როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ქალბატონები ჯანმრთელობას ზღვაზე დასვენებისას
font-large font-small
როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ქალბატონები ჯანმრთელობას ზღვაზე დასვენებისას
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ

ზღვაზე დასვენება დადებითი ემოციებით დამუხტვის გარდა, ჯანმრთელობის გაუმჯობესების კარგი საშუალებაცაა. ზღვის წყალი შემადგენლობით ადამიანის სისხლის პლაზმას წააგავს. ამიტომაც ვგრძნობთ წყალში განსაკუთრებულ კომფორტს. სპეციალისტების მტკიცებით, ზღვაზე გატარებული დღეები ადამიანში სტრესს ამცირებს, მცირდება არტერიული წნევა და პულსის სიხშირე. ორგანიზმი გაცილებით მეტ ლიმფოციტს გამოიმუშავებს. ლიმფოციტები კი იმუნური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უჯრედებია, რომლებიც ვირუსებსა და ავთვისებიან უჯრედებს ანადგურებს.



მიუხედავად ზღვაზე დასვენების მრავალი უპირატესობისა, არსებობს რისკები, რომ დასვენება არასასიამოვნო მოგონებად იქცეს. ამის მიზეზი, შესაძლოა, გახდეს მზით დამწვრობა, გადახურება, ტრავმები და სხვადასხვა ინფექციური დაავადება.
როგორ მოვახერხოთ, რომ დიდი ხნის ნანატრი შვებულება დროის ჯოჯოხეთურ პერიოდად არ იქცეს, რატომ არის ზღვის წყალი სასარგებლო და ამავდროულად, საფრთხის შემცველი კონკრეტულად ქალბატონებისთვის, რა გავითვალისწინოთ და როგორ დავიცვათ თავი ზღვაზე არსებული საფრთხეებისგან?

ნინო ბარაბაძე, ექიმი-გინეკოლოგი:
- ზღვაზე შვებულების უსაფრთხოდ გასატარებლად არა მხოლოდ მზისგან თავის დაცვაა საჭირო, არამედ პირადი ჰიგიენის ნორმების გათვალისწინება და ექიმის სანიტარიული რეკომენდაციების დაცვაც აუცილებელია. ეს დამსვენებელს საშუალებას მისცემს ზღვიდან დასვენებული და განტვირთული დაბრუნდეს და არა პირიქით - დასტრესილი და კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებული. ინფექციების რისკის წინაშე, განსაკუთრებით, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები დგანან, რადგან კლიმატის ცვლილება და სიცხე მათთვის სერიოზული სტრესია. ამიტომ, უმჯობესია, თავდაცვის მიზნით წინასწარი ზომები მივიღოთ.
- რატომ არის ზღვის წყალი სასარგებლო კონკრეტულად ქალბატონებისთვის?
- ზღვის წყალში მარილის შემადგენლობა ადამიანის სისხლის შემადგენლობის თითქმის იდენტურია. ზღვის წყლის შემადგენელ ყველა ძირითად ელემენტს ჩვენი ორგანიზმისთვის სამკურნალო ეფექტი აქვს. ზღვაში ცურვა და ზღვის აბაზანები ქალებისა და გოგონებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა: ჰიპოოვარიის, გვიანი მენარხის, გენიტალიების განუვითარებლობის და კლიმაქტერიული სინდრომისას. იმ შემთხვევაში, თუ ქალებს აღენიშნებათ მასტოპათია, საშვილოსნოს მიომა, ადნექსიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია ან ენდომეტრიოზი, სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ და დასვენების შესახებ რეკომენდაციები გაითვალისწინონ. ასეთ შემთხვევებში, სასურველია, შეირჩეს პერიოდი, როცა წყლის ტემპერატურა არანაკლებ 26-28 გრადუსია, გადაცივება რომ გამოირიცხოს.
GzaPress
- რამდენად უსაფრთხოა ზღვაზე დასვენება ორსულებისთვის?
- თუ ორსული არის 30 კვირამდე და ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ზღვაზე დასვენება არ იკრძალება. 30 კვირის შემდეგ ორსულები რთულად იტანენ მგზავრობას. იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი. ზოგადად, ფიზიკური დატვირთვის სახეობათა უმრავლესობა უსაფრთხოა ორსულებისთვის. სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება მათთვის კარგ ვარჯიშადაა მიჩნეული. მზის სხივები სასარგებლოა კანისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს იმ ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია კალციუმის წარმოსაქმნელად. ორსულობისას კანი უფრო სწრაფად ირუჯება, მომატებულია პიგმენტაცია, ამიტომ, ორსულმა უნდა დაიცვას შემდეგი რეკომენდაციები: მზის ქვეშ მხოლოდ მცირე დრო დაჰყოს; არ მიიღოს მზის აბაზანები 12-დან 17 საათამდე; გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემები, განსაკუთრებით, სახეზე. ასევე, ყოველდღიურად წაისვას მკვებავი და ჰიპოალერგიული კრემები; იცურაოს პატარა ტალღებში.
