ეთო ფურცხვანიძე დიასახლისის ამპლუაში
font-large font-small
ეთო ფურცხვანიძე დიასახლისის ამპლუაში
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"

PALITRANEWS-ის გადაცემების წამყვანი, ჟურნალისტი ეთო ფურცხვანიძე კულინარიაზე, ოჯახურ ტრადიციებზე, ჯანსაღ კვებასა და მოგზაურობაზე გვესაუბრება. ეთო ცოტა ხნის წინ იტალიაში იყო და ამ ულამაზესი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და გემრიელი კერძების შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.


სასიამოვნო კულინარიული სამზადისი მეგობრებისთვის
- ვერ ვიტყვი, რომ სამსახურსა და დიასახლისობას კარგად ვუთავსებ ერთმანეთს. დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო, მაგრამ უდროობის გამო, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. არსებობენ ქალები, რომლებიც ოჯახებსაც უვლიან, შვილებსაც, სამსახურშიც წარმატებულები არიან და ამ ყველაფერს ასწრებენ. მე ეს ვალდებულებები ჯერჯერობით არ მაქვს და მხოლოდ სიამოვნებისთვის თუ მოვამზადებ რამეს. ჩემს მეგობრებს მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები და მიხარია. როცა თავისუფალი დრო მაქვს და ძირითადად, ეს შაბათი და კვირაა, ყოველთვის ვცდილობ, მათ ჩემი გაკეთებული რაიმე დავახვედრო. პასტა ყველაზე იოლია, სხვადასხვანაირად - ყველით, ხორცით, თევზით. კარგად გამომდის მჭადები, სალათები და წვნიანები. ჩემი ყველაზე საყვარელი ინგრედიენტი ქათმის ხორცია და მისი მომზადება ყველანაირად მიცდია - შემწვარი, მოხარშული, გამომცხვარი და ა.შ. ვცდილობ, სადილი კვირაში ორჯერ მაინც მე მოვამზადო.
GzaPress
იმერული ოჯახის ტრადიციული ვახშამი გემრიელი კერძებით
- ქუთაისში დიდი ოჯახი გვქონდა, შვიდი ადამიანი ერთად ვცხოვრობდით და ყველა კარგი მზარეული იყო - ბებო, ბაბუა, დედა, მამიდა, დეიდაც და საშუალება მქონდა, ყველასგან რაღაც მესწავლა. როდესაც თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი, ტელეფონზე ვურეკავდი და რეცეპტებს ვეკითხებოდი. მარტივი კერძების მომზადებით დავიწყე - წვნიანი, სალათები, ლობიო, სხვადასხვანაირად შეკაზმული, მერე ცოტა გავართულე - ნიგვზიანი ხარჩო და ა.შ. ღომის გაკეთებაც მიცდია, მაგრამ არ გამომდის. მეგრელი მეგობარი მყავს და დედამისი ისეთ გემრიელ ღომს აკეთებს, მათთან მივირთმევ ხოლმე. იმერული კერძები, მოგეხსენებათ, რა გემრიელია, ბებიაჩემი უგემრიელესად აზავებდა ხოლმე ნიგვზით, კვაწარახით, წიწაკით და ა.შ. საღამოს, 6-7 საათზე მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით და ვვახშმობდით. ეს ჩვენი ტრადიცია იყო. ამ დროს ყველა სახლში ვიყავით. ბაბუას აუცილებლად უნდა დაელია მის მიერ დაწურული ღვინო და მე და ჩემს დასაც გვაძლევდა უფლებას, ცოტა მოგვეწრუპა. შავი ღვინო როგორი სასარგებლოა, მოგეხსენებათ. ბაბუას ძირითადად, ხორციანი კერძების მომზადება უყვარდა, მისი ხარჩო და ყალია განთქმული იყო, ასევე, "ხალადეცი". ხაში მან შემაყვარა და ბევრს უკვირს ეს (იცინის). ღვინის დაწურვაში ჩვენც ვმონაწილეობდით, ხელით ვატრიალებდით საწნახელს, მერე ხის ჯოხით ამოვურევდით და ასე შეგვქონდა ჩვენი პატარა წვლილი.

დაუვიწყარი იტალიურიარდადეგები და ერთინახვით შეყვარება
- იტალიაში პირველად ვიყავი და იქიდან განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნახვით სიყვარული დამემართა (იცინის). ზოგადად, შორიდან ძალიან ვეტრფოდი ამ ქვეყანას, მათ სამზარეულოს, ტემპერამენტის, ხალხის გათვალისწინებით და ეს ქალაქები რომ დავათვალიერე, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები, კიდევ უფრო სხვა შეგრძნება დამეუფლა, საოცრება ყოფილა! თანაც, ხანგრძლივი შვებულება გამოგვივიდა, 10 დღის განმავლობაში შვიდი ქალაქი ვნახეთ, კუნძულებიც მოვიარეთ. ისეთი დატვირთული დღეები გვქონდა, მეგონა, ერთი თვე ვიმოგზაურეთ. ჩემს დასთან - თამუნასთან ერთად, დედასთან ვიყავი.

