტომელი არ ვიყავი, დავრბოდი 100-200 მეტრ დისტანციაზე, საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. სიგრძეზე ხტომაში ვარჯიში 2013 წლიდან დავიწყე.
- რამ განაპირობა ეს არჩევანი და მიმართულების ცვლა?
- სიგრძეზე მხტომელს მეტი შანსი აქვს საერთაშორისო მასშტაბით იასპარეზოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვდეს. შეიძლება აღმოჩნდე წარმატებულ სამეულში და საქართველოს დროშა მაღლა ასწიო. 100-200-მეტრიან დისტანციაზე მორბენალისთვის ეს შანსი ნაკლებია. ჩვენ ქვეყანაში მძლეოსნებს არ გვაქვს შესაბამისი პირობები, სტადიონი და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჩემი ძალები სიგრძეზე ხტომაში მეცადა. 2014 წელს წავედი პირველად საერთაშორისო ტურნირზე, ბაქოში და 8 მ და 02 სმ-ზე გადავხტი. აქედან დაიწყო ჩემი სიგრძეზე ხტომა, 2015 წელს მივიღე მონაწილეობა ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე, გავიმარჯვე და გავხდი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი 23 წლამდელთა შორის. ამის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ამ მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა მომზადება.
GzaPress
- დღესდღეობით სად ვარჯიშობთ?
- დიდუბის მანეჟში. წელიწადში ორჯერ საზღვარგარეთ გავდივართ შეკრებაზე, მათ სტადიონებზე სავარჯიშოდ. ბოლო პერიოდში თბილისშიც მოგვეცა სტადიონზე ვარჯიშის საშუალება, დღესდღეობით ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკების შედეგად, უფლება გვაქვს, კვირაში ორჯერ სტადიონზე ვივარჯიშოთ.
- თქვენი რეკორდი სიგრძეზე ხტომაში რამდენია?
- ჩემი პირადი რეკორდი, საქართველოს ჩემპიონატზე დიდუბის მანეჟის დახურულ დარბაზში დავამყარე 8 მ და 25 სმ-ზე ხტომაში. ეს იყო 2016 წელს და საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ამავდროულად გავაკეთე რიოს ოლიმპიური ლიცენზიაც და ასე მოვხვდი ოლიმპიადაზე. ანუ 8 მ და 25 სმ ჩემს საუკეთესო შედეგად ითვლება.
- უბრალო ვარჯიშისას თუ მიგიღწევიათ ისეთი შედეგისთვის, რომლის მსგავსი არც ერთ ტურნირზე არ მომხდარა?
- ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა: სეზონი დასრულდა და ჩემთან ოზურგეთში წავედი დასასვენებლად. მოგეხსენებათ სიგრძეზე ხტომის ევროპის რეკორდი არის 8 მ და 86 სმ. ეს შედეგი სომეხ რობერტ ემიანს ეკუთვნის. ის აღარ არის მოქმედი სპორტსმენი, სომხეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. მოკლედ, 2 თვე სახლში ვარ და არც მივარჯიშია. ერთ დღესაც რობერტ ემიანი მირეკავს "ვაიბერით" და თავის რეკორდის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მეპატიჟება. ვუთხარი, რომ არ ვვარჯიშობდი, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მოუქცევია. ამ დონის სპორტსმენია, თანაც კარგი ადამიანი, ვმეგობრობთ და უარი ვეღარ ვუთხარი, ამიტომ შეჯიბრებაზე გავემგზავრე. ორი თვის უვარჯიშებელი 7 მ და 56 სმ-ზე გადავხტი და ამ შედეგმა თავადაც გამაკვირვა (იღიმის).
- ალბათ ადევნებთ თვალს შედეგებს და იცით, ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გრძელ ნახტომებს ვინ ასრულებს. როგორც წერენ, არ არის კარგი შედეგები...
- გეთანხმებით, არ არის კარგი შედეგები. ბოლო მონაცემებით, სიგრძეზე ხტომის შედეგები შემცირდა. 2016 წელს, როცა 8 მ და 25 სმ-ზე გადავხტი, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დახურულ დარბაზში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. მაშინ ამერიკის ვიზა არ მომცეს და ვერ გავემგზავრე. აი, სწორედ ეგ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო სპორტსმენმა, შედეგით 8 მ და 26 სმ. ევროპის ჩემპიონატი მოუგია სპორტსმენს, რომლის ნახტომი 8 მ და 38 სმ იყო. ასე რომ, შანსები დიდია.