- თუმცა, გარდა ზღვის წყლის სარგებლიანობისა, თავის მხრივ, წყალი, შესაძლოა, მავნეც იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
- რა თქმა უნდა, თუ გავიხსენებთ ფაქტს, რომ ზღვის წყალი არაერთი მიზეზით ბინძურდება. მასში ხვდება სხვადასხვა ნარჩენი კანალიზაციის სისტემიდან, ასევე, ახლომდებარე საწარმოების პროდუქტები, როგორიც გახლავთ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები, ოკეანეში მყოფი გემებიდან მილიონობით კილოგრამი წყალში ჩაყრილი ნარჩენები. ზღვაში ჩაედინება წვიმის სახით ჰაერში არსებული დაბინძურებაც. ზღვის წყალში ბანაობენ ადამიანები, ვისაც აღენიშნება ნაწლავური ინფექციები, ჩირქგროვები კანზე, სოკო და სხვა ინფექციური დაავადებები. ზოგიერთი ზღვას ტუალეტადაც კი მოიხმარს. ზღვაში ჩაედინება არაერთი დაბინძურებული მდინარე. ყველა ეს ფაქტი ხელს უწყობს ზღვის წყლის ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებითა და პარაზიტებით დაბინძურებას. საბედნიეროდ, ამ სიბინძურის წინააღმდეგ არსებობს ბერკეტი - ზღვის წყლის დაბალი ტემპერატურა და მარილიანობა, რითაც ზღვის წყლის პათოგენური აგენტებისგან თვითგაწმენდა ხდება. თუმცა, თუ წყლის მარილიანობა შემცირებულია, აგენტების რაოდენობა კი მომატებული, მათი გადარჩენის შანსი იზრდება. წყლის დაბინძურების რისკი განსაკუთრებით მაღალია, როცა ზღვაში ერთდროულად ბანაობს დიდი რაოდენობით ხალხი. რაც უფრო თბილია ზღვის წყალი, მით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ბაქტერიები და ვირუსები.
- რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს დაბინძურებულ ზღვის წყალში ბანაობისას?
- ზღვის წყალში ყველა მიკროორგანიზმი ვერ ძლებს. მაგალითად, არ არის სწორი მოსაზრება, თითქოს, ზღვისგან, შესაძლოა დაავადდეთ ქლამიდიოზით, სიფილისით, გონორეით, აივ-ინფექციით, ჰეპატიტებით, მუცლის ტიფით, ტუბერკულოზით და ა.შ. მაგრამ ნამდვილად გადამდებია როტა და ენტეროვირუსები - ყველაზე ხშირი მიზეზი ზღვის გასტროენტერიტების (კუჭ-ნაწლავის აშლილობები), ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკები, ქოლერის ვიბრიონი. ეს მიკროორგანიზმები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ორსულებისთვის.
- გაგვიზიარეთ ზოგადი რეკომენდაციები ზღვაზე დასვენებისას არასასურველი მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად.
- იცურეთ მხოლოდ ოფიციალურ სანაპიროზე (პლაჟზე). ეს ზონა რეგულარულად მოწმდება სანიტარიული სამსახურის მიერ. ეცადეთ არ ჩაყლაპოთ ზღვის წყალი, ყვინთვისას თვალები სათვალით დაიცავით; არ გარეცხოთ ხილი და ბოსტნეული ზღვის წყლით; არ დაიბანოთ ხელები კვების წინ და არ გამოირეცხოთ პირ-ხახა ზღვის წყლით. მიიღეთ შხაპი ზღვაში ცურვის შემდეგ.
GzaPress
ზღვაზე ყოფნისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:
1. ზღვის წყალი აშრობს კანს. უფრო მეტად საშიში, ამ თვალსაზრისით, სხეულზე შერჩენილი წყლის წვეთებია. ისინი კრებენ მზის სხივებს და ზრდიან მათი მოქმედების ინტენსივობას, რაც კანის გამოშრობას იწვევს. დამწვრობაც სწორედ ამ წვეთების დამსახურებაა. ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ ზღვიდან ამოსვლისთანავე სხეულს პირსახოცით შეიმშრალებთ.
2. წყლიდან ამოსვლისთანავე მიიღეთ შხაპი. სუფთა, მტკნარი წყალი სხეულს მარილის ნარჩენებისგან ასუფთავებს. თუ ზღვის წყალზე (იოდზე) ალერგია არ გაქვთ, ზღვაში ცურვა არ გავნებთ. პირიქით, გარგებთ კიდეც - რამდენიმე საათით სხეულზე დარჩენილი მარილი აძლიერებს კანის იმუნიტეტს, ერთგვარი გამაჯანსაღებელი ნიღბის როლს ასრულებს. ზღვის წყალი მეტად სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისთვისაც. მინერალები, კალიუმისა და მაგნიუმის მარილები მათ სიმტკიცესა და სიჯანსაღეს სძენს.
3. ბავშვებისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის ზღვაში ცურვა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც წყლის ტემპერატურა 21 გრადუსს მიაღწევს. ბავშვები გაცილებით იოლად ცივდებიან, ვიდრე მოზრდილები, ამიტომ მოზრდილთა საბანაო რეჟიმი პატარებისთვის რეკომენდებული არ არის. აკლიმატიზაციის პერიოდის დასრულებამდე ბავშვის მდგომარეობას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.
4. ზღვაში ცურვა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე აუზში. ზღვის წყალი ბუნებრივი ჰიდრომასაჟორია. ადამიანის სხეულზე კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ზღვის მიკროფლორა, წყალმცენარეთა ფიტონციდები. ცურვისას ჩვენ ზღვის წყლის იონიზებული ჰაერით ვსუნთქავთ, ვგრძნობთ მის გემოსა და სურნელს. ზღვის წყალი ხსნის სტრესს, დაძაბულობას, თავის ტკივილს. ზღვის წყლით მკურნალობა რეკომენდებულია სისხლნაკლებობის, ნერვული სისტემის დაავადებების, ათეროსკლეროზის, გულის მანკების დროს. ონკოლოგიურ პაციენტებს და ზოგიერთი ინფექციური სნეულებით დაავადებულებს კი სპეციალისტები ზღვის კურორტზე დასვენებას არ ურჩევენ.
5. თუ აუზის დაქლორვისას ყველა სანიტარიულ წესს ზუსტად იცავენ, წყლიდან ინფექციით დაავადების საშიშროება არ არსებობს, მაგრამ თუ ქლორი ნაკლებია ან საერთოდ არ არის გამოყენებული, მაშინ აუზის თბილი წყალი ყველა ინფექციას შეინახავს. რაც შეეხება ზღვის წყალს, იგი არ წარმოადგენს ინფექციების გავრცელების წყაროს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზღვის წყლის უნიკალური შემადგენლობა უფრო კურნავს ადამიანს, ვიდრე აავადებს.
6. არ დაწვეთ რუჯის მისაღებად მაშინ, როცა მზე ზენიტშია.
7. მოერიდეთ შემთხვევით კონტაქტებს.
8. ზღვის წყალი მარილიანია და მასში ხანგრძლივი დროის დაყოვნებამ, შესაძლოა, დაარღვიოს მჟავატუტოვანი წონასწორობა. ამ დროს ირღვევა საშოს სეკრეცია, აღინიშნება ჭარბი გამონადენი, ზოგჯერ თან ახლავს მას არასასიამოვნო სუნი - გააჩნია, რომელი ბაქტერია იწყებს გამრავლებას. თუ ქალს რომელიმე პათოლოგია აღენიშნება, მდგომარეობა უფრო მძიმდება.
9. დაინფიცირების რისკი ნაკლებია, როცა სანაპიროზე დროს მშრალი საცურაო კოსტიუმით ატარებთ. სველი კოსტიუმით ქვაზე ან სილაზე ჯდომისას სასქესო ორგანოების გადაცივება ხდება. თანაც, არსებობს მიკროფლორის გარკვეული სახეობები, რომლებიც მშრალ საცვალზე არ გადადის, სველზე კი იოლად იკიდებს ფეხს და იოლადაც მრავლდება. მით უფრო, თუ იმ ადგილას ზიხართ, სადაც ინფიცირებული იჯდა ან იწვა. სასქესო ლორწოვან ადგილას ბაქტერია ადვილად ხვდება და ამის შემდეგ ვრცელდება გენიტალიურ ორგანოებში.
10. თუ ინფექცია უკვე არსებობს, ჯობს, ჯერ მკურნალობის კურსი ჩატარდეს და შემდეგ, ჯანმრთელმა დაისვენოთ. ჯანმრთელ გენიტალიურ ორგანოებში ბარიერი უკვე დაცულია და ის თავისთავად ხელს შეუშლის ახალი ინფექციის შეჭრას ორგანიზმში. დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე დაინფიცირება ბევრად იოლად ხდება.
11. სასურველია, ზღვიდან დაბრუნებისთანავე ყველა ქალმა ჩაიტაროს გინეკოლოგიური კვლევა, რადგან უცხო გარემოში, უცხო მიკროფლორით, შესაძლოა, უნებლიე დაინფიცირება მოხდეს. შედეგი კი, შესაძლოა, გვიან გამოვლინდეს და მკურნალობაც დიდხანს გაგრძელდეს, რადგან გინეკოლოგიური ინფექციების დიდ ნაწილს აქვს ფარული და ვერაგი მიმდინარეობა.
12. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება (დამცავი საშუალებების გამოყენებით), პირადი ჰიგიენის დაცვა, სხვისი პირადი ნივთების მოხმარებისგან თავის შეკავება და აუზის სიფრთხილით შერჩევა, სადაც დაცული იქნება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.