იტალიური სამზარეულო
- პასტას მეც ვამზადებ და ცხადია, იქაც ხშირად ვაგემოვნებდი. ხუთი კუნძულის დათვალიერებას როცა მოვრჩით და წყლის ტრანსპორტით ჩვენი დისლოკაციის ადგილზე უნდა დავბრუნებულიყავით, გადავწყვიტეთ, გვესადილა. შუადღის ოთხი საათი იყო, ზღვისპირა კაფეში რომ შევედით პიცისა და პასტის გასასინჯად. თურმე, დღის ამ მონაკვეთში იტალიაში არავინ სადილობს, მით უმეტეს, პიცას არ მიირთმევენ, ეს საღამოს კერძია, ვახშამი, ღვინო... ჩვენ, მშიერი ქართველები შევედით და მოვითხოვეთ, რა გვექნა (იცინის). მიმტანი მიხვდა, რომ იქაურები არ ვიყავით და უპრობლემოდ მოგვიტანა.
GzaPress
წინაპრების დანატოვარი სიმდიდრის პოპულარიზაცია
- ყველამ ვიცით, რომ ქართველებსა და იტალიელებს შორის ბევრი მსგავსებაა ჩვენს კულტურებს, ხასიათს შორის. კიდევ ერთი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ის, რომ ბევრი ცენტრალური ადგილი მოუწესრიგებელი, დაულაგებელია და გგონია, რომ თბილისის ქუჩებში დადიხარ. ცოტა ზარმაცებიც მომეჩვენნენ. მოკლედ, გვგვანან. აღმაფრთოვანა იმან, რომ ქვეყანა მთლიანად ტურისტებზე აქვთ მორგებული, იციან, რომ ტურიზმია მათი შემოსავლის მთავარი წყარო, რადგან ჩასულები ყოველწლიურად მილიონობით ფულს ხარჯავენ და მათთვის ყველაფერი შექმნეს, შრომობენ და უვლიან, ავითარებენ იმას, რაც წინაპრებმა დაუტოვეს და ბუნებამ არგუნა.

ყველაზე ძვირიანი ქალაქი იტალიაში, ძვირად ღირებული საკვებით
- კალმარები და რვაფეხები კუნძულზე ყველგან იყო, თანაც - უგემრიელესი. ფლორენცია საკვების მხრივ ყველაზე ძვირად ღირებული იყო, ორმაგი ფასებია. იტალიური ნაყინი ცნობილია და ფაქტობრივად, ყველა ქალაქში შეგიძლია სამ ევროდ მიირთვა, ფლორენციაში კი ექვსი ევრო ღირდა... პიცის ფასი 17 ევროდან იწყება. სხვათა შორის, ზღვის პროდუქტების პიცა პირველად გავსინჯე და ძალიან მომეწონა. აქ არასდროს მიჭამია. მომსახურება კარგია იმ მხრივაც, რომ კერძები საკმაოდ მალე მოაქვთ და დიდხანს ლოდინი არ გიწევს. ეს ალბათ იმის დამსახურებაცაა, რომ ჯერ აქტიური სეზონი არ იყო.

GzaPressკარგი განწყობა და სიჯანსაღე
- ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, რადგან ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, დღეში ორჯერ მიწევს ჭამა, არადა, სასურველია, ოთხჯერ. საუზმე, ფაქტობრივად, ბოლო 10 წელია ამოღებული მაქვს მენიუდან. მას მერე, რაც ჩემი ოჯახის წევრები ზეწოლას აღარ ახორციელებენ, ჩაი დალიე და კარაქიანი პური ჭამეო (იცინის), ეს ტრადიცია დავივიწყე. ვიცი, რომ მთავარი საუზმეა, მაგრამ არ გამოდის. ვცდილობ, დღის განმავლობაში ბევრი ხილი ვჭამო. არ ვეტანები გაზიან სასმელებსა და ცხიმიან საჭმელს, შემწვარ-მოხრაკულებს. ყოველდღიურად წვნიანებს მივირთმევ და ბევრ წყალს ვსვამ. ამით ვაბალანსებ ჩემს მჯდომარე ცხოვრების წესსა და სამუშაო რეჟიმს. ვარჯიშს ვერ ვახერხებ, რადგან არ მიყვარს. რამდენიმე თვე ერთ-ერთ სატრენაჟორო დარბაზში ვიარე, მაგრამ ამით სიამოვნებას ვერ ვიღებდი. სამსახურის მერე, წახვიდე და რაღაც ისეთი აკეთო, რაც არ გსიამოვნებს, უფრო გღლის, ცუდია. აუზი, ცურვა და წყალში ყოფნა ძალიან მიყვარს და ფორმაში ყოფნასაც უწყობს ხელს.

მაკიაჟი - კანის პირველი მტერი
- გარეგნობასთან დაკავშირებით, რაიმე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, გენეტიკაც ხელს მიწყობს და ჯერ თმაც არ შემიღებავს. სანამ კარგად არ გავჭაღარავდები, არც შევიღებავ. არანაირი ქირურგიული ჩარევა, პლასტიკური პროცედურები არ გამიკეთებია და მგონი, არც ვაპირებ, რადგან მინდა, რომ ჩვეულებრივად, ნაოჭებით დავბერდე (იცინის). ბებიაჩემი 86 წლისა გარდაიცვალა და 15-20 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. თეთრი, ქათქათა კანი და უნაოჭო სახე ჰქონდა. ერთადერთი, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყენებდა, სახის დამატენიანებელი კრემი იყო. როგორც ამბობდა, ახალგაზრდობისას, სახეზე ბოსტნეულსაც ისვამდა ხოლმე. სახის მოვლას მეც ყურადღებას ვაქცევ, რადგან წამყვანებს მაკიაჟის გაკეთება ყოველდღიურად გვიწევს. ამიტომ, ვცდილობ, პერიოდულად სახე გავიწმინდო. ერთი წესი მაქვს, სახლში მისვლისას მაკიაჟს აუცილებლად ვიშორებ, რადგან ეს კანის პირველი მტერია.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.