მეც ვემზადები რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე. 2018 წელს თითქმის არც ერთ შეჯიბრებაზე არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან მიკროტრავმები მქონდა და მწვრთნელის რჩევით, პაუზა ვამჯობინეთ. ახლახან, 2019 წლის ივლისში, მალტის საერთაშორისო შეჯიბრებაზე ვიასპარეზე და ვერცხლის მედალი მოვიპოვე. ალმაათაში ამ ჩემს ასპარეზობას, დადებითად შევაფასებ, ყველანაირი ტრავმა მოშუშებული მაქვს და მთლიანად ვარ ჩართული სამზადისში.
GzaPress
- საქართველოში არაერთი სპორტსმენი იბრძვის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის, რომელიც 2020-ში ტარდება...
- დიახ, მათ შორის მეც, თუმცა, მანამდე ძალიან ბევრი ტურნირია. 21 ივლისს თურქეთში მივდივართ შეკრებაზე, 10 აგვისტოს - ხორვატიაში გუნდურ ჩემპიონატზე, 27 სექტემბერს კი დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ვეცდები, რომ ხორვატიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზია მოვიპოვო. ამის შემდეგ უკვე უმთავრესი ტოკიოს ოლიმპიადაა, რომელიც დიდი სტიმულია. ისევე როგორც ყველა სპორტსმენისათვის, ჩემთვისაც ანალოგიურად იქ მოხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია. იქ მინდა წავიდე არა როგორც ტურისტი, არამედ როგორც სპორტსმენი, რომელიც მედლის მოპოვებაზეა ორიენტირებული.
- დღეს როგორი რეჟიმი გაქვთ?
- ოლიმპიური მზადების ცენტრში ვცხოვრობ. კვირის გარდა, ყველა დღე, სისტემატურად ვარჯიშობ, დილის 10 საათიდან, 2 საათამდე დიდუბის მანეჟში. მხოლოდ და მხოლოდ სპორტზე ვფიქრობ. ყველანაირად ვეცდები საქართველო ვასახელო, ჩემი ქვეყანა და სოფელი, სადაც დავიბადე. ესაა ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლესიჭინე.
- სიგრძეზე ხტომით დაინტერესებული ახალგაზრდები თუ არიან ჩვენს ქვეყანაში?
- დიახ. სანამ ამ სპორტის სახეობაში ვარჯიშს დავიწყებდი, 5-6 ადამიანი ხტებოდა სიგრძეში. წელს, 15 ივნისს, საქართველოს ჩემპიონატზე რომ გამოვედი, უკვე 17 სპორტსმენი იყო. რამდენიმე მწვრთნელმა მითხრა, ბაჩანა, შენი დამსახურებაა, რომ სპორტის ამ სახეობაში ამდენი მონაწილე გვყავსო.
- თუ სპორტისგან თავისუფალი დრო გრჩებათ, რას ან ვის ეთმობა ხოლმე?
- პატარა ძმისშვილი მყავს და როცა დრო მაქვს, მის სანახავად გავდივარ, ვასეირნებ და ვერთობი ხოლმე. საერთოდ, როცა შეჯიბრებისთვის ვემზადებით, მთლიანად სპორტზე ვარ ორიენტირებული. სპორტი და გართობა ერთმანეთთან შეუთავსებელია, ან ერთი უნდა შეარჩიო, ან მეორე. რა ვიცი, ჩემი აზრით, ასეა.
- რომელ წლამდე აპირებთ აქტიურ სპორტსმენობას და მერე მწვრთნელობას თუ გეგმავთ?
- 26 წლის ასაკში ისეთ ფორმაში ვარ, ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, რომ მაქსიმუმ 4 წელი კიდევ უნდა ვიყო ამ სპორტში. მე ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ვაპირებდი ნელ-ნელა გაჩერებას, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ 30 წლამდე უნდა ვიასპარეზო. რაც შეეხება მწვრთნელობას, რა თქმა უნდა, მიფიქრია, მიყვარს მძლეოსნობა, სპრინტი და სიგრძეზე ხტომა, აქ ბევრი რამ ვისწავლე, აქვეა ჩემი სამეგობრო და შეიძლება ითქვას, მძლეოსნობაში ავიდგი ფეხი. თუ შანსი მომეცემა და ვინმე ჩემი პროფესონალიზმით დაინტერესდება, აქტიური კარიერის შემდეგ, მსაჯობის დასაწყებად მზად ვიქნები.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დავით ჭითავა ერთი საინტერესო რესპონდენტის ძიებაში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყველაზე მძაფრი ეპიზოდების ქართველი შემსრულებლები
"როცა მიომა დიდი ზომისაა, ქალმა შეიძლება საშვილოსნო დაკარგოს"
"ყოველ დილით ოჯახს სხვადასხვაგვარ საუზმეს ვუმზადებ"
ზემო იმერეთის ულამაზესი სოფელი, ითხვისი საუკუნეებს ითვლის.
"ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.